რა ტესტი ჩაუტარა “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთს, რა დადასტურდა უგულავას დაჭერით და სად წაიმტვრევს კისერს ხელისუფლება?

“უგულავას უთხრეს – ციხიდან გამოგიშვი და მადლიერების ნაცვლად, მაკრიტიკებ, მებრძვი, შენ დაარღვიე კონტრაქტი და ამიტომ წადი ისევ ციხეში”

„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება.

ბატონო გია, გიგი უგულავას დაჭერით დავიწყოთ. რა გვითხრა ამით ხელისუფლებამ?


– ხელისუფლების საქციელი, მათი ქმედებები არაადეკვატურია. ერთის მხრივ, როდესაც დასავლეთიდან ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გამოითქმის, მისი წარმომადგენლები ჩადიან ამერიკაში, ევროპაში, რაღაცებს პირდებიან და მერე, რასაც პირდებიან, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. თითქოს განზრახ იქცევიან ასე. ვიღაც ეუბნება თითქოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს – ჩადით, ყველაფერს შეპირდით, რასაც მოითხოვენ, ყველაფერზე თანხმობა განუცხადეთ და მერე, მაგათ „გადავაგდებთო“. ასეთი განცდა მრჩება ამათ საქციელზე, უკეთ, უსაქციელობაზე. პოლიტიკური ლოგიკა, რაც ამაში შეიძლება დავინახოთ, ის არის, რომ ხელისუფლება ტესტავს დასავლეთს, ცდის თავისი არაადეკვატური ნაბიჯებით, სადამდე მოუთმენს, სადამდე დაუთმობს და დაუხუჭავს თვალს. უყურებს, დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება თუ უფრო შორს წავა, თუნდაც სანქციების შემოღებამდე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიციას რასაც უნდა, იმას უზამს, რადგან მთელი რესურსი თავად აქვს მობილიზებული. ერთადერთი, დასავლეთის რეაქცია აწუხებს.

რაც შეეხება გიგი უგულავას თემას. ამ საქმის  სამართლებრივ  განხილვაში არ შევალ, აქ მთავარი პრობლემაა პოლიტიკური კონტექსტი, შერჩეული დრო და საერთაშორისო სტანდარტი. აი ეს, საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი დარღვეულია. გიგი უგულავას ერთ–ერთი მოსამართლე, შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორი იყო, როდესაც უგულავას განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. პირდაპირი თუ არა, მას არაპირდაპირი შეხება ჰქონდა ამ საქმესთან, როგორც მთავარ პროკურორს და მერე განაჩენის გამოტანაში მიიღო მონაწილეობა. უგულავა გაამტყუნა ცხადია, მისი მთავარი პროკურორობისას წაყენებული ბრალი მოსამართლის მანტიით შემოსილმა დაადასტურა, გაიზიარა. ეს მიუღებელია საერთაშორისო სტანდარტებისთვის. ეს იმდენად მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უგულავას უფრო მძიმე დანაშაულიც რომ ჩაედინა, ფაქტია, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დარღვეულია და დასავლეთი ამ განაჩენს, თუნდაც მხოლოდ ამის გამო გააპროტესტებდა. ხელისუფლებას შენიშვნას მისცემდა. გარდა ამისა, არასამართლებრივი ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ, უგულავას რაღაც სასჯელი მაინც აქვს მოხდილი ამ კონკრეტულ დანაშაულზე, რის გამოც ხელახლა გაასამართლეს და მიუსაჯეს ციხე. თუმცა, ის ისევ ციხეში გაუშვეს, როდესაც ძალიან ბევრს თვალი დაუხუჭეს სხვა და სხვა დანაშაულებებზე და ლოიალურად მოექცნენ. ეს კითხვაც ამ ყველაფერში ფიგურირებს. საერთოდ, ეს საქმე მაგონებს არა სამართლებრივ, არა სახელმწიფოებრივ პროცესს, არამედ ქუჩურ გარჩევას. ვიღაცა ასე ფიქრობს გიგი უგულავას მიმართ – კაცო, შენ ციხეში ხომ იჯექი? იჯექი. მე ხომ გამოგიშვი? გამოგიშვი. აბა, რაღას მემართლები? ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი ყოფილიყავი, მაკრიტიკებ, მებრძვი და ყველაფერს აკეთებ, რომ ჩემი ძალაუფლება დაასუსტო. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ უგულავამ დაარღვია კონტრაქტი. იმის ნაცვლად, მადლობა მითხრა, გაჩუმდე და არ მებრძოლო, შენსას აგრძელებ და თუ ასეა, წადი ისევ ციხეში, სადაც ჩემთვის უსაფრთხო იქნები. რაღაც ასეთი ტრაგიკომიკური სურათი დაიხატა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, აჩიკო თალაკვაძემ განაცხადა, გიგი უგულავასთან პროკურატურას რაღაც შეთავაზება ჰქონდა, უარი თქვა და ახლა თავის თავს დააბრალოსო. ირიბად დაადასტურა ის ლოგიკა, რაც ახლა გითხარით, მე არ ვიცი, რა შეთავაზება ჰქონდა პროკურატურას უგულავასთან, კარგია, თუ განმარტებებს მივიღებთ. შესაძლოა, რაღაც საპროცესო გარიგება შესთავაზეს ან, რაღაც ასეთი. ძალიან უხეშად რომ გამოიყურება ეს ყველაფერი, ფაქტია და ამას თავისი შედეგები ექნება.


