სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი “ალიას” ყველა სკანდალურ კითხვას პასუხობს

ცოტა ხნის წინ, დასრულდა გამოძიება მაჩალიკაშვილის საქმეზე და პროკურატურამ დაადგინა, რომ სპეცრაზმის დანაშაული არ იკვეთება. წინა ნომერში ჩვენ შემოგთავაზეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერვიუ. იცით, რომ უკვე წლებია, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელს ადებს სოსო გოგაშვილს და ამბობს, რომ იგი იმყოფებოდა მის სახლში, რომ ეს მან გასცა სროლის ბრძანება. მაჩალიკაშვილთან ჩვენ არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია, მას ძალიან ბევრი კითხვა აქვს გამოძიებასთან. ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს, სუს-ის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან, რომელსაც, სხვა კითხვებთან ერთად, ყველა ის კითხვა დავუსვით, რასაც მაჩალიკაშვილი ჩვენი გაზეთით ახმაურებდა.


– რატომ გაათავისუფლა 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩატაევი ციხიდან?


– მადლობა პირველ რიგში. ჩემთვის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია არ არის დისკომფორტი. კიდევ უფრო მეტად არ არის დისკომფორტი, იმ ჟურნალისტებთან საუბარი, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და გააჟღერა. რაც შეეხება კითხვას – რატომ გაუშვა? როდესაც ახმედ ჩატაევი დააკავეს 2012 წელს, ჯერ არ არის „ქართული ოცნება“ მოსული, აკავებენ ახმედ ჩატაევს და აკავებენ იარაღის უკანონო ტარებისთვის.


– მხოლოდ?


– კი, მხოლოდ! საქმე იყო იარაღის უკანონოს ტარებისთვის აღძრული, ეს არის 236-ე მუხლი. ახმედ ჩატაევის საქმე უნდა აღძრულიყო სხვა მუხლით. ხელყუმბარები მართლა ჩაუდეს, არ ჰქონია, ოქმში ჩაწერეს რომ ხელყუმბარები ჰქონდაო და ხელი მოაწერინეს თანამშრომლებს. 


– ჰქონდაო, თუ ჰქონდათო? დანარჩენებსაც ჩაუდეს?


– არა, დანარჩენებს ჰქონდათ.


– ხომ ერთად იყვნენ?


– ხო, მაგაშია საქმე ეს იყო ჯგუფური საქმე იყო, ტერორისტული აქტი, ადამიანის გატაცება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა იყო, დაუმორჩილებლობა, ძალიან ბევრი…


– 2012-ში ოცნების ბევრი დაპირება გვახსოვს, საწვავზე ლარს გვპარავენ და დავაბრუნებთ, სამართლიანობას აღვადგენთ კანონიერად, ყველა საბუთი გვაქვს საამისოდო. რა მოხდა? არ იყო ეს საბუთები და სამხილები სამართლიანობის აღსადგენად და თუნდაც ჩატაევის დასაკავებლად?


– ეს სხვა თემაა, გრძელი თემაა, ძალიან საინტერესო თემაა და ამას სხვა დროს შევეხოთ. საქმე იყო შეკერილი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, ეს საქმე ამოწია. ადვოკატებმა კარგად იცოდნენ რომ ეს იყო შეკერილი საქმე და ადვილად დაინგრეოდა, ისევე, როგორც 2010 წელს შეუკერეს ჩატაევს საქმე. “ქართული ოცნება” იძულებული გახდა გაეშვა და რატო – როდესაც მოწმეები დაიბარეს, მოწმეებმა თქვეს, რომ არა, არ ჰქონია ხელყუმბარა, დაინგრა საქმე ფაქტობრივად. ხომ ხვდებით, რა პერიოდია, “ქართული ოცნება” ახალი მოსულია ხელისუფლებაში და ძალიან დიდი რუტინა დაატყდა თავს…


–  თქვენ უკვე იცოდით, რომ ეს კაცი ტერორისტია?


– „ქართულმა ოცნებამ“ იმ წუთას არაფერი არ იცის, დახვდა საქმე, რომელიც დაინგრა და სასამართლო იძულებული გახდა, რომ გამოეშვა ჩატაევი.


– კარგი, ახმედ ჩატაევი გაამწარეს 2010-ში, 2012-ში, მიუხედავად ამისა, 2017-მდე არაფერს ცდილობს, არ ცდილობს მაშინ, როცა მისი მეგობარი დაიჭირეს 2015 წელს – ამდენი წელი ჩვენი ბოღმა ჰქონდა და ითმენდა?


– რატომ ითმენს? უქმად არ იჯდა, 2013 წელში წავიდა, 2015 წელს გვემუქრება, მაგრამ იმ სამი წლის განმავლობაში უქმად არ იყო, მას ჯერ უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი ბრალი არ იყო ლაფანყურში ბიჭების დახოცვა. ამ ბიჭებზე ხომ მან აიღო პასუხისმგებლობა? და რა მოხდა? 7 კაცი მოკლეს და 10 კაცი გააპარეს! ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი აქამდე, 17 იყვნენ, 10 კაცი გადარჩა და ვანო მერაბიშვილის ბანდამ (არანაირი ხელისუფლება ის არ იყო) ის ათი კაცი გააპარა საზღვრიდან. 5 ცალკე და 5 ცალკე, იმ მონაკვეთიდან, რა მონაკვეთითაც შემდეგ ჩატაევი შემოვიდა. მთელი იმ წლების მანძილზე ჩატაევი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის არ იყო დამნაშავე, რამდენად გამოუვიდა, არ ვიცი, მე ვიცი, რომ შიგნით, მის მიმართ ქისტურ დაჯგუფებას არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და ახმედ ჩატაევს ვერ იტანდნენ, მათ შორის, ბათიაშვილიც და ხეობაშიც არ უყვარდათ დიდად…


– მაჩალიკაშვილიც იგივეს ამბობს, რომ არც მას მოსწონდა ჩატაევი…


– ტყუილია რასაც ამბობს, იმიტომ რომ ახლობლები იყვნენ და ერთი ბანდის წევრები იყვნენ, ეგ ბევრ ტყუილს ამბობს და ჩამოვყვეთ მის ტყუილებს?


