როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ქრონიკული დაავადებებით?

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ქრონიკული დაავადებებით, რა უნდა გავაკეთოთ ხანდაზმულებთან ურთიერთობისას, რა გართულებებს ტოვებს კორონავირუსი და როგორ დავამუშავოთ ფული?

„ალიას“ ესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

– ამბობენ, რომ კორონავირუსი ბავშვებში სუსტად მიმდინარეობს, ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც არა აქვთ ქრონიკული დაავადება და აქვთ ყველა იმუნური აცრა ჩატარებული, თუ ყველას?


– ზოგადად, კორონავირუსული ინფექცია, ახალი კოვიდ-19 ბავშვებში გვხვდება, მაგრამ პროცენტულად ძალიან ცოტა, 0-დან 15 წლამდე პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ გვხვდება ყველა ბავშვთან მიმდინარეობს ჩვეულებრივი, როგორც გრიპოზული ინფექცია. შესაძლოა, განვითარდეს ვირუსული ფილტვების ანთებაც, მაგრამ ბავშვები მდგომარეობიდან სწრაფად და გაურთულებლად გამოდიან. ერთადერთი, გვეშინია იმიტომ, რომ ეს ბავშვები სხვისთვის გადამდები არიან, ამ ბავშვებმა არ გადასდონ ეს ინფექცია ოჯახის წევრებს, ბებია-ბაბუებს და ა.შ. ვისთანაც ძალიან მძიმედ წავიდეს შეიძლება და ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ყოველდღიურად ამდენ პაციენტს ვიღებ და ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია არ დაფიქსირებულა, ეს ძალიან საიმედოა. იმ ბავშვს, რომელიც 12 წლის იყო და ეს ვირუსი აღმოაჩნდა, პირველადი გენერაციასთან ჰქონდა კავშირი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხვდება ბავშვებს, რამოდენიმე თეორია არსებობს:
კორონავირუსი, როგორც ვირუსი, ორგანიზმში რომ შეიჭრას, უსათუოდ სჭირდება რეცეპტორი, რომელიც უჯრედებზეა განლაგებული, რომლის მეშვეობითაც უნდა მოეჭიდოს და შევიდეს ორგანიზმში. ეს რეცეპტორები ბავშვებს ჯერ განუვითარებელი აქვთ, ამიტომ კორონას არა აქვს ე.წ. ტრანსპორტი საიმისოდ, რომ შევიდეს ორგანიზმში.
მეორე თეორია, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები არის ის, რომ ბავშვებს ნაკლებად აქვთ ქრონიკული ინფექციები ისე ინტენსიურად და ეს ძალიან საიმედოა, კორონავირუსული ინფექცია რთულდება იმ ადამიანებში, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული ინფექციები, ბავშვის ორგანიზმი არის შედარებით მდგრადი ისეთი ქრონიკული ინფექციების მიმართ, როგორიც არის გულსისხლძარღვთა უკმარისობა, დიაბეტი, ბრონქული ასთმა – ესენი ბავშვებში იშვიათად გვხვდება, ამიტომ ბავშვებში ამ ვირუსს გართულებები არ მოაქვს, თუ შეხვდათ, ძალიან მარტივად გადააქვთ.
მესამე – შესაძლოა ჯვარედინ მოქმედებაში იყოს ვაქცინაციასთან, კალენდარულ აცრებთან, შესაძლოა იმ რაფინირებულ ბავშვებში, რომლებსაც ეს ვაქცინაცია უტარდებათ კალენდარული, ნამდვილად არსებობს რაღაც ჯვარედინი მოქმედება, რომელიღაცა კომპონენტი, რომელიღაცა ანტისხეული, რომელიც ანტიგენის შესვლის შედეგად მუშავდება ორგანიზმში, ამ კორონავირუსზე მოქმედებს, თუმცა ეს თეორია ყველაზე სუსტია, მაგრამ მაინც ამ თეორიასაც ვიყენებთ, იმიტომ, რომ თვითონ კორონავირუსი იმდენად უცნობი ვირუსია ყველასთვის, ახლა ხდება ჩვენი მასთან გაცნობა.


მშობლები, რომლებსაც ჰყავს ქრონიკული დაავადებების მქონე შვილები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ შვილებს?


