ქალბატონი, რომელმაც 35-ჯერ სცადა თვითმკვლელობა! – “ჩემი დიდი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს!”

ჩემმა მეგობარმა მინიმუმ 35-ჯერ სცადა თავის მოკვლა… არ ვიცოდი, ჩემი მეგობარი თუ იყო, ჩემ ფეისბუქზე ყოფილა ჩუმად, ასე წლობით იქნებოდა ჩუმად, რომ არა ბაჩალიაშვილის საქმე, მომწერა, თვითმკვლელები სხვანაირ წერილებს ტოვებენო…

– როგორ წერილებს ტოვებენ თვითმკვლელები? – ეს იყო პირველი კითხვა და იმწამსვე მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მითხრა, რაც არ უნდა სცოდნოდა…

– მე ასეთი 15-მდე წერილი მაქვს დაწერილი, საავადმყოფოებში, სხვებსაც მოუყოლია თავის წერილებზე, ჩემმა მეგობარმა ვიდეო დატოვა, მართლა უმძიმესი იყო – ყველა თვითმკვლელის წერილში აუცილებლად არის დამშვიდობება, თვლი, რომ შენი ბოლო სიტყვაა და გინდა ახლობელ ადამიანებს დაემშვიდობო. მერე ზოგი საუბრობს იმაზე, რის გამო აკეთებს ამას, თუმცა, უმეტესობა ვწერთ, რომ არავისი ბრალი არაა და მხოლოდ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ბოდიშს ვიხდით და პატიებას ვითხოვთ ახლობლებისგან. მე პირადად, ბევრ რამეს ვთხოვდი, მაგალითად, ვწერდი, რომ ეზრუნათ, ლამაზი მიცვალებული ვყოფილიყავი. ასევე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაცივრები არ არსებობდა, ვითხოვდი, ბალზამი არ გაეკეთებიათ და მაცივარში ვყოლოდი, ვვითარდები, ამ ბოლოს, კრემაციას ვითხოვ… მიყვარს პროგრესი (იცინის).

– პირველი მცდელობა როდის გქონდა?

– 15 წლისა ვიყავი.

– გახსოვს, რის გამო მოხდა?

– რა თქმა უნდა. მასწავლებელმა „არა“ დამიწერა, არადა, გაკვეთილზე ვიყავი, ავდექი და ამოვშალე ის „არა“ ჟურნალიდან, რადგან თავად რომ მიხვდა, რომ შეეშალა, არ ამოშალა. შეურაცხყოფა მომაყენა კლასელების თანდასწრებით, უსიტყვოდ წამოვედი სახლში. დედა ექიმი იყო და სახლში სულ გვქონდა წამლები, ხსნარი ავიღე და გადავკარი… ნათესავი სწორედ მაშინ შემოვიდა, როცა ცარიელი ქილა მეჭირა ხელში. ვერ ვსაუბრობდი, ყელი ჩამწვა ხსნარმა, „სასწრაფოთი“ გადამიყვანეს საავადმყოფოში.

– მოგწონდა, რომ გივლიდნენ და ზრუნავდნენ შენზე?

– წარმოიდგინე, გაგანია კომუნიზმია და სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგო, მასწავლებლის გამო, თავის მოკვლას ცდილობს – იცი, რა ამბავი მოჰყვა? რიგები იდგა საავადმყოფოსთან. უცებ გავხდი პოპულარული, უამრავ ადამიანს უნდოდა ჩემი ნახვა, ქალაქი აწრიალდა ლამის. საყურეების ტარების უფლებაც მაშინ მომცეს. ერთხელ ამ საყურეებით სკოლაში წავედი და მერე მივხვდი, რომ საყვედური არავინ მითხრა, არადა, სხვა მოსწავლეს ამის უფლებას არ მისცემდნენ. მგონი, რაც უნდა ჩამეცვა ან მექნა, გამიცინებდნენ…  ყველა ცდილობდა, განსაკუთრებულად კარგად მომქცეოდა და გეფიცები, ვგრძნობდი, რომ ჩემ კლასელებს შურდათ, პირველად მაშინ მივხვდი, რომ არის ასეთ პოპულარულობაში რაღაც საშიში, თუმცა, მაშინ მიმბაძველობა არ იყო ასე მოდაში. ახლა 15 წლის ლუკას სიკვდილის შემდეგ, კიდევ ერთმა მისი ასაკის გოგომ მოიკლა თავი, ბაჩალიაშვილის სიკვდილის სცენარის გამეორება სცადა მისი ასაკის გოგომ – რაღაც კუთხით ასეთი თემების გაშუქება ძალიან სარისკოა. თუმცა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მეორე მხარეცაა, როგორ შეიძლება არ გააშუქო ბაჩალიაშვილის, ან ლუკას საქმე? ორივე შემთხვევაში დამნაშავეა დასასჯელი.

