ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის ფართს დავიქირავებთ – სახელმწიფომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები “დაინახა”

„ჩვენ დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ.

ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში.“ – განაცხადა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ.

როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება.

აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს.“

პრაიმტაიმი

თუ სახელმწიფო ამბობს, რომ მას ჰყავს ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, მაგრამ არა აქვს ამ ეტაპზეც კი მზად (მუდმივად უნდა ჰქონდეს, არადა) ფართი, სადაც მათ ღამეს გაათევინებს და ახლა უნდა იქირავოს – რა ზრუნვაზეა საუბარი?

ამ ბავშვებს ერთ დღესაც რომ ეთხოვათ, ღამე გაგვათევინეო – სახელმწიფოს მზა ფართი არ ჰქონდა, ხო?

ახლაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად 14 დღე გავაჩერებთ კარანტინში და გავუშვებთ ისევ.

ხოდა, რა საჭიროა სამსახური, რომელიც უნდა ზრუნავდეს, თუ ადგილიც არ არის გამოყოფილი უკვე ამ ზრუნვისთვის კი არადა – ღამის გათევისთვის მაინც?

არასწორი ინფორმაცია არ გააჟღეროთო და სწორი ინფორმაცია ხომ არის ეს, პირველწყარო ხომ ამბობს, რომ გვყავს ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ არ გვაქვს მათთვის ღამის გასათევი ფართი! რად უნდა ასეთ სახელმწიფოს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება – სწორიც საკმარისია. მიუღიათ ფართის ქირავნობის გადაწყვეტილება – დიდხანს იფიქრეთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ კიდევ ისაა, სახელმწიფო რომ ამბობს, ვიცი ბავშვები ქუჩაში მუშაობენო – ხოდა, ჩვენც ვიცით, მაგრამ, ერთი გვითხარით, ვინც დააკავეთ, იმის გამო, რომ ბავშვებს ამუშავებდა, ერთი გვაჩვენეთ.

ისე, რომ არა კორონა, არც მოშიმშილი ხალხი იყო ქვეყანაში და არც უპატრონო ბავშვები ცხოვრობდნენ ქუჩებში, ეგ განცხადებებიც გვახსოვს მმართველი გუნდისგან!

ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.