როგორ აპირებს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას „ქველმოქმედების“ სახელით

თითქოს ყველამ მიივიწყა და შეეგუა იმას, რომ საპენსიო რეფორმის ფული ხელფასიდან უნდა ჩამოიჭრას და შეენახოს. ჯერჯერობით, პენსიაზე ისეთი არავინ გასულა, ეს შენახული ფული რომ დაერიცხოს და გამოიყენოს. ლოგიკას რომ მივყვეთ, არც უახლოეს 3-4 წელიწადში იქნება ვინმე ისეთი, ვისაც ეს თანხა იმ დონეზე დაერიცხება, რომ იგრძნოს და ბედნიერი იყოს. ამ 3-4 წელიწადში კი ჩვენი დაგროვილი ფული რამდენიმე მილიარდი იქნება და როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, უმოქმედოდ დაგროვილმა დიდი ოდენობის ფულმა, შესაძლოა, ისეთი ინფლაცია გამოიწვიოს, მთავრობა და ეროვნული ბანკი კი არა, მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები რომ ჩაერიონ, ვერ შეაჩერებენო.

ზოგადად, ეროვნული ვალუტის დაგროვების თემა ბოლო დროს საინტერესო გახდა. საპენსიო რეფორმის გარდა, 1-ლი სექტემბრიდან, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, საბავშვო ანაბარს ხელს სასამართლოს გარეშე ვეღარ მოჰკიდებთ. ანუ, თუ ბავშვს უგროვებთ ანაბარს და ეს თანხა 1000 ლარზე, ან დოლარზე, ან ევროზე მეტია, მას სასამართლოს გარეშე ვერ გაიტანთ. სასამართლოში კი იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ გატანილ თანხას ბავშვს მოახმართ. ანუ, ანაბრის მეპატრონედ ოფიციალურად ითვლება ბავშვი და რეალურად, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მის თანხას მშობელი (მეურვე) ვერ შეეხება. ერთის მხრივ, ეს ძალიან კარგია, ბავშვის ინტერესებია დაცული, მაგრამ… შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული და მშობელს ძვირადღირებული მკურნალობა რომ დასჭირდეს და შველა სწორედ იმ ანაბარში იყოს, ვერ შეეხება, რადგან ის ბავშვის ინტერესების გამო არ იხარჯება. მოკლედ, კანონს ხარვეზი ბევრი აქვს, მაგრამ არ უშავს, საქართველოში ხომ ასე ვიცით – კანონს მივიღებთ და მერე გზადაგზა იხვეწება. ზუსტად ისე, „გირჩმა“ ეპისკოპოსებისა და დიაკვნების თანამდებობები 50 ლარად რომ ჩამოარიგა და ხალხი ჯარიდან დაიხსნა.


თანხის აკუმულირების თემა ტყუილად არ გვიხსენებია. გასულ კვირას ეროვნულმა ვალუტამ 2 თეთრით ითამაშა და მაშინ, როცა ყველას ეგონა, მორიგ სპრინტს მოაწყობდა, გაჩერდა. როგორც გვითხრეს, ეროვნულმა ბანკმა ორი კვირის წინ გაყიდული 20 მილიონი დოლარი სწორედ გასულ კვირას მოსალოდნელ ინფლაციას მიუძღვნა და ახლა საინტერესო ის გახლავთ, საიდან იცოდნენ, რომ სწორედ გასულ კვირას იქნებოდა ინფლაციის საშიშროება და თადარიგიც ამიტომ დაიჭირეს.


„თუ გახსოვთ, ხელისუფლებამ გასცა დაპირება, რომ ივლისსა და განსაკუთრებით აგვისტოში, ტურიზმიდან მოსახლეობა დიდ შემოსავალს მიიღებდა. რეალურად კი, ტურისტების რაოდენობა არ მომატებულა, შეზღუდვები გაგრძელდა და რაც მთავარია, ჩაიკეტა სვანეთი. შესაბამისად, მოლოდინები არ გამართლდა და ეს აისახა როგორც საბანკო, ისე სხვა ფინანსურ სექტორებზე. ამიტომ, თვის ბოლოს ინფლაციის შესაძლებლობა რეალური გახდა და ეროვნულმა ბანკმაც თითქოს ჰაერზე, 20 მილიონი დოლარი გაიმეტა. იგივე იქნება სექტემბრის ბოლოსაც, რადგან კვარტალი იწურება და მოლოდინები კვლავ არ გამართლდება. თანაც, სექტემბრის ბოლოს, მოსახლეობაში ლარის ჭარბი რაოდენობა მოიყრის თავს, ზომაზე მეტი და ეს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. აგიტატორებად თუ კოორდინატორებად დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 50 ათასს აჭარბებს, ანუ 50 ათასი ადამიანი დამატებით მიიღებს შემოსავალს, რაც ლარზე აუცილებლად აისახება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.


