რა კითხვებია გიორგის საქმეში, რითი ხსნის „ალიასთან“ ბიძა ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს და რა ახალ დასკვნებს ელოდებიან ექსპერტები?

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს არა აქვს მოტეხილობა, მაგრამ აქვს 12 დაზიანება, რომელიც გამოკვეთილია სისხლნაჟღენთების სახით და ექსპერტის დასკვნით, ყველა დაზიანება მიყენებულია სიცოცხლეში.
გიორგი წყალშია დამხრჩვალი, ექსპერტმა პლანქტონი აღმოაჩინა თირკმელში, როგორც ამას ორი კვირის წინ ვწერდით, იმის დასადგენად, ასფიქსია წყალში განხორციელდა თუ არა, პირველ  რიგში იმას იკვლევენ, არის თუ არა ე.წ. მცირე ზომის წყალმცენარეები, პლაქნტონები მოხვედრილი თირკმელში – და კი, აღმოჩნდა.


ბიძა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, ბოლო წლების მანძილზე ადვოკატურ საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ მათი შვილი, ჯერ სცემეს, მერე წყალში ჩაახრჩვეს და არაგვს გაატანეს. ბიძა იმასაც ამბობს, რომ ამ დაზიანებებზე პირველივე დღეებში იცოდა.


„ალიას“ მკითხველი დაკვირვებულია და არ მაპატიებდა, ბიძისთვის რომ არ შემეხსენებინა, რატომ გვითხრა 2 კვირის წინ, რომ გიორგი, რომელსაც ეშინოდა წყლის, შეიძლებოდა მუხლამდე ცივ და სწრაფ წყალში დამხრჩვალიყო, თუ იცოდა, რომ მას სიცოცხლეშივე ჰქონდა დაზიანებები მიყენებული – ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ ასე გამიზნულად გვითხრა, რადგან, არ უნდოდა სცდონოდათ, რა ვერსიაზე მუშაობდა – რათა ბრალდებულებს არ ჰქონოდათ ერთმანეთში მოლაპარაკებების და შეთანხმების დრო. მირიან ნიკოლაძესთან საუბარს ცოტა ქვემოთ წაიკითხავთ, მანამდე კი დავუბრუნდეთ ექსპერტიზის დასკვნას.

მიყენებული დაზიანებებიდან, ერთი ყველაზე დიდი ზომისაა – საზარდულსა და ბოქვენზე გარდამავალი სახის დაზიანება ზომით 32X8-ზე. ბიძამ ეს დაზიანება განმარტა, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ხის დიდი ზომის მორი, მაგალითად… ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქვა, რკინა და ფეხი…

როგორც ჩანს, ეს ვერ იქნება აღმოჩენილი და უკვე საქმეში ჩადებული რკინის ჯოხი, რადგან მას საკმაოდ წვრილი გარშემოწერილობა აქვს და შესაფერის კვალს დატოვებდა. ქვა მეტწილად ჭრილობას ტოვებს და არა მხოლოდ სისხლნაჟღენთებს. რა შემთხვევაში შეიძლება ამ ზომის დაზიანების კვალი დარჩეს სხეულის ამ ნაწილზე – საზარდულზე და თან გარდამავალი სახის? –

ბევრმა რამ, მაგრამ უმეტესად, ეს შეიძლება იყოს მანქანა.

მანქანის დარტყმისას, სამი სახის დარტყმა უნდა გავითვალისწინოთ:


1.    მანქანა არტყამს ადამიანს – პირველი დარტყმა სხეულის იმ  ნაწილზე ტოვებს კვალს, სადაც დაარტყა.
2.    დარტყმის ძალა აგდებს კაპოტზე – შემდეგ დაზიანებას აქ იღებს მსხვერპლი.
3.    „კაპოტიდან“ ვარდება ასფალტზე და აქ კიდევ ერთხელ იღებს დაზიანებებს.


შეიძლება თუ არა გიორგის გონება დაეკარგა? – დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, ამბობს, რომ ამ დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლოა, გიორგის ჰქონოდა ტვინის შერყევა და შეიძლებოდა გონი დაეკარგა.