გიგი უგულავამ დაჭერამდე განაცხადა, რომ მას ხელისუფლებისგან ჰქონდა შეთავაზება, თუ პოლიტიკურად არ იაქტიურებდა, გაჩუმდებოდა, მაშინ არ დაიჭერდნენ. თალაკვაძის განცხადების შემდეგ, უკვე მჯერა, რომ ეს შეთავაზება მას მართლა ჰქონდა.


– ასე გამოდის, დამაჯერებელია, ცხადია. უგულავას თავი რომ დავანებოთ და მთელ სურათს შევხედოთ, ნახეთ რა ხდება. მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს. არჩევნების წინა პერიოდში, ოპოზიციის ყველა ლიდერზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა უკვე დაიჭირეს, ნიკა მელია სამაჯურით დადის და დასაჭერად აქვს საქმე….  ვენესუელაშიც კი, სადაც აღიარებული დირექტურაა, ნიკოლას მადუროს არ დაუჭერია ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, თვითგამოცხადებული პრეზიდენტი. მადურო რომ არ იკადრებს და შენ იმას იკადრებ, ე.ი. ძალიან ცუდად გაქვს საქმე. მართლმსაჯულება აქ სულ ასპროცენტიანიც რომ იყოს, იმის მტკიცება რომ ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, სრული აბსურდია. ასე არ ხდება ნორმალურ ქვეყნებში. დიქტატორებიც კი არ იჭერენ არჩევნების წინ პოლიტიკურ ოპონენტებს და იცით, რატომ? ამით საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენენ. ხალხს ეუბნებიან, არ დავიჭერ ჩემს ოპონენტს, იყოს გარეთ, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ. შენ როდესაც გინდა, ყველა დაიჭირო და შენი პოლიტიკური პრობლემები ისე გადაწყვიტო, ეს იმას ნიშნავს, რომ გეშინია ოპოზიციისა, მათი ლიდერებისა. იმდენად გეშინია, რომ არ ითვალისწინებ დასავლეთის აზრს, ასუფთავებ პოლიტიკურ ველს, რომ შედეგი მიიღო. აქედან გამომდინარე, ის ლოგიკა, რომელსაც ხელისუფლება ავითარებს, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია და მათ ხელით ათრევენ, ეს არის ამოყირავებული რეალობა. აქ ისიც გავიხსენოთ, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აი, 60 პროცენტიანი რეიტინგი გვაქვსო. თქვე კაი ხალხო, თუ ასე ხართ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია სუსტი და არაფრის მაქნისია, თუ ხმების 60% თქვენია, მაშინ ჩაატარეთ არჩევნები იმ პროპორციული სისტემით, რომელსაც ხალხს შეპირდით. თქვენც დაისვენეთ, ოპოზიციაც დაასვენეთ და დასავლეთიც. მოიგებთ არჩევნებს და დამთავრდება ამით ყველაფერი. თუმცა, ამასთანავე, კობახიძის იმ რიტორიკის ფონზე, როდესაც ამბობს, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია, არაფრის მაქნისია და ჩვენ ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვსო, პარალელურად მეორე მხარე  „ქართული ოცნებისა“ ლაპარაკობს, რომ პროპორციული არჩევნები თუ ჩატარდა, კოალიციები გახდება საჭირო, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნის დიდ პრობლემასო. ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ლოგიკას ავითარებს ხელისუფლება, უნდა, რომ ორივე გვაჭამოს. ერთი გამოდის და ამბობს, რომ ხვალ იწვიმებს, მეორე ამბობს, ხვალ დარი იქნებაო და უნდათ, რომ ორივე დავიჯეროთ. ამას პოლიტიკაც აღარ ჰქვია. ეს არის რაღაც უცნაური ინფანტილიზმი, ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელ წყურვილთან კომბინაციაში. თან ბავშვური და თან აგრესიული ქმედებებია, სხვას ვერ დავარქმევ. აგრესიულ ბავშვზე უარესი კი არაფერია. „ქართულ ოცნებაში“ არიან აგრესიული და გადამწიფებული თინეიჯერები. მათი ეს ქმედებები, განცხადებები სასაცილო იქნებოდა, ხელისუფლებაში რომ არ იყვნენ და სახელმწიფოს რომ არ აზიანებდნენ. ჯერჯერობით, დასავლეთის ნეგატიური რეაქცია, მათი პრეტენზიები ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ამით უკვე სახელმწიფოც დაზიანდება.