სხვათა შორის, წინასაარჩევნოდ საბანკო სექტორმა უმკაცრესი გაფრთხილება მიიღო და ყველა საეჭვო ფულადი გზავნილი, რომლის ოდენობა 50 ათასს აღემატება, აუცილებლად დაიბლოკება. საეჭვო გზავნილებში პარტიებისთვის გაკეთებული არაოფიციალური „გრევია“. მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს (სააკაშვილზე რატომ არ ვრცელდება, ვერ გეტყვით) და შესაბამისად, არც იმის უფლება აქვს, ფული გადმოაგზავნოს. ამ ამბავზე ნაცმო დიდი ხმაურის ატეხვას აპირებს, რადგან ემიგრანტების სახელით, ევროპიდან სოლიდურ თანხებს ელოდება და სწორედ ემიგრანტების სახელით სურს „გააპრავოს“ ფულის შემოტანა. მოკლედ რომ გითხრათ, პარტიებს ფული აქვთ და ახლა იმაზე მუშაობენ, ეს ფული კანონიერად როგორ გამოაჩინონ. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფულის სანაცვლოდ ხმას გაყიდიან, ერთ რჩევას მივცემთ – გამოართვით ფული ყველა პარტიას, აბსოლუტურად ყველას და არჩევანი იმის მიხედვით გააკეთეთ, რასაც სინდისი გიკარნახებთ. საკუთარი ხმა თანხაზე არ გაყიდოთ, ხმისა და ღირსებას შორის გაყიდვაში სხვაობა არაა და ამიტომ, საარჩევნო კაბინაში, მარტო რომ დარჩებით, საკუთარ შვილებზე იფიქრეთ და როგორც სწორად მიგაჩნიათ, ისე მოიქეცით. ფული კი… მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სწორედ ჩვენგან ამოიღებს ამ არჩევნებზე დახარჯულს და ამიტომ, შეეცადეთ მაქსიმუმი ახლა თქვენ ამოიღოთ მათგან.


ეს საარჩევნოდ. მანამდე კი სახელმწიფოს დანაპირები უკან მიაქვს და ყურძნის სუბსიდირებას წელს ისევ განახორციელებს. კი იძახდა ლევან დავითაშვილი 2 წლის წინ, გამორიცხულია, ხელისუფლება სუბსიდიას არცერთ სფეროში აღარ ჩადებსო, მაგრამ არჩევნები „უზენაესია“ და ამიტომ, ამ საქმისთვის 200 მილიონზე მეტია გამოყოფილი. მხოლოდ ფულს ვინ ჩივის, მთავრობას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ ღვინის ქარხნები „იმაიმუნებენ“, იტყვიან, ყურძენი ჩავიბარეთო და სახელმწიფოს ფულს მოსთხოვენ. ამიტომ, ყველა ქარხანა ვალდებულია რთველის დაწყებამდე სათვალთვალო კამერები დაამონტაჟოს, რათა იმ ადამიანებმა, ვისზეც ეს იქნება დამოკიდებულ-ჩამოკიდებული, დააფიქსირონ, რომ ქარხანამ კონკრეტული ოდენობის ყურძენი ნამდვილად მიიღო. ის ქარხანა, რომელიც ვიდეოთვალს არ დააყენებს და ერთიან სისტემაში არ ჩაერთვება, სახელმწიფოსგან სუბსიდიას ვერ მიიღებს.


„გათვლა მარტივია. მაგალითად, რომელიმე ქარხანა გაურიგდა რამდენიმე გლეხს და მათგან ვითომ ჩაიბარა 100 ტონა ყურძენი. სახელმწიფოსგან ის 60 ათას ლარს მიიღებს და ამისგან თავის დასაზღვევად კეთდება ეს ყველაფერი. თუმცა, მხოლოდ ეს არ გახლავთ მიზეზი საყოველთაო თვალთვალისა. რთველის შემდეგ, ხელისუფლება ქარხნების კონტროლს მაინც შეძლებს და ის ქარხანა, რომელიც ვიდეოთვალს გამორთავს, ეჭვმიტანილთა სიაში შევა, რომ რაღაცას მალავს. სპირტის ბიზნესი ის სფეროა, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ თავი ვერა და ვერ დაადგა. ნაციონალების დროს, ამ სფეროს მთლიანად დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა და საკმარისი იყო, ერთი ტონა სპირტიც კი გასულიყო ქვეყნიდან მის გარეშე, „დამნაშავეს“ იჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ. საუბარი წლიურად დაახლოებით 160 მილიონ ლარზეა, ანუ თვეში 13 მილიონზე და ამ თანხას უკონტროლოდ არავინ გაუშვებს“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.


და ერთიც – ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მილიონზე მეტი შემოსავალი 488 ადამიანმა მიიღო. ეს ოფიციალურად, თორემ ამ სიაში ისეთები არ არიან, მილიონიანი სახლები (და არა სახლი) რომ უდგათ და მილიონის ღირებულების ავტოფარეხი აქვთ. ანუ, რეალურად ისინი არაოფიციალური მილიონერები არიან და სწორედ ამ „არაოფიციალურების“ მიერ წინასაარჩევნოდ შეწირული თანხები ლომის წილად იქნება მმართველი გუნდის ყულაბაში.

ანი დვალიშვილი, ალია №31

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ცილისწამება არ გაგივათ

  2. ანონიმური

    ამაზრზენები ხართ ალია ესეთ ტყუილების გამო

  3. ანონიმური

    გლეხის შემოსავალი ყურძნის ფასზეა დამოკიდებული,დანახარჯი აღემატება შემოსავალს,ყურძენი ხარისხიანი ჩაიბარეთ და ფასიც მისაღები უნდა იყოს გლეხებისთვის,თორემ ბანკები დაგვახრჩობენ და აგვატირებენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.