რატომ მიანიშნეს ახლოურის მამას ექიმებმა კამერებზე და რას ამბობს პროკურატურა: – “დანა გარეცხა, მოწესრიგდა”

შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები – მიშო და გიორგი ახლოურების მამა, მარად ახლოური, მისი შვილის გარდაცვალებაში გამომძიებლებს ადანაშაულებს.

მამამ მედიასთან სისხლიან ღამეზე პირველი კომენტარი გააკეთა – მარად ახლოური დეტალურად იხსენებს 5 იანვრს მომხდარ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ გიორგი ახლოურმა მისი 19 წლის ძმა შემთხვევით მოკლა.

მარად ახლოური ირწმუნება, რომ დაჭრილს გამომძიებლები ინგოროყვას კლინიკაში დიდხანს კითხავდნენ, რის გამოც სამედიცინო დახმარება დაუგვიანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

“ლაპარაკობდა, რომ ჩამოვიყვანეთ მე გიომ და ჩემმა დისშვილმა. ბავშვი ცოცხალი მოვიყვანეთ. რანაირად, მაშინ, გზაში ხომ დაიღუპებოდა. თავიანთი სამსახურის გამო ბავშვი დაიღუპა, ასე გამოდის, რომ სამსახური შეესრულებინათ, გაწირეს. კითხავდნენ დაჭრილ ბავშვს… ჩემი დის შვილი მეუბნებოდა, ველაპარაკე, ხელიც დამიქნიაო… ექიმებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ დაჭრილს ჰკითხავდა პოლიცია, მიგვანიშნეს ექიმებმა, კამერების ჩანაწერები ნახეთო, ვისაც ევალება დაინტერესდნენ და სინამდვილე ანახონ ხალხს”, – ამბობს, მარად ახლოური.

ინგოროყვას კლინიკა კი უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ მედიკოსებს მკურნალობის დროს ხელის შემშლელი ფაქტორები არ ჰქონიათ. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი შეყვანიდან 7 წუთში საოპერაციო ბლოკში იყო. “იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები, 02.25 წუთზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. შემოსვლისას პაციენტი კონტაქტში არ შემოდიოდა.”

როგორც თავად მოისმენთ ვიდეოში, ექიმი საუბრობს ტრამვებზე, კონკრეტულად რამდენი და რა სახის ტრამვა ჰქონდა 19 წლის ბიჭს, ამაზე კომენატარი ჯერ არ გაუკეთებია კლინიკას. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ მიშო ახლოურს მხოლოდ ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა. საინტერესო იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, წესით, მეტ დეტალს გვეტყვის.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ახლოური მტკიცებულებების განადგურებას შეეცადა – გარეცხა დანა, მოწესრიგდა.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია მიმდინარე წლის 5 იანვარს დატრიალდა. 21 წლის გიორგი ახლოურს ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბრალდებული კი ფაქტს უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.