გიგი უგულავას დაჭერას დასავლეთის მკვეთრი უარყოფითი რეაქცია რომ მოჰყვა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, დასავლეთი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითო. საკუთარი ყურით რომ არ მომესმინა, არ დავიჯერებდი. ისხდნენ ოპოზიციის ლიდერები იმ მაგიდასთან, მაგრამ ვინ დააყენა? ქუჩაში გაიყვანეს და ახლა ისევ იმათ ამუნათებენ, რატომ დიალოგს არ აგრძელებთო?!


– ეს უტიფრობაა, მეტი არაფერი. სხვათაშორის, ეს ის ოხანაშვილია, ჟურნალისტებს მორალს რომ უკითხავდა. მოლაპარაკებებზე რომ დარჩენილიყო ოპოზიცია, ეს ხელისუფლებას უნდა უზრუნველეყო. სამი კაცი ზის მოლაპარაკებაზე, გაიმართა სამი, ოთხი რაუნდი და შემდეგ რაუნდამდე ამ სამიდან ერთს იჭერ, ანუ ძალადობ ერთ–ერთზე და მერე დარჩენილ ორს ეუბნები, ახლა განვაგრძოთ მოლაპარაკებებიო. ახლა რაც ოხანაშვილმა თქვა, ამას დასავლეთი როგორ წაიკითხავდა? ამ უტიფარ ლოგიკას ეძახიან პოლიტიკას.


– ამათ ამ უტიფრობას დასავლეთი კარგად ხედავს. ამერიკიდან თალაკვაძე და დელეგაციის სხვა წევრები დიდად ხალისიანად და გახარებულები არ ჩამოსულან. არ ეტყობოდათ, რომ რაღაც მათთვის სახეირო ჩამოიტანეს ვაშინგტონიდან. როგორ ფიქრობთ, ამერიკა სანქციებს ხომ არ აამოქმედებს ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერის წინააღმდეგ?