შეიძლებოდა თუ არა მანქანის დარტყმის დროს გიორგის მიეღო მსგავსი ტიპის დაზიანებები? გიორგის სიმაღლე იყო 169 სანტიმეტრი და იმ შემთხვევაში, თუ მას დაარტყამდა სედანის ტიპის ავტომანქანა, სავსებით შესაძლებელი იყო, მას ზუსტად საზარდულისა და ბოქვენის მიდამოებში მიეღო დაზიანება… დანარჩენი დაზიანებები თავისუფლად შეეძლო მიეღო „კაპოტსა“ და ასფალტზე.


ხომ არ გადაკვალიფიცირდება საქმე, თუ დამტკიცდება, რომ გიორგის მანქანამ დაარტყა და ისე ხომ არ მოხდება, რომ მკვლელი, ვინც არ უნდა იყოს ის, 109-ე მუხლით ვეღარ გასამართლდება? მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სიმართლეა და არა მუხლი, ჩვენ ამ თემაზეც გავიარეთ კონსულტაცია იურისტთან – გვითხრეს, რომ არა, პირიქით, ეს უფრო მყარად ასახავს 109-ე მუხლს ამ შემთხვევაში, რადგან, როცა ჩხუბისას შემოგაკვდება ადამიანი – რთულია დადგენა, გამიზნული იყო თუ არა მკვლელობა, აი, როცა გამიზნულად მისდევ ადამიანს ანგარიშგასასწორებლად და არტყამ მანქანას, ამ შემთხვევაში, იმის დამტკიცება, რომ შენ მისი სიკვდილი არ გქონდა განზრახული, ძალიან რთულია. ასეა, თუ ისე, ჩხუბისა თუ მანქანის დარტყმის შემდეგ, გიორგის დაზიანებები არ იყო მომაკვდინებელი და გვაქვს მეორე ფაქტი – იმ შემთხვევაშიც კი, გიორგი რომ ფერდობზე დაგორებულიყო, თავისით წყალში ვერ აღმოჩნდებოდა და იგი, ვიღაცამ ჩააგდო მდინარეში – შესაბამისად, 109 მუხლს ვერავინ შეცვლის. თუმცა ექსპერტიზის ამ პასუხით, მოწმეთა არსებული ჩვენებებით, მას ვერც ვერავინ დაამტკიცებს და პროკურატურას დიდი გარჯა მოუწევს ამ მუხლით ბრალის დასამტკიცებლად. ამას უკვე ისიც ცხადყოფს, რომ მართალია, საქმე გადაკვალიფიცირდა 109 მუხლით, მაგრამ დაკავებული 17 ადამიანიდან, ჯერ ვერც ერთს ვერ წაუყენებს ამ მუხლით ბრალი.


ცდილობს თუ არა შსს და პროკურატურა საქმის გამოძიებას?

ერთი შეხედვით, კი. 4 ივლისს ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა გადაიწვა – შსს მხოლოდ 8 ივლისს ჩავიდა და შეამოწმა, მანამდე ელოდა, ხომ არ დაგვავიწყდებოდა – რომ ნახა მედიამ 5-შიც გააშუქა, 6 რიცხვშიც, 7-შიც და არა და არ დაავიწყდა, 8 ივლისს ინება ადგილზე ჩასვლა და დაწვეს ჯართის შემგროვებლებმაო, გვითხრეს. მხოლოდ შაბათს ჩავიდნენ და შემოსაზღვრეს!

ახლა ცალკე პროკურატურა, ცალკე ბიძა, ცალკე დამოუკიდებელი ექსპერტი იმას ამბობს, ორშაბათიდან შემთხვევის ადგილებზე უნდა გავიდეთო, ახალი კვლევები უნდა დავიწყოთო…

საქმე ისაა, რომ ფერდობი, რომელიც ბიძის თქმით, იმ ღამით გიორგიმ ჩაირბინა თავდამსხმელებთან ერთად, ისედაც ყოველი ფეხის დაბიჯებისას იშლება და არათუ შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილის რელიეფიც კი შეცვლილია უკვე.

