„ერთი ემიგრანტი გოგო იტალიაში გაგვიგიჟდა, შიშველი დარბოდა… მეორე აქ, ესპანეთში…“

“ალიას” ესაუბრება ქართველი ემიგრანტი მადრიდიდან – ლეილა ნიკოლაშვილი:

-რამდენიმე  დღეა ქართველი გოგოა ცუდად, ხან იცინის, ხან ტირის, ხან ყვირის, უკვე რომ ვეღარ დააკავეს, გამოვიძახეთ ექიმი, მოვიდნენ და გადაიყვანეს კლინიკაში, გაუკეთეს კვლევები, ტომოგრაფიაც გადაუღეს თავზე და ფიზიკურად ჯანმრთელია, შესაბამისად, არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, გადაიყვანონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.


წარმოდგენაც არ შეიძლება გქონდეს, რა ხდება ახლა ესპანეთის კლინიკებში, სრულიად ჯანმრთელი რომ შეხვიდე, არ იცი ვისგან გადაგედება ვირუსი და რა მოგივა. ამიტომ გვაფრთხილებენ ყველას, თუ ღია ჭრილობა არ გვექნება, თუ სასწრაფო დახმარება არ დაგვჭირდება, არ მივიდეთ კლინიკებში.


რამდენიმე ჩემი ნაცნობი დაიღუპა, სამი მორგი დაამატეს მადრიდში ბოლო დღეებში, მიცვალებულთა გადაყვანას და კრემაციას ვერ აუდიან, კრემატორიუმები დღე და ღამე მუშაობენ. ვერ ნახავ გარდაცვლილს, ვერ გამოემშვიდობები, გაძლევენ ფერფლს მხოლოდ და უკაცრავად, იმდენი გვამი იწვება, ისიც არ იცი დარწმუნებით, ვისი ფერფლი მოგაქვს.


ყველა ესპანელი ექიმი და ექთანი გმირია, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, დღე და ღამე მუშაობენ, უამრავი ექიმი დაავადდა და გარდაიცვალა, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ მომარაგებული სამედიცინო აღჭურვილობა და სპეც. ტანსაცმლის გარეშე, შიშველი ხელებით მუშაობდნენ. გვეუბნებიან, რომ საავადმყოფოებში ყველგანაა ვირუსი ჰაერში.


ექიმები და ექთნები აღარ გამოდიან კლინიკებიდან, რომ სახლებში არ წამოიღონ ვირუსი და სხვებს აღარ გადასდონ.
გვაჩვენეს ვიდეო, როგორ ვრცელდება ვირუსი, დავუშვათ დააცემინა ადამიანმა, 6 მეტრზე შეუძლია ვირუსმა იფრინოს ჰაერში და საკმაოდ დიდხანს რჩება ჰაერში, პირდაპირ იატაკისკენ არ მიდის, ამიტომ ახლა საუბრობენ იმაზე, რომ რეკომენდაცია მოგვცენ, ყველამ გამოვიყენოთ პირბადე გარეთ გასვლისას.

– საუბარია იმაზე, რომ ყველა გარდაცვალებას კორონას აბრალებენ. რამდენად სწორი გგონიათ და მეორე კითხვა – სტატისტიკა ასაკის მიხედვით როგორია გარდაცვლილთა?

ვერ დაგიდასტურებთ, დღეს მაგალითად, გარკვევით გვითხრეს, რომ გარდაიცვალა ამდენი ასეული ადამიანი და აქედან ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ასამდე და დანარჩენი ყველა კორონავირუსით. ამ ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ცალკეა და სხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა – ცალკე.
რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, არაერთი დიანფიცირდა და მინდა გითხრათ, რომ დაღუპული პოლიციელიდან, არც ერთი არ იყო ასაკოვანი, არც ერთს არ ჰქონდა ქრონიკული დაავადება.
სამწუხაროდ, მე საავადმყოფოსთან ვცხოვრობ ძალიან ახლოს და ჩემი თვალით არაერთხელ მაქვს ნანახი, როგორ გადააქვთ ცხედრები, ათეულობით ცხედარი გადააქვთ დღეში რამდენჯერმე, ყველა შეფუთულია.
ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 28 წლის ბიჭი იყო და ყველა ფრთხილად უნდა იყოს, არ კვდებიან მხოლოდ ხანდაზმულები.


– რას ამბობენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე?


