რა მოხდება, თუ ქვეყანაში კორონავირუსის გამო ფორს-მაჟორული ვითარება შეიქმნება?

რა მოხდება, თუ ქვეყანაში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ფორს–მაჟორული ვითარება შეიქმნება? რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ და რა – ხალხმა? რა ვალდებულებები ეკისრება ორივეს და რა ვალდებულებებისგან თავისუფლდება ხალხი?

“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მარაგების შევსებაზე ეფიქრა, 2 კვირა იყო გასული ჩინეთში ვირუსის დაფიქსირებიდან და ზღაპრებს გვიყვებოდნენ, თითქოს ჩვენ გამორჩეული ქვეყანა ვართ, კორონავირუსი როგორ იკადრებს, რომ შემოუხვიოს, შერცხვება”

ფორს–მაჟორი – გადაულახავი ძალა.

1.გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია;

2.დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები. თუ ხელშეკრულებაში მის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები (სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, ომები და ა.შ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ფორს-მაჟორის მოქმედების ვადის გადამეტების შემთხვევაში მხარეებს ეძლევათ უფლება უარი თქვან ცალმხრივად მის შესრულებაზე, ისე, რომ მასზე პარტნიორის ან სხვა რომელიმე მხარის (მესამე პირის) მიერ პრეტენზიის წაყენება არ მოხდება.


რა მოხდება, თუ ქვეყანაში ფორს–მაჟორული ვითარება შეიქმნება? რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ და რა – ხალხმა? რა ვალდებულებები ეკისრება ორივეს და რა ვალდებულებებისგან თავისუფლდება ხალხი? როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ფორს–მაჟორში? „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე უპასუხებს.


– ბატონო დემურ, დავუშვათ და ფორს–მაჟორული ვითარება შეიქმნა საქართველოში. რას ითვალისწინებს ფორს–მაჟორი და რა შეძლება ყველაზე უარესი მოჰყვეს მას? თუნდაც, ეკონომიკის სფეროში?


– ფორს–მაჟორულ ვითარებაში ეკონიმიკური საკითხი ცალკე არ ისმება. ექსტრემალური სიტუაცია როდესაც არის და ეპიდემიაა, სახელმწიფოები ასეთ სიტუაციაში მომზადებულნი არიან. ნორმალურ, დალაგებულ სახელმწიფოებზე ვსაუბრობ. საკვების, საწვავის მარაგები, მედიკამენტები, ყველაფერი, რამდენიმე ხნის განმავლობაში ქვეყანას დარეზერვებული უნდა ჰქონდეს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თავი გაიტანოს. ეს რეზერვი ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს, რადგან არავინ იცის, სად და როდის მოხდება მიწისძვრა, წყალდიდობა, იგივე, ეპიდემია… შესაძლოა, ეს მარაგები არც არასდროს დასჭირდეს ქვეყანას, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ჰქონდეს. შემდეგ ხდება მარაგების განახლება, ძველის ახლით ჩანაცვლება. ჩვენ არხეინა ქვეყანა ვართ, ჩვენ არაფერი გვემუქრება და გვგონია, რომ ყველაფერი გვერდს აგვივლის. ამიტომ, არ არის მზად ქვეყანა ამისათვის. ღმერთმა დაიფაროს მთელი მსოფლიო და საქართველო ამ საშინელი დაავადების პანდემიისგან და თუ ეს მოხდა, რომელ ეკონომიკაზეა საუბარი?! ცხადია, ეკონომიკა ძალიან დაზარალდება. წესით, ახლაც უნდა იყოს ჩაკეტილი ტვირთბრუნვა სარისკო ქვეყნებიდან – ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან…  მოქალაქეების მიმოსვლაც უნდა იყოს ჩაკეტილი, რამდენიმე სარისკო ქვეყანასთან აუცილებელია ყველა სახის მიმოსვლა შეწყდეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ რამდენიმე ათეულობით მილიონი იზარალა კონკრეტულად ბიზნესმა და ცხადია, ეს ზარალი სახელმწიფოსაც შეეხება. ამაზე არ უნდა იყოს ახლა ლაპარაკი. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე, ადამიანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაიღუპოს.