შსს და პროკურატურა მუშაობს? და მაშინ, როგორ მოხდა, რომ ბრეგვაძემ ვის დაურეკა, ისევ არ ვიცით? პირველი ზარი განახორციელა ნომერთან, რომელიც უცნობიაო – დიდი ალბათობით, ოპერატიული ნომერი, ანუ, ძალოვანის თანამშრომლის და მაგიტომ ვერ მოხვდა ამონაწერში…

ამის შემდეგ ფოტოგრაფს ურეკავენ მცხეთის პოლიციიდან, რა დროსაც, სავარაუდოდ კარნახობენ პატრულის თანამშრომლის ნომერს, იაკობი თავად ურეკავს პატრულის ეკიპაჟის წევრს, მერე იაკობს უკვე ურეკავს 112 (თავად 112 რეკავს და არა პირიქით) და მერე ისევ მცხეთის პოლიცია. 5 ზარი განხორციელდა ფოტოგრაფის ტელეფონზე და აქედან არც ერთი არ იყო გამავალი ზარი 112-ში!

შეგახსენებთ, აქვე, რომ ფოტოგრაფი შსს-ს მაღალჩინოსნის ნინო გიორგობიანის ნათესავია. დაურეკა თუ არა გიორგობიანს ფოტოგრაფმა? – ამ კითხვაზე გამოძიებას არ აქვს პასუხი. არა, იმას კი არ ამბობს, არ დაურეკავს ნინოსთანო – საერთოდ არა აქვს პასუხი, არც იმჩნევს, რომ ასეთი კითხვა არსებობს!

შესაბამისად, იმის დაჯერება, რომ შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რთულია – მაგრამ „ალიას“ მოაწოდეს ორი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ოჯახი დაარწმუნონ, რომ დღესა და ღამეს ათენებენ მუშაობაში და როგორც გვიყვებიან, ამ ორი ადამიანიდან  – ერთი შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და მეორე სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილია. ეს ის ორი ადამიანია, რომლებსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირდაპირი კავშირი აქვთ საქმესთან:


„ყველაზე ხშირად ერთ კითხვას უსვამენ ოჯახს და ბიძას – თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ გინდათ, რომ გავაკეთოთ? ახლა რომელი ქმედება მიგაჩნიათ უპრიანად? – სწორედ ამიტომ არიან მიგზავნილნი კონკრეტულად ეს ორი პირი, ისინი ეუბნებიან, რომ თავად თავიდან ბოლომდე არ იცნობენ საქმეს და ამიტომ ეკითხებიან კონკრეტულად ოჯახს და არ ეკითხებიან გამომძიებელს… ასე ნდობას იპოვებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ მუშაობენ“ – გვიყვება წყარო

დღე და ღამე მუშაობა არ არის მტკიცებულება, შეიძლება ერთი ბოსტანი ათჯერ გადაბარო და არ დაისვენო, საქმე ისაა, იმ ბოსტანს ბარავ თუ არა, რომლის დაბარვაც გჭირდება.


დანაშაულის ადგილი და გვამის აღმოჩენის ადგილი:

მანძილი დანაშაულის სავარაუდო ადგილსა და გვამის აღმოჩენის ადგილს შორის 850 მეტრია და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყველა გვიმტკიცებდა, რომ არაგვი სწრაფი და აგრესიული მდინარეა, ახლა გვეუბნებიან, რომ მდორეა და მდორედ და ნაზად გადაიტანა ცხედარი, აარიდა ყველა ქვას და არც ერთი დაზიანება ამიტომ არა აქვს სიკვდილის შემდგომი გიორგის, ამიტომაა ტანისამოსი დაუზიანებელი, პერანგის ყველა ღილი შეკრული.


კარგი, დავუშვათ, დავიჯერეთ, რომ არც ჩხუბის, არც წყალში 4 დღიანი გადაადგილებისას, არც ერთი ღილი არ დაზიანდა და მხოლოდ ფეხსაცმელი გახადა გიორგის წყალმა – მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ნანახი, წყალში ნაპოვნი ტანსაცმელშემოხეული ცხედარი, დავუშვათ, დავიჯერე – ოთხი დღის მანძილზე ატარებდა მდინარე გიორგის და 4 დღის მანძილზე მაშველები ეძებდნენ, ამ 850 მეტრში არაერთ ადგილას მდინარის სიღრმე 50 სანტიმეტრია და არაერთი ლოდია გზად – არსად გამოჩნდა სხეული? თუ ვერავინ მოიფიქრა, მდინარის ნაპირს გაყოლოდა დინების მიმართულებით?

ნუთუ 850 მეტრის ნაპირის გავლას 4 დღე დასჭირდა?