– ბრაზობენ, მით უფრო, რომ იქ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ესპანელი მუშაობს. რომ გავეფრთხილებინეთ, აქამდე არ მივიდოდით, მოვემზადებოდითო. არ ეგონათ ეს შედეგი თუ დადგებოდა, თორემ, ესპანელები ფრთხილი ხალხია, ზოგადად. ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს და საუბრობენ, რომ ამ შეცდომას ხალხი არ აპატიებს მთავრობას – 8 მარტს უზარმაზარი მანიფესტი ჩატარდა ფემინისტების და 9 მარტს გამოაცხადეს მერე კარანტინი. 8 მარტს იმ აქციაზე უამრავი ადამიანი იყო და ზუსტად ამ დღემ, დიდი გავლენა იქონია ვირუსის გავრცელებაზე. მახსოვს, სკოლები რომ დახურეს და უმაღლესი სასწავლებლები, იმავე საღამოს, სავსე იყო სკვერები და კაფეები, ახალგაზრდები აღნიშნავდნენ სწავლის გადადებას. არ ელოდნენ, რომ ასეთი მასშტაბი ექნებოდა ვირუსს. ახლა ყველა ფრთხილადაა, ახლა მხოლოდ აუცილებლობისას გადიან გარეთ. თუ არადა, იციან, რომ ციხეში მოხვდებიან და ახლა ციხეში და საავადმყოფოში მოხვედრა ადამიანის სიკვდილის ტოლფასია და ყველა ერიდება.
ადგილობრივი მედია ბევრს საუბრობს იმაზე, რომ მეტია დაღუპული და სახელმწიფო მათ რიცხვს მალავს, იგივეს ამბობენ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლებას ადანაშაულებენ.


ორი დღეა 30 წლის გურული გოგო, რომელიც წამოვიდა ესპანეთში სამუშაოდ, არ ჰყავს მამა და პატრონობს დედას და ინვალიდ ძმას, გვიწევს კლინიკაში, გვეშინია არ დაავადდეს ვირუსით, ვცდილობთ არ გადაიყვანონ ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუ დაავადდა, დავკარგავთ, გაქრება – ფერფლს მოგვცემენ მარტო და ისიც არ გვეცოდინება, ვისი ფერფლია.


ესაა პრობლემა, გიჟდებიან ბავშვები, ერთი იტალიაში გაგიჟდა და დარბოდა ქუჩაში შიშველი და არ ვიცით ახლა სად არის, ახლა ეს გოგო ესპანეთში და უამრავს აქვს უკვე ფსიქიკური პრობლემები, სახლში გამოკეტილი, უყურებ გვამებს და თან გეუბნებიან, რომ ვერ ბრუნდები შენს სამშობლოში, მძიმეა ფსიქიკისთვის, მით უფრო, რომ ვინც აღარ მუშაობს, ჯგუფებად ცხოვრობენ, 8-10 ადამიანი ერთად.


საკონსულო ვერაფერს გვეუბნება, ერთადერთი რაც შეუძლია, არის საკვების მოწოდება, მორჩა.


საკვების პრობლემა ისედაც არ არის, გამოკრულია ყველგან განცხადებები, ვისაც არ შეუძლია გარეთ გასვლა, ვისაც არა აქვს საჭმელი, მივლენ და დაეხმარებიან, მიუტანენ სახლში.


გამოაცხადა ესპანეთმა, არ მაინტერესებს, ჩემი მოქალაქეა, სხვა ქვეყნისაა, უსაბუთოა, ლეგალურად არის ქვეყანაში, თუ არა, ყველას დაეხმარებიო და ყველასთვის ცდილობს დახმარებას, მაგრამ ისიც გამოაცხადა, რომ საავადმყოფოში მისვლა ინფიცირების ტოლფასია და გვიწევს ახლა სრულიად ჯანმრთელი 30 წლის გოგო ორი დღეა კლინიკაში.


ნუ დატოვებენ იმ ადამიანებს ქუჩაში, ვისაც სამსახური აღარ აქვს და ჭერი, ვისაც დაბრუნება უნდა.


მესმის, რომ ეშინიათ, დაინფიცირებულები არ ვიყოთ, ჩვენ უკვე 2 კვირაზე მეტია გარეთ არ გავდივართ და ვისაც ამ ორ კვირაში სიმპტომები არა გვაქვს გამოვლენილი, ე.ი. ჯერ არ ვართ დაინფიცირებულნი, თორემ, არც ჩვენ გვინდა საქართველოსთვის ცუდი და ყველანი ვუფრთხილდებით ჩვენს სამშობლოს.


