რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კატამ? – კატის ნაკაწრის დაავადების ჩივილები – სანდრო თელია

“მტკიცებითი მედიცინის ცენტრი“-ს ექიმი, სანდრო თელია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“10-წუთი ექიმთან

რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კატამ?

თუ კატა გყავთ სახლში ან კატასთან გქონდათ კონტაქტი

აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოსტში გარკვევით წერია, რომ არ არის აუცილებელი ყველას ვისაც კატასთან აქვს კონტაქტი ეს ინფექცია დაემართოს.

მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ეს პოსტი არ არის მოწოდება, რომ “თურმე” ვინმემ “კნუტი” უნდა “მოიცილოს” სახლიდან ან “ვინმე უნდა შეშინდეს”.

პოსტის მიზანია მხოლოდ პაციენტის განათლება და ამ ნოზოლოგიას თავისი ICD10 კოდი აქვს: A28.1

ასე რომ გთხოვთ კომენტარებში თავი შეიკავოთ არასერიოზული და ინფანტილური კომენტარებისგან.

რა არის კატის ნაკაწრის დაავადება?

● ინფექციაა, რომელიც კატებში მობინადრე ბაქტერიით არის გამოწვეული.

● ეს ბაქტერია კატებში ავადმყოფობას არ იწვევს

● მაგრამ ეს დაავადება დაგემართებათ თუ დაინფიცირებული კატა (რწყილით) გაგკაწრავთ ან გიკბენთ

● ასევე დაგემართებათ თუ დაინფიცირებული კატა ალოკავს თქვენს თვალებს, პირს ან კანზე არსებულ ღია ჭრილობას

● ბაქტერიით შესაძლებელია დაინფიცირდეთ ასევე თუ კატის ბეწვზე მოფერების შემდეგ ამ ხელს თვალებში მოახვედრებთ

● კატის ნაკაწრის დაავადების მქონე ადამიანების უმრავლესობა ვერ იხსენებს კატით დაკაწვრას ან კბენის ეპიზოდს.

● ახალგაზრდა კატები (< 1 წელზე) უფრო მეტი ალბათობით დაგაინფიცირებთ ვიდრე უფრო დიდი ასაკის

● ეს ინფექცია იწვევს სიწითლეს, შეშუპებას და მცირე ზომის ამობურცულობას კბენის ან ნაკაწრის მიმდებარე ადგილას

● ის ასევე იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას (იღლიის, იდაყვის, საზარდულის, კისრის და ა.შ.)

● ლიმფური კვანძები ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია და მთელ სხეულშია

● ეს ლიმფური კვანძები აწარმოებენ და ინახავენ უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს.

● კატის ნაკაწრის დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

● ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე ერთსა და იმავე ოჯახში, ერთსა და იმავე დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის შემდეგ

● კატის ნაკაწრის დაავადების ერთი ეპიზოდის უკვე გადატანა როგორც წესი ადამიანს ტოვებს იმუნურს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ჩემი კატა სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. როგორ არის შესაძლებელი ის იყოს ინფექციის მატარებელი?

● კატები ინფიცირდებიან ბარტონელათი რწყილების ნაკბენით (ეს ის ბაქტერიაა, რომელიც კატის ნაკაწრის დაავადებას იწვევს).

ზოგჯერ ინფიცირდებიან სხვა დაინფიცირებულ კატებთან ჩხუბით.

● ასეთ დროს ზოგ კატას დაავადება უვითარდება, ზოგიც კი უბრალოდ მტარებელია ამ ბაქტერიის სისხლში ავადობის გარეშე.

● ზოგიერთი კვლევის მიხედვით ბარტონელას ბაქტერია სისხლში აღმოაჩინეს ჯანმრთელი კატების 1/3-ში, განსაკუთრებით კნუტების სისხლში.

რომლებია კატის ნაკაწრის დაავადების ჩივილები?

● კანის გაწითლება და შეშუპება დაინფიცირებიდან 3 – 10 დღის შემდეგ – შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც ამობურცულობა ან მუწუკი, ბუშტუკი, კვანძი.

● კანის ზედაპირიდან წამოწეული ჩირქით სავსე ბუშტუკიც (პუსტულა)

● ფუფხი, ქერქი, წყლული ან ბუშტუკი კატის ნაკაწრის ან ნაკბენის გასწვრივ. წყლულების შეხორცებას დიდი ხანი შეიძლება დასჭირდეს.

● გადიდებული და ზოგჯერ მტკივნეული ლიმფური კვანძები (1.5 სმ-ზე მეტად), განსაკუთრებით თავზე, კისრის და ზედა კიდურების, მკლავების არეში, იდაყვებზე.

ლიმფური კვაძნების გადიდება 2-4 თვეში ალაგდება ხოლმე.

● სახსრების ტკივილი

● კუნთების ტკივილი

● ც-რეაქტიული ცილის მომატება (ანთების არასპეციფიკური ნიშანი)

● ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს-ის) გაზრდა (ანთების არასპეციფიკური ნიშანი).

