საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 22 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის 3 ფაქტი დედაქალაქშიც დაფიქსირდა.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი, დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. ამავე პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.”

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.