“სამხარაულის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწეოდა – მოვუგეთ დავა”

“საფარის დამფუძნებელი” ბაია პატარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“სამხარაულს მოვუგეთ დავა და დავუმტკიცეთ, რომ 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ახდენდა, რადგან ბლანკეტურად ყველა ბავშვზე წერდა, რომ მათ არ აქვთ მოვლენების სწორად აღქმის და გადმოცემის უნარი. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციებს მალე შეასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო და ექსპერტიზის ბიურო.ვულოცავ, ჩვენ პატარა მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ამიერიდან გათვალისწინებული იქნება მართლმსაჯულებაში.”

“საფარის” განცხადება:

2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, „საფარმა“ განცხადება წარადგინა. „საფარი“ აცხადებდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმე და დაადგინა, რომ 10 წლამდე ბავშვების შემოწმება ბლანკეტურ ხასიათს ატარებს, სადაც ბიურო ასკვნიდა, რომ 10 წლამდე ბავშვს, მცირეწლოვანების გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

„საფარი“ განცხადებაში ასევე დასძენდა, რომ მისი მუშაობის პრაქტიკაში გამოიკვეთა რამდენიმე საქმე, სადაც ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან გაიცა უარყოფითი დასკვნა ასაკზე აპელირების არგუმენტით და შეფასება არ მისცემია არასრულწლოვან მოწმეთა რამდენიმესაათიანი გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას.

„საფარის“ განცხადების საპასუხოდ, სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია და ზოგადი წინადადება გამოსცა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა თანხვედრაში არ მოდის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონითან და ბავშვის უფლებათა კოდექსთან.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ბავშვის გამოკითხვა კონკრეტული გარემოებების შესახებ სისხლის სამართლის საქმეში, უაღრესად მნიშვნელოვანია. ომბუსდმენი მიუთითებს, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები, 10 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებთან შედარებით, მათი გონებრივი მომწიფებულობის გათვალისწინებით, განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებენ. ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები, 10 წლამდე არასრულწლოვან პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს მათზე ასაკით უფროს პირებთან შედარებით. მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან არსებული საერთო წესი უარყოფითად აისახება 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ზოგად წინადადებაში.

ომბუდსმენი დასახელებულ პრობლემასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართავს:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები და რეგულაციები 10 წლამდე და 10 წლის ზემოთ 18 წლამდე არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს:

  • 10 წლამდე ასაკის სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და შედეგების შეფასების პროცესში არსებითად იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და საჭიროებები; თითოეული შემთხვევა შეფასდეს ინდივიდუალური და ფაქტობრივი გარემოებებისა და მახასიათებლების საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია თავისი შინაარსით და სისტემურ დონეზე გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რაებს მიედ მოედები?!

  2. ანონიმური

    რა სისულელეებს როშავ ერთ რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.