 აუცილებლად, თუ ფაქტები გაქვთ, ჩამოვყვეთ მოგვიანებით, მანამდე კითხვა მაქვს, როცა ჩატაევი ცდილობს ძალების მოკრებას – სუსი რას აკეთებს მაგ დროს? არ მუშაობთ იმაზე, რომ ვერ შესძლოს ძალების მოკრება და ტერორისტების დარწმუნება იმაში, რომ უდანაშაულოა?


– თქვენ რა იცით, სუს-ი რას აკეთებდა და როგორ მუშაობდა, ამ ყველაფერს ხომ ვერ გამოვიტანთ საჯაროდ? ჩვენ ვთანამშრომლობდით უცხოელ პარტნიორებთან და მუდმივ რეჟიმში ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით ახმედ ჩატაევზე და არა მარტო მასზე. აგერ ცოტა ხნის წინ უკრაინაში მოხდა ერთ-ერთი საშიში ტერორისტის დაკავება, რომელიც გარდაცვლილი ეგონა ყველას. კითხვები არ ჩნდება? ხვდებით ხო რა ხაზი კეთდება – საქართველო – აქედან მიდიან დაეშში, კონკრეტულად ნაც. მოძრაობასთან კონტაქტში მყოფი პიროვნებები, მერე აღმოჩნდებიან ხან უკრაინაში, ხან საქართველოში – ანუ, ქსელი აქვთ…


 გეტყვით, რატომ არ მჯერა მაგ ქსელის – ნაციონალურ რეჟიმთან მყოფი პირები მთავრობაში არიან – ამ რეჟიმის წევრი ზარდიაშვილი არ იყო? ხოჯევანიშვილი არ იყო? კალაძე არ იყო? მდინარაძე არ იყო?


– ნაციონალური მოძრაობის დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა ასი ათასი კაცი, თქვენ რა გინდათ მითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ეს 100 ათასი კაცი უნდა დაეხვრიტა? ყველა უნდა გაეყარა სამსახურიდან?


– ხოჯევანიშვილი (სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე) გადაღებულია იმ ვიდეოში, სადაც მერაბიშვილი ითხოვს ორ გვამს.


– მერე რა მოხდა რომ იდგა? იქ იყო არაერთი დანაყოფი, იყვნენ თავდაცვის სამინისტროსა და შს სამინისტროს თანამშრომლები, ის რომ იქ კადრში აღმოჩნდა, ბევრია იმ კადრში გადაღებული, სპეციფიკური სამსახური არის პირადი დაცვის სამსახური, ეს ადამიანები, თაობები იზრდებიან და სპეციალურ უნარებს იძენენ.


– კი და ეს ადამიანები ყველა მთავრობას ემსახურებიან, ხო? თავის საქმეს აკეთებენ – რატომ არ შეიძლება ჩატაევიც ამ სქემით მოძრაობდეს? ხვდებით? თუ დავუშვათ დამტკიცდა ის, რომ ჩატაევს კავშირი ჰქონდა ნაც. მოძრაობასთან, რატომ არ შეიძლება, ზარდიაშვილივით, ხოჯევანიშვილივით გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორე მთავრობის სამსახურში?


– აბსოლუტურად ლოგიკიდან ამოვარდნილი კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ ძალიან ბევრი აკრიტიკოთ ქართული ოცნება და საკრიტიკოც ბევრი გაქვთ, ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ თქვენ ანალოგია გაავლოთ. ანალოგიას ვერ გაავლებთ იმ სიბინძურესა და ტერორთან. კონკრეტული ფაქტები არსებობს იმისა, რომ ახმედ ჩატაევი იყო ნაციონალური მოძრაობის შექმნილი.


 კი, ბატონო, ზარდიაშვილიც იყო ნაციონალური მოძრაობის შექმნილი და მერე „ქართული ოცნება“ იყენებდა – რატომ არ შეიძლებოდა ამ პრინციპით ჩატაევიც გამოეყენებინა?

-ჩვენ ახლა ტერორიზმზე ვსაუბრობთ. ყველაფერის დაშვებაც შეიძლება, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ თქვენ ხართ ირანის აგენტი და ხელი რომ ჩამომართვით, უნდა მომწამლოთ, აბსურდს არა აქვს საზღვარი.


 ამბობთ, რომ არის ფაქტები, სად არის?


– გეტყვით. ჩატაევი პირველად დააკავეს 2010 წელს, დააბრალეს იმ ადამიანის მოკვლა, რომელიც არ მოუკლავს და შეიკერა საქმე. საქმეში ჰყავდათ ცრუ მოწმეები, გაყალბებული იყო სამხილები. ახმედ ჩატაევს გამართლების სანაცვლოს მოსთხოვეს ჯგუფის შექმნა და მან ეს ჯგუფი შექმნა – სადმე ტყეში კი არ ცხოვრობდნენ, აგერ ცხოვრობდნენ შუა ქალაქში, ნუცუბიძის ქუჩაზე კონსპირაციულ ბინაში და ზუსტადაც „ნარუშილოვკებით“ დადიოდნენ და სახეში ურტყამდნენ ამ „ნარუშილოვკებს“ პოლიციელებს. ვარჯიშობდნენ აქვე მოდულის შენობაში. დადიოდნენ იარაღით.


 რისთვის სჭირდებოდათ ეს ჯგუფი?


– არ იყო ეგრე, რომ სჭირდებოდათ რაღაცა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ჰყვებიან, სჭირდებოდათ პოლიტიკოსი მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად, უკანონო ბრძანებების შესასრულებლად.


– ხო, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არ გაუნადგურებიათ…


– არ გაუნადგურებიათ, მაგრამ თუ დასჭირდებოდათ, გაანადგურებდნენ.


 უშუალოდ ვინ იდგა ამ დაჯგუფების შექმნის უკან?


– სააკაშვილი უშუალოდ და მერაბიშვილი.


 სააკაშვილის და მერაბიშვილის ჯგუფი გაანადგურეს?


– მაგ დროს იყო ბაჩო ახალაია უკვე მინისტრი, მიიღო ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ტყვედ აიყვანა 5 ტურისტი…


– შეიარაღებით დადიოდნენ შუა ქალაქში, ტყეში შემხვედრი 5 ტურისტის შეეშინდათ? რატომ აიყვანეს ტყვედ?


