რაზე უთხრა უარი მარიამ ჯიშკარიანმა მაია ნიკოლეიშვილს და რა უნდა შეცვალოს პრემიერმა სამხარაულის ბიუროში?

„ალიას“ ესაუბრება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

– „ემპათიის“ დირექტორ მარიამ ჯიშკარიანსა და თქვენ შორის, გარკვეული დაპირისპირება მოხდა და საბჭოთა ექსპერტი გიწოდათ. იცნობდით მას მანამდე? რამე პირადული მოხდა თქვენ შორის?

– კი თქვა, არ ვიცნობო მაიასო, თუმცა, ვიცნობთ ერთმანეთს. დიდი ურთიერთობა არ გვქონია, გავიცანი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში. 1997 წლიდან დავიწყე დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე საუბარი, რადგან საბჭოთა ექსპერტიზების სისტემა, მართლა მოძველებულად მიმაჩნდა. სააკაშვილი, ადეიშვილი, ჟვანია – სულ ყველას მხარდაჭერა იყო, რომ გაჩენილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი ექსპერტიზის სისტემა. პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველები ვიყავით, ვისაც დამოუკიდებელი ექპსერტიზა გვქონდა. მე ვარ საბჭოთა ექსპერტი, რომელმაც საბჭოთა ექსპერტიზის სისტემა დავანგრიე და დამოუკიდებელი ექპერტიზა შემოვიტანე? ჯანდაცვის მინისტრი ჯორბენაძე შეჭმული მყავდა, გამყრელიძეს მგონი, ჩემ დანახვაზე ახლაც აკანაკალებს…

მაღალჩინოსნების მისაღებებს არ ვშორდებოდი, პარლამენტში მივდიოდი, კომიტეტების წევრებს ვხვდებოდი, მოუშორებელი ჭირი ვიყავი. ასეთი ეტაპების გავლა დამჭირდა საბჭოთა ექსპერტიზის შესაცვლელად. ჯორბენაძემ თქვა, ბოლოს და ბოლოს მოუსმინეთ მაიასო და გამოჰყვეს მაღალჩინოსანი, რომელთანაც დავიწყე ამ თემაზე საუბარი. ამ მაღალჩინოსანმა მითხრა მაშინ, არის ერთი ახალაგაზრდა გოგო, ფსიქიატრიო და გამაცნო. ამ შეხვედრაზე, მე ვუთხარი ჯიშკარიანს, საბჭოთა ფსიქიატრიას რომ პრობლემები ჰქონდა, საბჭოთა ფსიქიატრია რომ ხალხს ამტვრევდა, სასამართლო მედიცინას იმდენი არ გაუფუჭებია და იქნებ, თუ ფსიქიატრი ხარ, მოდი რა, ეგ ხაზი აიღე და ორივე ერთდროულად ავამუშავოთთქო. იქვე თქვა უარი, არა, მე ჩემ კოლეგებს ვერ დავუპირისპირდებიო.

მე ჩემ გზას გავყევი, ალტერნატიული ექსპერტიზა შეიქმნა, მერე უკვე ფსიქიატრიაშიც შეიქმნა და ყველა დარგში დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეს არის ფუფუნება საქართველოს. მართლა არ არსებობსს არსად საქართელოს გარდა, რომ დანაშაულის ადგილიდან გამოძიების დასრულებამდე გაჰყვეს ექსპერტი საქმეს – ეს ჯაჭვი არსად არსებობს ჩვენ გარდა და ჩვენ ვერც კი აღვიქვამთ, როგორი ფუფუნებაა. მერე, სააკაშვილის პერიოდში, მომიტანეს საქმე, სადაც ერთი ადამიანი ადებდა ხელს პოლიციის მაღალჩინოსანს, დავით კეკუას. „ემპათიის“ დასკვნა რომ წავიკითხე გავგიჟდი, გავცოფთდი, ამ დასკვნით ადამიანს ბრალი ედებოდა სხეულის დაზიანებების მიყენებაში, ოღონდ, ეს დაზიანებები, არც დროში ჯდებოდა, არც მექანიზმში ჯდებოდა. მაშინ გავაკეთე მეც დასკვნა, მათი დასკვნა გვერდზე გადაიდო და ჩემი დასკვნა იქნა გაზიარებული. დასკვნა ახლაც შენახული მაქვს მისიც და ჩემიც. მაშინ, კეკუა გადაურჩა ციხეს. მისი ბრალის დამტკიცება გამორიცხული იყო. უბრალოდ მოვყვები, არავის არ ვუკავშირებ, ამ ამბის შემდეგ, კეკუა მაინც დაიჭირეს და თავი ჩამოიხრჩო, ასეთია ოფიციალური ვერსია. მაგ პერიოდში კიდევ რამდენიმე დასკვნა შემხვდა „ემპათიის“, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ეს იყო ე.წ. სტამბული პროტოკოლიზე დაყრდნობით შედგენილი დასკვნები. სტამბულის პროტოკოლი ძალიან კარგია მაგალითად ციხეში გამოსაყენებლად – მაგრამ, მას არა აქვს ექსპერტიზის ძალა. სტამბულის პროტოკოლის დროს, ზოგადი ექიმი აღწერს ჭრილობებს, რაც ძალიან კარგია და გამოსაყენებელია, მაგრამ ეს არ არის ექსპერტიზა.

