რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა?

საგანგებო მდგომარეობას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია.
საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით და გადაწყვეტილებას დაუყოვენებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანა იმართება დეკრეტებით, რომელსაც ისევ და ისევ გამოსცემს საქართველოს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ გახარიას წარდგინებით. ამ დეკრეტებსაც ამტკიცებს პარლამენტი, რომელიც მყისიერად უნდა შეიკრიბოს მის განსახილველად.
ასევე უნდა იქნეს გამოცემული ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით დეკრეტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით და დღეს ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო რეგულაციების ცვლილება.


კონსტიტუციის რომელი მუხლები შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს?


მე-13 მუხლი – ადამიანის თავისუფლება
მე-14 მუხლი – მიმოსვლის თავისუფლება
მე-15 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები
მე-17 მუხლი – აზრის, ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები
მე-18 მუხლი – სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
მე-19 მუხლი – საკუთრების უფლება
21-ე მუხლი – შეკრების თავისუფლება
26-ე მუხლი – შრომის თავისუფლოება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

შეგახსენებთ, ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები მხოლოდ იზღუდება და მისი შეზღუდვის უფლება აქვს პრეზიდენტს ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, პრემიერ გახარიას წარდგინებით.


პრემიერ გახარიას, რომ რამე რეგულაციის და კანონის შემოსაღებად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელმოწერა დასჭირდება, ეს ცალკე თავის ტკივილი იქნება სავარაუდოდ.


რაც შეეხება მე-18 მუხლს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, იგი დიდი ხანია შეზღუდულია ქვეყანაში, იმდენი სახელმწიფო სამსახური გვიზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომას, ეს მუხლი კარგა ხანია არ მუშაობს.

ახლა ვნახოთ კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, არათუ შეზღუდოს, საერთოდ შეაჩეროს –


მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შეჩერება შეუძლია, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შეზღუდვას და თავისუფლებაშეზღუდული პირი, ვერ მოითხოვს კომპენსაციას ამის გამო.
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შეჩერებით შეუძლია შეგვიჩეროს თავისუფალი მიმოსვლა, საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება და ქვეყნის გასვლის უფლება.
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შეჩერებით, ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია აღარ იქნება ხელშეუხებელი და შესაძლებელი იქნება, ნების წინააღმდეგ ჩხრეკის ჩატარება როგორც ადამიანის, ისე ადამიანის საცხოვრებელი ფართის.
მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების შეჩერებით, მედია ვეღარ იქნება თავისუფალი და შესაძლებელი გახდება ცენზურის დაწესება, კონსტიტუციაში აღარ იმუშავებს მუხლი, რის მიხედვითაც შესაძლებლობა გექნება იკითხო, რა მიზეზით იქნა რომელიმე მედიაზე ან ერთ კონკრეტულ მასალაზე ცენზურა დაწესებული.
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შეჩერებით აღარ გექნებათ კონსტიტუციური უფლება გამოითხოვოთ საჯარო დაწესებულებებიდან თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია.
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შეჩერებით – საკუთრების ჩამორთმევას წყვეტს სახელმწიფო და კანონი არ არეგულირებს რა შემთხვევაში, რადგან კონსტიტუციაში, სწორედ ის მუხლი ჩერდება, რომელიც მიუთითებს, რომ კანონით უნდა იქნეს დარეგულირებული ჩამორთმევა ან შეზღუდვა საკუთრების – ასევე ზუსტად მესამე პუნქტითაა განსაზღვრული რომ საკუთრების ჩამორთმევის მერე უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება – შესაბამისად, ამ მუხლის გაჩერებით, ანაზღაურებაც არ მოხერხდება.

რაც შეეხება არჩევნებს – საგანგებო მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები ვერ ჩატარდება.

თუ სხვა ვითარებაში თავდაცვის ძალების გამოყენების უფლება აქვს პრემიერს, საგანგებო მდგომარეობის, თავდაცვის ძალების გამოყენების გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტი, ოღონდ აქაც პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის დამტკიცებით.


თუმცა, არის ერთი კარგი ამბავიც გახარიასთვის, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ზუსტად ეპიდემიის დროს, თავდაცვის ძალების გამოყენების საშუალება პირდაპირ აქვს განსაზღვრული პრემიერს და აი, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მას არ სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. მეტიც, გახარიას ისე შეუძლია გამოიყენოს თავდაცვის ძალები ეპიდემიის დროს, რომ პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.

როგორც ვხედავთ, გახარიას თავის ტკივილი იქნება საგანგებო მდგომარეობა, მაშინაც კი, თუ მყისიერად მოახერხა რომ პრეზიდენტმა უპასუხოს, რამდენად მოაწერს ხელს გახარიას ყველა წარდგინებას პრეზიდენტი ხელს და მერე ამ დეკრეტებს, რომელზედაც მისი ხელმოწერა იქნება, როგორ განუმარტავს საზოგადოებას, არავინ იცის.

ასევე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, თუ ხელისუფლება მართლაც არ გეგმავს მედიის უფლებების შეზღუდვას, საკუთრების უფლების შეზღუდვას – სხვა მხრივ ყველაფერს თითქმის ისე აკეთებს, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს გააკეთებდა, დაჩქარებული წესით აპირებს კანონპროექტის მიღებას, იმ პირთათვის სანქციების დასაწესებლად, ვინც თვითიზოლაცია დაარღვია. ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები შეცვალა – მათ შორის სესხის აღების გამარტივებული წესიც დაადგინა – თუმცა, ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, უფრო მოქნილიც შეუძლია იყოს.

ის რაც უნდა დაკეტილიყო, ისედაც დაიკეტა, ხვალიდან ბაზრების დაკეტვას აპირებენ (იმ ბაზრებზეა საუბარი, სადაც პროდუქტი არ იყიდება, არ შეშინდეთ). აღარ იმოძრავებს ქალაქში სამარშუტო ტაქსები. სკოლები დაიკეტა, კაზინოების ნაწილმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დაიკეტა, იკეტება რესტორნები – რაღა დარჩა დასაკეტი? რა არის ეს, თუ არა საგანგებო მდგომარეობა? დეკრეტები, რომელზედაც პრეზიდენტს უნდა მოეწერა ხელი – ჩაანაცვლეს კანონპროექტებით, რომელსაც დაჩქარებული წესით იღებენ, ან რეკომენდაციებით, რომლებსაც არა აქვს კანონიერი ძალა, მაგრამ ყველა ხდვება, რომ საჭიროა და ემორჩილება.


ერთადერთი – საჭირო გახდებოდა სასწრაფოდ შემოღება საგანგებო მდგომარეობის, თუ ქვეყანას ექნებოდა რამე ფონდი და მერე ამ ფონდში ფული, რომელიც გამოყენების უფლებაც ექნებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს – როგორც ამერიკას, მაგალითად. სამწუხაროდ, ასეთი ფონდის არსებობაზე ვერც კონსტიტუციაში ვნახე რამე და ვერც ექსპერტებმა გაიხსენეს მსგავსი ფონდის არსებობა. რას ვიზამთ, სად გვაქვს შესანახი ფული, მერე პრეზიდენტს მეორე სასახლე იყო გასარემონტებელი და ანტიკვარებით გამოსაწყობი.


ხოდა, რა აკლია საგანგებო მდგომარეობამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას? – მხოლოდ პრეზიდენტი, მთელი თავისი ბრწყინვალებით!

“ალია”, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ალია ძალიან გაბანძდი კარგს ვერაფერს ხედავთ

    1. ანონიმური

      მთავარი არხის ყაიდაზეა ყველა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.