სატელეფონო ზარი ერევნიდან – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული

ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც ზალკალიანმა განმარტა,  მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი, საელჩო დაუკავშირდა სომხეთის მხარეს.

„პირველი რეაგირების სახით, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ, ოფიციალურ ფეისბუქ საიტზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება ამ პოზიციასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში. მათ მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და მისი სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს. მან საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის.

ბუნებრივია, როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ, დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების საშუალებით, მათ შორის, ჩვენი საელჩო ერევანში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მათ გაეკეთებინათ შესაბამისი განმარტებები. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის, ოფიციალური პირის მხრიდან, ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე  ისაუბრა ინფორმაციის გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობაზე.

„ასევე, აუცილებელია, ინახოს ის განმარტებები, რომელიც გაკეთდა მათ ოფიციალურ საიტზე. როგორ სომხური მხარე აცხადებს, მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, იყო არასწორად ინტერპრეტირებული. ამიტომ, აუცილებელია ორიგინალთან შედარება იმისა, თუ რა იყო რეალურად თქმული. ბუნებრივია, თუკი ის დადასტურდა, რაც ჩვენ ვნახეთ მედიიდან. ჩვენ, როგორც მეზობელი, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს სამეზობლოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ყველას ქონდეს წარმატება. ბუნებრივია, მათი პოზიციაც ლოგიკურად ეს უნდა იყოს, რადგანაც არ შეიძლება, შენ იგრძნო დაცულად და უსაფრთხოდ თავი, თუკი შენ გარშემო არის სერიოზული პრობლემები და ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ დაინფიცირების რაოდენობის დინამიკა სომხეთში არის მზარდი. ამას თავად სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს. მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული სიტუაცია არის პოზიტიური. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, კლებადი დინამიკა დაინფიცირებულების რაოდენობის კუთხით, გამოჯანმრთელების დინამიკა კი, მზარდი. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ვისმენთ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.

დღევანდელ სამყაროში არაფერი არ დაიმალება, არც ერთი შემთხვევა არ დაიმალება, რადგან არსებობს გადამოწმების უამრავი მექანიზმი.

მინდა, დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რომელიც განხორციელდა საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულწრფელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    თვითონ გააკეთოს განმარტება ამ “სეროჟამ”…რა ამოეფარა თავისავით შტერ პრესსპიკერებს და ვინ იცის კიდევ ვის…ვის ატყუებენ ეს ფლიდები…არც მეგობრობა იციან და არც მეზობლობა…შურით სკდებიან ეს დამ…ბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.