„ჩამოგითვლით, რა უნდა გაკეთდეს კრიზისის თავიდან ასაცილებლად!“

ალიას“ ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე:

ბატონო დემურ, ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი უფასურდება. ხალხი უკვე მიეჩვია, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კატასტროფულად უნდა დაეცეს. ბიზნესი გაჩერებულია ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. უკეთესობის ნიშნები, პერსპექტივა კი არ ჩანს…

– მოდით, ასე ვთქვათ, რომ თვითონ მსოფლიოშია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა. კონტურებიც კი არ არის გამოკვეთილი იმისა, როდის შეწყდება ეკონომიკის ვარდნა, რომ შესაძლებელი იყოს, კრიზისის მასშტაბების გააზრება და ანტიკრიზისული გეგმის დასახვა. დღეს არანაირ ანტიკრიზისულ გეგმაზე არ ლაპარაკობენ არსად მსოფლიოში. უბრალოდ, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი. შეინარჩუნონ ეკონომიკური აგენტები, რომ საერთოდ არ დაანებონ საქმიანობას თავი, რადგან რისკები უფრო და უფრო იზრდება. დასავლეთში, აღმოსავლეთის განვითარებულ  ქვეყნებში, ფული ძალიან ბევრია და ადამიანებს აინტერესებთ, რომ დაბალი პროცენტებით ფული გაიტანონ და ბიზნესში დააბანდონ. თუმცა, ბევრი მსურველი მაინც და მაინც არ ჩანს. ჩვენთან ცოტა სხვა მდგომარეობაა. ფული კვლავ ხელმიუწვდომელია და ამიტომ ადამიანები, არა მარტო არ აქტიურობენ, არამედ საშუალო ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია, იხურება ბიზნესები, აგენტები წყვეტენ  საქმიანობას. ბუნებრივია მათი პოზიცია, გასაგებია მათი ქმედებები. ძალიან ცუდი მოლოდინებია. მით უმეტეს, ეპიდემიის ტალღა საქართველოში იზრდება, ჯერ არავინ იცის, პიკი როდის იქნება. იმპორტიორები, მცირე და საშუალო ბიზნესი, თუ გნებავთ, მსხვილი ბიზნესიც ძალიან ნეგატიური მოლოდინების  გავლენის ქვეშ არიან. თუ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, აქაც ცუდი მოლოდინები უფრო მეტია, რომელთაც ვერავინ ანეიტრალებს. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ლარის კურსის ვარდნა წელიწადში რამდენჯერმე ხდება და ეს არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია, გარდა სხვა და სხვა ობიექტური მიზეზებისა.

ლარის გაუფასურებას იმანაც ხომ არ შეუწყო ხელი, რომ პანდემიის დროს, ხალხმა უცხოურ ვალუტაში დაზოგილი თანხა გამოიტანა, გადაახურდავა და მოიხმარა, რადგან ბევრი უმუშევარი დარჩა, ბევრს შემოსავალი შუუმცირდა?

– ადამიანებმა ყველაფრის მოხმარება შეამცირეს, თანხების დაზოგვაზე გადავიდნენ და ბევრად ნაკლებს ხარჯავენ. ეს ფაქტორი აისახა იმპორტის მაჩვენებლებზე. იმპორტმა მკვეთრად იკლო, ადამიანები ნაკლებს ყიდულობენ და უარეს დღეს მოელიან.

გასაგებია ეს ობიექტური ფაქტორები, რომელთაც ლარის კურსის ვარდნას შეუწყეს ხელი, მაგრამ ხელისუფლებამაც რაღაც ხომ უნდა გააკეთოს, რომ ლარის ეს სისტემატიური რყევები შეაჩეროს. რაღაც პასუხისმგებლობა ხომ აქვს ხელისუფლებას?

– ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, მთავრობის როლი ნომინირებულია. მთავრობის მთავარი ამოცანაა, როგორმე ეკონომიკური აქტიურობა ძალიან არ დასცეს. თუ მთავრობა მიაღწევს იმას, რომ ეკონომიკის ვარდნა შეაჩეროს, რომელიც დღეს არის დაფიქსირებული, სადღაც 7––8 %, შეიძლება ითქვას, ეს კარგი შედეგი იქნება. დასავლეთის არა ერთ ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი  გაცილებით დიდია. ამ ეტაპზე, ყოველგვარი ზედმეტი კოშკების აშენების  დაპირების გარეშე, რაც მე არ მაკმაყოფილებს პირადად, ეს არის ის, რომ ფული კვლავაც ხელმიუწვდომელია, ფული ისევ ბანკებშია და სხვაგან არ არსებობს. იმის გამო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ძალიან მაღალია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული, თითქმის 8%. საბანკო კრედიტის ღირებულება კიდევ უფრო მაღალია. ამ დროს, მთელ  მსოფლიოში 1.5–2%–ს არ აღემატება ფულის ღირებულება, ოღონდ კი ვინმემ წაიღოს. ეს ერთი მომენტია. მეორე ის არის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ადგილობრივი რესურსის ათვისებას. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მსოფლიოში ეს მოვლენები. თუმცა, ჩვენ გვაქვს საკუთარი რესურსი, შეგვიძლია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქცია ვაწარმოოთ, შეგვიძლია, აქეთ მივმართოთ რესურსები და ხელისუფლება აქტიური იყოს ამ მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების  სტიმულირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ გაზაფხულიც გავუშვით და ათასობით ჰექტარი მიწა დაუხნავი დარჩა, როდესაც შეიძლებოდა გაცილებით გონივრულად გამოგვეყენებინა ეს ყველაფერი. შეგვიძლია, საკუთარი კვების პროდუქტები ვაწარმოოთ, კვების და სხვა სახის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა ავამუშაოთ.  ამას, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ნაბიჯებს არ დგამს მთავრობა. ჩვენ რატომღაც, მთავრობის  წევრებისგან. სხვა, დაბალი რანგის ჩინოვნიკებისგანაც, ისევ ტურიზმზე გვესმის საუბარი, ტურიზმზე, როგორც ქართული ეკონომიკის მთავარ ღერძზე და სიმართლე გითხრათ, კომიკურად აღვიქვამ ამას. რომელ ტურიზმზე უნდა გათვალო სახელმწიფოს შემოსავლები,  უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე? ეს ხომ აბსურდია? ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, რომელთა ეკონომიკის დიდი წილი მართლა ტურიზმზე იდგა, ტურიზმმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, ზოგან ცოტა უკანაც. ჩვენ ისევ ტურიზმს ვეჭიდებით და ეს ნორმალური, ადეკვატური გათვლა არ არის. ეს რეალობისა და ახლო მომავლის არ დანახვაა. ამიტომ, კრიზისი, რომელიც არ ცვლის  მცდარ წარმოდგენებს, ვფიქრობ, ქვეყნისთვის მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს. კრიზისი იძლევა მცდარი წარმოდგენების, დეფორმაციების, არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების საუკეთესო საშუალებას. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ არაფერს საკუთარს, საკუთარი რესურსი გამოუყენებელი გვრჩება და გათვლა მხოლოდ იმაზეა, არიქა, ტურისტები მოვლენ და გვეშველებაო. ვერ მოვლენ ტურისტები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ამათ ეს 8 წელიწადი მხარ-თეძოზე წამოწოლილებს რომ არ გაეტარებინათ, ადგილობრივი წარმოება რომ აეშენებინათ, ხალხი დაესაქმებინათ, იმპორტი შეემცირებინათ და სხვაც ბევრი გასაკეთებელი გაეკეთებინათ, ასეთ შავ დღეში არ ვიქნებოდით.

– კიდევ გეუბნებით, აქ არის მთავარი საკითხი. გვაქვს საკუთარი რესურსები, რომლებიც გინდა თუ არა, კრიზისულ მდგომარეობაში მაქსიმალურად უნდა აითვისო. ჩვენ არ ვითვისებთ და ეს არის პრობლემა. რა იყო გასაკეთებელი და არ გააკეთეს, ამის შესახებ „ალიასთან“ ძალიან ბევრი მისაუბრია. კი, ბევრი რამ არ გააკეთეს და ამიტომაც ვართ ამ დღეში.

შიდა რესურსს არ ითვისებენ, სამაგიეროდ საგარეო ვალს ვალზე იღებენ. ახლა ევროკავშირი გვაძლევს 3 მილიარდ დოლარს. საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.  ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის გაჩერების გამო,  ბიუჯეტში შენატანებმა იმდენად იკლო, ვალის გარეშე სახელმწიფოს არსებობა აღარ შეუძლია.

