ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი კლინიკის ექიმის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს დადასტურებული 87 კოვიდინფექცის შემთხვევიდან, სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მათ შორის ერთი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი კლინიკის ექიმია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

„ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი ექიმის „კოვიდ-19“-ზე გეგმური შემოწმებისას, „პისიარ“-ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია. ექიმი, შაბათს, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა. ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმამდე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.

კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებას შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე). დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმურ რეჟიმში, კვირაში ორჯერ უტარდებათ „პისიარ“-ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის „ცე“ ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული.
ჰოსპიტალში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.

ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას“.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.