რას აკეთებს საქართველოში აშშ-დან ჩამოსული კრიზის მენეჯერი? – “მყავდა პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადება ჰქონდა და არ იცოდა”

„ალიას“ ესაუბრება, ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და პანდემიის პერიოდში საქართველოში დარჩენა და კრიზისის მართვაში დახმარება გადაწყვიტა. მას უკვე აქვს შედეგი კახეთში, მარტივად მოაგვარა საწოლების პრობლემა კლინიკაში, იყიდა დასაკეცი საწოლები, წაიღო სახელოსნოში, გადააკეთებია ისე, რომ შეძლებოდა სტაციონარში გამოყენება. ასევ, შეკრიბა ექიმების გუნდი და აქტიურადაა ჩართული ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში.

– როგორ მიიღეთ საქართველოში დარჩენის და დახმარების გადაწყვეტილება, სპონტანური იყო, ვინმემ გთხოვათ, თუ? და რას აპირებთ პანდემიის მერე?

– არავის უთხოვია, დავინახე საჭიროება, ჩამოვედი და ვაკეთებ საქმეს. არავის ხელს არ ვუშლი, ყოველ შემთხვევაში, არადა, ახლა ამ სიტუაციაში, ხელის შეშლა უფრო მარტივია, ვიდრე დახმარება. ჩემი სპეციალობაა კრიზის მენეჯმენტი, ეფექტური სისტემის სწრაფად ამწყობი ვარ და ასევე ნევროლოგი. რითიც შევძლებ, დავეხმარები ქვეყანას და პანდემია რომ მორჩება, დავბრუნები ისევ ამერიკაში.

– ასევე შექმენით ჯგუფი და თვალს ვადევნებდი, საკმაოდ სწრაფად შექმენით და ჩართული ხართ ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში. რთული  დასადგენია, მართლა აქვს პაციენტს გართულება, სუნთქვის დამძიმება, თუ სტრესული მდგომარეობაა?

– ზოგჯერ შეიძლება იყოს რთული, თუმცა, როგორც წესი, ადვილია, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორი,  მათ შორის ასაკზეც, შესაძლოა, 25 წლის ადამიანი უბრალოდ შფოთავდეს და 65 წლის ადამიანი კი გეუბნებოდეს, რომ გულმკერდის ადგილას ტკივილი აქვს და ვერ სწორდება. მათ შორის შეიძლება იყოს ისეთებიც, რომლებსაც ვერ ადგენ ტელეფონით, თითქოს, არც იქეთაა და არც აქეთ – აი, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ დიაგნოსტიკა. ერთ-ერთი კარგი საშუალება, რაც მოვიფიქრეთ, ბინაზე ვარიგებთ სატურაციის აპარატებს უფასოდ, ის საზღვრავს სისხლში ჟანგაბის სატურაციას, რითიც ძალიან მარტივად გამოჩნდება, რეალურად ვერ სუთქავს, თუ შფოთვის გამოა პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ სტრესული მდგომარეობაა, სატურაცია ექნება ნორმა. თუ დავრწმუნდით, რომ მას ჩვენ კი არა ფსიქოლოგები სჭირდება, ფსიქოლოგი მყისიერად ერთვება, ჩვენ კი გადავდივართ სხვა პაციენტზე, სადაც სხვა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ.

– ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კორონავირუსის შემთხვევების დროს, ფილტვის პრობლემაც თავის ტვინიდან შეიძლება იყოს გამოწვეული და ტვინმა დაბლოკოს სუნთქვის ფუნქცია…

– არა აქვს მნიშვნელობა მიზეზს, რის გამო შეიზღუდება სუნთქვა, თუმცა, მეორეს მხრივ, სუნთქვა თუ შეიზღუდა, უკვე სატურაცია არ სჭირდება. რაც შეეხება თავის ტვინის გამოკვლევებს, ნევროლოგი ვარ, როცა თავის ტვინის გამო რთულდება სუნთქვა, როგორც წესი, მაგ დროს ცნობიერება დაქვეითებულია და მაგ შემთხვევაში უკვე გადაყვანა მოხდება პაციეტის. თუ სუსტად არის, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ხდება მისი მდგომარეობის შეფასება, მაშინ გადავიყვანთ, რომ ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას, თუმცა, იშვიათია ხდება შემთხვევა, რომ გადავიყვანოთ და მერე იქ არ აღმოჩნდეს რაღაცა, როგორც წესი, პაციენტს ეტყობა რეალურად მძიმეა, თუ ნერვიულობის ბრალია.

