“პაიოკი”, რომელსაც ძაღლსაც არ აჭმევ, დამწვარი ტანსაცმელი და დახეული ბათინკები” – რა ხდება სამაშველო სამსახურში?

სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როდესაც იგი ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას. მისი მოქალაქეები კი არიან პოლიციელები, ექიმები, მასწავლებლები, მეხანძრეები, ინჟინრები, ძიძები, მკერავები, ხელოსნები, აღმზრდელები, ფარმაცევტები, იურისტები, პროფესორები, აკადემიკოსები, რიგითი მოქალაქეები, მოხუცები, ბავშვები და ა.შ.

ხელისუფლებას მაშინ აქვს პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობის შანსი, როცა მისი თავმოყვარეობა სწორედ საკუთარი მოქალაქეების პატივისცემაზე გადის და არა დროებით, ძალიან პრიმიტიულ პირად გამორჩენაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ხელისუფლებას ანგრევს.

მედიაც, ხშირ შემთხვევაში, რეალურად ხელისუფლების მოკავშირეა, თუ ხელისუფლება მიხვდება და ამას გააცნობიერებს, რადგან საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ერთი საერთო მიზანს ემსახურება – უკეთესი ქვეყნის მშენებლობას!

ერთი წლის წინ, “2020NEWS“ მეხანძრე-მაშველების გაუსაძლის პირობებზე წერდა. ამ ადამიანების გამძლეობაზე კი ხშირად არის ხოლმე დამოკიდებული სხვა ადამიანების სიცოცხლე და გადარჩენა, სხვა მატერიალური ქონების გადარჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შს სამინისტროს შეიძლება ამ შემთხვევაშიც მოეჩვენოს, რომ დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტია, მაგრამ ეს ასე არ არის და ასე სახელმწიფო ვერ აშენდება.

“2020NEWS“ გთავაზობთ ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველის სკანდალურ ინტერვიუს და მის ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ, რომ ხელისუფლებამ მასზე კი არ გაილაშქროს, იმ პრობლემებს მიხედოს, რომელიც ამ სისტემაში არის და რაზეც ამ სტატისი არის საუბარი.არავის არ სიამოვნებს ასეთი არაადამიანური მოქცევა და დაცინვა. ყოველდღე ვფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე. ასე ფიქრობს უმეტესობა, ვინც აქ მუშაობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მივდივართ – მე მიყვარს ეს საქმე და ვერ ვტოვებ. ზოგს წასასვლელი არსად აქვს, მეხანძრე-მაშველების უმრავლესობას კი, ბანკის ვალები აქვს და ვართ ასე. ხელფასებს და კვებას რომ თავი დავანებოთ, რაზეც ცოტა მოგვიანებით გეტყვით და რაც არ ვიცი რა არის, ძაღლსაც არ მიუტანენ ისეთ ულუფას, შესაბამისი ტანსაცმელი და აღჭურვილობა არ გვაქვს. ზაფხულში დაგვირიდეს ზამთრის ბათინკები. გვაიძულებდნენ ეს ბათინკები ჩაგვეცვა და ჩვენც გვეცვა ზაფხულში, მოხარშული გვქონდა ფეხები. ცხადია, ეს ბათინკები გაცვდა, ზოგს დაეხა, მე ლურსმანზე გამოვკარი ერთ-ერთი გამოძახების დროს და დაიხა. ახლაც ის მაცვია. წყალი შემდის მაგრამ რა უნდა ვქნა? – არ გვაძლევენ მეტს. ბოტები უნდა გვქონდეს და ვინ გვაძლევს ამ ბოტებს?! ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი ტანსაცმლისთვის თანხები გამოყოფილია, მაგრამ ესენი იპარავენ. აბა როგორ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ მეხანძრე-მაშველს სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა სჭირდება?!

რატომ არ გაძლევენ?