– მე ვამბობ, რომ მთლიანად ქვეყანას სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, ეს არის პირველ რიგში ჰიგიენური ნორმების დაცვა, დაიღალა ამაზე საუბრით მოსახლეობა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ სოციალური დისტანცირება, არ არის საჭირო ბავშვების წაყვანა თავშეყრის ადგილებში, გადახურულ სივრცეებში და მოვუწოდებ ყველას, როგორც არ უნდა მოგინდეს ბავშვის მოფერება, არ მივიდნენ ახლოს ბავშვებთან, საერთოდ, დისტანცია უნდა დაიცვას ყველამ მეტრნახევარი, ორი მეტრის მანძილზე, სოციალური დისტანციის პრინციპი გადაგვარჩენს, ჰიგიენა გადაგვარჩენს და სოლიდარობა, არ უნდა დავსტრესოთ ერთმანეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს აქვეითებს იმუნიტეტს. ადამიანი, რომელიც ყოველდღე განიცდის სტრესს, დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს იმ ჰორმონებს, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვას და დაქვეითებას. რა თქმა უნდა, დათრგუნულ იმუნიტეტზე კორონავირუსი მარტივად განვითარდება.
ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მართლა საუკეთესოდ მუშაობს, ლუგარის ლაბორატორიაში, ყველაზე დროულად კეთდება ტესტი, ყველაზე საიმედოა, შევყურებთ დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ყველაზე იმედიანი თვალით, იქ გვყავს ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც არასოდეს არაფერი გამორჩებათ და ძალიან დროულად დაიწყეს მოქმედება. ამ დროს მთავრობის ხელშეწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით ვიტყვი, რომ ქართველები ვართ ცოტა უდისციპლინო ადამიანები, გვიან ვგებულობთ რაღაცებს.
საზოგადოებაში არსებობს ორი მიდგომა – ან „მე არ შემხვდება“; „თუ შემხვდება რა მოხდება“ და მეორე შემთხვევა – „ვაი, რომ შემხვდეს რა გავაკეთო“. ახლა აივანზე ვდგავარ და დავინახე, როგორ შეხვდა ორი ახალგაზრდა და გადაკოცნეს ერთმანეთი. ყოველ დღე ამას ვხედავ და ასეთ ფაქტებზე ვგიჟდები, რამდენს ვლაპარაკობთ, რომ აუცილებელია სოციალური დისტანცირება – მაინც არ ითვალისწინებს ზოგი.
მოვერიდოთ ერთმანეთს, წვეთოვანი ინფექციაა, გადადის ნერწყვის მეშვეობით, შეიძლება მოხვდეს ადამიანის ტანსაცმელზე, თვალზე, ყურზე, ცხვირზე და შეიძლება სასუნთქი გზების ლორწოვანი გზებიდან შეიჭრას. აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარია, იზოლაცია, დავჯდეთ სახლებში და მოვახდინოთ სოციალური დისტანცირება, დავიცვათ ჰიგიენის წესები და ვასუფთავოთ სადიზინფექციო ხსნარებით ის ადგილები, სადაც საეჭვოდ მიგვაჩნია. უნდა შევეცადოთ, რომ სახლში არავინ შემოვიდეს, ეს ყველას უნდა ესმოდეს, არ არის სირცხვილი, ვუთხრათ ადამიანებს, რომ სტუმრებს არ ვღებულობთ. რაღაც გარკვეული პერიოდი დავაკვირდეთ დინამიკას, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. დაავადებათა ეროვნული ცენტრი ზრუნავს ყველაზე, ვიცი, როგორ მუშაობენ ინფექციონისტები, მართლა საოცრებას აკეთებენ და 24 საათიანი შრომა აქვთ.


ინფექციურ საავადმყოფოზე ვერ ვიტყვი საყვედურს ნამდვილად, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იანვარში რომ დაწყებულიყო საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაზე ზრუნვა, მაშინ უფრო იქნებოდა დროული.


– ყველაფერს ვერ გათვლი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანაზე მეტად დროულად მივიღეთ ზომები, არავინ იცოდა როგორ გავრცელდებოდა ეს ვირუსი და რა მოხდებოდა. მაგალითად, სკოლებში სწავლა ჩვენთან ცოტა დროზე ადრე შეწყდა, გადაიდო 1 აპრილამდე და თუ საჭირო გახდა, კიდევ გადავდებთ, მთავარი ჯანმრთელობაა.


– იმუნიზაციის კუთხით რამე სიახლე ხომ არ გაჟღერებულა?


– იმუნური სისტემის სპეციალური პრეპარატი არ არსებობს, თუმცა გაჩნდა დიდი იმედი, მსოფლიოში იყენებენ სხვადასხვა პრეპარატებს და ჩვენც შემოვიტანთ, რადგან იმ დიდ მწარმოებელმა კომპანიამ, რომელმაც ცე–ჰეპატიტის ვაქცინა შემოიტანა საქართველოში, მას ეკუთვნის ეს პრეპარატი, რომლის გამოცდაც ხდება ამ კორონავირუსის შემთხვევაში, არ დავასახელებ პრეპარატს.