– სკოლის ასაკში კიდევ სცადე?

– არა, არც ერთხელ. კარგა ხანს აღარ მიცდია. იმ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მიზანი არასოდეს იყო ვინმეს ყურადღების მიქცევა, ჩემი მიზანი რომ პოპულარობა ყოფილიყო, ალბათ, მალევე გავიმეორებდი. დაახლოებით 7-8 წელი ისე გავიდა, აღარ მიცდია.

– დაახლოებით რამდენჯერ სცადე?

– მინიმუმ 35-ჯერ, ან ცოტა მეტჯერად, 18-ჯერ ოფიციალურადაა დაფიქსირებული, 18-ჯერ ვარ კლინიკაში გადაყვანილი. არაერთი შემთხვევა იყო, როცა კლინიკაში არც წავუყვანივარ „სასწრაფოს“.

– ეგ როგორ?

– მაგალითად, ერთხელ 150 აბი ფსიქოტროპული ტიპის მედიკამენტი დავლიე, ახლობელმა შემომისწრო, „სასწრაფოში“ დარეკა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს და ვირწმუნებოდი, რომ მხოლოდ 5 აბი დავლიე და დანარჩენი ფირფიტები იმიტომაა ცარიელი, რომ გადავყარე. არ გადამიყვანეს იმ ღამეს საავადმყოფოში, ღამე გამითენეს, დილით გამომძიებლები მოვიდნენ, სამი მამაკაცი იყო, ვუთხარი, რომ გავალ და მოვალ, ეგონათ საპირფარეშოში გავდიოდი, მე კი წავედი ისევ ფსიქოტროპულ აფთიაქში და მომდევნო 150 აბს ვითხოვდი, თან გარანტიას ვითხოვდი, რომ ნამდვილად იმოქმედებდა… როგორ ჩავედი აფთიაქამდე არ მახსოვს, როგორც ჩანს, წამალი გარკვეულწილად მოქმედებდა და არაადეკვატურად ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, არ მომყიდეს და ვიდექი აფთიაქის კართან, არც სხვას ვუშვებდი შიგნით. ერთი ბიჭი მოვიდა, მთხოვა, ოღონდ გამოდი და შეგვიშვი და მე გიყიდიო. დავთქვით შეხვედრის ადგილი, გავატანე ფული, მომიტანა მართლაც ცოტა ხანში ისევ 150 აბი, ისიც დავლიე, აი, მაშინ კი გადამიყვანა „სასწრაფომ“ საავადმყოფოში.

– მედიკამენტები არ დავასახელოთ, მაგრამ მეტწილად მედიკამენტებს იყენებდი?

– კი, ვცვლიდი ხოლმე, სხვადასხვა მედიკამენტებს ერთად ვსვამდი, მერე გარანტიების სახით, ჭრილობებს ვამატებდი…

– ვერ მივხვდი… რას გულისხმობ?