– ჩვენ ახლა ყურადღება გავამახვილეთ ასაკზე. რამდენად სწორია, ასაკზე ყურადღების გამახვილება? სამწუხაროდ, საქართველოში, ბევრ ახალგაზრდას აქვს ქრონიკული დაავადება, ზოგმა არც იცის, ისე აქვს. ხომ არ ფიქრობთ, საქართველოში არ ხდება ქრონიკული დაავადებების დროული გამოვლება და მართვა  და ეგაც პრობლემაა?

– ძალიან კარგი კითხვაა, ასაკზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია, მაგრამ ეს არის მრავალუცნობიან განტლებაში, ერთ-ერთი უცნობი, მაგალითად X+Y+V, სადაც X არის ასაკი. შეიძლება ასაკი იყოს 21-25 წელი, მაგრამ თუ სხვა ნიშნებია იმის, რომ ეს არის სერიოზული სიმძიმე, რა თქმა უნდა, გადავიყვანთ. ასაკი არ არის მთავარი ამოსავალი წერტილი. მაგალითად, სიგარეტის მწეველს ემართება ფილტვის კიბო და ეს ვიცი, მაგრამ დავუშვათ და არამწეველს დავუნახეთ ფილტვებზე დაჩრდილვა, ან რამე სხვა პრობლემა, რა თქმა უნდა, იმას სახლში არ გავუშებთ, არ ვეტყვით, რადგან არ ეწევი, ფილტვის კიბო არ გექნებაო. ასე რომ, მხოლოდ ასაკზე არ კეთდება აქცენტი. თუ პაციენტს ჰქონდა დამძიმების რამე ნიშანი და ექიმმა ვერ დაინახა, გამორჩა, ეს ექიმის შეცდომაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დამძიმებადი პაციენტი, თავიდან არ არის მძიმე, ხო? ქალბატონი რომ გარდაიცვალა სასტუმროში, ძალიან გახმაურდა მაშინ ეს ამბავი, არსებობს პრაქტიკაში ისეთი პაციენტებიც, რომლებიც გასინჯისას არ იყვნენ მძიმედ და მერე დამძიმდნენ, ასე რომ მაგაშიც რთულია ექიმი დადანანაშაულო, რატომ ვერ მოახდინე წინასარმეტყველებაო. X+Y+V -დან, Y შეიძლება იყოს რომელიმე ქრონიკული დაავადება და ა.შ. რაღაც მომენტში გაავლებ ხაზს, რომ ამ ხაზის ზევით, დავუშვათ არის რისკის ჯგუფი და ქვევით არის მსუბუქები! ეს ძალიან პირობითია და  ხაზიც მცოცავია. მაგალითად, თუ გყავს ორი პაციენტი ქრონიკული დაავადებით მაგრამ ერთს აქვს ტემპერატურა 39 გრადუსი და მეორეს 37.5, გადაიყვან იმას, ვისაც მეტი აქვს ცხელება, ხო. მე არ ვიცი საქართველოში როგორ იმართება ქრონიკული დაავადებები, სულ რამდენიმე თვით ჩამოვედი და ძირითადად, კოვიდით ვარ დაკავებული. მეც მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც დამძიმდა, გადავიყვანეთ კლინიკში და შაქარი აღმოაჩნა 500-ზე მაღალი. ვკითხე, რატომ არ მითხრა და არ ვიცოდიო. თუმცა, ჰქონდა ნიშნები და გადავიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდით მის თანმხლებ დაავადებაზე. მერე დასტაბილურდა ყველაფერი, ნორმალურადაა ახლა. ყოვეთვის იქნება ერთი მაინც ასეთი პაციენტი…

– უცნაური იყო და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა რამდენიმე 100 წელს მიღწეულმა ადამიანმაც დაამარცხა კოვიდი, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონემაც.