– რემდესივირს თუ გულისხმობთ, კი, ეს პრეპარატი უკვე დაასახელა ჩვენთან საუბარში, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ, ამ პრეპარატს იყენებდნენ ებოლასთვის, ოღონდ ებოლაზე არ იმუშავა.


– ებოლაზე არ იმუშავა, მაგრამ იმუშავა სარსის დროს. კორონავირუსის ეპიდემიის სულ 7 შტამი არსებობს, აქედან ოთხი შტამი მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი ინფექცია და სამი მძიმედ მიდის. ეს სარსი, მერსი და კომიდ-19 ახალი, რომელსაც „კომ-სარს-19“ ჰქვია.


– ებოლა ამ ჯგუფში არ შედის?


– არა, მაგრამ მოგეხსენებათ, ებოლას დროსაც როგორი ეპიდემია იყო. სარსის და მერსის დროს ამ პრეპარატმა გაამართლა. ახლა, როგორც ვიცი, შედეგები აქვს კარგი და ჩვენი ქვეყანა ამის შემოტანას არ დააყოვნებს. არის კიდევ სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ამ დაავადების, განსაკუთრებით მძიმე პნევმონიის შემთხვევაში ამართლებს, საქართველოში გვყავს უკვე პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მე მგონი უკვე მეორეც და იმედიც ჩნდება. ვიმედოვნებ, ამას მოვერევით ყველა, თუ ჩვენ მოქალაქეობრივ კულტურას, ზნეობას და შეგნებას ავწევთ უმაღლეს დონემდე.


– მოხალისეები უკვე გამოვიდნენ ქუჩებში, რამე რჩევებს თუ მისცემდით?


– ეს არის საუკეთესო საშუალება, როგორ ეხმარებიან მოხუცებს, ასე უნდა გავერთიანდეთ ყველა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებლად გადაგვარჩენს სოლიდარობა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გამოიყენონ სადიზინფექციო საშუალებები, თუ არ აქვთ, ედოთ ჯიბეში სპირტი, რითაც ხელებს ხშირად დაიმუშავებენ, არ მიუახლოვდნენ, დაიცვან დისტანცირება. ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი არ უნდა გამოიყენოს, ნიღაბი უნდა ეკეთოს ავადმყოფმა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი ნიღაბს არ იყენებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა დავიცვათ თავი ნიღბით. ასევე სასურველია სათვალით იარონ.


ამ დროს, ჩვეულებრივი სათვალე გამოდგება?


– გამოდგება, ოღონდ სასურველია სათვალე იყოს ნიღბის ზევიდან გაკეთებული, ასევე ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია.


– სახლში დაბრუნებული მოხალისემ რა უნდა გააკეთოს?


– სახლის შემოსასვლელში იქვე უნდა გაიხადონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დაიბანონ ხელები და დაიმუშავონ სადიზინფექციო ხსნარით. ასევე შეიძლება ხელით გადავიტანოთ თმაზე ვირუსი. ძალიან სკურპულოზურია ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დავირუსების თავიდან ასაცილებლად. მოხუცებთან სიარულის დროს აუცილებლად უნდა შემოიცვან ხალათი, რეზინის ხელთათმანები აუცილებლად უნდა გაიკეთონ, იქვე ხელები უნდა დაიმუშავონ, რათა სხვა მოხუცთან არ გადაიტანონ ვირუსი. არ არის აუცილებელი საკვები სახლში შეუტანონ, შესაძლებელია კართან დაუტოვონ.


– ამბობენ, რომ კარგია სპირტის პირში გამოვლება.


– ვერ გეტყვით. კარგია წყლის ხშირი სმა, რადგან ტენიან ლორწოვანს ნაკლებად ეკვრის, ამიტომ ხშირად ყლუპებით ვსვათ წყალი, აქ მხოლოდ კორონავირუსზე არ არის საუბარი, ნებისმიერ ვირუსზე ასე უნდა მოვიქცეთ, რათა მოხდეს მისი განეიტრალება.

-როცა ამბობთ, ხშირი სმა წყლის – რა სიხშირეს გულისხმობთ? დროის რა ხანგრძლივობით?

-სასურველია 15-20 წუთში ერთხელ რამდენიმე ყლუპის დალევა.