– ეგ ხომ ფაქტია რომ აიყვანეს? და 5 მესაზღვრე რომ ჩაენაცვლა? კბილებამდე შეიარაღებულ ჯგუფს შეხვდა 5 ტურისტი და შეეშინდათ გახმაურების. აიყვანეს ტყვედ, ამ ინფორმაციას იგებს ახალაია, რომელმაც არ იცის ამ ჯგუფის არსებობის შესახებ. ახალაიას პრემიერის (მაგ დროს პრემიერი იყო მერაბიშვილი) აპარატიდან ეუბნებიან, რომ სახელმწიფოს ჰყავს კაცი, რომელსაც ამ ჯგუფთან მოლაპარაკება შეუძლია და უგზავნიან ჩატაევს, ახალაიამ ჯერ ისევ არ იცის, ვინ არის ჩატაევი. ჩატაევის მიდის ჯგუფთან და ეუბნება რომ დანებდნენ და მალევე გამოუშვებენ ციხიდან. ჯგუფმა, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, ხომ არ გაგიჟდი, თავად შეგვქმნეს და ახლა ციხეში უნდა ჩავსხდეთო? გაგვიკეთონ დერეფანი და გავალთ, საერთოდ წავალთო. რაკი ჯგუფი ვერ დაითანხმა, ჩატაევი დარჩა, უკან არ დაბრუნდა.


– და ჩატაევმა არ დაურეკა მერაბიშვილს, ან სააკაშვილს? ახალაიას მიცემული გაფრთხილებიდან რამდენ წუთში დაიწყო სპეცოპერაცია?

– დაახლეობით 20 წუთში.


– ამბობენ, რომ დაძინებული ხალხი ჩახოცეს და როგორ?


–  ეგ არ ვიცი, ნამდვილად არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.


  იცით, რომ ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეობდა, მაგდა პაპიძის მოკლული მეუღლეა? (საქმე, რომელმაც მაშინ მთელი საქართველო შეძრა – მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სპეცრაზმელი ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის)


– ამ საქმეს რა კავშირი აქვს ტერორიზმთან და ამ საუბართან?


– ჯერ არ ვიცი… უბრალოდ, მაგ საქმეშიც ბევრი კითხვა დამრჩა. კარგი, მივყვეთ ლაფანყურის ამბავს, 7 ადამიანი მოკლეს – 10 გააპარეს, ასევე თქვით, რომ ეს ადამიანები გააპარეს იმ გზით, რა გზითაც შემდეგ შემოვიდა ჩატაევი. თუ ამ გზის არსებობის შესახებ იცოდით და იცოდით, რომ ის ტერორისტებმა ერთხელ მაინც გამოიყენეს – რატომ არ კონტროლდებოდა ეს გზა?


– არა, ზუსტად არ ვიცოდით ამ გზის არსებობის შესახებ, ისევე როგორც არ ვიცოდით ზუსტად, რომელი გზით გააპარეს ის 10 ტერორისტი. ეს ვარაუდი მერე გაგვიჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე – ძალიან ბევრი ადგილია, საიდანაც გადმოპარვა შესაძლებელია.


– კი, მაგალითად აზერბაიჯანთან 80 კილომეტრიან საზღვარს სულ 8 მესაზღვრე აკონტროლებს.


– კი და თითოეულ მესაზღვრეს აქვს თავისი მონაკვეთი, რომელსაც აკონტროლებს ასე, ერთი ბოლოდან გადის მეორე ბოლომდე ფეხით და ბრუნდება უკან. ძალიან ადვილია, დაელოდო, როდის გაივლის იმ ადგილს, საიდანაც გადასვლა გინდა და გადაირბინო.


– იარაღზე უნდა გკითხოთ – რა ოდენობის იარაღზე იყო საუბარი ლაფანყურში?

–  იარაღი ნამდვილად ბევრი იყო, მაგრამ ყველა ამ იარაღის ამოღება არ მოხდა, მხოლოდ მცირე ნაწილის, დანარჩენი იქვე ახლოს იქნა დამარხული. სწორედ ეს იარაღი ამოთხარა მერე ჩატაევმა და ჩამოიტანა თბილისში. ვიდეო ვნახეთ – ჩატაევს და მის გუნდს ჰქონდა ვიდეო – იარაღის ადგილსამყოფელის.


– რა სახის იარაღი იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე? იყო ასაფეთქებელი?


– თქვენ რა გგონიათ, რომ ასაფეთქებელი აუცილებლად დიდი ზომის რაღაც დანადგარი, ან დიდი მასა უნდა იყოს?


– არა, არ მგონია, ვიცი, რომ უზარმაზარი ტერიტორიის ასაფეთქებლად, შეიძლება მუჭისხელა ნივთიერებების არევაც საკმარისი იყოს და იყო ასეთი ნივთიერებები?


–  ტერორისტები ახალი ტიპის თავდასხმებს აწარმოებენ უკვე – არ არის აუცილებელი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდეთ – არაერთი თავდასხმა მოხდა ავტომატებით, შევარდებიან ხალხმრავალ ადგილას, ორივე ხელში იარაღით და გახსნიან ცეცხლს, დახოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, დააყენებენ სისხლის ტბებს. გამოქვეყნდა ერთ-ერთი ტერორისტის მოწოდებაც, გეხსომებათ, ყელი გამოჭერით სათითაოდ, სადაც შეძლებთო…. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თუ არ ვცდები, დაახლოებით 8 ავტომატური იარაღი და უამრავი ტყვია-წამალი იქნა ამოღებული, ხელყუმბარებიც ასევე.


– დაახლოებით რამდენი ადამიანი მიიღებდა, თქვენი აზრით, ამ ტერაქტში მონაწილეობას?


– ახლა ზუსტად ამის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ დაახლოებით 6-7.


– მაშინ 14 ავტომატური იარაღი უნდა დასჭირვებოდათ, ორივე ხელში რომ სჭეროდათ.


