რატომ ფიქრობენ თბილისში, რომ COVID-19 თვეების წინ გადაიტანეს? – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე?

სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ მან უკვე გადაიტანა სახლის პირობებში კორონავირუსი თვეების წინ. ისინი ამბობენ, რომ დეკემბერ-იანვარში, ზუსტად მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ და ცუდად ყოფნამ, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტებს იღებდნენ – დიდხანს გასტანა. ბევრ მათგანს დასტურად თავისი სოციალური ქსელიც კი მოჰყავს და წერს, ჩაუყევით ჩემ გვერდს და ნახავთ, ზუსტად ის სიმპტომები მქონდა, რასაც აცხადებენ, სუნთქვის უკმარისობისა და ფილტვების ანთების ჩათვლითო.


რამდენიმე დღის წინ, მწერალმა, დინა მირცხულავამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, დაწერა, რომ მის მეზობელს აღმოუჩინეს კორონავირუსი და ისიც მივიდა თავის იქაურ ექიმთან, რომელმაც გამოჰკითხა ბოლო კვირეების მდგომარეობა და რომ გაიგო, რამდენიმე კვირის წინ, დინაც იყო შეუძლოდ, უთხრა: – გილოცავთ, თქვენ უკვე გადაიტანეთ კორონავირუსი და თავის დაკვრით გამოაცილა.


დინა მირცხულავას შეიძლებოდა მართლაც გადაეტანა უკვე ვირუსი, რადგან საფრანგეთში ბოლო კვირეების მანძილზე შემთხვევები მომრავლდა, მაგრამ რამდენად შეიძლებოდა გადაგვეტანა სამი, ან ორი კვირით ადრე ვირუსი ისე, რომ ვერც გაგვეგო და ახლა გაგვჩენოდა ეჭვი – ამ კითხვით,

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორს, საქართველოში, სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის სამართავად შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მივმართეთ:

-ბევრი ადამიანი წერს უკვე და ჰყვება, რომ დეკემბერში და იანვარში ავადობდა, უთხრეს, რომ ჰქონდა ვირუსი, მაგრამ არ შველოდა ვირუსის წამლები – გაუგრძელდა ავადობა. ახლა ზოგი ფიქრობს, რომ მაგ პერიოდში სწორედ ეს ახალი კორონავირუსი გადაიტანა, ამტკიცებენ, ზუსტად ის სიმპტომები გვქონდა, რაც ახალ კორონავირუსს აქვსო. თეორიულადაც კი, რამდენად შეიძლება ეს შეესაბამებოდეს სიმართლეს?

არა, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ წინა თვეებში არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდებოდა ეს ვირუსი და მაინცდამაინც საქართველოში ვერ დაფიქსირდებოდა და მეორე – იმიტომ რომ როდესაც ეპიდემია გაჩნდა ჩინეთში, დეკემბრის ბოლოს, ამის შემდეგ ჩვენთან დაიწყო ტესტირება, ყველას ვუკეთებდით ტესტებს და პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ 26 თებერვალს, ანუ, მხოლოდ ორი თვის მერე.
ეს რომ ისე ყოფილიყო, დავუშვათ და გვქონოდა ახალი კორონავირუსის შემთხვევები და ვერ ვხვდებოდით ექიმები რა იყო და გვეგონა გრიპი – ის იმ ორ თვეში მაინც აუცილებლად გამოჩნდებოდა, როცა ტესტირებას ვაკეთებდით, ანუ, იანვარ-თებერვალში ის აუცილებლად უნდა გამოჩდენილიყო. რახან იანვარ-თებერვალში არც ერთი შემთხვევა არ გამოჩენილა და მხოლოდ 26 თებერვალს გამოჩნდა პირველი, ე.ი. საქართველოში მაგ პერიოდში ახალი კორონავირუსი ნამდვილად არ იყო.

-ე.ი. ეს იყო სხვა ვირუსი, რომელიც მიდიოდა რთულად?

-ხო, შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ტიპის, თუნდაც იგივე კორონავირუსის ძველი ტიპი იწვევს გრიპის მსგავსს ავადობას – ზოგჯერ რთულად მიდის და ზოგჯერ ნაკლებად რთულად – ეს ცალსახად იყო სხვა ვირუსები და არ იყო ახალი კორონავირუსი.
„ალია“, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეეეეჰ, კიდევ კარგი ეგ არ გვაქვს ასაკრძალი საქართველოში….. თუმცა რა ვიცით რო..?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.