“პურს იყო მიშტერებული, უყურებდა და… ტიროდა, უძლურებას და შიმშილს ტიროდა…”

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბებიას დიდად არ უყვარდა ჭრა-კერვა… იქნებ, არ ეხერხებოდა…
ერთხელ, ქალი გვესტუმრა, მანამდე არასოდეს მენახა ჩვენთან, არ ვიცნობდი, ბებია იკითხა, გასული იყო, შემოვიპატიჟე.
ოთახის ბოლოში დაჯდა. წელშიგამართული იჯდა, მდუმარედ, ხმას არ იღებდა.
ბუხარში სამფეხაზე მდგარ ქვაბში ღორის ხორცი იხარშებოდა, მაგიდაზე ახალგამომცხვარი პური იდო.

უხმოდ იჯდა და მაგიდაზე დადებულ პურს უყურებდა…

ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ უხერხულობა ვიგრძენი, თავი ჩავხარე, ფეხსაცმელებს დავაშტერდი…

თავჩახრილი ავხედავდი ხოლმე, ისევ ისე იჯდა, ისე გამართული, ქანდაკებასავით გარინდული, პურს მიშტერებული, არც ერთი ნაკვთი უკრთოდა… და ტიროდა.. ორივე ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა ისე, რომ თვალსაც არ ახამხამებდა… მანამდე ასეთი ტირილი არასოდეს მენახა, ასეთი ჩუმი…

გავქვავდი, შემრცხვა, დავიბენი… არ ვიცოდი, შემეთავაზებინა რამე, თუ არა, მეთქვა რამე, თუ არა… გადავწყვიტე, რომ არა – არაფერი უნდა მეთქვა, არც უნდა მეგრძნობინებინა ჩემი იქ ყოფნა…

კიდევ კარგი, ბებო დაბრუნდა…
გაუკვირდა ქალის დანახვა, შევატყვე.

ოთახის ბოლოდან ნაბიჯი არ გადმოუდგამს ისე ამოიღო ჯიბიდან ფერადი საკერავი ძაფები და ბებოს მიაწოდა, ეს მოგიტანე, ახალია, ვიფიქრე, გამოგადგებაო…
არადა, ბებოს არასოდეს უყვარდა ჭრა-კერვა, იქნებ, არც გამოსდიოდა…

სადილად დავპატიჟეთ, ცივად იუარა,
საქმე მოიმიზეზა და წასასვლელად გაემზადა…
პური და ხორცი გაუხვია ბებოამ – უარი არ უთქვამს, არც მადლობა, არც ცრემლი მოუწმენდია, იქნებ, ვერც გრძნობდა ცრემლს, ადგა და წავიდა…

– ჩვენთან ერთად რატომ არ ისადილა? – ვკითხე ბებოს…
– სახლში საწოლადჩავარდნილი და ჰყავს და მის გარეშე არ შეჭამა, ალბათ…
მერე მივხვდი, ჩვენთან ერთად რომ ესადილა, შეიძლებოდა ან ბებოს დავიწყნოდა მერე გატანება, ან მას მორიდებოდა წაღება!

მას მერე ის ქალი აღარ მინახავს…
მას მერე არც ძაფი და ნემსი მინახავს ბებოს ხელში…
ისედაც არ უყვარდა ჭრა-კერვა…

ხშირად წარმოვიდგენ, როგორ მისცა ბოლო ლუკმა საწოლადჩავარდნილ დას, როგორ ითმენდა შიმშილს, როგორ გადაქექა სახლი, რამე ახალი და უხმარი ნივთის ძიებაში, რომ სადმე, ვინმესთან მისასვლელი მიზეზი ჰქონოდა, როგორ გაუხარდა, როცა ფერადი ძაფები იპოვნა, როგორ და რატომ დაჯდა ოთახის ბოლოში, როგორ წელგამართულმა გამოიტირა უძლურება და შიმშილი, როგორ არ დაღეჭა ერთი ლუკმაც კი თავისი დის გარეშე და როგორ აღარ გვესტუმრა მეორედ…

მერე გავიგე, ერთი ოჯახისთვის ჩითის საკაბე მიუტანია… არც იქ მივიდა მეორედ!

ამბობდნენ, იმდენად ამაყია და არასოდეს წუწუნებს, შეთავაზებაც გვეუხერხულებაო!
არც მე დამანახებდა ცრემლებს, რომ შესძლებოდა მოთმენა, რომ შესძლებოდა შეკავება, ხორცის და პურის სუნი რომ არ მდგარიყო ოთახში… იქნებ, ვერც გრძნობდა, რომ ტიროდა…

ჩემი დიდი წიგნი – ადამიანები!”

ფოტო – თემატური

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.