და თუ გიორგის სხეული შემთხვევის ადგილიდან გადაიტანეს? – მაშინ უკვე გასაგები ხდება, რატომ შეიძლებოდა ვინმეს გადაეწვა შემთხვევის ადგილი, შეიძლება სულაც იქ აღმოჩენილიყო გიორგის დნმ, ახლა უკვე ამაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს.

ისიც გასაგები ხდება, რატომ შეიძლებოდა წაეშალათ ფოტოგრაფის ფოტოაპარატში ფოტოები, მხოლოდ ორი მანქანის ნომერი არ იყო ხომ ფოტოაპარატზე აღბეჭდილი?


დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც არ მალავს, რომ ბიძის, მირიან ნიკოლაძის მეგობარი და ძმაკაცია, არ დასწრებია გაკვეთას, ექსპერტიზის წვრილმანებზე საუბრობს და ვიკითხეთ, რა შემთხვევაში შეიძლება წარადგინოს იმ ექსპერტმა, რომელიც არ ესწრებოდა გაკვეთას, იმ ექსპერტის მოსაზრება, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა?


ერთი პასუხი არსებობს მხოლოდ – გარდაცვლილი თუა ექსპერტი, მხოლოდ მაშინ შეუძლია მეორე ექსპერტს წარადგინოს დასკვნა.

ეს ის შემთხვევაა, სადაც სუბორდინაცია არაფერ შუაშია და საუბრობს ის, ვინც ხელი მოაწერა. ექსპერტს არა აქვს უფლება დასკვნა გააკეთოს იმის მიხედვით, რაც არ არსებობს – არა აქვს უფლება ისაუბროს იმაზე, რატომ არ არის ესა თუ ის კვალი, როგორც ვიცით, ექსპერტის იმ აზრს, რამ გამოიწვია კვალის არქონა – არც ერთი სასამართლო არ გაითვალისწინებს, სასამართლო მხოლოდ არსებულ კვალზე გაითვალისწინებს ექსპერტის მოსაზრებას.


შესაბამისად, იმედია, ბატონი ალექსანდრე ყურად იღებს ჩვენ რჩევას და საზოგადოებას წარუდგენს ექსპერტს, რომელიც იმყოფებოდა გვამის გაკვეთაზე და უშუალოდ იყო პროცესებში ჩართული, რომელსაც შეუძლია ახსნას მაგალითად, როგორი იყო გარდამავალი დაზიანება საზარდულზე, სად როგორი ფერის სისხლნაჟღენთი იყო.

რატომ უნდა მოგვიყვეს? – იკითხავთ ახლა – იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება გაყალბებული საქმეების, იმიტომ რომ ხელს ვხედავთ უკვე, რომელიც ბრეგვაძის (ფოტოგრაფის) ტელეფონსაა დაფარებული და სხვა ხელიც არსებობს ამ საქმეში – რატომ არ ჩაუტარდა ადგილზე მყოფ ყველა მანქანას ტრანსოლოგიური ექსპერტიზა? რითიც დადგინდებოდა, აღენიშნება თუ არა მანქანას შეჯახების კვალი.

ახლა მირიან ნიკოლაძესთან „ალიას“ საუბრის ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:


– ფიქრობთ თუ არა, რომ „მერსედესის“ და ტოიოტას“ მგზავრებს ჰქონდათ კავშირი და აკისრებთ თუ არა „მერსედესის“ მგზავრებსაც პასუხისმგებლობას?


– კონტაქტი რომ ჰქონდათ, დადასტურებული ფაქტია, ერთად დაგეგმეს, ესეც დადასტურებული, ბოლო მომენტში ჰქონდათ თუ არა კონტაქტი, ეს დაუდასტურებელია


– ტოიოტა 6 წუთი იყო ადგილზე გაჩერებული, ეს დრო საკმარისი იქნებოდა?


– არ დაიჯეროთ, ეს არის სისულელე, რომელიც “მთავარმა“ გაავრცელა, ის 6 წუთი ის პერიოდია, როცა გაეკიდნენ ბავშვებს, მერე ბრუნდება მძღოლი, მიდის ჯვრის მონასტრისკენ, ბრუნდება საგურამოს გადასახვევთან და მოდის ისევ, არაგვის ხიდის ძირში, შესაბამისად, იყვნენ არა 6 არამედ მინიმუმ 16 და არ არის გამორიცხული, რომ 26 წუთიც


– თქვენ ახლა ამბობთ, რომ ექსპერტიზის პასუხი უკვე რამდენიმე დღეშივე იცოდით, თუმცა, ჩემთან საუბარში ადრე თქვით, რომ შეიძლებოდა გიორგი მუხლამდე წყალშიც დამხრჩვალიყო ცივ და სწრაფ არაგვში.