– გავისტუმრებდი ყველას სახლიდან, მომარაგებული მქონდა მედიკამენტები, სამართებელი და თოკიც მქონდა ჩამოკიდებული, წამალს რომ დავლევდი, მერე ხელებს ვიჭრიდი და თუ თოკამდე მივაღწევდი ამის მერე, მერე ბოლო იყო თოკი… ერთხელ ჩემები რაიონში გავისტუმრე, ჩემი შვილიც იმ ღამით ნათესავთან რჩებოდა, ვიცოდი და მე მზად მქონდა ყველა საშუალება. სანამ დავიწყებდი, დამირეკა ჩემმა შვილმა, ტკბილად, მშვიდად ვესაუბრე, 20 ლარი მთხოვა. ვუთხარი, რომ ვიძინებდი და ამიტომ რომ არ გავეღვიძებინე, ფულს კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ დავუტოვებდი. არ მქონდა 20-ლარიანი, მხოლოდ 100-ლარიანი მქონდა. ჩემმა შვილმა მეგობარი გამოუშვა ფულის ასაღებად, დაურეკა მეგობარმა, 100-ლარიანი დევსო, იმწამსვე უყვირია, აივნიდან გადახტი და „სასწრაფო“ გამოიძახეო. რომ გადმომხტარა ეს გოგო აივნიდან, უკვე იატაკზე ვეგდე, წამლებიც დალეული მქონდა და ხელებიც დაჭრილი მქონდა. თითქოს გენიალურად მქონდა გეგმა შემუშავებული და აი, პატარა წვრილმანმა, 20-ლარიანის არქონამ შემიშალა ხელი. დედაჩემი შემიძლია მოვატყუო, ყველა ჩემი ახლობელი, მაგრამ ჩემი შვილის მოტყუება არ გამომდის, თითქოს გუმანით გრძნობს…

– ძალიან ყვარებიხარ შვილს. უფალსაც ძალიან ჰყვარებიხარ…

– ღმერთი ჩემი მეგობარია, როგორც ყველა ადამიანის. ძალიან მიყვარს, სულ ვესაუბრები: – ძალიან გტკენ გულს? ძალიან ცუდად ვიქცევი? შენ ხომ კარგად მიცნობ და ჩემი ყველაფერი იცი, ხომ არ გამიშვებ ჯოჯოხეთში? ხომ მაპატიებ? – ვეკითხები ხოლმე და ყოველ ჯერზე ვთვლიდი, რომ მაპატიებდა! სხვათა შორის, ეკლესიაში წასვლა ძალიან მშველის ხოლმე, გარეთ გასვლაც მშველის, საკმარისია, გარეთ გავიდე, ხალხს შევხვდე, რომ სიცოცხლეზე ვიწყებ ფიქრს, კიდევ ფიზიკური დატვირთვა და მუშაობა მშველის, საზღვარგარეთ ვიყავი წასული სამუშაოდ, არც ერთხელ არ მიცდია იქ. ერთხელ თავის ჩამოხრჩობა ვცადე, მაშინაც შემომისწრეს, კარი შემოამტვრიეს, მერე მეგობრებს ვუყვებოდი, რომ საშინელი განცდაა და აღარასოდეს ვცდი თოკს… წარმოიდგინე, ზუსტად იმ ადამიანებიდან, ვისაც ვუყვებოდი, როგორი საშინელია თავის ჩამოხრჩობა, ორმა ჩამოიხრჩო თავი, ორმა, თან ძალიან მალე. პირველად სცადეს და ორივე დაიღუპა. ვამბობდი, რომ სიკვდილი მომპარეს, ჩემი სიკვდილი წაიღეს. ეკლესიის კარებს არ ვცილდებოდი, ვცდილობდი მათთვის წესის აგების ნებართვა მიმეღო…

– აუგეს წესი?

– არა… ბევრი ვიბრძოლე, ბოლომდე ვცადე… ერთადერთი, მამაომ მომცა უფლება სანთელი დამენთო და მელოცა, გარდაცვლილის დედისთვისაც კი არ მიუცია სანთლის დანთების კურთხევა და მე მომცა, შენი ჯვარიაო, მითხრა, უფალმა ინება, რომ ეს გზა გაიარო და შენი თვალით ნახო, რა შედეგები მოყვებაო…

– არის ხერხი, რომელსაც არასოდეს ცდიდი?