– სანქციები, ეს არის მძიმე თემა და ამის შანსი, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. დასავლური სისტემები ეფექტურად მუშაობენ, მაქსიმალურად ცდილობენ, სანქციებამდე არ მივიდეს საქმე და თუ უამისობა არ შეიძლება, უმეტეს შემთხვევაში, მას არჩევნების შემდეგ აამოქმედებენ ხოლმე არადემოკრატიული ხელისუფლებების მიმართ. თუ ამ მიმართულებით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და დაჭერები გააგრძელა, არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატარა არჩევნები და თან არჩევნებზეც იძალადა, მაშინ მიიღებენ საკადრის პასუხს – არჩევნებს დასავლეთი არალეგიტიმურად სცნობს, ამას მოჰყვება ქვეყნის შიგნით კრიზისი და ამ ფონზე ყველაფერია შესაძლებელი, სანქციებიც და სხვა რამ კიდევ. ძალიან კი ბრაზდებიან „ქოცები“, როდესაც მოლდოვას ყოფილ დიქტატორს, ვლადიმირ პლახოტნიუკს ვადარებთ ბიძინა ივანიშვილს. პიროვნულად, შესაძლოა, არ გვანან ძალიან, მაგრამ პოლიტიკური სტანდარტით მათ შორის პარალელების გავლება სრულიად შესაძლებელია. შესაბამისად, თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა გარკვეული მოცემულობა, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი, ისიც, რაც მოლდოვაში მოხდა. პლახოტნიუკმა წააგო არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მან არ აღიარა ეს მარცხი და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, მასზე ზეწოლით, გააუქმა არჩევნების შედეგები. საბოლოოდ მას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. თეორიულად, ამ სცენარის განმეორება საქართველოში შესაძლებელია? რასაკვირველია, შესაძლებელია და ეს თუ მოხდა, ძალიან სასაცილო რაღაც გამოვა. მიხეილ სააკაშვილმა, კლასიკურმა ავტოკრატმა აღიარა არჩევნებში მარცხი. მას არ შეეძლო, გაეყალბებინა არჩევნები? არ შეეძლო, ეთქვა, რომ დარღვევებით ჩატარდა არჩევნები და ამ დარღვევების პროვოცირებას თავადვე მოაწყობდა? შეეძლო და აპირებდა კიდეც მსგავს რაღაცებს. დაალაგებდა მერე ძალისმიერი მეთოდებით ყველაფერს. დროებით, მაგრამ მაინც დაალაგებდა. მაგრამ მას დასავლეთის შეეშინდა და უკან დაიხია, არ გადაგდა ეს ფატალური ნაბიჯი. მე პროცესების შიგნით ვიყავი მაშინ, იყო მოსინჯვები, სააკაშვილს ჰქონდა სურვილი არალეგიტიმური გზით შენარჩუნებინა ხელისუფლება, ბეწვის ხიდზე გავიარეთ. თან გაიხსენეთ, არჩევნების პირველ დღეს მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგები იყო გამოცხადებული, არ იყო ჯერ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. ანუ მეორე დღეს სააკაშვილს ჰქონდა მანევრი, ეძალადა არჩევნებზე, მის შედეგებზე, მაგრამ ეს ვერ გაბედა, რადგან იცოდა, დასავლეთი ამას არ „გაუპრავებდა“ და იძულებული გახდა, არჩევნებში მარცხი ეღიარებინა. დღევანდელი ხელისუფლება, მეჩვენება, რომ ამდენს ვერ ხვდება. ისინი მზად არიან, ბოლომდე წავიდნენ. როგორც ჩანს, მათ აქვთ განცდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება მათთვის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია. არც პოლიტიკური გამოცდილება და ხედვა აქვთ იმის, რომ სიტუაციის ამგვარ გამწვავებას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები მათთვისაც და შესაძლოა, ქვეყნისთვისაც.


არც რევოლუციაა გამორიცხული ასეთ შემთხვევაში?


– რევოლუციას თავი გავანებოთ. ოპოზიციას შეუძლია ეს პროცესი სამოქალაქო გამარჯვებამდე მიიყვანოს. თუ ხელისუფლებამ დასავლეთიდან არჩევნების ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს. ყველაფერი აქეთ მიდის, ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა.


– ბიძინა ივანიშვილმა ლობისტების დაქირავება დაიწყო და ვითომ ეს უშველის მისი და „ქართული ოცნების“ წამხდარ რეპუტაციას დასავლეთში, მეტადრე, ამერიკაში, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა?


– ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ლობისტი ამერიკაში. ლობისტი არის სარეკლამო აგენტი, რომელმაც უნდა გააცნოს იქაურ პოლიტიკოსებს შენი გაკეთებული საქმეები, შენი პროდუქტი. თუ პროდუქტი უვარგისია, ყარს და არ იჭმევა, იმას ვერ გაყიდის ვერც ერთი ლობისტი. ეს იქნება ფულის წყალში გადაყრა. ივანიშვილმა ბევრი ფული გადაყარა წყალში თავისი არასწორი პოლიტიკის გამო და არ ჩერდება მაინც. კიდევ გადაყაროს, ეს ჩვენი სადარდებელი არ არის…

ლევან ჯავახიშვილი

ალია №6

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.