რომელ ქვეყანაში გაფრინდა სამდღიანი მუქარის შემდეგ ლავას-ოღლი? – ძებნილი, რომელიც დიდ ქალაქებში უსაბუთოდ დაფრინავს

ოდესის აეროპორტში სამდღიანი პროტესტის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე ლავას-ოღლი მონტენეგროში გაუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

მინდია გორაძე პირველად საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2016 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რადგან კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადა ამოიწურა. გორაძემ იმავე დღეს საქართველო დატოვა და თურქეთში გადავიდა.

მცხეთის სასამართლომ მას დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქართული მხარის მოთხოვნით, „კანონიერი ქურდი“ თურქმა სამართალდამცველებმა ტრაპზონში დააკავეს, თუმცა რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ის საქართველოს ნაცვლად ბელარუსში გაუშვეს.

ბელორუსმა საქართველოს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, “კანონიერი ქურდის” გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა, ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში შეეძლოა ქართულ მხარეს მისი წამოყვანა – პირს, რომელსაც 12 წელი აქვს მისჯილი, უბრალოდ არ ჩააკითხეს, ბადრაგი არ გააგზავნეს…

მინსკის იზოლატორში მინდია გორაძემ დამატებით რამდენიმე თვე გაატარა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს და ოდესის რეისით უკრაინაში გაუშვეს.

როგორ ავიდე ის თვითმფრინავში საბუთების გარეშე, ამ დრომდე უცნობია…

საბუთების არარსებობის გამო უკრაინამ ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა უკან, კვლავ ბელარუსში აბრუნებდა, თუმცა ლავას-ოღლიმ აეროპორტში პროტესტი გამოაცხადა და ვენების გადაჭრით დაიმუქრა, თუ მას თვითმფრინავის ბორტზე აიყვანდნენ.

6 იანვარს კი, ანუ სამდღიანი პროტესტის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოდესიდან მონტენეგროში გაუშვეს.

როგორ ავიდა ის ბორტზე საბუთების გარეშე, ამჯერადაც უცნობია, ისევე როგორც გაურკვეველია, რატომ არ გამოყენებს ქართველმა სამართალდამცველებმა კანონით გათვალისწინებული 9 თვე და არ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, როგორ გაუშვეს ქვეყნიდან, მერე რაღატომ მიუსაჯეს 12 წელი და სამჯერ დაკავებულს რატომ არ აბრუნებენ საქართველოში?

როგორ ჩანს, ლავასოღლი, უბრალოდ თემიდან განვკვეთეთ! დაე, ახლა სხვა სახელმწიფომ აგოს მასზე პასუხი და ვინ იქნება შემდეგი, ვნახავთ. 21-ე საუკუნეში, პირი, რომელიც იძებნება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებსა და დიდ ქალაქებში უსაბუთოდ გადაადგილდება, ოღონდ, ყველა ცნობს მაინც, უსაბუთოდაც, კი არ იმალება… აკავებენ, იმუქრება, უშვებენ… კარგი რამე ყოფილა კანონი…

ვინ იცის, შეიძლება, საბუთებიც კი დაუმზადეს უკვე და ისე გააცილეს.

  •  
  •  

One Comment

  1. Stalini

    Gafrinda da gafrindes sadac unda

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.