– კი, წყალში დახრჩობას. მივსულვარ მოაჯირთან და უკან გამოვბრუნებულვარ. ყოველთვის მინდოდა ლამაზი მიცვალებული ვყოფილიყავი და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ არასოდეს ვცდიდი დახრჩობას.

– ყველაზე მძიმე შედეგით რომელი დასრულდა?

– იმ შემთხვევის შემდეგ, ზემოთ რომ გიამბე, 300 ფსიქოტროპული აბი რომ ზედიზედ დავლიე, მართალია, არ მოვკვდი, მაგრამ კარგა ხანს ვიყავი არაადეკვატური და მომდევნო რამდენიმე თვეში ზედიზედ 8-9 მცდელობა მქონდა, ღამეებს მითენებდნენ და დაიძინებდნენ თუ არა, მე ისევ რაღაც მცდელობა მქონდა. მაშინ, ერთმა პროფესორმა თქვა, რომ ჩემი არაადეკვატურობა იმ 300 აბი ფსიქოტროპულის ბრალია და წამალი არ გამოდის ორგანიზმიდან. დამინიშნა რაღაც ძლიერი წამალი, რომელიც დამეხმარებოდა ორგანიზმის გაწმენდაში, ძალიან ძვირი ღირდა იმ დროისათვის, ფულის პრობლემა არ გვქონდა, ვიყიდეთ. გააფრთხილა დედა, რომ მხოლოდ ერთი წვეთი უნდა დამელია დღეში. ძილის წინ დედას ვთხოვე, ეგ წამალი მომეცი, გულში უნდა ჩავიხუტო და ისე დავიძინო, ეგ წამალი გადამარჩენს-თქო, დამიჯერა, კაი, შვილოო და მომცა. ახლაც მიკვირს, როგორ მიჯერებდა ხოლმე, მიუხედავად ყველაფრისა, წამით მიბრუნდა თუ არადა და გადავკარი, მთლიანი ბოთლი დავლიე და გავითიშე კიდეც. მაშინ უთხრეს დედას, მორჩა, ვერ გადარჩებაო. იმ პროფესორმა რომ გაიგო, აზრიც არა აქვს მცდელობასო. მაინც იბრძოლა დედამ და 34-დღიანი კომის შემდეგ, ისევ დავუბრუნდი სიცოცხლეს. ბევრჯერ უთქვამთ დედასთვის ექიმებს, ამ მედიკამენტების შემდეგ, ვერ გადარჩებაო, მართლა ძალიან იბრძოდა ჩემი სიცოცხლისთვის. ამ 34 დღეში ძალიან შეშინდა, როგორც ჩანს, გამოწერის დღეს დედა არ მოვიდა და მოვიდა პოლიცია, ხელბორკილს რომ მადებდნენ, ვუთხარი, ამ ხელზე არა, ბატონო პოლიციელო, ეს ხელი ახალდაჩეხილი მაქვს-თქო. ასე ხელბორკილით გადამიყვანეს ფსიქიატრიულში. სასწრაფოს მანქანიდან თვალი მოვკარი დედას, რომელიც საავადმყოფოს კუთხეში იდგა და მზერით მაცილებდა. მიმიყვანეს კლინიკაში, მშვიდად ვიქცეოდი, ვიღიმოდი, ფსიქიატრიულის დაცვასაც თბილად და ტკბილად გავესაუბრე, ხელბორკილიც მომხსნეს, მერე ერთი ღერი სიგარეტი ვთხოვე დაცვას, უარი ვერ მითხრა, გამომიყვანა გარეთ მოსაწევად, ფეხსაცმელი გავიხადე და გამოვიქეცი… პირველი ტაქსში ჩავხტი და სახლში მივასწარი დედას, დედა რომ მოვიდა სახლთან, მე და ტაქსის მძღოლი ველოდებოდით, რომ ფული გადაეხადა. აი, მაგის მერე მეც გავჩერდი კარგა ხანს, სიმართლე გითხრა, ძალიან მეშინია ფსიქიატრიულის, სიკვდილზე მეტად მეშინია და რა გარანტია მქონდა, რომ შემდეგ მცდელობაზე მოვკვდებოდი და ფსიქიატრიულში არ მოვხვდებოდი? უკვე აღარ ვიცი, რამე თუ მომკლავს, ერთხელ, დაახლოებით 140 აბი სხვადასხვა მედიკამენტი დავლიე, ისეთები უეჭველად რომ მოკლავდა სხვას, დავწექი და დილით გამეღვიძა ჩვეულებრივ, უბრალოდ მომწამლა…