– ფორს–მაჟორული ვითარების დროს ადამიანები თავისუფლდებიან ყველანაირი ვალდებულებისა და ხელშეკრულების შესრულებისგან, რაც მათ სახელწიფოს თუ კერძო სექტორის წინაშე აქვთ აღებული. მე მაქვს ერთ–ერთი ბანკიდან გრძელევადიანი სესხი აღებული და სასესხო ხელშეკრულებაში მიწერია, რომ თუ ქვეყანაში ფორს–მაჟორული ვითარება შეიქმნა, ვალდებული ვარ, 10 დღეში ბანკს ძირი თანხა გადავუხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი დამიყადაღებს უძრავ ქონებას და მისი გაყიდვით ამოიღებს ამ თანხას. ცხადია, მერე უკვე პროცენტებით. რამდენად კანონიერია ბანკის ეს მოთხოვნა? თან, ჩემს მდგომარეობაში, ასეულ ათასობით ადამიანია საქართველოში.


– უკანონოა და უნამუსობაა, მეტი არაფერი. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა დანაშაულებრივ გზას ადგას ეროვნული ბანკი, როგორი ცალმხრივია კონტრაქტები. ამის მარეგულირებელი და რეგულატორი ეროვნული ბანკია, რომლის პოლიტიკა უუფლებოს ხდის ადამიანებს, მსესხებლებს. ბანკებისა და მოკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო ხელშეკრულებები არის კაბალური, ეს არის ადამიანების შეურაცხყოფა, მათი უუფლებობის დადასტურება და ამას აკეთებენ ბანკები ხელისუფლების ხელშეწყობით, თაღლითურად და მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. ბოლო 25 წელია ეს სიმახინჯე გრძელდება. არც ერთ ქვეყანაში არ იქცევიან ისე ბანკები თავხედურად, როგორც ჩვენთან. ხომ ვართ დასავლური ორიენტაციის ქვეყანა და მოიქცნენ ისე, როგორც დასავლეთში ხდება და არა ისე, როგორც იქცევიან – ყაჩაღებივით. დავუშვათ, მოხდა რაღაც კატასტროფა, წყალდიდობა, მიწისძვრა ანდა, მართლაც ძალიან გავრცელდა ეს კორონავირუსი და პანდემიაა ქვეყანაში. ამის ნიადაგზე ფორს–მაჟორული ვითარება შეიქმნა. საიდან უნდა მოიტანოთ 10 დღეში ფული? საიდან უნდა გადაუხადოთ ბანკს? თუ გასაქცევად გაგიხდათ საქმე, გადასარჩენად, რომელი სესხის დაფარვაზეა ამ დროს ლაპარაკი? ბიზნესი გქონდათ თუ კერძო ან სახელმწიფო სექტორში იყავით დასაქმებული, თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, მაგრამ გაგიჩერდათ ბიზნესი ან აღარ მუშაობთ კი არა, გადარჩეთ, მეტი არაფერი გაქვთ საფიქრალი და ამ დროს ბანკი მთლიანი სესხის დაფარვას გთხოვთ? ეს არის უტიფრობა. ეს ჩანაწერი ნიშნავს უტიფრობას.


– რა შეიძლება მიქნას ბანკმა, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შევასრულებ და ფორს–მაჟორში ვერ გადავიხდი სესხის დარჩენილ ძირ თანხას?


– ვერც ვერაფერს გიზამთ ბანკი, რადგან ეს არის თაღლითობა, ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და უკანონოა. უუნარო ხართ ფორს–მაჟორის გამო, რომ აღებული ვალდებულება შეასრულოთ და ასეთ დროს, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებით მთლიანად ან ნაწილობრივ. ვერაფერს ვერ იზამენ ბანკები, ამას უზარმაზარი პროტესტი მოჰყვება. გადარჩენაზე თუ მიდგა საქმე, რომელი სესხის გადახდაზე ლაპარაკობენ, ეგენი ვერ არიან სრულ ჭკუაზე. ასეთ დროს, ხდება სახელმწიფოს ჩარევა, სახელწიფო გარკვეულ კომპენსაციას მოგცემთ, იმას გადაიხდით და რაც დარჩება, ჩამოგეწერებათ. დამიჯერეთ, ვერაფერს დაგაკლებენ ბანკები ვერც თქვენ და ვერც სხვებს, ვისაც ეს უნამუსო ჩანაწერი აქვს სასესხო ხელშეკრულებაში ვალდებულების სახით.


