სკანდალური ფაქტები!!!

ბოლო დროს, მობილურ ტელეფონში გახშირდა შემოტევები ნარკოტიკების შეძენის შეთავაზებით. საუბარი არ არის მხოლოდ მარიხუანაზე და მსუბუქ ნარკოტიკზე. კონკრეტული შეტყობინებით გვამცნობენ, რომ ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია ჰაშიშის, ჰეროინის და კოკაინის შეძენა. საკმარისია მხოლოდ თანხის გადახდა და შემდეგ მობილურზე მოდის ლოკაციის შეტყობინება და ფოტო, სადაც დამარხულია ნარკოტიკი. იმედია, რასაც ახლა დავწერთ, სამართალდამცავები ყურადღებით წაიკითხავენ და შესაბამის ყურადღებას მიაქცევენ. მაშ ასე:

ღამით, 11 საათის შემდეგ, 1-2 საათამდე, კუმისი-კოდის გზაზე რომ გაიაროთ და იმ მონაკვეთზე, სადაც რიგებში დარგული ნაძვებია, დაინახავთ ციცინათელებივით მოძრავ შუქებს. ეს ადამიანები მობილურის შუქზე სწორედ დამარხულ ნარკოტიკს ეძებენ. მათ მისდით შეტყობინება, რომ ნარკოტიკი დამარხულია გზიდან მაგალითად მეექვსე ნაძვთან მარჯვენა მხარეს. ამით სოფელიც ძალიან შეწუხებულია და რაც მთავარია, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე (წითელი ხიდისკენ მიდის ეს გზა) საკმაოზე მეტი საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს. ისინი ხედავენ „ციცინათელებს“, მაგრამ რეაქცია ნული აქვთ. როგორც კულუარულად გვითხრეს, თურმე მათი დაჭერა შეუძლებელია, რადგან ვინც მითითებულ ნარკოტიკს პოულობს, ის ტელეფონს აქრობს და სიბნელეში უჩინარდება. აი, სხვებს კი ნარკოტიკი არ აქვთ და ძნელია, დაუმტკიცო, რომ კონკრეტულ ადგილზე სწორედ ნარკოტიკისთვის არის მისული. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვიღაცის „ინტერესის და კრიშის“ სუნი უდის.

უფრო საინტერესოს გეტყვით – მამაჩემს ფონიჭალაში მანქანა გაუფუჭდა, როგორც თქვა, „ბენზინის ფილტრმა გაჭედა“. გააჩერა, გადმოვიდა, მიიხედა, მოიხედა და მასთან 12-13 წლის ბავშვი გაჩნდა, რამეს ხომ არ ეძებთ, რამეს ხომ არ იყიდითო. როცა მამამ დააკონკრეტებინა, ბავშვმა ვენისკენ წაღებული ცერა თითი დაანახა და კაცის არეულ სახეს რომ შეხედა, გაიქცა. ანუ, ფონიჭალაში, დღესაც, ახლაც, რომ მიხვიდეთ, ხელში ოქროს ყელსაბამი დაიჭიროთ, გაჩერდეთ მანქანით და ცნობისმოყვარედ დაათვალიეროთ გარემო, მაშინვე გაჩნდება ბავშვი, რომელიც ნარკოტიკის შეძენას შემოგთავაზებთ. ახლა რატომ ბავშვი? ამაზე სამართალდამცავები ძალიან წუხან.

„ბავშვების ასაკი 13 წელს არ აღემატება. ეს იმს ნიშნავს, რომ მას ვერ დავსჯით. ისინი მოდიან, ნარკოტიკს სთავაზობენ და თავად მოაქვთ წამალიც, თავად მიაქვთ ფულიც და რომც დავიჭიროთ, ვერაფერს ვიტყვით. ის მშობლების თანდასწრებით უნდა დაიკითხოს, მშობლის თანდასწრებით კი არაფერს იტყვის. ისინი კარგად დამუშავებულ-დარიგებულები არიან. რაც მთავარია, ბავშვი შორს მიდის წამლის მოსატანად და არ შედის სახლში, ანუ სამალავი სახლის გარეთ არის მოწყობილი. წამლით ხელში, სამალავთანაც რომ დავიჭიროთ, ვერაფერს ვუზამთ, ადგილი საზოგადოა, სახელმწიფოსია და არა კერძო. ეს არის დიდი პრობლემა, რომელსაც ჯერ ვერ ვწყვეტთ. ვიღაცამ თქვა, ესკობარი ყიდდა არასრულწლოვანების მეშვეობით ნარკოტიკსო და ახლა აქ გადმოიღეს“,- უყვება „ალიას“ პოლიციის მაღალჩინოსანი.

ასე თუ ისე, ფონიჭალა დედაქალაქისგან მოშორებითაა და თან „დამწვარი“ ადგილია, თბილისის ცენტრში ნარკოტიკი პირდაპირ დახლზე დევს. როგორც ამბობენ, ახალგაზრდების ერთ-ერთ საყვარელ, ძალიან პოპულარულ თავშეყრის ადგილას. იქ ნარკოტიკის აღებ-მიცემობა პირდაპირ, მოურიდებლად მიმდინარეობს და რაც მთავარია, ადგილზე მიდის მისი მოხმარებაც. ანუ, ხდება ზუსტად იგივე, რაც „ბასიანში“ და „ხიდში“ ხდებოდა. ახლა ბოლო ორი დაკეტილია და ორივეს კლიენტურა სხვა ადგილას  დადის. მარიხუანა მოზარდებს აღარ აკმაყოფილებთ და ჰაშიშის მოწევაზე არიან გადასული. ისე, თუ არ იცით, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ოცი გრამი ჰაშიში 600 ლარად იყიდება. ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყრილი მარიხუანაც 600-650 ლარი ღირს და ეს ფასები ჰაერიდან არ მოგვაქვს – მიდით, მოიკითხეთ, დაგაკვალიანებენ, დარეკავენ, მოიტანენ, აგიწონიან, ფულსაც თქვენს თვალწინ გადაითვლიან.

