როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა – „საქართველოს რკინიგზის“ განმარტება

სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება – ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

„რეკომენდაციების შემუშავების პროცესში საქართველოს რკინიგზაც იყო ჩართული. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება“, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.