– რატომ გგონია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა?

– ჩემმა ორმა მეგობარმა მოიკლა თავი და დავიჯერე, არ ვარ ის ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ვიღაც თავს მოიკლავს, მაგრამ აი, მაგ გოგოს თვითმკვლელობას ვერავინ დამაჯერებს, გამორიცხულია. გოგო, რომელსაც ასე უყვარს ვიდეოების ჩაწერა და თავის თავთან საუბარი – როგორ გგონიათ, სიკვდილის წინ არ ჩაწერდა ვიდეოს? ისედაც ჩვევაში ჰქონდა ვიდეოს ჩაწერა, ხელს უშლიდა ვინმე? მარტო იყოო, გვეუბნებიან და თავზე საყრელად ჰქონდა დრო. ჩანს როგორ უყვარს ოჯახი, მე რომ მოვკვდე, სიცოცხლე გაუმწარდებათო, ამბობს, ოჯახსაც კი არ ემშვიდობება? არ იქცევიან თვითმკვლელები ასე, არა! წერილი დატოვაო, რა წერია იმ წერილში, ანაბარზე რომ თანხაა გამოიყენეთო? – სად წავიდოდა ის თანხა, ისედაც გამოიყენებდნენ. აუცილებლად ეცდებოდა ახლობლებთან დამშვიდობებას და მიზეზის თქმას, რატომ იკლავს თავს. ისეთ წვრილმანზე აქვს ჩაწერილი ვიდეო, ეჭვიანობაზეც კი და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მიზეზი არ თქვა?  იმის მაგივრად, რომ საქმე გამოიძიონ, ოჯახისთვის ლაფის დასხმა დაიწყეს, ავიწროებდა ოჯახი გოგოსო, წერდნენ, ახლა ის ხალხი, ვინც ამტკიცებდა, ოჯახი ავიწროებდა თამუნასო, ჩანაწერს აფრიალებს, სადაც თამუნა ასეთი სიყვარულით ახსენებს ოჯახს და არც რცხვენიათ, ბოდიშიც არ მოუხდია არც ერთს! ახლა დაიწყეს წერა და საუბარი, დედის და მამის საუბარი არ მოგვწონსო, რას უწუნებენ – არასაკმარისად ქალაქიური კილო აქვთ? კილო არ მოსწონთ? სიტყვები? გამწარებული დედაა, რომელიც იბრძვის სიმართლის დასადგენად, რა საუბრის მოწონება-არ მოწონებაზეა საუბარი?!  ასე რა გვაბრმავებს? 2 წლის წინ გადაღებული ვიდეოს ნაგლეჯს აფრიალებენ და ესაა მტკიცებულება? ეს ვიდეო არა და ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაემშვიდობა, კი არის მტკიცებულება. ასევე, თამუნას გართულება ჰქონდა თავის გარეგნობაზე, რამდენიმე კილო რომ მოიმატა, გავსუქდიო იძახის ვიდეოში და უნდა გავხდეო, ხომ ასეა? წავიკითხე, „ალიაში“ გეწერათ…

– კი, პროკურატურამ მოგვასმენინა რამდენიმე ჩანაწერი და ასეა ნამდვილად….