-მხოლოდ წყალი, თუ ნებისმიერი არაალკოჰოლური სითხე?

-წყლის, ნებისმიერი სითხეებისაც, თბილ მდგომარეობაში, ძალიან ცივი სითხეების მიღება რეკომენდებული არ არის, რომ არ გადავაცივოთ ყელი, სასურველია ოთახის ტემპერატურის და უფრო მეტად თბილი სითხეების მიღება.
ასევე, თუ შევამჩნევთ ვირუსის სიმპტომებს, აუცილებლად უნდა დავურეკოთ ოჯახის ექიმს, ან გამოვიძახოთ სასწრაფო, მე მხედველობაში მაქვს 39-40 გრადუსის ტემპერატურა, თუმცა, არსებობს უსიმპტომო შემთხვევებიც. ვკითხოთ, ხომ არ ჰქონია ვირუსიანთან კონტაქტი. მე მყავდა ამას წინათ ირანელი პაციენტები და სანამ მივიღებდი, დავკითხე დაწვრილებით, როდის იყვნენ ბოლოს ირანში, ხომ არ ჰყავდათ სტუმრები. აღმოჩნდა, რომ ზოგი ადამიანი რაღაცას მალავენ, არ გადავიდნენ თვითიზოლაციაში, უარი თქვეს კარანტინში გადასვლაზე, მე ვფიქრობ, ეს უკვე ბოროტებაა. თუ ადამიანმა იცის, რომ ინფიცირებულია, თუ იცის, რომ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და უარს ამბობს თვითიზოლაციაზე, ან კარანტინში გადასვლაზე, ეს უკვე ბოროტებაა. ამ ვირუსით გარდაცვალების პროცენტი დაბალია, მაგრამ გავრცელების არეალი აქვს დიდი და სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები არ უფრთხილდებიან ერთმანეთს და არ იცავენ სოციალურ დისტანცირებას. უნდა გავუფრთხილდეთ თავს, გარშემო მყოფებს და ასევე ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ექიმებს, მათ უდიდესი შრომა უწევთ, ფრონტის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მათ იმედის თვალით შევყურებთ.

-ხომ არ იცით, რა გართულებები შეიძლება დატოვოს გამოჯანმრთელების შემდგომ ორგანიზმში ამ ვირუსმა?


– ამაზე დადასტურებულად არ შემიძლია ლაპარაკი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, დატოვოს რაღაცა ფილტვების ფიბროზის ტიპის გართულება, ამ ვირუსის გადატანის შემდეგ. ფილტვის ქსოვილის ძალიან მცირე რაოდენობით ფიბროზზეა საუბარი. ასე ვთქვათ, პატარა ადგილებში ფილტვის ქსოვილის გადაგვარება. ეს არ არის სიმსივნე, არამედ ფიბროზული გადაგვარება, რომლებიც სუნთქვაში ნაკლებად მონაწილეობენ.


– ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ საკვებს, ჩვენ კი დავცინით, ზუსტად იმიტომ არ ყიდულობენ ორი კვირის მარაგს, რომ გარეთ არ მოუწიოთ გასვლა? ამაში ცუდი რა არის?


– ცუდია მხოლოდ ერთადერთია, შეიძლება რაღაც პროდუქტის დეფიციტი გაჩნდეს და ეს პროდუქტი მერე ძვირდება – სხვებზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. თითოეულმა ოჯახმა უნდა გამოყოს ისეთი პირი, რომელიც შეიძლება წავიდეს მაღაზიაში, იყიდოს საკვები. შეეცადეთ ფულთან არ გქონდეთ კავშირი და თუ მაინც გექნებათ ფულზეც შეიძლება სადიზინფექციო სითხეების დასხმა, გავწმინდოთ სადეზინფექციო ხსნარში ან სპირტში დასველებული ბამბით, დავაწყოთ და გავაშროთ, არაფერი მოუვა.
ერთ მაღაზიაში ნანახით მოხიბლული დავრჩი, ყველა მომხმარებლის გატარების შემდეგ როგორ იმუშავებდნენ ხელებს გოგონები, ამუშავებდნენ ზედაპირებს, იცავდნენ დისტანციას კლიენტებთან, ბარათის გატარებისასაც კი დაიხია უკან, რომ დაეცვა დისტანცია.
ჩავიდოთ ტვინში, რომ ჩვენ გვყავს ბოროტი სტუმარი კორონავირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, ამიტომ, მოდით, თავი დავიცვათ მისგან სამოქალაქო სოლიდარობით.

თამო კეშელავა

ალია №10

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.