რატომ დაუპირისპირდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი?


ორიოდე დღის წინათ სანდო წყაროდან შევიტყვე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, საერთაშორისო ურთიერთობათა განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცნობილმა მხატვარმა, ზვიადისა და მერაბის თანამებრძოლმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ წინანდალში მორიგ თავყრილობაზე მიიწვია, დემონტრატიულად დატოვა ეს ღონისძიება და თბილისში წამოვიდა. თუ რატომ, ამის გასარკვევად „ალია“ ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაიწერა.


–     ბატონო ნუგზარ, ჯერ ვთქვათ, რა ღონისძიებაზე მიგიწვიათ აფხაზეთის მთავრობამ და მერე იქიდან რატომ წამოხვედით და გააპროტესტეთ იგი?


–     ეს ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობას, არ მესმის, რატომ დაიგეგმა წინანდალში, როდესაც თბილისში არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი და იქ ყველა პირობაა შექმნილი ღონისძიებების ჩასატარებლად. ბატონმა რუსლან აბაშიძემ ინგლისურად წაიკითხა ლექსი, რომელიც ვერ გავიგე მე და ვერც დამსწრე საზოგადოებამ, თუ არ ჩავთვლით მოწვეულ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს. ის მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ ტექსტი სინქრონულად ეთარგმნათ. არც წარწერა იყო, რომ ტექსტის შინაარსი გაგვეგო. შემდეგ 20 წუთიანი თეატრი წარმოადგინა ახალგაზრდა კაცმა. აი, ეს იყო, თურმე ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია. წინანდლის ტერიტორიაზე, მარნებთან, საკონცერტო დარბაზში, თოჯინების ფილმი წარმოადგინეს.


–     რა შუაში იყო თოჯინების ფილმი, ვერ გავიგე, რა დატვირთვა ჰქონდა მას?


–     არავითარი. კიდევ კარგი, აფხაზეთის კაპელამ, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, ორი ნაწარმოები შეასრულა. მერე აბაშიძემ ხელი გადააჯვარედინა და გვანიშნა, დამთავრდაო. ჰო, მართლა, ვიდეორგოლი საბჭოთა მარშით დაიწყო.


–     რატომ? ალბათ, უკვე დაიბრუნა აფხაზეთი და ტრიუმფით აღნიშნავდა?


–     არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ბოლოს მთხოვეს, ალა-ფურშეტზე წამობრძანდითო, მაგრამ უკან წამოვედი.


–     რატომ?


–     მე პლაკატები არ მეკავა (იღიმება). ფურშეტის გამო დავრჩენილიყავი? ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე „ვიგულაოთ“. თავიდანვე ვთქვი, არ მინდა მივლინება, ჩემი ხარჯებით წავალ-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩამოვედით და განმარტების ბარათში ჩავწერე, რაც ახლა გიამბეთ. სახეზეა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ჰოდა, ეს მიზეზი ჩავუწერე ახსნა-განმარტებით ბარათში.


–     ბატონო ნუგზარ, აკადემიკოსი კიროლიოვი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო პატიმრობაში აღმოჩნდა. ეს ის აკადემიკოსი იყო, რომელმაც კოსმოსში პირველი ადამიანი გაუშვა. რუსლან აბაშიძე ვინ არის, რომ დადიანებისა და ჭავჭავაძეების სასახლეებში უშვებს „საგულაოდ“ ასობით ადამიანს და ამაში ხარჯავს ხალხის სიმწრით გადახდილ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს? და კიდევ, დანარჩენ საზოგადოებას, იქ მიწვეულები რომ იყვნენ, თქვენს პროტესტზე რა რეაქცია ჰქონდათ?


–     არ ვიცი, მათ რა რეაქცია ჰქონდათ. ყველამ უნდა გაიგოს ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ძალზე შეჭირვებულია და ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ უნდა დაიხარჯოს არამიზნობრივად.


–     ბატონო ნუგზარ, ამ დღეებში შევიტყვეთ, რომ აუდიტის სამსახური შევიდა აფხაზეთის მთავრობაში. მართალია?


–     ამის შესახებ სესიაზე უკვე ვთქვი. დიახ, მიზანშეწონილობის აუდიტი საჭიროა. ეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჯერ არ მომხდარა.


–     აბაშიძემ ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიები გადასცა ხუთ ადამიანს. მათ ეს სამართლიანად მიიღეს?