– ბატონო დემურ, თქვენ მარაგები ახსენეთ და რისი და რამდენი მარაგი აქვს სახელმწიფოს, ეს არავინ იცის, ამაზე არავინ ლაპარაკობს. თქვენი ინფორმაციით, გვაქვს ეს მარაგები და რამდენი ხნის?


– ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. საბჭოთა კავშირის დროს, თუ გახსოვთ, იყო ე.წ. ენ–ზე. ეს იყო ხელუხლებელი მარაგი ათწლეულებზე გათვლილი. ეს მარაგი დროთა განმავლობაში ძველდება, მაგრამ ახლით ივსება. ამგვარი მარაგები აქვს ყველა ნორმალურ ქვეყანას და ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამას ბიზნესი ვერ გააკეთებს, არც გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ბიზნესს ვერ დაავალდებულებ, რომ ექსტრემალური სიტუაციებისთვის მზად იყოს. ეს მისი გადასაწვეტია, მზად იქნება თუ არა. ბიზნესი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია. ამიტომ არის ეს უტვინობა, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერსო. რას არეგულირებს ბაზარი ექსტრემალურ სიტუაციებში? კერძო ბიზნეს სტრუქტურას, აბა, ადექი და უთხარი, რომ მარაგი შექმნას და ქვეყანა დაიცვას. ეს ხომ აბსურდია? ბიზნესი თუ საერთოდ გაჩერდა, მერე რას შვრები? დარჩება ხალხი საკვებისა და მედიკამენტების, სხვა სასიცოცხლო აუცილებელი პროდუქტის გარეშე. დავუშვათ და ჩაიკეტა კონკრეტული ქალაქი ან რეგიონი, ხალხს ქუჩაში გამოსვლა აეკრძალა. ამ დროს სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს საკვები, წყალი, მედიკამენტი, ყველაფერი, რაც დასჭირდებათ და მარაგი თუ არ აქვს, ვერაფერს მიაწვდის, უკეთეს შემთხვევაში, ორი კვირის მარაგი თუ ექნება ჩვენს სახელმწიფოს და ესეც მეეჭვება.


– მოკლედ, თუ ფორს–მაჟორი შეიქმნა, თუ ბიზნესი გაჩერდა, ერთ თვეში საკვები და მედიკამენტები, შეიძლება, აღარც იყოს ქვეყანაში.


– მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამას წინათ ვესაუბრე ჩემს ყოფილ სტუდენტს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. იტალიაში კორონავირუსის აფეთქება იყო, თავიდან ერთგვარი პანიკა იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა დასტაბილურდა ვითარება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად იძლევიან სრულყოფილ ინფორმაციას. ხალხს ეუბნებიან, რომ ყველა სახის მარაგები გვაქვს, ნუ გეშინიათო. ხალხი დამშვიდდა და ნორმალურად ცხოვრობს, ფრთხილად არიან, მაგრამ პანიკა აღარ არის. სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ეს ამის დამსახურებაა. ჩვენთან 2 კვირა იყო გასული ჩინეთში ვირუსის დაფიქსირებიდან და ზღაპრებს გვიყვებოდნენ, თითქოს ჩვენ გამორჩეული ქვეყანა ვართ, კორონავირუსი როგორ იკადრებს, რომ შემოუხვიოს, შერცხვება. ეს არის ზუსტად სახელმწიფოში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ყველაზე უარესი სიმართლე გვითხრა ჯობია, ვიდრე შელამაზებული ტყუილი. გონიერი ხალხი ვართ, გავიაზრებთ საფრთხეს, რომ რაღაც პრევენციული ზომები მივიღოთ, მოქალაქეებმა ჩვენი საქმე გავაკეთოთ და ხელისუფლებამ – თავისი. არა, ამის ნაცვლად იყო არხეინი საუბრები. აღმოჩნდა, რომ მთლად უდარდელად არ გვქონია საქმე. თუ პანდემია გავრცელდა, არც საზღვარი იქნება დაცული და ვერც იქნება დაცული, კორონავირუსი არავის არაფერს შეეკითხება. ახლა როგორმე უნდა გადავლახოთ ის ექსტრემალური სიტუაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ხასიათისაა.