პასუხი ვინ უნდა გაგვცეს? ჩვენი უშუალო უფროსები ამ საკითხს ვერ წყვეტენ და უფრო ზევით ჩვენ არავინ გვიშვებს. ბიჭებს დამწვარი შარვლები გვაცვია, ხანძარს რომ აქრობ, ან შარვალი დაგეწვება და ან ქურთუკი – გამოსაკრავები არ გვაქვს. ახლა ზამთარია და სიცივეა, ხომ არ გავიყინებით?! – ვინ დაეძებს, თუ რამე გააპროტესტე, პასუხის გამცემი არავინ არის და იყვირე რამდენიც გინდა. ელემენტარული ჰიგიენის საშუალებები არ გვაქვს, მოიტანენ 3 დღე რომ გვეყოს და მერე ჩვენ ვყიდულობთ, აბა რა ვქნათ? ნათურა რიმ ნათურაა, იმასაც ჩვენ ვყიდულობთ ხშირად.

მეხანძრე-მაშველის ხელფასი რამდენია?

არ გაინეტერსებთ სამსახურის უფროსების ხელფასები რამდენია? – მოიკითხეთ. ჩვენ ვმუშაობთ 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი რეჟიმით და ხელფასს ვიღებთ 920 ლარს. როგორც გვეუბნებიან, ხელფასიდან გვექვითება ე.წ. „პაიოკების“ ფული, რომელსაც არავინ ჭამს. იმას რა შეგვაჭმევს?! ეს ე.წ. „პაიოკი“, ერთი ულუფა, თურმე 12 ლარი ჯდება და ეს თანხა გვექვითება ხელფასიდან. ჯამში 120 ლარს გვიქვითავენ. „პაიოკში“ შედის – კონსერვი, ერთი პაკეტი ჩაი გურიელი, ერთი კაპეტი ყავა და 4 პატარა პაკეტი შაქარი. ეს კონსერვი ერთხელ გავსინჯე, მაინტერესებდა როგორი გემო ჰქონდა და ცუდად გავხდი. არავინ მას არ ჭამს, ხელსაც არავინ კიდებს. ეს ყველამ იცის, რომ არ ვეკარებით, მაგრამ მაინც მოაქვთ და მაინც გვექვითება ხელფასიდან ამ უვარგისი საკვების თანხები. მართლა მაინტერესებს, 24-საათიანი რეჟიმით რომ უნდა იმუშაოს მაშველმა, ეს „პაიოკი“ ეყოფა? ეს საკვები უნდა მიიღოს მეხანძრე-მაშველმა 24 საათის განმავლობაში. ადამიანებად არ გვთვლიან. ამ საკვებს ძაღლსაც კი არ მიუტანენ. თუ სადმე ქარი, წვიმა, ნგრევა და უბედურებაა, იქ ვყრივართ. მერე მოვდივართ და ამ ძაღლის ულუფას გვახვედრებენ და ამაში 120 ლარს გვიქვითავენ ხელფასიდან. წყალს გვაძლევენ ისეთს, რომ მისი დალევა არ შეიძლება. ან საიდან მოაქვთ, ან რა გემო აქვს, ალბათ ვინმე მათი ახლობელი კუსტარულად ასხამს. ჩვენ უარს ვამბობთ ამ საკვებზე.

აბა როგორ იკვებებით?

ბიჭები 5-5 ლარს შევკრებთ ხოლმე და ვყიდულობთ საკვებს. აბა რა ვქნათ, ამათ იმედზე რომ ვიყოთ, შიმშილით დავიხოცებით.

და არ მოითხოვეთ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა?

ბევრჯერ, მაგრამ რა მერე?! რატომ შეგვხვდებიან, ის რომ გვითხრან, ყველაფერი კარგად ვიცით, მაგრამ ფულს ვტეხავთო? აკეთებენ და აკეთებენ რემონტს. ჩვენს უფროსობას „კლიჩკად“ „რემონტა“ აქვს. სადაც მიდის ყველაგან რემონტს აკეთებს, რომ ფული მოტეხოს. ახალ წელს ბოლნისის ტყეებში ვიყავით ბიჭები, ერთი მადლობა მაინც ეთქვა ვინმეს. ყველში აქვს უკვე ყველას ყველაფერი ამოსული.

