“საქართველო ახლა ჩემთვის აქ არის, იტალიაში, ყველაზე მეტად აქ ვჭირდები ჩემ ხალხს” – ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

საქართველო ახლა ჩემთვის აქ არის. ყველაზე მეტად აქ ვჭირდები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. აქ მყოფ ქართველებს უნდა მივხედოთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც, მადლობა ღმერთს, რომ ბევრნი არიან. ამ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, უმედოდ, უმძიმესი რეალობის წინაშე არიან, ახლა როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა.

მათ ფინანსური პრობლემების გარდა, ფსიქოლოგიურადაც ძალიან უჭირთ. არც ვიცი, ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რა უნდა მქონდეს ახლა… – ეს თეა მეგრელიშვილია, ქართველი ემიგრანტი იტალიიდან. 11 წელია ქალაქ ბარში ცხოვრობს და ვიდრე ეს ინტერვიუ გამზადდება, იტალიაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ფეხმძიმე გოგნებთან უნდა მივიდეს, პროდუქტი და იმედი მიუტანოს, მერე ქართველი დედა-შვილი ელოდება, მერე უსამსახუროდ დარჩენილი ქართველი ქალბატონები, მათთანაც პროდუქტები უნდა მიიტანოს და უნდა დაამშვიდოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მერე დაურეკავს 11 წლის ელენიკოს ოჯახს და მოიკითხავს, რომელიც ავადმყოფ გოგონასთან ერთად ახლა იტალიაშია და მომავლის იმედი აქვს. და ამით კიდევ ერთი მადლის და სიკეთის კეთების დღე დასრულდება და ხვალინდელი დღის დაგეგმვას დაიწყებს – ვის მიაკითხოს, რა მიუტანოს, როგორ დაეხმაროს. თუმცა, დღეს შეიძლება კიდევ გამოუჩნდეს საქმე, ჯერ არ იცის. განსაცდელში ჩავარდნილი თანამემამულეების შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთში იცვლება. სამშობლოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გახიზნულ ქართველობას ახლა ძალიან უჭირს!

სამი კვირაა ოჯახ-ოჯახ დავდივარ. რაც ეს კორონავირუსი გავრცელდა და იტალია ერთ-ერთი სახიფათო ეპიცენტრია, ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა. გუშინ ვიყავი ერთ-ერთ დამსაქმებელთან, 11 ქალი მშიერი იჯდა, ვიტირე. ძალიან კულტურული ქალბატონები, ძალიან რომ რცხვენიათ თავიანთი მდგომარეობის და ვერც ამხელენ, რომ ძალიან უჭირთ. 2 დღის მშივრები იყვნენ. ყველამ იცის, მაგრამ ვინც არ იცის, ლუკმა-პურის საშოვარზე გადახვეწილი ემიგრანტის ყოფა, მათთვის ვიტყვი, რომ იტალიაში ჩამოსული ქალბატონები, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლებთან 3, 4, 6, 8 თვე უმუშევრები სხედან, რადგან დასაქმება აქაც ძალიან ძნელია. შესაბამისად, რა რესურსიც აქვთ, ძირითადად საქართველოდან წვალებით წამოღებული ფული, უმთავრდებათ და თუ სამსახურიც ვერ იშოვნეს, ურთულეს მდგომარეობაში არიან. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, ისინი რა დღეში იქნებიან. დამსაქმებლებიც იძულებულები არიან, რომ თავშესაფრიდან გამოუშვან და რჩებიან ასე ღმერთის ანაბარა. მართლა ღია ცის ქვეშ, სასოწარკვეთილები.

80%-ს, თუ მეტს არა, საქართველოში დაბრუნება უნდა, მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. ასეთ დროს, როცა ხედავ, რომ შენი თანამემამულე, შენი ნაწილი, ერთი სამშობლო რომ გაქვთ ორივეს, როგორ უნდა მოიქცე, ყველაფერი ხომ უნდა გადადო გვერდზე, რადგან ამ დროს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება მართლა. ამ დროს ყველაფერი აზრს კარგავს და მზად ხარ, ვიდრე მთლიანად არ გადაიქანცები – არ გაჩერდე, იქნებ მიუსწრო, იქნებ იმედი მისცე, იქნებ გადაარჩინო, რადგან მართლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ფინანსური პრობლემების გარდა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ძალიან სერიოზული. ქართველი ექიმები მათ დისტანციურად, თითქმის 24 საათის განმავლობაში ეხმარებიან. ახლა ყველამ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა დავდოთ ერთმანეთის გადასარჩენად.

– მაგრამ ამას თანხები სჭირდება. ერთი, ან 10 ან თუნდაც 100 ემიგრანტი ქალის ფული ამას ხომ არ ეყოფა?

-შეიძლება არც 1000-ის, მაგრამ ჩვენ, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ, მარტო არ ვართ. აქ დასაქმებულები, ვისაც რამდენი შეუძლია, ფულს გვირიცხავენ, რომ შეჭირვებული თანამემამულეებისათვის პროდუქტები და წამლები ვიყიდოთ. 20, 30, 50, 100 ევრო – ვისაც რამდენი შეუძლია, ირიცხება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე და ჩვენ ამ ფულით ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ.