საკონსულოს არ შეუძლია ამ ადამიანების წამოყვანა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ უნდა წაიყვანოს. ესპანეთსაც კი, რომელსაც ახლა ასე უჭირს, თავისი მოქალაქეები ყველა ქვეყნიდან ჩამოჰყავს. ვიცნობ კონსულს, მაგრამ რა ვთხოვო, თვითმფრინავი გამოიყვანე-თქო? საიდან? სახელმწიფომ თუ არ დაუშვა რეისი?


მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს, წაიყვანეთ ეს ბავშვები, რომლებიც გიჟდებიან ამ საშინელებების ყურებით და რომლებსაც აღარ აქვთ სამსახური, დანიშნეთ სპეცრეისი და ფასი იყოს ხელმისაწვდომი, რომ შევძლოთ ბილეთის ყიდვა. არაფერი სხვა არ გვინდა, არც ფულადი დახმარება, არც საკვები.

„ალია“ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და გადასცა 30 წლის ქართველი გოგოს ს.კ.-ს შესახებ ინფორმაცია, მივეცით, ქალბატონი ლეილას საკონტაქტო ნომერი, გვიპასუხეს, რომ ქალბატონი ლეილა კარგად იცნობს, თურმე ესპანეთში საქართველოს კონსულს.
არც უთქვამს მერე ცუდი კონსულზე, გვითხრა, რომ კონსულს რაც შეუძლია აკეთებს, ეხმარება საკვებით ვისაც შეუძლია, მაგრამ ფრენის დანიშვნის უფლებას კონსულს არავინ აძლევს.


საკონსულოებს რომ მოუსმინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გამოართვას სია, რამდენი ქართველი დარჩა უმუშევარი და დანიშნოს სპეც. რეისები – მაგაზეა საუბარი.


ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იცოდა, საქართველს მოქალაქე ს.კ. რომ ორი დღეა კლინიკაშია, მეტიც, გვიმტკიცებდა შემდეგს: მოქალაქე საავადმყოფოში ვერ გადაჰყავს ესპანურ მხარეს, რადგან იქ ახლა კორონა მძვინვარებს და სტაციონარებში არ იღებენ პაციენტებს, მკურნალობენ სახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.


ისევ გადავრეკეთ ქალბატონ ლეილასთან და ისევ დაგვიდასტურა, რომ ამ  მომენტში, კვირა საღამოს, ს.კ. ისევ კლინიკაშია კვლევებისთვის, თუმცა, მას მალე გაუშვებენ სახლში, უკვე მოამზადეს ერთი ოთახი, სადაც მოათავსებენ და მიხედავენ ქართველი ემიგრანტები.


საუბარიც ამაზეა ზუსტად, რომ საქართველოს მოქალაქე არის კლინიკაში, სადაც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო მეუბნება კორონა მძინვარებს და შეიძლება გადაედოს და მაინც, მას ქვეყანაში ვერ აბრუნებენ, ვერ ან არ – ფაქტი ერთია, ტოვებენ ესპანეთში. მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც მითხრა, რომ შესთავაზეს, თურმე დაბრუნება ამ ადამიანს, კერძოდ, რამდენიმე ქვეყნის გავლით გამოფრენა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ავადმყოფმა გოგომ მარტომ უნდა იფრინოს რამდენიმე ქვეყნის გავლით და ისიც უცნობია, როგორც თავად სამინისტრო მეუბნება, მიიღებს თუ არა სხვა ქვეყანა და მისცემს თუ არა ჩარტერული რეისით გამოფრენის უფლებას – ეს ვარიანტიც არ გამოდგება. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ გადავეცი ემიგრანტების პასუხი – მიპასუხეს, რომ დანამდვილებით იციან, ს.კ. არ არის კლინიკაში და არის სახლში.
გამოდის, მატყუებენ ქართველი ემიგრანტები?!


ემიგრანტებმა ფოტოები გადმომიგზავნეს, როგორ წევს ს.კ. კლინიკაში, მათ შორის, გადმომიგზავნეს ხელის სამაჯურის ფოტო, სადაც მისი სახელი და გვარი წერია, გადავუგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოები და მივწერე რომ არაფერი არ მაინტერესებს გარდა ერთისა:


რატომ ბედავს და რატომ აძლევს თავს უფლებას, მოატყუოს ჩემი მკითხველი და ბრალი დასწამოს ემიგრანტებს ტყუილში.