– ეს დაახლოებით ჰგავს პირველადი დათვალიერების ოქმს?

– კი, ბატონო, დაფიქსირება, დათვალიერება. რაც ძალიან საჭიროა შემდგომი ექსპერტიზისთვის, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება ექსპერტიზად სასამართლოში. აი, ამ ტიპის დასკვნები მხვდებოდა “ემპათიიდან“.  აი, ეს იყო ჩვენი ურთიერთობა, სხვა ურთიერთობა არ გვქონია. ახლა ამბობს, მლანძღავს მაიაო და ჩემგან ლანძღვა ვინმეს გაუგია? დილეტანტობა, არაპროფესიონალიზმი და სასამართლო მედიკური ბოდვა – მორჩა, ამას ვამბობ და ეს ლანძღვაა? – როდესაც არა აქვს საქმის მასალები შესწავლილი და ვერსიებს ამბობს და არანაირი არგუმენტაცია არა აქვს, ეს არის სასამართლო მედიკური ბოდვა.

– ისინი საუბრობენ, რომ პირველადი დათვალიერების ოქმში სასამართლო ექსპერტს ეწერა, რომ გაშეშება ცხედარს  აღენიშნებოდა. რაც, ამ ბუნებრივი პირობების დროს შეუძლებელი იქნებოდა 4 დღის წინ გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე.

– ადგილზე გასულმა ექსპეტრმა არასწორად მიიღო ხელის დეფორმაცია გაშეშებად.

– სწორად მიიღოო, ამბობს სამხარაულის ექსპერტიზა და მართლაც იყო გაშეშება გამოხატულიო.

– მე ვთვლი, რომ არ მიიღო სწორად, ეს არ იყო გაშეშება და მაქვს არგუმენტები. ხელი დეფორმირებულია. ის პირქვე იქნა აღმოჩენილი წყალში, ის გადმოაბრუნეს…. როცა ეხები, სახსარმა იმოძრავა – კიდურებს გაშეშება იხსნება და თავიდან აღარ ვითარდება. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ამოიყვანეს წყლიდან, ვერაფრით ვერ იქნებოდა იქ გაშეშება. აი, ამაზე ააგო მსჯელობა, რომ ის 48 საათი სადღაც ჰყავდათ, მერე წყალში დაახრჩვეს, მერე ამოიყვანეს, მერე ისევ წყალში გადააგდეს, ეს არის ბოდვა. თან ხდება ამის ტირაჟირება, სამხარაული უდასტურებს და ამ ვერსიას ამაგრებს – აი, აქ ავფეთქდი, მანამდე არ ვმონაწილეობ საქმეში და არ ვერეოდი.

– როგორც გვითხარით, საქმის დეტალებზე არც ახლა აპირებთ საუბარს.

– არა, არ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე. ჩემი მიზანი დასკვნის მინუსების აღწერა არ არის, მინუსიც არ ჰქვია ამას, უბრალოდ დასკვნაში არის მომენტები, რომლებიც მე რაღაც გარკვეულ გზას მაფიქრებინებს.

– სხვა გზას? განსხვავებულს ამჟამინდელი ვერსიებიდან?

– კი, სხვა გზით მაფიქრებინებს, მაგრამ ვინაიდან არ ვიცნობ საქმის მასალებს, ხმას ამაზე არ ვიღებ. არასერიოზული იქნება. ამ დაზიანებამ რაღაცა მაფიქრებინა, მაფიქრებინა, რომ ეს დაზიანება სხვა გზით უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ საქმის მასალები აუცილებელია, რომ დავრწმუნდე ჩემი ეჭვის სისწორეში.

