შეკვეთილში დები დახრჩობას გადაარჩინეს – „ღმერთმა უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად“

გუშინ, 12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და  ტალღებმა გაიტაცა. ნაპირთან მდგარი დეიდა მათ მისაშველებლად წყალში შევარდა, თუმცა…

„ცურვა ვიცი, თუმცა უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე…საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს,მაგრამ ყველაფერი ამაოა,არარაობა ხარ  აღრენილი ზღვის  წინაშე… ითრევს,  გართმევს  ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა, ვევდრებოდი ღმერთს.  და იმანაც, უცებ, სამი გმირი,  სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად…“ _ამბობს ოზურგეთელი ქალბატონი,   ია ჭარხალაშვილი და უსაზღვრო ემოციით სავსე, ჯერ კიდევ რომ ვერ დამშვიდებულა, ორი სიცოცხლის გადამრჩენ მაშველ ბიჭებს  ეძებს უსაზღვრო მადლიერების სათქმელად, რომელთა გვარ-სახელი, ერთის გარდა,  ჯერ კიდევ არ იცის.

_არ ვიცი, როგორ და რამდენგზის მოვუხადო ჩემს მხსნელებს მადლობა, _ ამბობს ის.

„გურია  ნიუსი“  შეკვეთილის ზონაში განთავსებული მაშველების ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების  გურიის  სამსახურის მესამე ცვლის გათვლის უფროსს, გიორგი გოგეშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ:

_კი, ურთულესი სიტუაცია იყო. მე თავად გამოვიყვანე, _ მშვიდად მოგვიყვა მან _ გოგონები ბანაობდნენ, მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია. ტალღებს სწრაფად მიჰქონდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე.  ისეთი ვითარება იყო, _მოქცევა –  ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები  დავუტოვე.  გოგონები კი სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე. ერთი უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორთავე. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა კარგად ვართ და მზიანი, სიცოცხლით სავსე დილა გაგვითენდა შეკვეთილის სანაპიროზე… ფოტო? არ ვიცი, ბევრი დამსვენებელი იღებდა ამ ორომტრიალს. მთავარია, ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ   და ორი სიცოცხლე ვიხსენით,  – გვითხრა მან.

„გურია ნიუსი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ლადო

    ყოჩაღ , გიმარჯვიათ მაშველებს👍🏻
    მადლობა და პრემიები გეკუთვნით💰💰💰

  2. მ ა დ ლ ო ბ ა

    სულ კარგი ამბები გაგვეგოს ჩვენი მაშველებისგან.

  3. ანონიმური

    გმირები.ხართ

  4. ანონიმური

    მადლობა ჩენს მაშველებს დაუღალავი შრომისთვის

  5. ანონიმური

    კარგია რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.