ორი ვარიანტია და ორივე ცუდი – სამართალდამცავებმა ამის შესახებ ან იციან, ან არა. თუ იციან და ვერაფერს აკეთებენ, გამოდის, ამის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი არ არსებობს და მძიმე ნარკოტიკი ყოველგვარი ნებართვის გარეშე მარტივად იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერს შეუძლია. აი, თუ არ იციან, უფრო ცუდია, რადგან არ მუშაობს აგენტურული სამსახური და სამართალდამცავებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება თბილისის ცენტრში. ეს ყველაფერი უფრო მარტივია რეგიონებში, რადგან მესიჯები იქაც მისდით და სათვალთვალო კამერების სიმცირის გამო, რეგიონებში ნარკოტიკის დამალვა და შემდეგ მისი ლოკაციის ფოტოს გადაგზავნა ბევრად იოლია.

„ძირითადი ნადირობა ნარკომოვაჭრეებზე გვაქვს. ისინი, ვინც კლუბებში ყიდიან წამალს, მეორე და ხშირ შემთხვევაში, მესამე ხელი არიან. ანუ, ისინი არიან გადამყიდველები და დიდ პარტიას სწორედ ასე, ინტერნეტით ან მესიჯის სახით მიღებული ინფორმაციის შედეგად ყიდულობენ. მათზე გასვლა ბევრად რთულია, რადგან კარგად დაცული ელექტროსისტემა აქვთ და რამდენი უნდა იყიდოს შსს-მ საკონტროლოდ, გამყიდველის პოვნა მაინც ჭირს. ეს არის უდიდესი პრობლემა და არამხოლოდ ჩვენთან. ნარკოტიკებმა წალეკა ყველა და ყველაფერი სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამო. მძიმე ნარკოტიკს ხელიდან ხელში აღარავინ ყიდის, ყველაფერი ინტერნეტით ხდება. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა თაღლითები დავიჭირეთ. ანუ, დაიგზავნა შეტყობინებები, ვიღაცებმა შეიძინეს და ადგილზე რომ მივიდნენ, არაფერი დახვდათ. ამას მხოლოდ თაღლითები აკეთებენ, თორემ ნამდვილი ბარიგები ცდილობენ კეთილსინდისიერად იმუშაონ, რათა კლიენტი არ დაკარგონ“,- ეუბნება „ალიას“ პოლიციის მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, უხეში დათვლითა და გათვლით, დღეში მხოლოდ თბილისში, 150-დან 200 ათას ლარამდე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია ხდება. ერთი შეხედვით, ეს დიდი ციფრია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან პროცენტულად საქართველო ევროპისა თუ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

გადაწყვეტილი გვქონდა, ექსპერიმენტის სახით, ჩვენც შეგვეძინა ნარკოტიკი და ეს ყველაფერი გადაგვეღო, შემდეგ კი გაზეთის ვებ-გვერდზე აგვეტვირთა, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცები, ვინც არ იცის, ამას ისწავლიდნენ და კიდევ იმის გამო, რომ ანალოგიური საკონტროლო შესყიდვები სამართალდამცავებს ასეულობით აქვთ, აღარ გავრისკეთ. გვესმის, რომ თბილისის მასშტაბით ძნელია აკონტროლო ადგილები, სადაც ნარკოტიკს მარხავენ, მაგრამ იმავე კუმისის გზაზე, „ფონიჭალის ბირჟაზე“, ხომ არის შესაძლებელი, გამყიდველებიც და მყიდველებიც დააკავოთ? რა გახდა ერთი სათვალთვალო კამერის დაყენება ან ერთგან ან მეორეგან? არა გვგონია, კატასტროფული ფასი დაჯდეს და სიმართლე გითხრათ, დაყენების შემთხვევაში არც ამის აფიშირებაა საჭირო, იყოს, გადაიღოს და იმოქმედონ სამართალდამცავებმა მშვიდად. ცოდვა გამხელილი სჯობს და ისიც თქვეს, კონკრეტულად კუმისის მიმდებარედ, ნაძვნარში კამერის დადგმაზე საუბარი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ინიციატივა დაიბლოკაო და… თქვენ არ გეზრდებათ შვილები, დამბლოკველებო?!

ანი დვალიშვილი, ალია #28

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვაა, როგორ გაურთულებია თანამედროვე ტექნოლოგიებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ხედავთ ხალხნო ?! )))))
    იმას ვერ ვიჭერთ, ამას ვერ ვსჯით, იქ ვერ ვაკონტროლებთ, აქ უფლება არ გვაქვს… სინამდვილეში ყველაფერსაც აკონტროლებთ და ხელსაც ითბობთ თქვე ნამუსგარეცხილო ნაბოზრებო. რამდენი ბარიგა დაიჭირეთ რომ წესით მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინათ და რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ ორ წელიწადში გარეთ არიან და იგივე საქმიანობას აგრძელებენ.

  2. ანონიმური

    !!!! რათ გინდათ ესეთი სამარცხვინო ახალგაზრდა თაობა?! ესენი არაფრის მაქნისები იქნებიან მთელი ცხოვრება! სჯობს ერთად ერთ დღეს ამოწყდნენ და დაისვენებს მთელი საქართველო!!!

  3. ანონიმური

    რა ზღაპრებია რა უბედურებაა ეს

  4. ანონიმური

    საიდან რა სისულელეს მოიტანთ ხოლმე რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.