როგორ მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს და რა მედიკამენტებს გამოიყენებენ?

ნაწყვეტი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი, პროფესორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი – თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა “ალიაში”

– ამ მომენტში როგორ მკურნალობთ ინფიცირებულებს, რომლებსაც აქვთ ფილტვების ანთება და როგორ ხდება მათი მკურნალობა, ვისთანაც ავადმყოფობა სუსტი ფორმებით მიდის?


– თუ ფილტვების ანთებაა და გვყავს ასეთი, მას ვმკურნალობთ განსხვავებულად, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, როგორც ყველა პაციენტი, მაგრამ ანტიბიოტიკები უკეთდება ძლიერი, სეროზული და რაც მთავარია, მას შეიძლება დასჭირდეს ინფექციურ თერაპიაში გადაყვანა, რისთვისაც მზად ვართ და ინტენსიური თერაპია გამზადებული გვაქვს. სადაც ჩაუტარდება ოქსიგენოთერაპია – ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მართალია არის მძიმედ და აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, მაგრამ სატურაცია – ნორმა აქვს და ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება არ დასჭირვებია – თუმცა, თუ დასჭირდება, როგორც უკვე გითხარით, ინფექციური თერაპია მზადაა მისაღებად.
რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებსაც არა აქვთ ფილტვების ანთება და აქვთ მხოლოდ ხველა, სისუსტე, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება 37-დან 37-6-მდე და სხვა ნიშნები არა აქვთ, მათ პრაქტიკულად, მხოლოდ ვაკვირდებით და რაიმე გაძლიერებულ მკურნალობას არ ვუტარებთ.


– კვება?


– კვებას მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა დაავადების დროს – კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი კვება.


– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იყოს შიდსისა და ცე ჰეპატიტის მედიკამენტები, რამდენად სწორი ინფორმაციაა და აპირებთ თუ არა თქვენც გამოყენებას?


– კი, ჩინეთში 5-6 ასეთ წამალს ცდიან, მათ შორის შიდსის წამალს, რომელსაც ქვია ქლოროქინი და ამბობენ, რომ ეს მედიკამენტი, ყველაზე ეფექტურია. აგრეთვე იყენებენ მედიკამენტს რემდესივირი – ეს მედიკამენტი თავის დროზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთეს, მაგრამ ებოლაზე კარგად არ იმუშავა, ესეც არის სწორედ იმ კომპანიის, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს გვაწვდის და მათი პრეპარატი რემდესივირი ახლა იცდება კორონავირუსის შემთხვევაში.


–  ჩვენთანაც?


– არა, ეს იცდება იქ, სადაც ათეულ ათასობით ავადმყოფია, მხოლოდ ჩინეთში იცდება, ჩინელმა ექიმებმა გითხრეს, რომ შიდსისა და ცე ჰეპატიტის ზოგი მედიკამენტი, თითქოს დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არა აქვთ ისეთი შედეგი, რომ ამერიკის წამლებისა და პროდუქტების საგენტოს – სდა-ს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდეს, როგორც კორონავირუსის წამალი – ასეთი დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ მოიპოვეს. ვარაუდობენ მხოლოდ, რომ ეს წამლები ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, თუმცა, ჩინეთის გარდა ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამ რეკომენდაციებს ვერ იძლევა.


–  მათ შორის, ვერც იტალია?


– კი, მათ შორის, ვერც იტალია. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და ისედაც გვაქვს, მათ შორის, ქლოროქინიც, რომელსაც, როგორც ჩინელი ექიმები ფიქრობენ – ყველაზე კარგი შედეგი აქვს. და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს კაცი არის ცოცხლალი გმირი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.