“უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი” – მკვლელობის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები – “კურიერმა” გასაიდუმლოებული მასალებიდან, მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა. აკაკი ქვრივიშვილის 8 საათიანი დაკითხვის ოქმი 12 გვერდიანია და ის 22 ივლისით თარიღდება.

ქვრივიშვილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა ნაძალადეველების მცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე. ქვრივიშვილი საქმის სხვა დეტალებზეც საუბრობს.

აკაკი ქვრივიშვილი დეტალურად აღწერს 18 ივნისის ღამეს და სხვადასხვა ლოკაციებზე განვითარებულ პროცესებს. მათ შორის, რა ვითარებაში დაგეგმეს მეგობრებმა ბეჟანიშვილის ქუჩიდან უკან, მცხეთაში წასვლა და როგორ აღმოჩნდნენ ისინი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვინ იყო შეკრებისა და უკან, მცხეთაში დაბრუნების ორგანიზატორი – აკაკი ქვრივიშვილი გამომძიებლის კითხვაზე პასუხობს, რომ ინიციატორი ვახტანგ ჩიქოვანი იყო, რომელიც მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია. ჩვენების მიხედვით, მიზეზი ორი მეგობრის წამოყვანა გახდა – საუბარია არასრულწლოვან ლ.შ-სა და გიორგი მერაბიშვილის შესახებ.

“მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი.

კითხვა : თქვენიდან ვინ გაუწია ორგანიზება დასახელებულ პირთა შეკრებას და ავტომანქანით მცხეთისკენ გადაადგილებას?

პასუხი: ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე ყველა ჩვენთაგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა.

კითხვა : თქვენ თუ არ დაგინახავთ, სხვისგან ხომ მაინც არ გაიგეთ, რომ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება?

პასუხი : გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.