– როდესაც ლაპარაკია ეკონომიკის ლამის 8 პროცენტიან ვარდნაზე, ცხადია, ბიუჯეტში ბევრად ნაკლები ფული შედის ბიზნესიდან. 2021 წლის ბიუჯეტი სულ სხვა პარამეტრებით იქნება დამტკიცებული, რადგან, უბრალოდ, აღარ იქნება შემოსავლები. გასაგებია, შეიძლება ფული ისესხო ევროკავშირისგან,  სხვისგან, მაგრამ ეს ის ფული არ არის, რომელზედაც შეიძლება ქვეყანა აშენდეს. ეს არსებობისთვის აუცილებელი ვალია, რომელსაც ევროკავშირისგან იღებენ.

ხელისუფლებას, შემოსავლების კლების კვალდაკვალ, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება მოუწევს. რა მიმართულებით და რა ხარჯები უნდა შეამცირონ?

– არის ისეთი ხარჯები, რომელთაც ხელი არ მოეკიდებათ. პენსიები, სახელმწიფი სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯები, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოება… უნდა შემცირდეს ეს ჯგუფური მივლინებების ხარჯები საზღვარგარეთ, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა. უარი უნდა თქვან ძვირადღირებულ ავტომობილებზე და შემცირდეს იმ ჩინოვნიკთა რიცხვი, ვისაც პერსონალური ავტომობილები ემსახურებათ. ათეულობით მილიონი და მეტითაც შეიძლება შეიძლება შემცირდეს  ბიუროკრატიული ხარჯები. ჩვენი ბიუროკრატია ძალიან ფუფნებაშია და ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს ფუფუნება უნდა მოისპოს ხელისუფლების ყველა შტოში და ყველს დონეზე.

ბიუროკრატიული აპარატიც უნდა შემცირდეს. უამრავი უფუნქციო და პარალელური ფუნქციების  შტატების სხვა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებში. გარდა მაგისა, ხელოვნურად შექმნილია შტატები  სხვა და სხვა დონის  მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრების, მეგობრებისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერთა დასასაქმებლად.

– ბიუროკრატიული აპარატის შემცირება არის ერთ–ერთი საუკეთესო გზა, უნდა გაუშვა უსაქმურები და არაკომპეტენტური კადრები და  დატოვო კვალიფიციური ადამიანები, კრიზისულ სიტუაციაში მართვა, მუშაობა რომ შეუძლიათ. უამრავი ზედმეტი თანამშრომელია სახელმწიფო სტრუქტურებში. არანორმალური რაოდენობით, ათასობით  არის ეს სიიპ–ები და აიპ–ები, რომელთა უმეტესობის ფუნქცია საერთოდ გაურკვეველია. ესენი ზედმეტი წურბელები არიან ქვეყნისთვის. მათგან მხოლოდ ერთეულებს აქვთ კონკრეტული ფუნქცია და მათი არსებობა აუცილებელია. მათი გაუქმებით ბიუჯეტი დიდ შეღავათს მიიღებს. მცირე სამინისტროები გვჭირდება და არა მონსტრები, როგორებიც დღეს გვაქვს. უნდა შემცირდეს მერიების, გამგეობების თანამშრომელთა რაოდენობა. ნაკლები ხალხი უნდა იყოს დასაქმებული და მობილურ, ეფექტურ სტრუქტურებად უნდა გადააქციონ. იმის ფუფუნებაც არ გვაქვს ამ კრიზისულ ვითარებაში, რომ რამდენიმე ათასი უსაქმური შეინახოს ბიუჯეტმა. დიახ, ჩვენ ათასებზე ვალაპაკობთ და რამდენი თანხა დაიზოგება? კრიზისი გვეუბნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურად მუშაობა ჩვენი #1 ამოცანაა, ეს ეხება პარლამენტს, აღმასრულებელი  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ყველას უკლებლივ.

ბატონო დემურ, ბევრი ამბობს, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ  გაცივდა და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ამერიკა ფინანსურად აღარ ეხმარება საქართველოს. ამ დროს, სხვა ქვეყნებს. ვისაც ეხმარებოდა,  კვლავ ეხმარება. ძალიან დიდი ბოდიში, მაპატიეთ,  მაგრამ ფეხებზე ხომ არ დაგვიკიდა ამერიკამ?

