რატომ დაეშალა პარტია ირაკლი ოქრუაშვილს? – „ვუთხარი, უჩემოდ მიგიწევთ ამის გაკეთება–მეთქი და წამოვედი“

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, პარტია „გამარჯვებული საქართველო“ მგონი, იშლება. ამჯერად პარტია კოტე კემულარიამ დატოვა. რა ხდება? რაშია საქმე? რატომ მიდიან პარტიიდან მისი დამფუძნებლები?

– სიმართლე გითხრათ, რაც პარტია ჩამოყალიბდა,  იმ მომენტიდან არც პარტიაში შევსულვარ და არც ახლოს გავკარებივარ. მე და  კიდევ რამდენიმე  კაცი ვიყავით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის  წევრები და მერე მისი დამფუძნებლები.  ჩვენი გეგმა არ იყო მოძრაობის პარტიად გადაკეთება.  მერე დადგა საკითხი პარტიის შექმნისა და ჩვენ, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  მხარი არ დავუჭირეთ პარტიის დაფუძნებას. ეს მოხდა შარშან, ივნისში.

– რაიმე კონფლიქტი ხომ არ ყოფილა პარტიის დაფუძნების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის?

– არა, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. უბრალოდ, ვუთხარით, რომ ჩვენ პარტიის შექმნის წინააღმდეგი ვიყავით და უარი ვთქვით, პარტიის დამფუძნებლები გავმხდარიყავით. პოლიტიკური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გაფართოებული შემადგენლობა რომ შეიკრიბა,  მაშინ გაცხადდა, რომ პარტია უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც. თავმჯდომარედ ირაკლი ოქრუაშვილი დასახელდა და აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. ჩვენ პარტიის შექმნა არ გვინდოდა. მოძრაობა იმიტომ შევქმენით, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავქცეოდით. ჩვენ ვთქვით, რომ მოძრაობას არ უნდა ჰყოლოდა ერთი, კონკრეტული ლიდერი და ყველანი ვიქნებოდით თანაბარნი.  გვინდოდა, დროთა განმავლობაში გავფართოებულიყავით, გავმრავლებულიყავით და სოლიდურ მოძრაობად ჩამოვყალიბებულიყავით. მერე, ან ჩვენ შევუერთდებოდით რომელიმე სოლიდურ პოლიტიკურ  ძალას, ან სხვა შემოგვიერთდებოდა. სხვასთან გაერთიანებაზე თავიდანვე არ ვამბობდით უარს. მე იმავე სხდომაზე განვაცხადე, თუ თქვენ მოძრაობის პარტიად გადაკეთება გინდათ, უჩემოდ მიგიწევთ ამის გაკეთება–მეთქი  და წამოვედი.  ჩემთან ერთად, იმავე დღეს წამოვიდნენ გუბაზ სანიკიძე და ლელა ჯეჯელავა.  ამის მერე კარგად  თვალყური აღარც მიდევნებია ამ პარტიისთვის, იქ განვითარებული მოვლენებისთვის.

– ბოლოს კოტე კემულარიაც წამოვიდა პარტიიდან და განაცხადა, რომ მისი წასვლა შიდაპარტიულ უთანხმოებას უკავშირდება. კონკრეტულად ხომ არ იცით, რა უთანხმოებაზე საუბრობს ბატონი კოტე და ირაკლი ოქრუაშვილთან ხომ არ ჰქონდა ეს უთანხმოება?

– ჩვენ როდესაც წამოვედით, კოტე დარჩა და ახლა რატომ წამოვიდა, ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი.

– ხომ არ იცით, ირაკლი ოქუაშვილი თავისი პარტიით მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?

– მგონი, თქვენ მეტი ინფორმაცია გაქვთ, ვიდრე მე. არც ეგ ვიცი, მიიღებენ თუ არა „გამარჯვებული საქართველო“ და ირაკლი არჩევნებში მონაწილეობას. ხომ გითხარით, ერთი წელი კონტაქტი არავისთან მქონია და პარტიის არც ძველი გეგმების შესახებ ვიცოდი რაიმე და არც ახლა ვიცი, რას აპირებენ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“#24

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნინი

    ირაკლი ოქრუაშვილი არის უპრინციპო, მედროვე და მშიშარა ადამიანი… კიდევ ბევრი უარყოფითის დაწერა შეიძლება, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ.
    მაგრამ რაღაცით მაინც ჯობია სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენებს…

  2. ანონიმური

    დაეშალა თრე ესენიც რამის მაქნისებია რ ყოფილიყვნენ რა

  3. ანონიმური

    ვიოს რაში აინტერესებს ან ოქრუაშვილი და ან მისი გუნდი კიდე

  4. Romi

    ოქრუაშვილი კი არა ფეკალიანია

  5. ანონიმური

    ოქრუაშვილი ის კაცია ვისაც არც ვაშკაცობა და არც თავმოყვარეობა არ გააჩნია,ასჯერ პოზიცია შეცვლილ ადამიანს რა შეიძლება უწოდო ,არაკაცი აი ეს არის მისი სახელი !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.