თავიდან ჩემი ფული რაც მქონდა, გამოვიყენე. ახლა ამერიკიდან გვირიცხავენ ფულს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს – ინა ასანიძეს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს სათავეში ჩაუდგა და ახლა ამერიკელი ემიგრანტებიც გვეხმარებიან. ყველაფერი გააკეთა ინამ იმისათვის, რომ მშიერი არავინ დაგვრჩეს. 4 დღეში მარტო ჩვენთან, ბარში მცხოვრები ემიგრანტებისთვის, 500-600 ევრო ამერიკიდან გადმოირიცხა. ახლაც 3 თვის ბავშვი ჰყავს ოჯახს, იქ უნდა მივიდეთ და პროდუქტები მივიტანოთ.

-იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტია და ბევრს უჭირს, ყველასთან მისვლას როგორ მოახერხებთ?

-მე მხოლოდ ქალაქ ბარში და მის ახლო-მახლოდ მცხოვრებ ქართველბზე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა. ჩემნაირად მოიქცნენ სხვა ქართველებიც სხვადასხვა ქალაქებში და როგორც მე, ისინიც მთელი დღე, ოჯახიდან ოჯახში, ერთი ადგლიდან მეორე ადგილზე, სუპერმარკეტიდან აფთიაქში, აფთიაქიდან დამსაქმებლების სახლებში და ა.შ. დადიან, რომ ეს ხალხი გადავარჩინოთ, ერთად გადავიტანოთ ეს განსაცდელი.

-ბევრნი ხართ თეა? სამშობლოდან შორს რომ ებრძვით ამ უმძიმეს რეალობას?

-კი, ძალიან ბევრი ვართ, სამწუხაროდ. მე უკვე 11 წელია აქ ვცხოვრობ და არაფერი მიჭირს. მეტ-ნაკლებად ავეწყვე. ძალიან ძნელია იმის გადმოცემა, რასაც ახლა მე აქ ვხედავ, – გაუბედურებულ ადამიანებს, განადგურებულებს, შეშინებულებს – სახლში რომ ვბრუნდები, ისეთი დამძიმებული ვარ უარყოფითი ემოციებისგან, ცოტა მაინც რომ გავთავისუფლდე, ვტირი. ზოგი აქ უმძიმესი დაავადებით არის, წამლები სჭირდებათ, ათასი რამე სჭირდებათ და რასაც ვახერხებთ, ვეხმარებით.

-გადაადგილებას როგორ ახერხებთ?

-აქ გადაადგილების ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე სპეციალური დოკუმენტი მაქვს, რომელიც მაძლევს გადაადგილების შესაძლებლობას და, მადლობა ღმერთს და იმ კეთილ ადამიანებს, ვინც ამ სპეციალური საშვის აღებაში დამეხმარა. პროდუქტების და წამლების გარდა, ბავშვების გადაყვანა უნდათ საავადმყოფოებში, ათასი რამ სჭირდებათ. ძალიან მიჭირს იმის გადმოცემა, რაც აქ ხდება. აქ ქართველები ოჯახებით არიან ჩამოსულები, პატარა შვილები ჰყავთ. უმეტესობამ ახლა სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

-ამ ადამიანებს უნდათ სამშობლოში დაბრუნება?

-80 პროცენტი ითხოვს, რომ დააბრუნონ სამშობლოში. უმეტესობას ფული საერთოდ არ აქვს. მზად არიან, რომ სამშობლოში დაბრუნებულები ჩაბარდნენ კარანტინში. მაგრამ არ ვიცი, ვინ აუვა ამ ხალხის დაბრუნებას, ან მათ აქ შენახვას, არ ვიცი. ჩვენ კონტაქტი გვაქვს იტალიის სხვა ქალაქებთან, ყველგან ასეთივე მდგომარეობაა.

-თქვენ დამსაქმებლები ახსენეთ, ისინიც ხომ ქართველები არიან?

-უმეტესობა ქართველები არიან და ხშირ შემთხვევაში, საქართველოდან ჩასული ქალბატონები მათთან თვეების განმავლობაში ცხოვრობენ, ვიდრე სამსახური არ გამოუჩნდებათ. ამიტომ, მე მათიც მესმის, უზარმაზარი გადასახადები აქვთ, მაგრამ ახლა ყველას ვალდებულებაა, რომ როგორმე გავიტანოთ ერთმანეთი და ერთად გადავლახოთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიქმნა. ეს განსაცდელიც გაივლის, აუცილებლად გაივლის და დარწემუნებული ვარ, ყველაზე მეტად იმით ვიამაყებთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომამ გადაგვარჩინა!

2020ნიუსი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნ.ტ.

    ეს პროდუქტები რაც ჩანს, არის ყველაზე ძვირი მარკეტში, ზუსტად ვიცი, მდიდრებიც რომ ყოველთვის ვერ ყიდულობენ. ამას ჭამენ ემიგრანტები??? ვინ იხდის? კარგი ერთი! კარგად გიტარებიათ დრო!

  2. ანონიმური

    სამხრეთ იტალიაში განსხვავებული მდგომარეობაა და დასაქმება ყოველთვის Ჭირდა იქ. ბევრ რამეს აბუქებს ეს ქალი.

  3. ###

    ეხლა ამის დრო არ არის, მაგრამ… სოფლებს რომ ცლიდით და დედაწულიანად გარბოდით, მაშინ არ უნდა გეფიქრათ? თუ მაინცდამაინც დიდი განსაც დელი უნდა დაგვატყდეს თავს?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.