–     რუსლან აბაშიძემ მოიყვანა ვიღაცა კაცი, ყველასთვის უცნობი მხატვარი და ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია გადასცა ისე, რომ კონკურსიც კი არ ჩატარებულა. ასე რომ, ჯერ პრემია მისცეს და მერე მოაწყვეს გამოფენა. ჩვეულებრივი ნატურმორტი იყო და ამაში მისცეს პრემია. მე დამპატიჟეს, მაგრამ არ წავედი. თუ რატომ არ წავედი, ამაზე ვუპასუხე, მე ყალთაბანდებთან არ ვდგავარ-მეთქი. რუსლან აბაშიძე ახალი დანიშნული იყო მთავრობის თავმჯდომარედ, როცა უკანონო პრემიები დაარიგა.


–     თქვენ ასეთ წინააღმდეგობებს უწევთ მთავრობის თავმჯდომარეს. ის ამაზე როგორ რეაგირებს?


–     მამათა და შვილთა ბრძოლა ყოველთვის იყო. მე არ მქონია ბრძოლა მამასთან-მეთქი. მე მოვითხოვე კონკურსი ჩატარებულიყო, როგორც წესი და რიგია. ჩვენ კი პირდაპირ გამოფენაზე მიგვიწვიეს.


–     ვინ არის ის მხატვარი, ვისაც პრემია გადასცა?


–     მხატვარი გალიდანაა წარმოშობით, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს. დებულება ითვალისწინებდა ფინალისტის გამოვლენას და მერე ჟიური გადაწყვეტდა, ვინ იყო ხუთიდან ღირსეული. რუსეთში მოღვაწე მხატვარს, გვარად ბასარიას, აიღეს და პრემია აჩუქეს. თურმე, ამას მამებსა და შვილებს შორის ბრძოლა ჰქვია.


–     ბატონო ნუგზარ, თქვენი ცნობილი ნახატები დაცულია თბილისის სხვადასხვა მუზეუმებში. ეს ჯერ კიდევ აფხაზეთის დაპყრობამდე. რას იტყვით ამაზე?

–     ჩემი ერთი სურათი თბილისის ნონკომფორმისტულ მუზეუმშია დაცული. მეორე სურათი – ფიროსმანის მუზეუმში, რომლითაც ძალზე ვამაყობ, მაგრამ ცისფერ გალერეაში რომელიც იყო, ის ნახატი სააკაშვილის მმართველობის დროს გაქრა.


–     ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, როდესაც ციხიდან გამოვიდა ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, თურმე, ჯერ დედა მოინახულა და შემდეგ, იმ საღამოსვე, აიღო სოხუმის მატარებლის ბილეთი და თქვენთან ჩამოვიდა. როგორ გაიხსენებთ ამას?


–     დიახ, ასე იყო. მე სახლში არ დავხვდი, იქვე, მეზობელთან ვიყავი და სანამ მოვიდოდი, მელოდა. მერაბი უძლიერესი ადამიანი იყო. მეორე დღეს ზვიადიც ჩამოვიდა სოხუმში. ესენი იყვნენ საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილები, სამშობლოს უერთგულესი შვილები, რომლებიც საქართველოს სიყვარულს შეეწირნენ.


–     ბატონო ნუგზარ, რატომ უნდა მისცენ ხმა პირველი პრეზიდენტის ამომრჩევლებმა: ნუგზარ წიკლაურმა, შოთა მალაშხიამ, ბეჟან ჯავახიამ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებიც ფაშისტ სააკაშვილის სამსახურში ჩადგნენ, ზვიად გამსახურდიასთვის პირველი ჭურვის მსროლელ ვაი-გენერალ დევი ჭანკოტაძეს? როგორია თქვენი პოლიტიკური  შეფასება ამ ფაქტზე?


–     მარტო ზვიადის მომხრეებმა კი არა, ვისაც ღირსება გააჩნია, ამ კანდიდატს, დევი ჭანკოტაძეს ხმა როგორ უნდა მისცეს?


–     არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთან სათქმელი არაფერი აქვს, გარდა ტყუილისა –  მიშა დიდი ცოცხით ჩამოდისო. როგორ ახსნით ამას?


–     სააკაშვილი შევარდნაძის გაგრძელებაა და კიდევ უფრო საშიში. ცუდია, რომ ყოველი არჩვენების წინ ეს თემა აქტუალური ხდება.

ნანა სულავა, ალია №32

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ნაძირალა ჭანკვეტაძე ,ზვიადის მტერი და საქართველოს ამაოხრებელს არც ერთი ხმა ქართველებო!!!!

  2. ანონიმური

    საშა მგალობლიშვილის ოჯახიდან სწორედ ასეთი დიდი პიროვნება უნდა გამოსულიყო მჺხსოვს მისი სიყმაწვილე და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს ოჯახის და საქართველოს საკეთილდღეოდ. რუსთავიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.