ბოლო კომუნიკაციისას, საგარეო საქმეთა სამინისტროში მითხრეს, რომ კლინიკაშია ნამდვილად ს.კ. მაგრამ უკვე გაწერილია და მალე წაიყვანენ სახლში ემიგრანტები. იქვე მითხრეს ისიც, რომ თავიდან კონსულს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და ამიტომ გამცეს ასეთი პასუხი.
ასევე მითხრეს, რომ მუშაობენ სპეც. რეისების დამატებაზე და პარალელურად 2 ათასი ემიგრანტისთვის აქვთ ბინა დაქირავებული და აძლევენ საკვებს.


ტყუილში, ან არასწორ კომუნიკაციაში არ ვუხდით ხელფასს სამინისტროებს. როგორც ვიცი, ზარები იწერება და შეუძლიათ, გადაახვიონ და მოუსმინონ, ემიგრანტმა რა უთხრა სახელმწიფოს და რა პასუხი მოიტანა სახელმწიფომ ჩემამდე. სარჩელის შეტანის შემთხვევაში, ემიგრანტები მარტივად დაამტკიცებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალს სდებდა!


ასეთი მდგომარეობა რომ არის ევროპის ქვეყნებში და კლინიკაშიც რომ ვერ გადაიყვან შენ მოქალაქეებს, იმიტომ უნდა გქონდეს სპეც რეისები და იმიტომ უნდა ჩამოიყვანო!
თორემ, სანამ ემიგრანტები ფულს აგზავნიდნენ ქვეყანაში, არც არაფერი უთხოვიათ მაგ პერიოდში!

პ.ს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე იტალიაში გაგიჟდა. ყველას გეხსომებათ ის ვიდეო, როგორ დარბის ქალი ქუჩაში შიშველი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, ქართველი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და გაგიჟდა, უკვე მოთავსებულია კლინიკაში საელჩოს დახმარებით და მას უტარდება მკურნალობა.
დანიშნეთ სპეც რეისები და დააბრუნეთ ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არიან რისკის ჯგუფის ქვეშ და მოეშვით მედიის მოტყუებას და ემიგრანტებისთვის ხელის შეწმენდას! საკმარისია.

ალია, №13, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შენ უნდა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებდი?

  2. ანონიმური

    თამო,მაგარი გოგო ხარ.უფალი გფარავდეს.სულ იქ ხარ,სადაც ვინმეს უჭირს.👏❤. პატივისცემით მეც თამო!

  3. ქარიმანი

    საქართველოს ე. წ. მთავრობავ, ივანიშვილო, გახარიავ დაიხსომეთ კარგად:საქართველოში ერთი ემიგრანტის ფერფლის ჩამოტანამ შეიძლება თქვენც დაგფერფლოდ ძირიან ფესვიანად… ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით და ნუ ეთამაშებით ყველაფერ ამას, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებთ, რამეთუ თქვენ გეტყობათ, არასოდეს გინახიათ ხალხის მასა, რომელსაც არაფერი აღარ აქვს დასაკარგი და ყოველივე ამასთან შედარებით, ე. წ. გადატრიალება და რევოლუცია, რის გამოც თვალები დათხარეთ საკუთარ ხალხს, საყოველთაო სახალხო ზეიმად მოგეჩვენებათ…. სააკაშვილმა კი არა და ეშმაკმა რომ სემოგთავაზადოდ ჩამოიყვანეთ ის ხალხი, თუნდაც ავად იყვნენ, უკვე თბილა, მოაწყვეთ საველე ჰოსპიტლები… გაუფრთხილდით ჯერ საკუთარ თავებს და ოჯახებს და მერე მათ, არა და პირიქით უნდა აკეთებდეთ… უბრალოდ არ მინდა დავიჯერო რომ, საკუთარი თავებიც არ ,,გიყვართ,, და კიდევ ერთი, თქვე უტვინოებო: თქვენ (გახარია) სააკაშვილს რომ დათანხმებოდით ემიგრანტების ჩამოყვანაზე, შემოთავაზებისთანავე, მე პირადად (და მთელი საქართველოც ალბათ) ათი თავით მაღლა დაგაყენებდი, მასთან (სააკაშვილთან) შედარებით, მიუხედავად იმისა რომ, გულზე არ მეხატებით, თქვე ვაიპოლიტიკოსებო, თქვენა!!!

  4. Giorgi shavdatuashvili

    Ase zan rato artulebt yvelafers gtxovt da ufro panikashi rato yrit xalxs erti gamagebinet metu mkitxav aset vitarebashi aseti ramebi arc unda daweroyt

  5. leyla nikolaschvili

    simartlis mosmena mwarea.magari gogo xar tamo…..ar dawere ara pirikit dawere da daexmare adamianebs..me gixdi madlobas kvelapristvis..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.