“ტრამპიც თვლის, რომ გაუყალბეს, მაგრამ იძულებულია ცნოს არჩევნების შედეგები”

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან რა პოზიციას ელოდებოდით? ტრამპიც თვლის, რომ გაუყალბეს, მაგრამ იძულებულია ცნოს არჩევნების შედეგები, მხოლოდ სამართლებრივად იბრძვის, თვლის რომ იგივე უნდა მოხდეს აქაც.

საინტერესოა, რა შეხედულება აქვს ამაზე ბაიდენის იმ გარემოცვას, რომელიც მალე მოვა შტატების მართვაში.

და მესამე, მკვეთრად განსხვავდება აშშ-ს შიდა მოცემულობა ჩვენგან, პოლიტიკური სისტემებით, სისტემებზე დაფუძნებული დემოკრატიის ხარისხით, სასამართლოთი და ა.შ. ესენი მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ერთი რამეა ფაქტიც, არც დასავლეთი, არც აშშ, შესაძლოა დიდად არ სცემს პატივს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ის მაქსიმალურად ერიდება მეორე დომინანტური ძალის ლიდერის პერსპექტივასაც, უფრო მეტადაც კი. ეახალგაზრდა პარტიებმა კი ჯერ ვერ მოახერხეს ერთმანეთთან საკმარისი მუშაობა და თანაკვეთა, რომ მესამე ძალის სივრცე შექმნან, სწორედ ის “შუა”, რომლის “გაკრეფაც” დომინანტურ ძალებს თანაბრად აწყობთ.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაზეც უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა პარტიებიც, მოსახლეობაც და დომინანტური ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

ოპოზიციაში სასწრაფოდაა რამდენიმე საჭიროება განსახორციელებელი:

1. დროა, ოდიოზური ფიგურები, გაცვეთილი ძველი ოპოზიციონერები, რომლებიც რეალურად აფერხებენ ოპოზოციის განვითარების პროცესს, გავიდნენ პოლიტიკურ პენსიაზე.

2. დროა, ახალგაზრდა პარტიებმა ინტენსიური მუშაობა დაიწყონ თავიანთი ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე, ისე, რომ რამდენიმე პარტიის საერთო ალტერნატიური ოპოზიციური სივრცე შეიქმნას, როგორც წინაპირობა მესამე ძალის შესაქმნელად, პირველ ეტაპზე ანგარიშგასაწევი ძალის ფუნქციით, შემდგომ კი მესამე ძალის ფუნქციით.

3. დროა, მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიეროს, რომ მის მიმართ ეტიკეტურ დიპლომატიურ პოზიტივს გამოხატავს დასავლეთიც და აშშ-ც, მაგრამ რეალურად არცერთ პარტნიორს არ სურს მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივა გაჩნდეს საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი რეალურად უნდა გადავიდეს “ნაციონალური მოძრაობის” საპატიო თავმჯდომარის რანგში, რაც დღეს ის ფორმალურად არის კიდეც, თუმცა, არაფორმალურად მართავს “ნაციონალურ მოძრაობას”. ის თავის ელექტორატთან უნდა გამოჩნდეს ხოლმე მხოლოდ კრიზისული აუცილებლობის შემთხვევაში და არა იმ ინტენსივობით, როგორც დღესაა, თავად “ნაციონალური მოძრაობის” მართვისგან გაიწიოს გვერდით და გზა დაუთმოს ახალ ლიდერებს.

შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით აუცილებლად უნდა დაიწყოს აქტიური პროცესები, რომ ახალი ლიდერების წინწაწევა მოხდეს თავად პარტიის ფარგლებში, განთავისუფლდნენ ძველი ოდიოზური სახეებისგან პარტიაშიც, ნელ-ნელა გადმოიბარონ პარტიის რეალური მართვა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი იყოს ძირითადი ორიენტირი, ავტორიტეტი და თუნდაც ერთგვარი იდეოლოგი პარტიის, მაგრამ არა მმართველი.

მსგავს შემთხვევაში პარტიას გაუჩნდება პერსპექტივა განვითარდეს, მეტი ამომრჩევლის მოზიდვაზე იმუშაოს და პოლიტიკური პერსპექტივებიც გააღრმავოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პოლიტიკური ელიტების ცვლილება დაიწყოს ჯერ ოპოზიციის შიგნით, შემდეგ კი უკვე ძალაუფლების ელიტების ცვლილების მხრივ, ახალმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ელიტებმა შეცვალოს ხელისუფლება და ახალი მმართველობითი ელიტები შექმნას.”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    სწორია,მაგრამ ვის ესმის ეს?

  2. ანონიმური

    გეთანხმებით! გაცვეთილი პოლიტიკური სახეები ვერ ხვდებიან, მათი გამოჩენა საპირისპიროდ მოქმედებს ხალხზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.