– ფორს–მაჟორში სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისად მუშაობენ, არაორდინალურ რეჟიმში. ზედმეტი გართულებები თავიდან ასაცილებლად, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარების გამოცხადების საჭიროება ხომ არ არსებობს?


– გააჩნია, რა მასშტაბებით გავცელდება ეპიდემია. არ არის გამორიცხული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ პანდემია იქნება.


– პანდემიის შემთხვევაში, რასაც ფორს–მაჟორი მოჰყვება, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა რამდენად ეფექტური იქნება? ამ დროს მატულობს მორადიორობის, ქურდობის, ძარცვის შემთხვევები.


– ეს უკვე როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, ცნობილია და ყველამ იცის. საგანგებო რეჟიმში მოუწევთ სამართალდამცავ და სხვა უწყებებს მუშაობა. რამდენად ეფექტური იქნება ეს, ვერაფერს გეტყვით. ცხადია, ასეთ დროს ყველაზე ცუდისთვის უნდა ვიყოთ მზად. არ უნდა დავპანიკდეთ, მაგრამ ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. კრიმინალური შემთხვევების მატება, შესაძლოა, იყოს, მაგრამ ეს სახელმწიფოს სტრუქტურების ეფექტურ მუშაობასა და საზოგადოების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. რაც მე ვიცი და კარგად ვარ ინფორმირებული, არაც ერთის მხრივ, რაიმე სახარბიელოს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.


– ბიუჯეტი ბევრ ფულს დაკარგავს ფორს–მაჟორში და ეს ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.


– ქვეყანაში როდესაც ფორს–მაჟორია, ბიუჯეტის დანკარგებზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ. მთავარია, უბედურება იქნას თავიდან აცილებული. თუ დანაკარგები გარდაუვალია, მინიმალური დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, ხალხზე, ხალხის დანაკარგებზე ვსაუბრობ, ეს არის პირველი ამოცანა. ბიუჯეტი დაკარგავს ფულს, ბიზნესი დაკარგავს თუ სხვა დაკარგავს, ეს თავისთავად ასე იქნება, თუ უბედურება მოხდა. ეს არ არის სალაპარაკო, ვინ რამდენს დაკარგავს. უბედურების შემთხვევაში ყველა კარგავს მოქალაქეც, კერძო სექტორიც და სახელმწიფოც. ის სახელმწიფო კი ჩვენია. საუბედუროდ, ეს ჩვენმა ხალხმა არ იცის.


– ბიუჯეტის დანაკარგები რატომ მადარდებს, იცით? თუ ფორს–მაჟორში მოვხვდით და იქიდან გამოვაღწიეთ, მერე იქამდე ხომ არ მივა საქმე, რომ სახელმწიფომ ვეღარ დაარიგოს ხელფასები, პენსიები, სოციალურად დაუცველთა შემწეობები?…


– კიდევ ერთხელ გეუბნებით. ყველაფერს გააჩნია თავისი მასშტაბები. იმის თქმა, რა იქნება, წინასწარ შეუძლებელია. კარგი იქნება, თუ არ იქნება ფორს–მაჟორი, მაგრამ თუ ამ ვითარებაში აღმოვჩნდით, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ყველა რისკს, ყველაზე უარეს მოსალოდნელ ვითარებას გათვლიან და ამ ვითარების შესაბამის პრობლემებს გაუმკლავდებიან. ყველა მოსალოდნელი სცენარი მათთვის ცნობილი უნდა იყოს და ყველა მათგანზე რეაგირების გეგმები უნდა არსებობდეს, ცხადია, ყველა შესაბამისი რესურსით. ეს ერთ დღეში არ კეთდება, მაგრამ არც წლები უნდა დაგჭირდეს. საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნა აუცილებელია. ამის არ გამკეთებელი სახელმწიფო, სახელმწიფო არ არის.