– ადამიანი, რომელიც ამდენად ზრუნავს თავის გარეგნობაზე, არ მოკვდება ისეთი სიკვდილით, რომ სხეული ასეთ დღეში ჩააგდოს. მასაც ენდომებოდა, რომ ლამაზი მიცვალებული ყოფილიყო. სახლში, ან სახლთან ახლოს ეცდებოდა თავის მოკვლას, ან ისეთ ადგილას, სადაც ძალიან მალე იპოვნიდნენ. სამსახურეობრივი ფაილები ისეა წაშლილი კომპიუტერიდან ვერ აღვადგინეთო და რაღა ეს ფაილები აღადგინეს მაინცდამაინც? რა გვაქვს? რამდენიმე წლის წინ როგორ ამბობს, რომ არ უნდა ოჯახმა ოდესმე გარდაცვლილი იპოვნოს ტყეში? მანდვე იმასაც ამბობს, ხომ, რომ ძალიან უყვარს ოჯახი და მისი სიკვდილი გაანადგურებთ?

– კი, ასე საუბრობს ოჯახზე ნამდვილად და ამბობს, სწორედ ამიტომ ვერ მოვიკლავ თავსო.

– ხოდა, რაღა ეგ ჩანაწერი აღადგინეს და სამსახურის ვერც ერთი ფაილი? ის ფაილები კარგად წაშალა და ეს ფაილები ცუდად წაშალა? კარგი პროგრამისტი იყო და ყველაფერი კარგად წაშალაო, ყველაფერი წაშალა, მაგრამ ისტორიები დატოვა, ის ისტორიები, სადაც ის ჩანს, ვითომ როგორ ეძებს რა მედიკამენტები იყიდოს რომ თავი მოიკლას. ადგილია კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი.

– რას გულისხმობ?

– წამლებს წინა დღეს ყიდულობსო, გვითხრეს, ანუ, გეგმა აქვს, ისეთ წამლებს ყიდულობს, რომ მათი დალევის შემდეგ, რამდენიმე საათში დაიღუპება, დალევდა საღამოს და დაიძინებდა სახლში, ან დღისით ვინ უშლიდა ხელს? სულაც მარტო იყო იმ დღეს, მაგრამ მიდის და სადღაც სოფელში შედის, სადაც თითქოს რაღაცას ეძებს, ტყეს თუ ეძებდა, პირდაპირ ტყისკენ რატომ არ მიდის? ასეთ დროს, თუ რამე ადგილს ეძებ, ეს უნდა იყოს სიმბოლური, რაღაცას გახსენებდეს, რაღაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ტყეს ეძებდაო, მაგრამ ტყეში არ მოუკლავს თავი, გზიდან 200 მეტრშიც კი არ იდგა მანქანა და რამდენიმე ხე ჩანს ირგვლივ, თავი მოიკლა იმ ადგილას, სადაც საქონლის განავალით ყარს იქაურობა და ბუზებითაა სავსე – ესაა ტყე? ამას ეძებდა?  მან, ვინც მოკლა, კარგად იცოდა, კონკრეტულად ამ ჩანაწერის შესახებ, სადაც ტყეზეა საუბარი, სწორედ ამიტომ გვტენიან ამ ორ წინადადებას… ამდენი ვიდეოდან, მხოლოდ ეს ვიდეო რატომ შეარჩიეს?  ჯერ იმით დაიწყეს, არ იყო კონტაქტური ადამიანიო, მერე თქვეს ფსიქოლოგთან დადიოდაო, ახლა ამბობენ, დედაა, გიჟი ყოფილა, საკუთარ თავს ესაუბრებოდა ვიდეოებშიო. ფსიქოლოგის პირველი რჩევა რა არის? საკუთარ თავთან საუბარი. მე ვიდეოებს არ ვწერდი, სარკის წინ ვიჯექი და თავს ისე ვესაუბრებოდი, მეც მთხოვა ფსიქოლოგმა, რომ ყოველ დღე მესაუბრა თავთან. ყველას სხვადასხვა მეთოდით სთხოვენ საკუთარ თავთან საუბარს და ესეც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ხერხია, რასაც აკეთებს ეს გოგო – იწყებს პრობლემის აღიარებით, მერე ეძებს პრობლემის მიზეზს და მერე კი სახავს გეგმას, როგორ მოიცილოს მიზეზები, რომლებიც პრობლემას უქმნის და აი, ყველაზე საინტერესოც – გეგმა! – წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც ფიქრობს თავის მოკვლაზე, გეგმას სახავს კი არა, ხვალინდელ დღეზეც ვერ ფიქრობს.

