რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე? – “კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა…”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ, სუს-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

„გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.