● გრიპისმაგვარი ჩივილები მაგალითად სისუსტე, გულისრევა, შემცივნება, უმადობა და ტკივილი სხეულში

● თვალებიც ერთვება ხოლმე

● მოწყვლადი ჯგუფია პატარა ბავშვები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონენი (მაგალითად, კიბოს, შაქრიანი დიაბეტის, შიდსი-სას).

სხვა შესაძლო სიმპტომებია:

● ცხელება (დაბალი) (< 38.3 ° C)

● თავის ტკივილი, ზოგჯერ ყელის ტკივილიც

● ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

● უმადობა

● რა თქმა უნდა კატასთან კონტაქტი (განსაკუთრებით კნუტებთან) ფიქსირდება (თუმცა, ზოგს უჭირს კიდეც ამის გახსენება) (იშვიათად ძაღლის კბენის შემდეგაც ფიქსირდება აღნიშნული დაავადება).

იშვიათად კატის ნაკაწრის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემებიც:

● ცნობიერების არევა

● მხედველობის პრობლემები

● თვალებზე კონიუნქტივის შეშუპება რქოვანას გარშემო (ანუ ქემოზი)

● დაბინდული მხედველობა

● კონიუნქტივის გაწითლება

● თავის ტვინის გენერალიზებული ფუნქციის მოშლა მეტყველების, შემეცნების, ორიენტაციის და რეაგირების, გამოღვიძების უნარების დარღვევებით ( ენცეფალოპათია)

● ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი)

● ელენთის გადიდება

● იშვიათად უვითარდებათ სერიოზული გართულებები და ინფექციები: თავის ტვინის (რუხი და თეთრი ნივთიერების ანთება – ენცეფალიტი), ძვლების ინფექცია, გულის სარქვლების ინფექცია), „ფილტვების ანთებაც“ (პნევმონია).

დამჭირდება თუ არა ლაბორატორიული ტესტების გაკეთება?

შესაძლოა დაგჭირდეთ.

თუ კატის ნაკაწრის დაავდების ჩივილები გაქვთ თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს სისხლის ანალიზით ამ დაავადების არსებობის დადგენა.

ზოგ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა ლიმფური კვანძის ბიოფსიაც გაგიკეთოთ (ქსოვილის აღება და მიკროსკოპიული შემოწმება დიაგნოზის დასადასტურებლად).

ის ამოიღებს ლიმფურ კვანძს ან მისი ქსოვილის მცირე ნაწილს.

შემდეგ მეორე ექიმი გამოიკვლევს ამ აღებულ მასალას მიკროსკოპის ქვეშ.

უფრო იშვიათად, სხვა სითხეებიც ან ქსოვილების გამოკვლევაც შესაძლებელია დაემატოს.

როგორ მკურნალობენ კატის ნაკაწრის დაავადებას?

● მიუხედავად იმისა, რომ კატის ნაკაწრის დაავადების სიმპტომები მკურნალობის გარეშეც შესაძლებელია ალაგდეს რამდენიმე კვირაში, ექიმები ზოგჯერ გამოწერენ ანტიბიოტიკებს ამ ინფექციის სამკურნალოდ.

● თუ საჭირო გახდა ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლები (დისკომფორტის მოსახსნელად)

● ანტიბიოტიკები თუ პაციენტი ძალიან ავადაა ან თუ მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია. ანტიბიოკები შესაძლებელია მოგვიანებით თუ ჩივილები 1-2 თვეზე მეტია არ გადის

● დაზიანებულ კანზე შესაძლებელია სითბოს კომპრესების დადება.

● კატის ნაკაწრის დაავადების მქონე ბავშვების იზოლირება ოჯახის სხვა წევრებისგან არ არის საჭირო

● ლოგინში ჩაწოლა არ არის საჭირო თუ ძლიერ დაღლას არ გრძნობს ბავშვი.

● თუ ბავშვს თამაში უნდა მიეცით შესაძლებლობა, რომ ითამაშოს წყნარად და მშვიდად ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ გადიდებული ლიმფური კვანძები არ დაიზიანოს ასეთი თამაშისას.

შესაძლებელია თუ არა კატის ნაკაწრის დაავადების პრევენცია, თავიდან აცილება?

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ამ დაავადების განვითარების შანსები თუ თქვენ:

● მოერიდეთ კატებთან თამაშს ან მათთან ურთიერთობას იმგვარად, რომ მათ არ დაგკბინონ ან არ დაგკაწრონ

● კატებთან თამაშის შემდეგ დაიბანეთ ხელები

● უმკურნალეთ კატას რწყილებზე

● კატის კბენის ან ნაკაწრის შემდეგ დაუყოვნებლივ ეგრევე ჩამოიბანეთ ეს ადგილები გამდინარე წყლით და საპნით.

● თუ გაქვთ თანმხლები დაავადება, რომელიც ასუსტებს ინფექციასთან ბრძოლას, მაგალითად აივ ინფექცია, მაშინ თქვენ უნდა მოერიდოთ 1 წლამდე ასაკის კატებთან კონტაქტს.