– რატომ? რა საჭიროა ორი ავტომატი, როცა შესაძლებელია ერთი ავტომატითაც უამრავი ადამიანი მოკლა? ერთი ავტომატი და დიდი ოდენობით ტყვია-წამალი არ იქნებოდა საკმარისი?


– როგორც ამბობთ, ოთახი, რომელიც ჩატაევს ეკუთვნოდა, გადარჩა.


– კი, ნაკლებად დაზიანდა.


– ამ ოთახში ჩატაევის ტექნიკაში იპოვეთ იმ შენობის გეგმა, სადაც ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ? ჩატაევს ხომ ჰქონდა ჩვევა, რომ იმ შენობის გეგმა ჰქონდა, სადაც თავდასხმას აპირებდა? ერთ-ერთი დაკავებისას, უპოვეს კიდეც ასეთი გეგმა.

-კი, უკრაინაში. ამჯერად არ ჰქონდა ასეთი გეგმა, შეიძლება უსაფრთხოების ზომების გამო. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომელ შენობებში ჰქონდა დაგეგმილი, იმ დღეებში თბილისში რამდენიმე ხალხმრავალი თავყრილობა იგეგმებოდა.


 ხო, ერთი სტადიონი, მეორე კონცერტი, მესამე ასევე დიდი შეხვედრა, მაგრამ აქედან რომელი?


– რამე მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად რომელი?


– კი, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ საერთოდ აპირებდა ტერორისტულ აქტს – გამომდინარე იქედან, თუნდაც, რომ სუსი ორი წლის მერეც ვერ ასახელებს ამ სამიდან, რომელ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ტერორისტული აქტი, და ასევე იქედან, რომ ჩატაევს არ ჰქონდა არცერთი შენობის გეგმა.


– ტერორისტულ ორგანიზაციაში ყველას თავისი როლი აქვს – არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ და არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ

ვინც გეგმავდა ყველა გარდაცვლილია – ბარზიევის გარდა, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. დანარჩენებს, შესაძლებელი იყო, არც სცოდნოდათ ადგილის შესახებ.


 სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – პირდაპირი ეთერით გვიამბეს, „იმედის“ არხიდან, რომ კარი ააფეთქეს, მაგრამ – რაკი კარს ჰქონდა ავეჯი მოდგმული, კარი ბოლომდე არ გაიღო, მხოლოდ 10-15 სანტიმეტრზე გაიღო, რამაც საშუალება მისცა ტერორისტებს სპეცრაზმელებისთვის ესროლათ და სპეცრაზმმა უკან დაიხია.


– როგორც კი ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ, უსწრაფესად დავიწყეთ მოქმედება, მით უფრო, რომ ზუსტად იმ დღეს გაგვაფრთხილეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომ საქართველოში სურდა ჩამოსვლა ჩატაევთან დაახლოებულ პიროვნებას, რომელიც დააკავეს. ტყუილად არ აპირებდა ჩამოსვლას, ხო? გასაგები იყო, რომ რაღაც მზადდებოდა. ოპერატიულმა ჯგუფმა შეაჩერა ბინიდან გამოსული ბარზიევი და მოსთხოვა მას საბუთები, რა დროსაც უპოვნეს იარაღი და დააკავეს.


– უნდა დაგეკავებით? რატომ არ გადაწყვიტეთ თვალთვალი?


– ისევ და ისევ იმიტომ, რომ გვქონდა ინფორმაცია იარაღზე და ჩატაევთან დაახლოებულ პირზე, გვქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, იგეგმებოდეს ტერორისტული აქტი, სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა. ვცადეთ მოლაპარაკებებიც, დავუკავშირდით ბარზოევის ტელეფონით ბინაში მყოფთ – დიდი ალბათობით ტელეფონზე არ გვესაუბრებოდა ჩატაევი, რადგან მის ხმას ვიცნობდით – უარი გვითხრეს დანებებაზე. პარალელურად, უსწრაფესად გამოვიყვანეთ ბინიდან მაცხოვრებლები. ქვედა სართულიდან გამოვიყვანეთ შესასვლელიდან, ზედა სართულზე მაცხოვრებლები – გავიყვანეთ სახურავიდან. ამის შემდეგ დაიწყო შტურმი.


– კარი არის 10-15 სანტიმეტრზე ღია აფეთქების შედეგად, მეტად არ გაიღო – სპეცრაზმი იხევს უკან და საშუალებას აძლევს ჩატაევს და მის გუნდს, გაიარონ დერეფანი და გავიდნენ მეორე ბინაში… საიდანაც მოხდა გასროლა ფანჯრიდან, მეორე ბინის ფანჯრიდან და ასე დაიღუპა სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი – არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ბრალია?


– რას მეუბნებით ახლა, რომ ვანო გოლაშვილის სიკვდილი ჩვენი ბრალია? ამ სისულელეს მეუბნებით? ტერორისტების მიერ მოკლული სპეცრაზმელის სიკვდილის ჩვენი ბრალია?


– პერიმეტრი არ უნდა ყოფილიყო დაცული ისე, რომ იმ სართულზე მდებარე ყველა ბინიდან მოშორებით მდგარიყო სნაიპერი? სპეცრაზმმა დაიხია უკან და საშუალება მიეცით ჩატაევს გადასულიყო მეორე ბინაში, საიდანაც გაისროლეს.


– რას ქვია საშუალება მივეცით? წინასწარ ძნელია განსაზღვრო ყველა დეტალი, როდესაც ამ ტიპის ოპერაცია იგეგმება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სპეცრაზმი იცავდა თავს ტყვიებისა და ხელყუმბარებისგან…


– თავის დაცვის მაგიერ, თავდასხმა ხომ არ უნდა დაეწყო?


– როგორც სიტუაცია მოითხოვდა, იმის მიხედვით მოქმედებდნენ. ამბობენ, რომ ეს სპეცოპერაცია გაიწელა დროში, სინამდვილეში, თუ გავითვალისწინებთ მოლაპარაკებებს, ბინიდან ხალხის ევაკუაციას და მერე შტურმს – პირიქით, საკმაოდ სწრაფად დასრულდა.


– მოკლედ რომ მიპასუხოთ, იყო თუ არა დაშვებული შეცდომები სპეცოპერაციისას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე?


– არა.


