საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ასახულია რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების მიხედვით ჩერდება:

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით.არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ასევე დადგენილების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით თვიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. თუმცა, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია, ხოლო მძღოლი და მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით

ასევე დადგენილების მიხედვით, იკრძალება ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისას მძღოლის გარდა 2-ზე მეტი პირის გადაყვანა. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა სავარძელზე.

ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციას დაამუშავებს. კერძოდ, დამუშავდება ინფორმაცია ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად.

ასევე, ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაც.

ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. შეზღუდვა არ ვრცელდება ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქრათველოში მგზავრების გადაყვანის მიზნით. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე.

რაც შეეხება ჩარტერულ ფრენებს, მათ განსახორციელებლად განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

პარლამენტის მიერ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ვადაც 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.