“რემდესივირი არ ამცირებს სიკვდილიანობას – ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს”

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში წერს:

“გასულ კვირას სატელევიზიო სივრცეში არაერთხელ ზარზეიმით გაჟღერდა COVID-ის კლინიკურ მართვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისაგან, რომ სულ მალე საქართველოში გვექნება SARS-CoV-2 ით ინფიცირებულთათვის რემდესივირით მკურნალობის საშუალება. ასევე ისმის მოწოდებები, რომ ყველა კოვიდგადატანილმა პირმა ჩააბაროს პლაზმა, რათა მოხდეს ფართო მასშტაბით კონვალესცენტური პლაზმით თერაპია აქტიური პაციენტებისათვის. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით, არამედ ამ თემაზე ცალკეული პირების პირადი პოზიციებით და წარმოდგენებით. მთავარი და ერთადერთი არგუმენტი რაც გასულ კვირის განმავლობაში მოვისმინე, იყო ის რომ ჩვენ ყველას (ანუ პოტენციურ პაციენტებს) გვექნება ბედნიერება „ტრამპის სტანდარტით“ მკურნალობის. ნუ პრინციპში ტრამპის სტანდარტით ჩვენ ერთხელ უკვე გვიმკურნალეს გაზაფხულზე, როდესაც ყველა კოვიდით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზირებული პაციენტი ღებულობდა ჰიდროქსიქლოროქინს, არ გავითვალისწინეთ იმ დროისთვის უკვე მრავალი კვლევის სარწმუნო შედეგები, რაც ასაბუთებდა რომ ჰიდროქსიქლოროქინი არ მუშაობდა და შესაძლოა ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი კოვიდინფიცირებულთათვის, და სანამ მთელმა მსოფლიომ ანათემას არ გადასცა ეს პრეპარატი, მანამდე საქართველოში პრინციპულად ვაგრძელებდით მის გამოყენებას პაციენტებზე (მგონი ცივილიზირებულ სამყაროში ბოლო ქვეყანა აღმოვჩდით, სადაც ჰიდროქსიქლოროქინი ამოღებულ იქნა მკურნალობის პროტოკოლებიდან).

ამ ვითარებაში, როგორც იტყვიან სულზე მოგვისწრო კიდევ ერთმა, ძალზე ავტორიტეტულმა კვლევამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ ჩატარებულმა (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020), რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ელოდა. ამ მორიგმა, ძალზე ფართომასშტაბიანმა, რენდომიზირებულმა და კონტროლირებულმა კვლევამ კვლავ დაადასტურა იგივე ფაქტი, რაც მანამდე ნანახი იყო სხვა სამ რენდომიზირებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ორი NIH-ის ეგიდით თავად გილიადის მიერ ჩატარებული და ერთი ჩინური კვლევა: 1. Wang Y, Zhang et al. Remdesivir in adults with severe COVID-19: a randomised, double-blind, placebo-controlled, multicentre trial. Lancet. 2020

2. John H. Beigel et al. Remdesivir for the Treatment of Covid-19 — Final Report. NEJM 2020 3. Spinner CD et al. Effect of Remdesivir vs Standard Care on Clinical Status at 11 Days in Patients With Moderate COVID-19: A Randomized Clinical Trial. JAMA. 2020) – რომ რემდესივირი არ ამცირებს არც სიკვდილიანობას, არც ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და როგორც ამ უკანასკნელ, ჯანმოს მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნანახი (WHO Solidarity Trial Consortium, Hongchao Pan et al. medRxiv 2020) არც ინტუბაციის რისკს. ქვეჯგუფების მიხედვით: ჰოსპიტალიზაციიდან მკურნალობის დაწყების დრო, ასაკი, სიმძიმე რენდომიზაციისას – რაიმე განსხვავება გამოსავალში ნანახი არ არის. ჩვენი მხრიდან დავამატებდით, რომ თუ ამ კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნობით, ჰიდროქსიქლოროქინს რემდესივირთან შედარებით სიკვდილიანობის მხრივ უკეთესი ტენდენცია აქვს, თუმცა რაღათქმაუნდა არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (ანუ რემდესივირი პრაქტიკულად ჰიდროქსიქლოროქინზე უარეს შედეგს აჩვენებს).