 გადავიდეთ მაჩალიკაშვილის თემაზე. თვეზე მეტი დაგჭირდათ მაჩალიკაშვილის დასაკავებლად სანამ წახვიდოდით. 21 ნოემბერს მოხდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია და 25 დეკემბერს წახვედით ხეობაში.


– მიმდინარეობდა გამოძიება, სამხილების შეგროვება…


 ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე? ეს იყო ტერორიზმი – ხომ ამბობდით, რომ საუკუნის ტერორისტული აქტი ავიცილეთ თავიდანო? უფრო სწრაფად არ უნდა გემოქმედათ?


– მერე რა, რომ არ იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე? გგონიათ სამხილების შეგროვება არ იყო საჭირო? მიმდინარეობდა გამოძიება, პროკურატურა იძიებდა საქმეს ჩვენთან ერთად, მიმდინარეობდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები, მერე მივმართეთ სასამართლოს, რომლის განჩინების საფუძველზეც წავედით დასაკავებლად.


– ვინ იყო საქმის ზედამხედველი პროკურორი?


– არ მახსოვს ახლა.


– და თქვენ არ იყავით ამ სპეცოპერაციისას ადგილზე?


– არა. ამას მოწმობს ჩემი ტელეფონიც, მართალია, ერთ-ერთ წერილში წერდით, რომ წელიწადნახევრის მერე არ შეიძლება ანძის მეშვეობით დაადგინო, სად იმყოფებოდა ტელეფონის მფლობელი იმ მომენტში, მაგრამ ეს ტყუილია, სინამდვილეში შესაძლებელია დადგენა და მე ვიყავი მაგ დროს სახლში.


 და რატომ იყავით სახლში, რატომ არ იყავით მაგ დროს სპეცოპერაციის ადგილზე? და ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე?


– ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო მთელი სამსახური, ასე კონკრეტულად არ იყო. რაც შეეხება ჩემს იქ ყოფნას, არ იყო ამის აუცილებლობა.


– კონკრეტულად პასუხისმგებელი პირი თუ არ ჰყავდა სპეცოპერაციას და თუ არც ადგილზე იყავით, რატომ გადანაშაულებთ მაჩალიკაშვილი კონკრეტულად თქვენ? და არა საქმის ზედამხედველ პროკურორს, ან სუსის უფროსს, რომელიც მაგ დროს გომელაური იყო?


– მაჩალიკაშვილი არის გავლენის ქვეშ და დააჯერეს ის, რაც სურდათ ნაცებს, უნდათ ჩემი სახელის შებღალვა და რატომ უნდათ – ეს ცალკე ინტერვიუს თემაა, დადგება დრო, ამაზეც ვისაუბრებ.


– როცა ამ საქმეზე მუშაობდით, იმ პერიოდში არ ფიქრობდით, რომ პანკისში შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო იარაღი?


– კი, პანკისში შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ყოფილიყო იარაღი.


 და მაინც არ დააჩქარეთ ამ ადამიანთა აყვანა? მაინც ერთი თვე ელოდეთ?


– ხომ აგიხსენით, საჭირო იყო იმ ოპერატიული ღონისძიებების გატარება, რომელიც გატარდა. თქვენ მაჩალიკაშვილს ჰკითხეთ, რატომ არ მოვიდა და არ განაცხადა, რომ იცნობდა მოკლულებს? ამდენი დღის მანძილზე ერთხელაც მოსულიყო და გაეცხადებინა – ხომ ნახა ეს ადამიანები ტელევიზიით?


 რამე ფაქტი არსებობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იცნობდა ჩატაევს? რატომ უნდა მოსულიყო?


– ახლა ტერორისტებს იცავთ?


– იმ კითხვების დასმას ვცდილობ, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დასვამდა.


– ხოდა, ტერორისტების კითხვებია ეგ. მალხაზ მაჩალიკაშვილიც ტერორისტია, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჩემი ოჯახის დახოცვა უნდოდა, ჩემი შვილების და შვილიშვილების დახოცვა უნდოდა, უნდოდა, რომ ტვინი და სისხლი არეოდათ ერთმანეთში.


– ხო, მაგრამ არ გაუკეთებია და თუ ამას ცდილობდა, რატომ არ დააკავეს? მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი კი მკვდარია.


– მისი შვილის მოკვლა არავის სურდა, მისი ცოცხლად აყვანა გვჭირდებოდა, დარწმუნებული ვარ, ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვცემდა და ახლა ციხეში იჯდებოდა.


– თქვენც დაკარგეთ შვილი, 1997 წელს, როგორც ვიცი და ექიმს აბრალებთ.


– კი, მეც შვილმკვდარი მამა ვარ.


 შურისძიება არ გიცდიათ?


– არა.


– სად არის ახლა ის ექიმი?


– ის ქალბატონი ახლა ერთი დიდი კომპანიის მფლობელია და დიდი ფულის პატრონია.


 ხვალ შეიძლება კიდევ ვინმეს შვილი იმსხვერპლოს?


– არა, ექიმად აღარ მუშაობს.

-ტელეფონი – თქვენ ამბობთ, რომ ჩატაევი დაუკავშირდა თემირლანს და თემირლანი დაუკავშირდა მამას…


– კი, ასე იყო.


– რა ნომრით დაუკავშირდა ჩატაევი თემირლანს.


– ნომრით, რომელიც უყიდეს თანამზრახველებმა და მისცეს – ნომერს ხომ არ გეტყვით?


 ამბობთ, რომ დარეკა თემირლან მაჩალიკაშვილის ნომერზე.


– კი არ ვამბობ, ასეა.


– ეს იყო თემირლანის სახელზე გაფორმებული ნომერი, თუ ეს იყო თემირლანის საკუთრებაში მყოფი ნომერი?


– ამ ნომრით სარგებლობდა თემირლანი და მას დაურეკა ზუსტად.


– არსებობს ამის ჩანაწერი?


– როგორ იქნება ჩანაწერი? მაგ დროისთვის არ ისმინებოდა თემირლანის ტელეფონი. ჩატაევს ჰქონდა ფანრიანი ნოკია და იქედან დაურეკა. ახლა რას მეუბნებით თქვენ? რომ მერე რა, თუ ჩატაევმა დაურეკა მაჩალიკაშვილს? მერე რა თუ მაჩალიკაშვილმა უყიდა ტელეფონები ჯგუფის წევრებს? მერე რა, თუ ჩატაევი გვემუქრებოდა? მერე რა, თუ ტერაქტს გეგმავდა?


