“უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა…” – ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი, ნანა ახობაძე ცნობილ პრიმაბალერინასთან ემოციურ ინტერვიუს იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ნინო ანანიაშვილს ინტერვიუსთვის ერთხელ შევხვდი. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. გაიხსენა, 12 წლის ბავშვი როგორ წაიყვანეს და დატოვეს მოსკოვში, როგორ უჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, როგორ ენატრებოდა დედა… უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: „მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო.“ ერთი წელი იყო გასული დედამისის გარდაცვალებიდან. იმ წუთებში ძალიან ჰგავდა 12 წლის ნინოს – დედისგან მოწყვეტილ, პატარა, დაბნეულ გოგოს.

არ მიკითხავს, ეს მონატრება დააკომპენსირა თუ არა როდესმე სცენაზე განცდილმა ბედნიერებამ, აპლოდისმენტებმა, იმან, რასაც ზოგადად, წარმატებას ვეძახით.

არც ფსიქოლოგი ვარ, რომ ვიცოდე, მონატრების განუწყვეტელი შეგრძნება უტოლდება თუ არა ღრმა ტრავმას, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იწვევდეს დეზორიენტაციას არჩევანში, გადაწყვეტილებაში…

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი მაშინ და დღემდე ანანიაშვილის ხსენებაზე, იმ გულამომჯდარი კადრით მიდგას თვალწინ..

მისი ნაჩუქარი ეს პუანტები ჩემს კედელზე ჰკიდია. ეს „სურათი“ ჩემთვის არც პრიმაბალერინას სახსოვარია და არც ბალეტისადმი გასაკუთრებული სიყვარულის გამოხატულება: იმ 12 წლის სიფრიფანა გოგოს ავტოგრაფია, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა დედა“,- წერს ნანა ახობაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

თუმცა, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.