სოციალური მუშაკები მინისტრ ტიკარაძის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ

გათავისუფლებული და მოქმედი სოციალური მუშაკები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. 14 თებერვალს საღამოს 7 საათზე მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკები სოლიდარობას გამოხატავენ მათი კოლეგების სამსახურიდან გათავისუფლებას. როგორც „პრაიმტაიმს“ სოციალურ მუშაკთა პროფესიულ გაერთიანებაში განუცხადეს, სოლიდარობის აქციას რეგიონებშიც შეუერთდებიან.

„აქცია სოციალური მუშაკებისა და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ორგანიზებით იმართება. ამით სოლიდარობას ვუცხადებთ სამსახურებიდან უმიზეზოდ გათავისუფლებულ ჩვენს კოლეგებს. მასში მონაწილეობას მიიღებს პროფესიული თემი, მხარდამჭერები და ყველა ის მოქალაქე, ვინც თვლის, რომ სოციალური მუშაკების გათავისუფლება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ 14 თებერვალი პარასკევი დღეა, არ ვიცი რამდენად მოახერხებენ რეგიონებიდან ჩამოსვლას ჩვენი კოლეგები, თუმცა ვიცი, რომ ადგილზე გამართავენ სოლიდარობის აქციას.“- აცხადებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების გამგეობის წევრი მარიამ ბანძავა.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტომ 29 იანვარს სამსახურიდან დაითხოვა 33 სოციალური მუშაკი.  5 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარსდგა. ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტარებმა სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ კითხვები დაუსვეს. უწყების პირველმა პირმა სოციალური აგენტების შესახებ ისაუბრა. საზოგადოებამ იცის, რომ სოციალური აგენტების კომპეტენცია სოციალური დახმარების დანიშვნაა.

ხოლო სოციალური მუშაკების ვალდებულება მზრუნველობა მოკლებული ადამიანების, ძალადობის შემთხვევების მართვა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭირო მომსახურებების მიწოდებაა. გარდა ამისა, მინისტრმა ტიკარაძემ უწყებიდან გაშვებული სოციალური მუშაკები არაკომპეტენტურებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები არ აქვთ. არა და სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს შორის არიან ისეთები, ვინც წინასაახალწლოდ პარლამენტში სწორედ მაღალი კომპეტენციის გამო სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.