– არა, მაგას არ გეუბნებით, მე გეუბნებით, რომ სადმე უნდა იყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ხმა, თუნდაც ხმოვანი ჩანაწერი, ან მესიჯი, დადასტურება მაგალითად, რომელიმე მესიჯის პასუხად, თუნდაც მარგოშვილისთვის. არც ერთ ეტაპზე არსად არ ფიგურირებს თემირლან მაჩალიკაშვილის ხმა! მარგოშვილის ხმოვანი ჩანაწერი თუ გვაქვს, რომ სთხოვს ანგარიშის გახსნას – სად არის თემირლანის პასუხი? რა უპასუხა?


– თემირლანის პასუხი იყო, რომ წავიდა და გახსნა ანგარიშის ნომერი, რომელზედაც მერე ტერორისტებისთვის გადმოირიცხა კიდეც თანხები და ზუსტად ვიცით, ვინ გადმორიცხა.


 მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს მისი ქალიშვილის ნაშრომი ფულია.


– ტერორისტ მაჩალიკაშვილს ბოდვაზე, პასუხს ვერ გაგცემთ.


– არსებობს გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები?

-კი, რა თქმა უნდა.


 სიტყვაზე უნდა გენდოთ? სად არის ამის ფაქტები?


– დაიდო ამის ფაქტები.


– მე არ მინახავს.


– კი დაიდო და სახელებსაც გეტყვით – ეს იყო ერთი – არცუევა-აბუჰურეირას (ლიკვიდირებული ტერორსტის) ცოლი და მეორე მირზეფეროვა – ჩატაევის ძმის ცოლი.


 რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა?


– ევროპის ქვეყნებიდან.


– და კონკრეტულად რომელი?


– ბევრი ქვეყნიდან გადმოირიცხა.


– კონკრეტულად რომელი?


– ასე ვერ დაგისახელებთ, მცირე ნაწილებად რიცხავდნენ, რომ ეჭვი არ გაჩენილიყო.


– თუ ეს ფული გადმოირიცხა ტერორისტთა დაჯგუფებისთვის, როგორ აღმოჩნდა თემირლანის ხელში და რატომ არ იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში?


– გგონიათ მხოლოდ ეს ფული იყო? სხვა ფული არ ჰქონდათ გგონიათ? ქეშიც ჩამოიტანა ჩატაევმა. ზუსტ ოდენობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩამოიტანა. თითოეულ გზავნილს თავისი დანიშნულება ჰქონდა და თემირლანისთვის მიბარებული ფულის დანიშნულება იყო ჯგუფის სხვადასხვა წევრებისთვის საჭირო ნივთების ყიდვა.


– მალხაზ მაჩალიკშვილის ტყუილებზე დამპირდით საუბარს…


– კი, დავიწყოთ იმით, რომ დიახაც, მართალია თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავდა მოსმენაზე თემირლანის ტელეფონი და ვიცოდით, რომ მაგ მომენტში არ ეძინა, მერე თავადაც ამბობენ, ტელეფონი ჰქონდა ხელშიო – არადა მალხაზ მაჩალიკაშვილი მანამდე იძახდა, მძინარე შვილი მომიკლესო.


 არა, ეგ ტყუილია, ჩემთან არცერთ ინტერვიუში არ უთქვამს, რომ ეძინა, როცა მოუკლეს, მუდმივად ამბობს, რომ ტელეფონით სარგებლობდა მაგ დროს. რაც შეეხება ფრაზას – მძინარე მომიკლესო, ვფიქრობ, მაგას ამბობს გადატანითი მნიშვნელობით და გულისხმობდა იმას, რომ ლოგინში მწოლიარე მოუკლეს.

-ლოგინში მწოლიარე და მჯდომიარე რა შუაში? მძინარეო ამბობდა და საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში.


– სხვათა შორის, “იმედის” ე.წ. ფილმში, საუბრობენ, რომ შუქი დავინახეთ და ასე მივხვდით, რომელი იყო მისი ოთახი, ასე შევედით თემირლანის ოთახშიო. ისე ძალიან უცნაურია, მიდიხართ ტერორისტთან და არ ელოდებით, როდის დაიძინებს!


– არა მგონია, ეგ ეთქვათ, ასე არ იყო, ზუსტად ვიცოდით, რომელ ოთახში იმყოფებოდა თემირლანი. რაც შეეხება მეორე ტყუილს – მეორე ტყუილია, თითქოს, აგვერია მისამართი. თქვენც გეწერათ ეგ – ახლაც გგონიათ, რომ აგვერია მისამართი?


– არ შეიძლებოდა, რომ აგრეოდათ?


– რას ამბობთ, სასამართლოს განჩინებით წავედით, სასამართლოს განჩინებაში წერია გარკვევით, ვისი დაკავება მოვითხოვეთ და ვის სახელზე გაიცა განჩინება. როგორ შეიძლება სახლის შეცდომაზე საუბარი?


 მოსამართლე ვინ იყო, ვინც განჩინებას ხელი მოაწერა?


– არ მახსოვს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?


– ხომ არ გავიწყდებათ, რომ თქვენ შეინარჩუნეთ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო? სასამართლო, რომელიც დაკავებული იყო ზუსტად ასეთი და მსგავსი განჩინებების გაყალბებებით? ეს ხალხი ღამით წერდნენ განჩინებებს. ახლა რატომ ვერ დააწერინებდით წინა რიცხვით?


– კარგით რა, კარგით რა, ისევ ტერორისტებს ამართლებთ? წარმოუდგენელ რამეს ამბობთ, ყველაფერი შეგიძლიათ დაგვაბრალოთ, იმის გარდა, რომ ნაცების რეჟმივით უსამართლოდ ვღვრით სისხლს.