ამიტომ ავტეხე ახლა მეც ეს ამბავი, რომ ჩემ პროფესიაშიც შემოდის არაკომპეტენტურობა, ვსაუბრობთ ხარისხზე დღეს და პრეტენზია გვაქვს სამხარაულის ხარისხზე და მეც მაქვს ეს პრეტენზია – წარმოიდგინეთ, სამხარაულის სტანდარზე კიდევ უფრო დაბალი სტანდარტი რომ შემოვა, საერთოდ რა იქნება? ამიტომ ჩავერიე. ეს დაუსაბუთებელი ვერსიები, შედეგზე მოქმედებს, საზოგადობრივ აზრზე მოქმედებს.

სისტემას ცვლილება სჭირდება, ძირეულადაა შესაცვლელი. ყველამ იცის სამხარაულის პრობლემები, თუ ორგანიზაციული, თუ ხარისხობრივი. პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ექვემდებარება პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომლის გონებასაც მე ძალიან ვაფასებ, აზროვნების სტილი მომწონს მისი ძალიან, თორემ, არც ვიცნობ…

– იმედია, წაიკითხავს გახარია ჩვენ წერილს და დაინტერესდება სამხარაულის ევროვნული ბიუროს მუშაობით.

– იმედია, იქნებ და შეცვალოს. სასურველი იქნებოდა. ძალიან ბევრი ქირურგიული ცვლილებები  შეიძლება არც სჭირდებოდეს, ორგანიზაციულმა ცვლილებებმა, კვალიფიკაციის ამაღლებამ, სწავლების მიწოდებამ, შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. როცა სამხარაულის ექსპერტიზის სისტემა იქმნებოდა, მე ვიყავი ხელძღვანელი. მაშინვე ვამბობდი, რომ ეს ისეთი თავკომბალა იქნება, ისეთი დიდი ძალა იქნება კონცეტრირებული ერთ დაწესებულებაში, საშიშია, მას უნდა ჰყავდეს მაკონტროლებელი ორგანო-მეთქი. ჩემი შედგენილი სქემით მუშაობენ ახლა და ჩემი სქემიდან ამოღებულია, აკლია სწორედ ის ერთადერთი  – დირექტორი სადაც წერია, იქ გამოტანილი იყო პარარელოგრამი, სადაც ეწერა სათათბირო საბჭო – ეს იქნებოდა მაკონტროლებელი ორგანო. სწორედ, ეს ერთადერთი რამ ამოიღეს სქემიდან და სწორედ ის იყო არადა ჩემი პრინციპული მოთხოვნა.

ექსპერტების დატვირთა და შრომა არაადექკვატურია. არ უქმნიან მომზადების, გადამზადების პირობებს, საჭირო ტრენინგებს არ უტარებ. რომ ნახოთ, რამდენი საქმე აქვთ თითოეულს – მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. ზუსტი ინსტრუქციები უნდა მიაწოდო,  ჯერ უნდა მიეხმარო და თუ არ შეასრულებს მერე მოთხოვო, უნდა მისცე იმდენი სამუშაო, რამდენსაც შესძლებს რომ ხარისხიანად გააკეთოს. როცა ამ პირობას არ უსრულებ, რა უნდა მოსთხოვო. როდესაც მე ვიყავი ცენტრის დირექტორი, ექსპერტს ჰქონდა ხელფასი 28 ლარი, როგორ უნდა დასაჯო? ახლა მართალია, სამუშაო და სახელფასო განაკვეთის პირობები შეიცვალა, მაგრამ ორგანიზაციული საკითხები, როგორც ჩანს გაუარესდა.

თამო კეშელავა, ალია №27

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    ეჭვს იწვეს ნიკოლიშვილის ნიკოლაიშვილის პოზიცია ბევრს იღებს თავის თავზე

  2. !!!

    ჯიშკარიანი მაიასთან ცოდნით და პრაქტიკული გამოცდილებით ვერასოდეს ვერ მივა.ნურც ეცდება.

  3. ანონიმური

    პრემიერი რა შუაშია საერთოდ?!

  4. ანონიმური

    რა სისულელეებს მიედ მოედებით?!

    1. sxvata shoris

      ras tvlit sisuleled? vikot koreqtulebi.a

  5. ანონიმური

    რატომ სისულელეებს ,რას მიედ მოედება? რა თქვა არასწორად? სამხარაულში რომ ყველაფერი კარგად არაა ეს ყველამ ვიცით.მაიასთან ყველა ნულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.