„ტემპერატურის ნელი მატება…“ – რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა

კორონავირუსის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ანამნეზიც, რა დროსაც ექიმს უნდა მივმართოთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა.

„მკურნალობის მეთოდში ცვლილებები არ არის. მკურნალობა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან სიმპტომურად ხდება, მძიმე პაციენტებთან კი გართულებების მართვა გვიწევს. არის დამხმარე ანტივირუსული საშუალებები, რომლებსაც მძიმე პაციენტებში გამოვიყენებთ“, – განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია მედიკამენტები პაციენტმა ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოს.

„მოგეხსენებათ, ახლა სეზონია და უამრავი სხვა ვირუსული ინფექციაც არის, რომელსაც ასევე მსგავსი სიმპტომები აქვს: ხველა, სიცხე, სურდო და სხვა. კორონავირუსული ინფექციისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, რომელიც შეიძლება უეცრად არ დაიწყოს. მაგალითად, გრიპისგან განსხვავებით 39-40 გრადუსი ტემპერატურით, არამედ იყოს ტემპერატურის ნელი, დუნე მატება; ასევე მშრალი ხველა, რომელმაც შეიძლება შეტევითი ხასიათი მიიღოს და ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომლის დროსაც უნდა მიმართონ ექიმს. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ანამნეზიც. თუ სად იმყოფებოდნენ ისინი. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი დადასტურებული კორონავირუსის მქონე ადამიანთან, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, – განმარტა გოგინავამ.

ინფექციონისტი პაციენტებს ურჩევს, რომ გაციების სიმპტომების დროს ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, არამედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მიმართონ, რათა მათი მდგომარეობა დროულად შეფასდეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 1130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81

„პრაიმტაიმი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.