– სამწუხაროა, რომ შეგეცვალათ სასამართლო სისტემა, შეიძლებოდა დამეჯერებინა კიდეც. ამ მოსამართლეების განჩინებებს რატომ უნდა ვენდო? თქვენ ამბობთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაურეკა თემირლანმა, მას შემდეგ, რაც ესაუბრა ჩატაევს. ეს ხომ დასაწყისშივე იცოდით? რატომ არ იყო დაკავების განჩინება მალხაზ მაჩალიკაშვილზეც?


– არ გვქონდა მის წინააღმდეგ სამხილები იმ ოდენობის, რომ მისი დაკავებაც შეგვძლებოდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იცოდა და საქმის კურსში იყო.


– გადავიდეთ ხელყუმბარაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, დავინახე სპეცრაზმი, გავაკეთე მკვეთრი მოძრაობა და ამ მოძრაობის გაკეთებისას, ხელყუმბარს აღებამდე რატომ არ მესვრის სპეცრაზმელი?


– როგორც სპეცრაზმელები ჰყვებიან, ოთახში რომ შევიდნენ, დაიძახეს, ხელები გვაჩვენე, თემირლანმა გააკეთა მოძრაობა ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ სპეცრაზმელის მხრიდან – ანუ, სპეცრაზმელის თვალით დანახული მოძრაობა არის ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ. სპეცრაზმელმა დაინახა, როგორ აიღო იქვე ტუმბოდან, თუ რაც იდგა, ხელყუმბარა და ამის შემდეგ გაისროლა…


– ხელყუმბარა ტუმბოზე ედო საწოლთან?


– კი, ტუმბო ან სხვა ავეჯი, სკამი, არ ვიცი, მაგრამ რაც იდგა საწოლთან, იმაზე იდო.


– და სხვა იარაღი არ ჰქონდა ტერორისტს?


– ისინი შენიღბვას ცდილობდნენ, რაში სჭირდებოდათ იარაღები და ყურადღების მიქცევა?


– როგორც ვიცი, ხმაურზე გამოდის მაჩალიკაშვილის ქალიშვილი თავისი ოთახიდან და სპეცრაზმელები პირზე აფარებენ ხელს…


– ეს არ ვიცი…


– კარგი, აიღო ხელყუმბარა და გასწორდა, თავი დადო ბალიშზე და მერე ესროლეს?


– არ ვიცი ბალიშზე დადო თავი, თუ ბალიშთან, იმასაც ამბობენ ასე რომ ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის, მაგრამ …


– ხო, ვიცით, ხელყუმბარაზე არის რაღაც ტიპის ანაბეჭდი, მაგრამ იმდენად სუსტი, რომ ექსპერტი ვერ ადგენს ვისი ანაბეჭდია, ხომ ასეა?


– კი.


 შესაბამისად, ეს სამხილად ვერ ჩაითვლება. გარდა სპეცრაზმელთა ნაამბობისა, რამე მტკიცებულება არსებობს, რომ ნამდვილად ასე მოხდა? მაგალითად ვიდეო ჩანაწერი, ან აუდიო ჩანაწერი.


– რისი აუდიო ჩანაწერი?


– აი, მაგალითად იმის, როგორ ეუბნება სპეცრაზმელი ხელები მაჩვენეო, სანამ გაისვრის.


– ის ვერსიაც გავიგე, რომ სპეცრაზმელი, თურმე წყლის ჭავლით უნდა შესულიყო ტერორისტის დასაკავებლად და იარაღი არ უნდა ჰქონოდა – ამ კითხვის დასმასაც ხომ არ აპირებთ? ყველა მტკიცებულება გვაქვს, უამრავი ტომია ამ საქმეზე.


– მე ვთვლი, რომ ორთავე სპეცოპერაცია ჩატარდა დაუგეგმავად და ცუდად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეც და პანკისშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წახვედით ტერორისტების დასაკავებლად და თან არ წაიყვანეთ, თუნდაც მოშორებით გასაჩერებლად სასწრაფო დახმარების მანქანა.


– ჩვენი სპეცრაზმი, გარდა იმისა, რომ არის კბილებამდე შეიარაღებულია, ყოველთვის აქვთ თან პირველად დახმარებისთვის საჭირო ნივთები და მედიკამენტები…


 ხო, მოვისმინე, გადასხმის აპარატიც დაუდგესო…


– მე ვიცი, რომ სასწრაფო გამოიძახეს თუ არა, მის მოსვლამდე თავად გაუწიეს პირველად დახმარება…


 თავში დაჭრილს დაუდგეს გადასხმის აპარატი, ხო, ასე ამბობენ თავად…


– არ დაელოდნენ სასწრაფოს და თავად წაიყვანეს მანქანით, გზაში შეხვდნენ სასწრაფოს მანქანას, გადაიყავნეს სასწრაფოს მანქანაში და მერე თავად უკან დაბრუნდნენ.


– რამდენი საათის მერე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება?


– რას მეკითხებით? რას ქვია რამდენი საათის შემდეგ? მყისიერად გამოიძახეს.


– და ბოლოს, უნდა გკითხოთ, ოცნების წევრები სვამენ კითხვას, რატომ არ ასაჩივრებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ბრალდებას სტრასბურგის სასამართლოში და მინდა თქვენ უპასუხოთ მათ ამ კითხვაზე.


– მართალია, მალხაზ მაჩალიკაშვილი მართლაც არ ასაჩივრებს ტერორიზმში ბრალდებას სტრასბურგში, ასაჩივრებს მხოლოდ ძალის გადამეტებას და არაადამიანურ მოპყრობას – ჩვენ იქაც წარვადგენთ ყველა მტკიცებულებას და ისინიც დარწმუნდებიან ჩვენს სიმართლეში.


– მაჩალიკაშვილი ვერ გაასაჩივრებს იმას, რასაც არ ედავებით, თქვენ ხომ არ ედავებით თემირლანს ტერორიზმში?


– თემირლანი იყო ტერორისტი და ის ახლა ციხეში იქნებოდა…


– ხო, რომ არ მოგეკლათ… მაგრამ, ზუსტად იმიტომ, რომ მოკალით, ბრალი ვეღარ წაუყენეთ – რაც არ წაგიყენებიათ, იმას როგორ გაასაჩივრებს?

-თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტი, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ტერორისტია, მეტიც, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ არის იმის ღირსი, რომ ქართული გვარი ატაროს. მას ეზიზღება ყველაფერი ქართული, ეზიზღება ქართული ოჯახები, ეზიზღება ქართველი ქალები, ეზიზღება ქართველი ბავშვები, ეზიზღება საქართველოს პატრიარქი…


 ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ?


– ვიცი და იმას ვამბობ, რაც ზუსტად ვიცი. მას ეზიზღება პატრიარქი, თუნდაც იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე მიიღო პატრიარქმა და ის – არა. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მას მანამდეც ეზიზღებოდა ყველაფერი ქართული, ჩვენი რწმენაც ეზიზღება.

-ახლა სახლში შეშინებული მივდივარ – თქვენ ხართ, სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე და თქვენ ახლა აჟღერებთ ისეთ მესიჯებს, რომელიც უნდა გაეჟღერებია სუსს…


– მაგალითად?


– მაგალითად სააკაშვილის და მერაბიშვილს კავშირს ჩატაევთან… რა? ამას აჟღერებთ სუსის გარეშე?


– კი, საკუთარი ინიციატივით, მიყვარს ჩემი სამშობლო, ვცდილობ ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია – ნაცები უნდა დამთავრდნენ.


– სულ ეს მესმის – მაგრამ ვერ ამთავრებთ.


– ახლა დამთავრდება. ნაცებმა იციან, რომ მე ყველა მტკიცებულება მაქვს მათი კავშირის შესახებ ჩატაევთან და უკვე აქვთ შიში ამის გამოაშკარავების – ხედავთ, ბოლო დღეების მანძილზე, რამდენმა ნაციონალმა დატოვა პარტია? უკვე ტოვებენ იმ პარტიას, რომლის კავშირიც მალე ფაქტებით გამოაშკარავდება ტერორიზმთან.


 როდის დაიდება ეს ფაქტები?


– მალე.


– ხოდა, იმას გეუბნებოდით, მე ვარ შეშინებული, ადამიანი, რომელიც ამდენი ინფორმაციის გასაჯაროებას აანონსებს, მაჩალიკაშვილს უწოდებს ტერორისტს და ამ დროს – ძალიან უცნაურია, ეს „ტერორისტი“ თავისუფლად გადაადგილდება. გამოდის, ვერ გვიცავთ? სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ადამიანი ტერორისტია და არაფერი?


– აი, ეს ის ერთადერთი საკითხია, რომელშიც გეთანხმებით. დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება.


– ამდენი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილს ვერ შეეხეთ, ვერ წარადგინეთ მტკიცებულებები და ახლა რომ დაიჭიროთ, ხომ ცხადი იქნება, რომ სპექტაკლია და ხალხის რეაქციაც ხომ მყისიერი იქნება?


– ვნახოთ, დაველოდოთ. ახლა კიდევ ერთი საქმის გამოძიება მიდის და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.


 რომლის?


– ტერორიზმის ჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიებაა დაწყებული, სწორედ ეს გამოძიება გასცემს ბევრ კითხვას პასუხს და ამ გამოძიების დროს გამოჩნდება, როგორ იყო ჩართული ნაციონალურ მოძრაობა ამ ჯგუფს შექმნაში, ან მერე რას აკეთებდა მათ დასახმარებლად.

„ალიამ“ გაარკვია, რომ 2017 წელს  საქართველოს მთავარი პროკურატურის უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი გახლდათ – ვლადიმერ ბორცვაძე, რომელიც მალევე, 2018 წლის თებერვალში დაწინაურეს, 2019 წელს კი უკვე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება სწორედ იმ სამსახურს უნდა მოეთხოვა, რომელსაც ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.

ვლადიმერ ბორცვაძემ კარიერა პროკურატურაში დაიწყო 2006 წელს სტაჟიორის რანგში და იმავე წელს, მცხეთის პროკურორად დაინიშნა. იმ წლებში კი, როცა უსამართლობა „ჰყვაოდა“ – 2009-2012 წლებში – 2009-2010 წლები – საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელია, ხოლო – 2010-2012 წლებში – საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი!

ვლადიმერ ბორცვაძეს 2017 წლის 25 დეკემბერს ჩუქნიან ბინას ნუცუბიძის ქუჩაზე – თუმცა დეკლარაციაში არ წერია მჩუქებლის ვინაობა.
ასევე, ეს ბინა ვერ მოხვდა 2019 წლის დეკლარაციაში – გაუგებარ მიზეზთა გამო. რის გამო აჩუქეს ვლადიმერ ბორცვაძეს ბინა – გაურკვეველია, კიდევ უფრო გაურკვეველია, რა დამსახურების გამო დააწინაურეს.

„ალიამ“ ჯერ ვერ გაარკვია, რომელმა მოსამართლემ მოაწერა განჩინებას ხელი – ამ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

„ალიას“ ასევე მოაწოდეს ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების ჩანაწერი არსებობდა და ჩანაწერი გაკეთდა ე.წ. „ყურიდან“, რომლითაც სპეცრაზმი სუსის მაღლჩინოსნებს უკავშირდებოდნენ. რა ბრძანება გაიცა რეალურად და რა დაიძახა რეალურად სპეცრაზმელმა თემირლანის ოთახში შესვლისას – იმედია, ამ კითხვის პასუხის გასაგებად, სტრასბურგის სასამართლო მაინც გამოითხოვს იმ აუდიო ჩანაწერს, რომელიც, აუცილებლად უნდა გაკეთებული სუსში! 

და ბოლო, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტერორისტის ოჯახს სახელმწიფო არასოდეს უსამძიმრებს! ლაფანყურის სპეცოპერაციის მერე ჩვენ არ მოგვიასმენია არც ერთი მინისტრის სამძიმარი.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი ნამდვილად მიუსამძიმრა მაჩალიკაშვილების ოჯახს საჯაროდ! რა იყო ეს – სიმართლე, აღიარება, თუ შეცდომა – იმედია, ოდესმე ამ კითხვას ყოფილი პრემიერი უპასუხებს.

თამო კეშელავა

ალია №5

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სოციალურ დახმარებას აღარ იღებ? თუ ივანიშვილის დოლარებზე გადაერთე?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.