როდიდან იგეგმება წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება?

რას აპირებს ხელისუფლება სამომავლოდ და რაც მთავარია, რას აპირებენ ენერგოკომპანიები?

საუბარია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მომწოდებლებზე, რომლებსაც ხელშეკრულებებში შავით თეთრზე უწერიათ, რომ გაძვირების მოთხოვნის უფლება არ აქვთ მანამ, სანამ ეროვნული ვალუტა იქნება 3.00-მდე. ცხადია, მათ არავინ მისცემს უფლებას, გაძვირებაზე არჩევნებამდე ხმა გაიღონ, მაგრამ ნაახალწლევს, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება წყლის, გაზის და ელექტროენერგიის გაძვირების საკითხი.

„ენერგოკომპანიებს სხვა გზა უბრალოდ არ ექნებათ, მაგრამ ახლა ამაზე ხმამაღლა ვერავინ საუბრობს. მხოლოდ არჩევნები არ არის პრობლემა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხელისუფლების მიერ დაანონსებული შეღავათია. ანუ, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, კომუნალურების გარკვეულ ნაწილს სწორედ ხელისუფლება გადაიხდის და გაძვირება ბიუჯეტს დაარტყამს. აი, 1-ლი მარტიდან, კომპანიები გაძვირების მოთხოვნას აუცილებლად დააყენებენ, რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ლარი ასეთ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო თუ 3.00-იან ნიშნულს დაუბრუნდება, მაშინ გაძვირებაც არ მოხდება, თუმცა ამის ნაკლებად გვჯერა“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ვერ გეტყვით, განუგეშებთ თქო, მაგრამ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა თქვეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რათა გაძვირება არ მოხდეს და სახელმწიფო გაზაფხულისთვის იმდენ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაანონსებს, რომელიც ლარსაც გაამყარებს და სამუშაო ადგილებსაც შექმნის. ჰო, ყველაფერთან ერთად, არჩევნების შემდეგ, სტაბილურობის შეგრძნებაც უნდა გაჩნდეს და „ცუდი მოლოდინები“ მოსახლეობაში აღარ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ფიქრებში, თორემ არჩევნების შემდეგ რა იქნება, არავინ იცის.

ანი დვალიშვილი, ალია №35

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    kote nati albat esea sachiro xo?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.