ავტომანქანები თუ მაინც არის გამართული?

მანქანები მოიყვანეს, მაგრამ ეს მანქანები დაზღვეული არ არის. რამე რომ დაემართოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. არ იჩქარებ გამოძახებაზე მისვლას, ხალხი გაგლანძღავს რატომ დააგვიანეთო, სიჩქარეში რამე დაგემართება და უფროსები გეჩხუბებიან. ახალი მანქანის ერთი „სტოპი“ 800 ლარი ღირს. თუ გაგიფუჭდა, შენ უნდა გადაიხადო. აღარც მძღოლებს უნდათ მუშაობა. აუცილებელია ამ ავტომანქანების დაზღვევა, მაგრამ ვინ აკეთებს ამას და არ იციან, რომ საჭიროა?! – რა თქმა უნდა, იციან. ერთხელ გამოძახება იყო, სახლი იწვოდა, ავტომანქანები ძალიან ვიწროდ ეყენა და ისედაც ძალიან პატარა ჩიხი იყო. ვერ მოვახერხეთ შესვლა. ისე ახლოს იდგა მანქანა, რომ ოდნავ გავუსვით, ისე ვერ შევედით. რომ მოვედით გამოძახებიდან, ვთქვით, რომ ასეთი რამე მოხდა, მაგრამ მერე ჩვენ რა ვქნათო და ბიჭებმა შევაგროვეთ იმ მანქანის შეკეთების ფული – 250 ლარი დაჯდა. ერთადერთ შემთხვევა მოხდა ამ ბოლოს, მძღოლმა გაუსვა ერთ-ერთ ავტომანქანას და იმ მანქანის შეკეთების ფული გადაიხადეს – 150 ლარი. 500 ლარი რომ დამჯდარიყო, ჩვენი გადასახდელი იქნებოდა.

დიდი ფიზიკური დატვირთვა გაქვთ?

რა თქმა უნდა. ღამე ძილი გვიჭირს, როდესაც გამოძახებებიდან მოვდივართ, ესენი კი კისერს არ ატრიალებენ გვერდზე – რამე ხომ არ გიჭირთო. ცოტა ხნის წინ, მე-15 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა, ჩვენი ტოლა იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვხვდებოდა ადგილზე? ჩვენ ავხვეტეთ. ამის გადახარშვა იცი რა ძნელია? იმის ღირსადაც არ გვთვლიან, რომ თუ რამეს დაგვპირდებიან, შეასრულონ და ადამიანებად ჩაგვთვალონ. სულ სისხლში გვაქვს ხელები და უმძიმესი ფაქტების მომსწრეები ვართ ხოლმე.

რას აპირებთ?

რა დავაპიროთ?! გვინდა მოვაწვდინოთ ხმა საზოგადოებასაც და ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ გაიგონ – ასე არ შეიძლება. არ უნდა ხდებოდეს ასე. ძნელია ასე მუშაობა!

“2020NEWS” აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ყველაფერი მინისტრის ბრძანებაშია გაწერილი და იგი შესაბამის საინფორმაციო სივრცეშია განთავსებული. მინისტრის ბრძანებაც ვნახეთ, ყურადღებითაც წავიკითხეთ, მაგრამ იქ არაფერი ეწერა უვარგისი საკვების, უვარგისი წყლის, დახეული და დამწვარი სპეცტანსაცმლის და მეხანძრე-მაშველების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ. ამ სამსახურის მაღალჩინოსნების ხელფასითაც დავინტერესდით, კონფიდენციალურიაო და არ დაგვიკონკრეტეს. დასაკონკრეტებელი კი ბევრიც არაფერია. გომელაურის უწყება მაღალჩინოსნების სოლიდური ხელფასებით, დანამატებით და პრემიებით, ჩემპიონი და რეკორდსმენი უწყებაა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    საიდან მოგაქვთ მსგავსი სისულელეები ნეტა

  2. ანონიმური

    სრუული აბსურდია და მეტი არაფერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.