– გეტყვით, როგორ არის, ერთეული შემთხვევები ყოველთვის მაცდურია, იყო ერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან ბევრს ეწეოდა და ფილტვები ჯანმრთელი ჰქონდა. მისი მაგალითის განხილვა, ცრუ იმედს გააჩენს, ანუ, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ სხვებთანაც ასე მოიქცევა დაავადება.

– სასწაულ რაღაცებს აკეთებთ, მინდა გითხრათ, ესე იგი, ქვეყნის ექიმთა სრული უმრავლესობა იძახის ე.წ. ლაზარეთები არ გვჭირდებაო, თქვენ არც ის გითქვამთ ხმამაღლა, გვჭირდებაო, არც ის გითქვამთ, არ გვჭირდებაო, არც კი შესულხართ ამ კამათში, წახვედით და კლინიკის დერეფნებში, შედარებით ნაკლებადმძიმე პაციენტებისთვის საწოლები დადგით, ანუ, ლაზარეთი, გამოდის დადგით კახეთში. მიდის ამდენი თვეა დავა, გვაქვს საწოლი, არა არ გვაქვს საწოლი, არც ამ დავაში შემოსულხართ, წახვედით, ჩვეულებრივი სააგარაკე საწოლები სახელოსნოში წაიღეთ, გადააკეთებინეთ და დადგით.  მარტივი მოსაგვარებელი იყო?

– ძალიან მარტივი მიდგომა მაქვს, მივდივარ ადამიანთან, ვეკითხები რა სჭირდება,  მოვდივარ და იმას ვაკეთებ, რაც უნდა. ამაზე მარტივად რა უნდა ვქნა? სიმსივნის წამალი ხომ არ გამომიგონია? მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ამაში სირთულე არაფერია, უფრო ლოჯისტიკაა. ამაზე მახსენდება ერთი მაგალითი, პროფესიონალი მეთხილამურე, რომელიც 10 წელია თხილამურებზე დგას, მთიდან რომ დაეშვება და მეორე, დამწყები რომ გვერდით ამოუდგება, რომლიც პირველად დადგა თხილამურზე, ერთნაირად ხომ ვერ დაეშავებიან, განსხვავება იქნება, ხო? ამ შემთხვევაში კრიზისული სიტუაციების მართვს საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს და რომ დავიწყე  10 წლის წინ, ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორც დღეს ალბათ სხვები. უბრალოდ, ჩამოვედი და ეს რელევანტური გამოცდილება გამოვიყენე ჩემ ქვეყანაში.

– პანდემიის და კრიზისის მართვის გამოცდილება სად მიიღეთ?

– შეერთებულ შტატებში, რამდენიმე წუთში თითო ინსულტი მოდიოდა, ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია. იყო ასეთი პერიოდი, რომ მთელი ამერიკის შტატებში მომხდარი ინსულტების 10 პროცენტი ჩემზე გადიოდა, ამაზე მეტი კრიზისი რა გინდა? ეს პაციენტები, რომლებსაც სიცხე აქვს 37.5 ახლოსაც ვერ მოვლენ ინსულტიანთან, საბედნიეროდ, რა თქმა უნდა.

– საქართველოს რეგიონებში კიდევ უფრო რთულია მუშაობა, რადგან, როგორ გვიყვებიან, მაინც არ სჯერათ ბოლომდე ვირუსის არსებობის. ერთი რესპონდენტი იმასაც გვიყვებოდა, რომ სახლებში იხოცებიან ადამიანები, ისე, რომ ექიმს არ უკავშირდებიან და მათი რიცხვი არც მერე ემატებოდა სტატისტიკას – რამდენად მართალია?