– რა არის იცით? შეერთებულ შტატებს თავისი პოლიტიკა აქვს საქართველოს მიმართ, საქართველო არ არის მისგან უყურადღებოდ. ამერიკისთვის სასაყვედურო არაფერი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, საყვედური სხვა მიმართულებით გამოვთქვათ და არა ამერიკისა. რამდენად ეფექტურად ვიყენებთ იმ დახმარებებს, რომელთაც ამერიკა აქამდე გვაძლევდა და გვაძლევდა ხელგაშლილად? აი,  ეს უნდა მოვიკითხოთ,გავარკვიოთ. აქ ძალიან ბევრი კითხვა  არსებობს. რამდენადაც ვიცი, არანაირი ანგარიშგება არ არსებობს იმის შესახებ, რამდენად ეფექტურად, მიზნობრივად იხარჯება უცხოეთიდან შემოსული გრანტები თუ დაბალპროცენტიანი სესხები და ცხადია, ეს ამერიკიდან შემოსულა დახმარებებსაც ეხება. არც ვიცით, რაში დაიხარჯა ეს უზარმაზარი თანხები, რას და რამდენად ეფექტურად მოახმარა ჩვენმა ხელისუფლებამ.

შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკელები უკმაყოფილონი არიან, რომ მათი ფული საქართველოში არამიზნობრივად და არაეფექტურად დაიხარჯა? ამის გამო აღარ გეხმარებიან ფინანსურად?

– რასაკვირველია, ამერიკელები უკმაყოფილონი იქნებიან ამით, რადგან თავად ქართველები არიან უკმაყოფილონი. ბუნებრივია, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რომ დაპაუზდა ამერიკული ფულადი  დახმარებები.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ #36

  •  
  •  

One Comment

  1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    უმეტესად მართებული ანალიზია, მაგრამ,“რატომ იყო კოვიდამდე ბავშვი გონებაჩლუნგი?,იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია!”. ასეა ჩვენთან ნებისმიერ პოლიტიკურსაზაგადოებრი სფეროში,დაწყებული სულ პირველებიდან , ქვემოთ….არა ინტერესი,არა ინფორმირებულობა, არა მომავლის ხედვები და განჭვრეტა…ე.წ.
    პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს რომ, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს არა მარტო ჰიბრიდული მესამე მსოფლიო ომი, არამედ ჰიბრიდულ-უხილავ ჭრილშია გადასული ყველანაირი ურთიერთობები, სახელმწიფოებსა თუ მათ გაერთიანებებში(ეუროკავშირი…),ხოლო მათი ზედაპირული ურთიერთობები და “კანონები” უმეტესად ფარსია…მოკლედ, ყველა გუშინდელი დოქტრინები, ხვალ ხუხულასავით ჩამოიშლება, ახალ გარდამავალ მ ე ე ქ ვ ს ე წყობის მსოფლიოში!!!… გამოფხიხლდით!, რიონს უკვე ჩაყვანილი ყავხართ, ფოთშიიი:), შავ ზღვაშიიი:))). პ.ს. საქართველოში,განსაკუთრებით “პოტილიკოსებში”, მაქსიმალურად ფართო ხედვის აზროვნების, ულტრა დეფიციტია!.ამიტომ ახალი მერწყულის პერიოდში, სამყარომ(შემოქმედმა) თუ დაინახა შენში რომ საჭირო არა ხარ,გაგანადგურებს!{Пo этому люди (ГРУЗИНЫ) больше не нужны !…все приехали, вы больше не нужны ! გერმან სტერლინგოვი 2012წ.}… შესავალი დაწყებულია; ამდენი
    ომის გარეშე, “მშვიდობიან” დროს სიკვდილიანობა(უბედური ,გახმაურებული…), განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რა(ის) არჩევნები გინდათ???, არჩევნები კი არა , მთელი “პოლიტიკური სპექტრი”, უნდა შეყარო ე.წ.გლადიატორების სტადიონზე, ერთმანეთს უნდა დააპირისპირო და რომ იტყვიან “ქეც დაუწყვეტიათ ერთმანეთი”….ასეა ეს !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.