● უნდა მოერიდოთ და არ უნდა მისცეთ საშუალება კატას აგლოკოთ. განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და ღია ჭრილობების მიდამოებში

● არ გააბრაზოთ, არ გამოიწვიოთ და არ მოახდინოთ კატის პროვოცირება.

უნდა ვუმკურნალო თუ არა ჩემს კატას ბარტონელას საწინააღმდეგოდ უსაფრთხოდ, რომ ვიყო?

● შინაური ცხოველების მკურნალობა ბარტონელაზე არ არის საჭირო თუ თქვენი კატა ავად არ გახდა.

● ბარტონელას საწინააღმდეგო მკურნალობა კატებში ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს და როგორც წესი უსაფრთხოდ ითვლება და უფრო პრაქტიკულია აცადოთ თქვენს კატას ბუნებრივად ებრძოლოს და გაუკმკლავდეს ამ ინფექციას თავადვე.

● ის კატები, რომლებიც ავად ხდებიან მათში დაავადება მიმდინარეობს ცხელებით 2-3 დღე და თავადვე გამოჯანმრთელდებიან ხოლმე.

● კატა ვეტერინართან მიჰყავთ ცხელების, ღებინების, ძილად მივარდნის, ჩაწითლებული თვალების, ლიმფური კვანძების გადიდების და მადის დაქვეითების შემთხვევაში.

ჩემი შვილი მეზობლის კნუტმა დაკაწრა და კატის ნაკაწრის დაავადებაზე ვნერვიულობთ. უნდა შევშფოთდეთ თუ არა?

● კატების ნაკაწრების უმეტესობა არ სრულდება კატის ნაკაწრის დაავადებით და ასეთი დაკაწვრის დროს საჭიროა ნაკაწრის ან ჭრილობის საპნით და წყლით ჩამორეცხვა. სხვა რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ არსებობს.

● თუ თქვენს შვილს სიცხემ აუწია, გაუდიდდა და მტკივნეულია ლიმფური კვანძები დაკაწვრიდან 1-3 კვირაში ან აქვს ჩირქოვანი ბუშტები ნაკაწრის ადგილას მაშინ ექიმთან უნდა მიიყვანოთ.

● ანტიბიოტიკებით მკურნალობა როგორც წესი საჭირო არ არის ხოლმე, მაგრამ თუ გადაწყვიტა ექიმმა მაშინ შესაძლოა ლიმფური კვანძების შესიება და გადიდება შეამციროს.

მაქვს თანმხლები დაავადება, რომელიც იმუნურ სისტემას ასუსტებს. უნდა გავაჩუქო თუ არა ჩემი კატა?

თუ აივ-ინფექცია დადებითი ხართ ან მკურნალობთ კიბოს დიაგნოზის გამო ან თუ რაიმე სხვა დაავადება გაქვთ რაც იმუნურ სისტემას ასუსტებს ასეთ დროსაც კი შესაძლებელია დაიტოვოთ თქვენი კატა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

● კატები ამყოფეთ კარს-შიგნით ანუ სახლში

● მოერიდეთ უხეშ თამაშს კატებთან და ისეთ სიტუაციებს, სადაც ნაკაწრის მიღების მაღალი ალბათობაა.

● ბრჭყალების დაჭრა არ არის საჭირო

● სწრაფადვე ჩამოიბანეთ კატის ნაკაწრები და ნაკბენები საპნით და წყლით

● რწყილებთან კონტაქტს მოერიდეთ

● უმკურნალეთ თქვენს კატებს რწყილების მაკონტროლებელი პროდუქტებით, რომლებიც ვეტერინარმა გირჩიათ

● არ არის აუცილებელი თქვენი ჯანმრთელი კატის ტესტირება ან მკურნალობა ბარტონელაზე

● თუ კატის აყვანას აპირებთ, მაშინ დარწმუნდით, რომ კატა მინიმუმ 1 წლის ასაკისაა, ჯანმრთელად გამოიყურება და არ ჰყავს რწყილები

● მოერიდეთ უპატრონო კატებს და რწყილებიან კატებს.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ:

● თუ კატის ნაკაწრი ან ნაკბენი აღარ ხორცდება

● თუ ნაკბენის და ნაკაწრის ირგვლივ სიწითლე უფრო და უფრო დიდდება და გასულია უკვე 2 დღე ნაკაწრიდან

● თუ ცხელება უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება კატის ნაკაწრიდან ან ნაკბენიდან

● კვლავ მტკივნეულია და გადიდებულია ლიმფური კვანძები უკვე 2-3 კვირაზე მეტია

● ძვლის ან სახსრის ტკივილია, მუცლის ტკივილია (ცხელების, ღებინების ან ფაღარათის გარეშე) ან თუ ძალიან მკვეთრად არის გამოხატული დაღლილობა უკვე 2-3 კვირაზე მეტია.

დავით თელიას კლინიკა – მტკიცებითი მედიცინის ცენტრი

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.