– ისე, მარაგების შევსება არც ახლაა გვიან, თუ მოინდომეს.


– კი, ახლაც შეიძლება. ამ ეტაპზე საუკეთესოა ჩვენსას მიხედონ, სოფლის მეურნეობის სფეროს. დამუშავდეს მიწები და დაითესოს, რაც დასათესია. სწრაფად იძლევა შედეგს. წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენთან ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი შემოდის ირანიდან, რომელთანაც, შესაძლოა, დროებით, იძულებულნი გავხდეთ, შევაჩეროთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობები კორინავირუსის შიშით. ჩვენ ამ დროს გვეუბნებიან, რომ სახელმწიფომ გამოყო მილიარდი და სოფლის მეურნეობას მოახმარეს. სოფლის მეურნეობას კი არ მოახმარეს, იმპორტიორებს მოახმარეს, რომელთაც ამ ფულით პესტიციდები შემოზიდეს და გაანადგურეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია. რომ შეამოწმო, მათი ჭამაც კი არ შიძლება. ამ საფრთხემ ის მაინც უნდა გამოიწვიოს, რომ ხელისუფლებამ გადახედოს ბევრ ისეთ საკითხს, რომლებზეც დღემდე არც კი უფიქრია მშვიდობიან ვითარებაში. მოკლედ, ახლა მაინც უნდა გამოფხიზლდნენ. მარაგების შევსება, რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზეც შესაძლებელია, მაგრამ ამას ვინმე აკეთებდეს, მე არ მსმენია.  


– მოკლედ, თუ კორონავირუსის პანდემია იქნება, ვინც ვირუსს გადაურჩება, ისინი შიმშილით დაიხოცებიან.


– ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა პანდემიისგან! ყველაზე კარგია, არაფერი მოხდეს. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მაინც არის ხალხი, ვისაც ფიქრის უნარი გააჩნია და იმედი მაქვს, რომ საფრთხე აიძულებს ადამიანებს, რომ მობილიზაცია გაუკეთონ ყველა იმ უწყებას, ყველა იმ ფინანსურ და სხვა სახის რესურსს, რომელის, შესაძლოა, გარდაუვლად გამოსაყენებელი გახდეს, თუ რაიმე ცუდი მოხდება. ჯერჯერობით, საფრთხეებია სერიოზული, დღეები გადის, საფრთხე მატულობს.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №9

  •  
  •  

კომენტარი

  1. :(:(

    უფრო გაამუქეთ ყველაფერი, ხალხს რომ გულები დაუხეთქოთ.

    1. ანონიმური

      პანდემია გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ. ამას უკვეფორს–მაჟორი მოჰყვრბა თავისთავად. ორშაბათს გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ, დღეს ოთხშაბათია. რა არის აქ გამუქებული, ახლა მითხარი.

  2. ანონიმური

    ლამაზ ტყუილს, მწარე სიმართლე მირჩევნია მოსალოდნელი სცენარის გამკლავებისთვის, ჩემი ოჯახის შესაძლებლობის რეგულირებისთვის

  3. ანონიმური

    არა მგონია ასე საზოგადოების დაპანიკება მიზანშეწონილი იყოს ამ ეტაპზე. სიფრთხილის ზომების გათვალისწინება კი აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. კორონა ჩვენ ვერ მოგვერევა.

  4. ანონიმური

    რა თქმა უნდა ეს იდიოტიზმი არ წავიკითხე, რატომ იხევი?კარგად გაითავისეთ, ვირუსიანები მივალთ არჩევნებზე და თქვენ ხროვას დიდ ჯვარს დაგადებთ.

  5. ანონიმური

    კიდევ რას დაატებდით?
    აბა წადულია ჩვენი საქმე!ხალხს ასე რომ აშინებთ ამ ზღაპრებით არ გეცოდებათ?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.