“უსიმპტომო ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – სუპერ-გამავრცელებელია, სუპერ-სპრედერია”

ნაწყვეტი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი, პროფესორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი – თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა “ალიაში” ორი დღის წინ:

“ძნელი სათქმელია შორიდან, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა მოხდა იტალიაში, მაგრამ სავარაუდოდ, მათ თავიდან არ ჰქონდათ სერიოზული კონტროლი საზღვარზე და არ აკონტროლებდნენ უცხოეთიდან, პირველ რიგში კი ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებს. მთავარია, რომ შემოსული, ვინც შემოიტანს ინფექციას, ის „დაიჭირო“. ჩვენთან, საბედნიერო, ამ 12 ადამიანიდან, ვინც ახლა ჩვენს კლინიკაში წევს, 9 გარედან შემოსული დავიჭირეთ საზღვარზე, ისე რომ არ მივეცით მათ ვირუსის გავრცელების საშუალება. მხოლოდ სამია ისეთი, რომელსაც ჩამოსულმა გადადო – მხოლოდ სამია. იტალიაში კი გაეპარათ ასეთი ინფიცირებულები და მერე იმათ გადასდეს ერთმანეთს სოფლებში და ქალაქებში.

აი, ჩვენ ამ 12 ავადმყოფიდან ერთი გვყავს აბსოლუტურად უსიმპტომო და ის რომ საზღვარიდან არ გადმოეყვანა და გადმოიყვანეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ირანიდან, კუმიდან შემოვიდა, სადაც იყო წასული მოსალოცად –  (სხვათა შორის, ესაა რიგით პირველი, აზერბაიჯანელი ეროვნების, ქართველი მოქალაქეობის მქონე ადამიანი) წავიდოდა თავის რეგიონში და ერთ 100 კაცს დაასნებოვნებდა, იმიტომ რომ, არავითარი სიმპტომები არ ჰქონდა და მას არავინ დააკვირდებოდა, არც თავად მოერიდებოდა არავის. დღემდე უსიმპტომოა, სხვათა შორის. 

უნდა იცოდეთ, რომ მძიმე ავადმყოფები არ არიან საშიშნი, ჯერ ერთი, ასეთმა ავადმყოფმა, თვითონვე იცის რომ მძიმეა და ერიდება კონტაქტებს, ფიზიკურად არც აქვს თავი კონტაქტების, მეორეც – ძალიანაც რომ სთხოვოს ვინმეს, არავინ არ მივა და არავინ ჩაეხუტება. აი, ის ვინც უსიმპტომოა, ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს.


იტალიაში დაფიქსირდა ძალიან ბევრი ე.წ. სუპერ-სპრედერი. სპრედერი ნიშნავს გავრცელებას, დაფრქვევას და სუპერ-სპრედერი ნიშნავს სუპერ გამავრცელებელს. იტალიაში ასეთი სუპერ-სპრედერები ჰყავდათ ბევრი –  ერთმა კაცმა რამოდენიმე ათეული დაასნებოვნა.

ჩვენი ქვეყნის რესურსების პირობაზე, ყველაფერი ჩატარდა ძალიან დროულად და კარგად, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ეს სუპერ-სპრედერები და უსიმპტომოები ჯერ არ გაპარულა. ერთი შემთხვევა იყო, როცა ის იტალიიდან ჩამოსული გამოცხადდა სამსახურში, სამი ადამიანი დაასნებოვნა. არ უნდა გამოცხადებულიყო ნამდვილად, მაგრამ ეს იყო ერთი შემთხვევა, სხვა ჯერ არ მომხდარა. თქვენს კითხვას, ხომ შეიძლება იყოს გაპარული ეს უსიმპტომოები, შეიძლება თეორიულად, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვლენილა.”

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.