– პირველ ნაწილს რაც შეეხება, რეგულაციის დაცვას და ვირუსის არსებობას, ნამდვილად მასეა, არ სჯერათ ხოლმე,  მაგრამ რომ ემართებათ, მერე იჯერებენ. მე ლიბერატიანული მსოფმხედველობის ვარ, ერთი დევიზი მაქვს, არავინ არავის არ ავნოს, დანარჩენი, თუ უნდა დაიჯეროს, თუ უნდა არ დაიჯეროს, თუ დახმარება სჭირდება, მოითხოვოს ეს დახმარება და თუ შემეძლება, დავეხმარები. რაც შეეხება სტატისტიკას, რა თქმა უნდა, გამიგია და რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ასეა, შტატების ჩათვლით, კახეთშიც იქნება, ალბათ, ერთეული შემთხვევები, ისევე როგრც ყველა კუთხეში. თუმცა, ამ რესპონდენტებმაც აიღონ პასუხისმგებლობა და როცა ამბობენ, რომ მოდებულია და იხოცება, დაასაბუთონ ციფრით – რამდენი? მასე თქმა ადვილია, იხოცებაო, მაგრამ სად, ვინ?

– შეზღუდვების რეგულაცია იმოქმედებს?

– ეგეც ცნობილი დასაბუთებული ფაქტია, რომ მოქმედებს შეზღუდვები. როგორც კი საფრანგეთმა ჩართო რეგულაციები, 2-3 კვირაში წამოვიდა მკვეთრად ქვევით ციფრები. ეპიდემიოლოგი არ ვარ, მაგრამ საქართველოშიც ციფრებს რომ ვუყურებ, თითქოს ბოლო კვირის მანძილზე დასტაბილურდა. იმედია მაქვს, მალე გვეშველება.

– ხომ არ იყო შემოთავაზება თქვენი სისტემის, სხვა რაიონებში დანერგვის? და გიფიქრიათ, თუ არა, როგორ შეიძლება ეშველოს საქართველოს პირველად ჯანდაცვას?

– კი, არის საუბარი, მიკავშირებიან რეგიონებიდან, კომუნიკაცია მქონდა მმართველ ორგანოებთანაც, მოიწონეს, უკვე აიღეს გარკვეული ასპექტები ამ პროგრამის. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, პანდემიამ დააჩქარა ის, რაც ისედაც უნდა მომხდარიყო, პირველად ჯანდაცვაში უნდა მოხდეს გადახარისხება  სხვადასხვა დონის პროფესიონალის და მიეცეს მათ შესაბამისი როლები. მაგალითად, იმისათვის, რომ პროფესიონალმა ექიმმა მოახერხოს პაციენტის დახმარება, გამზადებული უნდა მიუტანოს უმცროსმა ექიმმა პაციენტის ისტორია და ხელისგულზე დაუდოს ექიმს, მერე ეს ისევ ჯაჭვურად ჩამოიშალოს, უმცროსი ექიმის გავლით პაციენტზე.  მეტი პაციენტის გატარებას შეძლებს. სისტემის სწორად აწყობა არ არის აუცილებელი რომ იყოს მხოლოდ ამ სცენარით, მრავალნაირი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს.

– გვყავს საქართველოს ჯანდაცვაში კრიზის მენეჯერები?

– სხვათა შორის, კი, მე ვფიქრობ, ბატონი ამირანი და ბატონი თენგიზი ძალიან კარგი მენეჯერები არიან, მაგრამ, ნახეთ, ეფექტური რომ იყოს მუშაობა, ყველა რგოლი უნდა მუშაობდეს კარგად და არა ცალკეული და  ჩვენ ყველა სხვა რგოლში გვიჭირს! გაგვიმართლა, რომ ამ პანდემიის დროს, ჩვენ გვყავს ბატონი ამირანი და ბატონი თენგიზი, უბრალოდ მარტო ისინი ბოლომდე ყველაფერს ვერ გააკეთებენ, ცხადია.

თამო კეშელავა, ალია

  •  
  •  

3 Comments

  1. vreyro linomit

    I am extremely impressed with your writing skills as well as with the layout on your blog. Is this a paid theme or did you modify it yourself? Either way keep up the excellent quality writing, it is rare to see a great blog like this one these days..

  2. vreyro linomit

    What’s Going down i am new to this, I stumbled upon this I have discovered It positively helpful and it has helped me out loads. I am hoping to give a contribution & aid different users like its helped me. Great job.

  3. vreyro linomit

    I think this is one of the most important information for me. And i’m glad reading your article. But wanna remark on few general things, The website style is ideal, the articles is really excellent : D. Good job, cheers

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.