– იმიტომ გითხარით, რომ ბრალდებულებს არ დაეჭირათ თადარიგი, არ გასულიყვნენ ერთმანეთთან კონტაქტზე. მე, დედამაც და მამამაც, მესამე დღეს უკვე ვიცოდით ექსპერტიზის პასუხები.


– ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია?


– 12 დაზიანებაა და ყველა სიცოცხლის დროინდელი, გამორიცხულია, დაგორებით, წაქცევით, ერთჯერადი დარტყმით მიეღო ეს დაზიანება, სცემეს, შემდეგ დაახრჩვეს არაგვში და გადააგდეს, ან, ნაცემ მდგომარეობაში გადააგდეს.


– ფეხსაცმელი არ უპოვნიათ, ხო?


– არა, ერთი რაც ამოიღეს, არ იყო გიორგისთან კავშირში და გიორგის ფეხსაცმელი, წყლის ჭავლის ზემოქმედებით გაძვრა.


– თუმცა, დაზიანება არა აქვს ტანსაცმელს და ამ 850 მეტრზე დაზიანება რომ არ მიიღო არაგვში, არ გიკვირთ?


– ეს დამოკიდებულია დინებაზე და ფსკერზე. ბავშვს სიკვდილის შემდგომი დაზიანებები არ აქვს სხეულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შეეძლო ტანსაცმელიც არ დაეზიანებინა, არააგრესიული დინებით ჰყავს დაცურებული, თორემ, თუნდაც მსუბუქი დაზიანება ექნებოდა.       

– შეიძლებოდა სხვა ადგილას მომხდარიყო წყალში დახრჩობა?


–  არა, შემთხვევის ადგილი რომ ნახოთ, ეს კითხვა აღარ დარჩება.


– რატომ, კვალია?


– არა, ლანდშაფტის კუთხით. ამიტომ ვეხვეწებოდი იმ დეგენერატებს, როცა არ იცით, სხვას მაინც დააცადეთ, ვითომ ყველაზე მეტად შესტკივათ გული და ყველაზე მეტად უნდათ სიმართლის დადგენა, ამ დროს ბრალდებულის წისქვილზე ასხამენ წყალს.


– წელი, საზარდული, ბოქვენი – ამ ადგილებში აქვს ყველაზე დიდი დაზიანება, თქვენ პროკურატურის თანამშრომელი იყავით და ახლა ადვოკატი ხართ, ავარიის ბევრი შემთხვევა გექნებათ ნანახი, არ გიფიქრიათ, რომ ეს მანქანის კვალია?


– რა მანქანის დარტყმას? ექსპერტი ამბობს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიზანმიმართული ძალადობით. რომ დაერტყათ მანქანით, იმ დამტვრეულ ბავშვს, იმ სიბნელეში დატოვებდნენ იქვე და გაიქცეოდნენ, მეხუმრებით? ბავშვის ჩაყვანა იმ ფერდობზე და არაგვში ჩაგდება? ეს რთული ამბავია.


–  შემთხვევის ადგილები, რომელთა კვლევა უნდა გაგრძელდეს ორშაბათიდან, დაცული არ იყო, პრეტენზია არ გამოთქვით ამასთან დაკავშირებით?


–  დაცული რას ქვია, ნიმუშები აღებულია, კვლევები ამოღებული, რა გგონიათ, შეგიძლიათ სამი წელი დაიცვათ შემთხვევის ადგილი? 


– ორშაბათიდან გრძელდება კვლევები და ისევ უნდა ჩავიდეთ შემთხვევის ადგილზეო, თქვით.


– ნიადაგმცოდნესთან ერთად, კი.


– მასალა რასაც ახლა აიღებენ, ანალიზისთვის გამოადგებათ?


– შესადარებელი კვლევისთვის რასაც წამოიღებენ საკმარისია და მერე ექსპერტიზა თუ დაადგენს და რას დაადგენს, გამოჩნდება.

კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი:

-ბატონო ზაზა, ფოტოზე ტანსაცმელი ჩანს დაუზიანებელი. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როცა ცხედარი ნაპოვნია 850 მეტრის დაშორებით?

-ფოტოზე არ გამოჩნდება, ის რაც უნდა ვნახოთ. ტანსაცმელი უნდა გამოიკვლიო მიკროსკოპით, ყველა უჯრედი…

-რისი პოვნის იმედი შეიძლება გვქონდეს ტანსაცმელზე წყალში ყოფნის შემდეგ? ნაწილაკები არ განადგურდებოდა?

-გააჩნია ნაწილაკებს… შეიძლება დაზიანებების კვალიც აღმოჩნდეს მიკროსკოპულად.

-ერთობლივად რატომ არ ტარდება სამედიცინო და სხვა ექსპერტიზები?

-გარდაცვალების მიზეზი რომ სხვა რამე ყოფილიყო? მაგალითად, გული გაუსკდა შიშით?

-ქათამაძეა ნაცემი და კიდევ ერთი პირი, ცემის ფაქტის გამო გავაგრძელებდი ექსპერტიზებს, მაგალითად.

0არა, ჯერ სჭირდება სამედიცინო დასკვნა და მერე უნდა გააკეთოს სხვა ექსპერტიზები, როცა გეცოდინება გარდაცვალების მიზეზი. ჯერ მხოლოდ სამედიცინო დასკვნა დევს, რაც ჩემი პროფილი არაა,  დანიშნულია სხვა ექსპერტიზებიც ტრანსოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, ნიადაგის – მათი პასუხების შემდეგ, შემეძლება აზრის გამოთქმა. ამ დასკვნებს რომ მიიღებენ, შემდგომ კიდევ დანიშნავენ ექსპერტიზებს. ნივთიერებების გამოკვლევების შედეგი წრეს დაავიწროებს, იმედია.

ადვოკატი მარი შათირიშვილი

ექსპერტიზის დასკვნის გამოცხადებამდე, ერთი კვირით ადრე, მარი სოციალურ ქსელში წერდა, რომ შეუძლია გამოიცნოს, რა იქნება ექსპერტიზის პასუხი.

„ალია“ მას მაშინ დაუკავშირდა, გაარკვია რას ფიქრობდა (ამის ჩანაწერიც გვაქვს) და მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხი გამოქვეყნდა და მივხვდით, რომ მარის ნათქვამს დაემთხვა, ვთხოვე, აეხსნა, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე და რა უცნაურობებს ხედავს საქმეში:


„როგორც ვივარაუდე ისეთი დასკვნა დაიდო, ნაცემია და წყალში დამხრჩვალი. ისიც ვივარაუდე, რომ მეტ კითხვას დატოვებდა და ასეც მოხდა. მიხვედრა ისე არ მიჭირს ხოლმე, როგორც განმარტება, თუ როგორ მივედი ასეთ დასკვნამდე. შევეცდები, ავხსნა:

ჩემი პირველი გაოცება გამოიწვია ოჯახის წარმომადგენლის განცხადებამ გიორგის გაუჩინარებიდან, თუ არ ვცდები, მესამე დღეს, როცა მან განაცხადა, რომ შეიძლება, ბავშვი შეშინებულია და სადღაც ბუჩქებში იმალება! დამეთანხმებით, რომ სამართლებრივ სფეროში გამოცდილების მქონე ადამიანისათვის ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი აღარ იყო – ეს ეჭვს თითქმის არ იწვევდა. იმ ვიდეომასალიდან გამომდინარე, რაც გასაჯაროვდა. აშკარა იყო, რომ მოხდა ჩხუბი. იარაღი არ ფიგურირებდა. ამას არავინ ადასტურებდა. გიორგი გაექცა თავდამსხმელებს და გაქრა. გაქრა არაგვის ნაპირზე. ცემით ადამიანის მოკვლა არაა ხშირი შემთხვევა. გასაჯაროებული ჩვენებებიდან და სხვა დეტალებიდან გამომდინარე, ეს გიორგის შემთხვევაშიც გამოვრიცხე. დარჩა არაგვი და გაუჩინარებული ბიჭი. ამდენად, ვივარაუდე – გიორგი დაიხრჩო.

მანამდე მიღებული აქვს დაზიანებები, მაგრამ ისინი არ იქნებოდა მომაკვდინებელი.