– ნამდვილად ამ თანმიმდევრობით ვითარდება ვიდეო, იწყებს პრობლემაზე საუბრით, მერე ეძებს მიზეზებს და მერე საუბრობს რა უნდა გააკეთოს, ასე იქცევა მაშინაც კი, თუ ტირილით საუბრობს, მაგალითად, როცა იმაზე წერს ვიდეოს, როგორ იეჭვიანა, ტირის, თუმცა, მერე ბოლოს მაინც გეგმით ასრულებს, თავის თავს ეუბნება, რა უნდა გააკეთოს.

– წარმოუდგენელია, რამე დასახოს ადამიანმა, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. საერთოდ ვერ ფიქრობ მაგ დროს მომავალზე, რომ არ გინდა მომავალი, იმიტომ იკლავ თავს და რა გეგმებზეა საუბარი? ვის არ უეჭვიანია ბიჭის გამო? ვის არ უტირია? რამდენ ადამიანს დასცდენია, როცა ძალიან გულნატკენია, არ მინდა ასეთი სიცოცხლეო? ყველას მოუკლავს თავი? თავის მოკვლას ის ადამიანი ცდილობს, ვისთვისაც ხვალინდელი დღე აღარ არსებობს. პირიქით, მე რაც წავიკითხე, ძალიან ძლიერი ადამიანია, შესაშურად ძლიერი, ძალიან ცუდად როცა არის, მაშინაც კი გამოსავალს პოულობს და თავს არიგებს, როგორ უნდა მოიქვეს, სასწაულად მიზანდასახულია, მოიმატა რამდენიმე კილო? – სანამ არ დაიკლო, არ მოისვენა, დარჩა გამოცდა? – რას ამბობს? სულ რომ მეორე კურსზე მომიწიოს დაბრუნება და კიდევ 5 წლით ჩარჩენა, მაინც დავამთავრებ სასწავლებელსო! – ასე მხოლოდ ძლიერი ადამიანები იქცევიან. მე არ ვიცი, რისთვის მოკლეს, მაგრამ დედამიწის ზურგზე ვერავინ დამაჯერებს რომ თავი მოიკლა. აი, ვერც შენ მოიკლავ თავს!

ასე დავასრულე ჩემ მეგობართან ინტერვიუ, მეგობართან რომელიც 35-ჯერ კი არ კვდებოდა, არა, ეგ ტყუილია, ის 35-ჯერ გადარჩა, ის 35-ჯერ კი არ მოკვდა, მას 35-ჯერ მისცა უფალმა სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ვკითხე, რატომ იკლავდა ამდენჯერ თავს, უამრავი მიზეზი დამისახელა, სიყვარულით დაწყებული, პატარა წყენით დამთავრებული.

ამ ინტერვიუს ორი მიზეზით ვაქვეყნებთ. პირველი, თავად რესპონდენტმა გვთხოვა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში, ჩემი გამოცდილება იქნებ ვინმეს გამოადგესო და მეორე, ჩემი მეგობარი ალბათ, ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც ასე გაუმართლა და რომ თვითმკვლელობა არავინ არ უნდა სცადოს, რადგან სიცოცხლეში ყველა პრობლემის მოგვარება უფრო ადვილია, თან გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია – მაგალითად, ამ 35 ცდიდან რომელიმე ტრაგედიით რომ დასრულებულიყო, ამ ინტერვიუსაც ვერავინ წაიკითხავდა.

თამო კეშელავა, ალია №35

  •  
  •