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც განაცხადა, რომ რემდესივირს არ აქვს ეფექტურობა კოვიდის მკურნალობაში და რომ ერთადერთ დადასტურებული დადებითი ეფექტის მქონე პრეპარატად დღესდღეობით ითვლება დექსამეტაზონი (https://healthpolicy-watch.news/much-touted-at-first…/). ჯანმო აპირებს სოლიდარობის კვლევის ფორმატში უკვე სხვა ახალი პრეპარატების გამოცდას (მონოკლონალური ანტისხეულები და ალტერნატიული ანტივირუსული პრეპარატები).

აბსოლუტურად გაურკვეველია, ამ ვითარებაში რატომ გადაწყდა რომ პრიორიტიზაცია მომხდარიყო რემდესივირით მომარაგების კუთხით. იმედია ბიუჯეტის თანხები მაინც არ იხარჯება უმაქნისი პრეპარატის შეძენაში, რომლის ერთი კურსის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3500 დოლარს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებას, ყველა ავტორიტეტული გაიდლინი აღნიშნავს, რომ არ არის მისი სარგებლიანობის საკმარისი მტკიცებულებები და ის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში!!! (მაგ: NIH COVID-19 Treatment Guidelines ან Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19 ასევე WHO Clinical management of COVID-19).

ასე რომ დავიცვათ მედიცინის მთავარი პრინციპი: „არ ავნო“. ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით, რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის, მაგალითად – კონვალესცენტური პლაზმა; ან აქვთ მხოლოდ კლინიკურად ნაკლებად რელივანტური ეფექტები, ყოველგვარი რეალური სარგებლის გარეშე: სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადასვლის, ვენტილაციაზე დამოკიდებულების ხანგრძლივობის შემცირების მიმართულებით (მაგალითად რემდესივირი – ამ უკანასკნელზე WHO გაიდლაინი აქამდე მოგვიწოდებდა მხოლოდ კლინიკური კვლევის ფარგლებში გვეხმარა და სოლიდარობის კვლევის შედეგების და ჯანმოს გენერალური მდივნის განცხადების შემდეგ ალბათ ეს რეკომენდაციაც შეიცვლება). ასევე შევეცადოთ, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტი გავანიავოთ დაუსაბუთებელი მკურნალობების შეძენასა და ადმინისტრირებაში. სჯობს მივმართოთ რესურსები იმ მიმართულებით, რაც ვიცით რომ მუშაობს: ინფექციური კონტროლი, საწოლფონდი, ნაკადების ლოჯისტიკა, გრიპის აცრები და არ დაგვავიწყდეს დექსამეტაზონი, რომელიც იაფია და დამტკიცებულია, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას.

საერთოდ აჯობებს, რომ რეკომენდაციები მიიღებოდეს სპეციალისტების უფრო ფართო კონსენსუსით და სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით და არა სუბიექტური მოსაზრებებით და სურვილებით.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    პრინციპში რასაც სულ ვამტკიცებდი,დაპოლიტიზირებული ძაან ფულიანი ექიმებმა,რეგალიების დაკარგვის რომ ეშინიათ,რაც ჩასძახეს,ის ამოგვძახეს.ეგაა და ეგ.ღმერთმა უშველოს საქართველოს ამ მეტად რთულ პერიოდში,მარტო უფლის იმედი მაქვს,რომ კარგად იყნება ყველას შვილი და ჩემებიც.

  2. იობ

    უფალმა კაი ხანია მიგვატოვა…. განწირულები ვართ ყველანაირად!!!
    საქართველოში ისედაც უაზრო ცხოვრება საერთოდ გააფარჩაკდა

    პ.ს. ალია რამდენსაც მინდა .,იმდენ კომენტარს დავწერ!

  3. ანონიმური

    აი, ეს არის ექიმი უაზრო ბჟუტურის გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.