იყო და რჩება ჩემთვის არაერთი უცნაური და უპასუხო გარემოება. თუნდაც ის, რომ საქმეში არ არის შემთხვევის ადგილი! სად და როგორ გარდაიცვალა გიორგი?- არ ვიცი!

იმედია, გამოძიება დაადგენს, თუმცა მგონია, რომ გაუჭირდება- ბევრ რამეში დააგვიანა გამოძიებამ. გამოდევნებას, დაწევას, ცემას, გათიშვას, მდინარესთან მითრევას, დახრჩობას, გადაგდებას და შემთხვევის ადგილის დატოვებას რამოდენიმე წუთი ნამდვილად არ ეყოფა! თავდამსხმელები არ არიან პროფესიონალი ქილერები ან ფილმის გმირები, რომ ეს ყველაფერი 10-15 წუთში, თუნდაც – ნახევარ საათში მოეგვარებინათ. ამისათვის საკმაო დროა საჭირო. ჩემთვის ესეც ამ დროისთვის დიდი კითხვის ნიშანია.


საერთოდ არ არის ჩემთვის კითხვის ნიშანი ესოდენ ყურადღების ქვეშ მყოფი წელის პატარა ჩანთა. დარწმუნებული ვარ, რომელიღაც თანამშრომელმა დაინახა ბუჩქებში დაგდებული, აიღო და დადო იქ, სადაც იდო.

თუ გავითვალისწინებთ იმ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც პოლიციამ და პროკურატურამ გამოიჩინა შემთხვევის, ამ შემთხვევაში – ჩხუბის ადგილის მიმართ, ეს ჩვეულებრივად გამოიყურება. პოლიციამ გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა პირველივე დღეებში, როცა რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის – თანამშრომლებმა, მაშველებმა, ოჯახების გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა და ცნობისმოყვარეებმა ისე გადათელეს არაგვის სანაპირო, რომ წაშლილი იქნება ყოველგვარი კვალი და გამქრალი იქნება საქმისათვის, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები. ის ფაქტი, რომ მხოლოდ ხანძრის შემდეგ შემოევლო ყვითელი ლენტი ობიექტს, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, ხოლო სანაპიროს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდა, მხოლოდ მე არ მეჩვენება უცნაურად. თუმცა ეს განგებ გაკეთდა თუ არაკვალიფიციურობის და გულგრილობის გამო, ეს სუბიექტური შეფასების ამბავია. მე პირადად მეორე უფრო მგონია.

საქმის გახსნის ინტერესიდან გამომდინარე, სრულიად უცნაურად მეჩვენება 17 ადამიანის დაკავება და ბრალდებულის სახით ციხეში გაშვება. ამის შედეგია ის არეულ-დარეული ჩვენებები, რომლებიც, როგორც უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლოზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ყველას თუ ციხეში ჩაყრი, ჩვენება ვინღა უნდა მოგცეს?!. . .ეს გამოძიების პრობლემაა, მაგრამ საბოლოოდ საქმეს აზიანებს.

თამო კეშელავა, ალია №23

555 46 08 04

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სადაც გადაწვეს, დანადაულიც (სიკვდილამდე მიყვანა) იქ მოხდა და ჩანთა დადეს გამიზნულად წყალში ჩამგდებებმა ზუსტად იქ, სადაც აპირებდნენ მის ჩაგდებას – ანადგურებენ ზუსტად იმას, რაც ხელს უშლით და … ჩანთის დადებით
    მიგანიშნეს სად უნდა გეძებნათ

  2. ანონიმური

    სავარაუდოდ ასეა, მაგრამ ამდენს მარტო ვერ მოიფიქრედნენ, შსს და გიორგობიანი არიან ბრეგვაძესთან ერთად კვალის დაფარვის და განადგურების ფიგურანტები. ესაა ჩემი აზრი.

  3. ანონიმური

    Ki martlebi xart zustad masea giorgobiani figurirebs.

  4. ანონიმური

    რა ეშვეშველება ამ ქვეყანას! რა გამოლევს გიორგობიანებს და გომელაურებს.

  5. ანონიმური

    უნდა დაველოდოთ გამოძების შედეგებს

  6. ანონიმური

    ყველაფეირ მალე გაირკვევა იმედია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.