“ყურს ჭრის თავის მართლება -“გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ქონდა”

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი – „გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ქონდა“. ზოგჯერ ადამიანებს ისე ჩაესმით, თითქოს “რა ვქნათ, თანხმლები დაავადებები ქონდა”.

ჯერ ერთი, თანმხლებ დაავადებებს გააჩნია. ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აქვს რაიმე თანმხლები დაავადება. მაგალითად, ჰიპერტენზია.

მეორეც, პრობლემა და სამედიცინო დახმარების საჭიროება ზუსტადაც რომ ამ ადამიანებშია, თორემ ახალგაზრდას და ჯანმრთელს საერთოდ არ ჭირდება არაფერი, ისედაც განიკურნება. აქამდეც ტყუილად ვაყურყუტებდით სტაციონარებში და ამდენი ლაპარაკის მერე, კარგია, რომ როგორც იქნა, ბინაზე მოვლის მოდელი დაგვიანებით მაინც იწყებს ამოქმედებას. ამიტომ ამიერიდან ვინც სტაციონარში იქნება, იმათ უდიდეს ნაწილს სწორედაც რომ რომელიმე თანმხლები დაავადება ექნება და მათი გადარჩენა მოუწევთ ექიმებს.

ამიტომ ამ ჯგუფის ადამიანებზე ასეთი ხელჩაქნეული დამოკიდებულება არ არის კარგი.

თავიდან, როდესაც ვამბობდით, რომ ხანდაზმულები და თანმხლები დაავადებების მქონეები რისკის ჯგუფია, გვსაყვედურებდნენ, ამას ხაზს რატომ უსვამთ და აშინებთ ამ ადამიანებსო, მაგრამ რისკ-ჯგუფების აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნამდვილად არის იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე. თუმცა უკვე გარდაცვლილზე იქვე, აუცილებლად მიყოლებამ, რომ თანმხლები დაავადებები ქონდა, რაღაც უცნაური ხასიათი მიიღო. კარგად ვერც ვაყალიბებ, რისი თქმაც მინდოდა

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს – მეტი განმარტებები კარგი იქნება, თორემ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძნელად თუ მოიძებნება იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი. მაგალითად, როდესაც ჰიპერტენზიაზე ვლაპარაკობთ, დასაკონკრეტებელია, რომ რისკი განსაკუთრებით მაღალია არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის დროს.

არადა, რამდენი ადამიანია საქართველოში, „წნევას რომ ატარებს“ (ეს უცნაური გამოთქმა ჯერ კიდევ ძალიან ხშირად გვესმის) და არ იღებს წამლებს, ან იღებს მხოლოდ მაშინ, „როცა წნევა აუწევს“.

პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფები (ACE ინჰიბიტორები და ARBs) ასოცირებულია COVID გართულებებთან, თუმცა საპირისპირო კვლევებიც გაჩნდა, რომელთა მიხედვით ამ მედიკამენტების მიღება ამცირებს გართულებების და სიკვდილის რისკს.

ასეა თუ ისეა, ჯერ-ჯერობით რაიმე დასაყრდენი, ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზით მკაფიოდ აჩვენებს, არის თუ არა ჰიპერტენზია კოვიდის გართულებების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი (ასაკთან და სხვა შესაძლო რისკ-ფატორებთან შეჯერების შემდეგ), ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ფაქტია, რომ არაკონტროლირებადი ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ჰიპერტენზია და დიაბეტი), გართულებებისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის. ამიტომ შფოთვას და ნერვიულობას ჯობია შესაბამისი სპეციალისტის დანიშნული მედიკამენტები მივიღოთ და წნევა იქნება ეს თუ სისხლში შაქრის კონცენტრაცია, მუდმივად კონტროლირებული გვქონდეს.”

  •  
  •  

One Comment

  1. nana

    ra ubedurebaa psikologiurad gvanadgurebt radgan diabeti gvakvs unda movkvdet?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.