“ოცნების” თავსატეხები 2021 წელს და განაწყენებული მაჟორიტარები

ნიკა მელიას თავმჯდომარეობა (ის ცოტა ხნის წინ აირჩიეს ენმ-ის თავმჯდომარედ) არ მოეწონათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნების“ მთავარმა სატყუარამ, სააკაშვილი დაბრუნდება, შესაძლოა, ჩაილურის წყალი დალიოს და ადვილი მისახვედრია, რომ ახალი თავმჯდომარე პროცესს სწორედ აქეთკენ წაიყვანს. უფრო მეტიც, როგორც გვეუბნებიან, თავმჯდომარის არჩევაში „ოცნების“ ის აქტივიც მონაწილეობდა, რომლებიც რეალურად, შეგზავნილები არიან და მათი მხარდაჭერა ლევან ვარშალომიძემ მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ზოგადად, 2020 წელი ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი უნდა ყოფილიყო. პირველად მოხდა, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, მოქმედმა ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნა და ეს ყველაფერი რუსეთს დაბრალდა. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ აღნიშნულს ძალზედ მძაფრად აღიქვამენ და ამიტომაც იყო, ახლადშეკრებილმა პარლამენტმა პირველად „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პროექტი დაარეგისტრირა და მიიღო კიდეც, სადაც ნათლად მიუთითა ევროატლანტიკური სწრაფვა. თუმცა, ერთია ქაღალდზე დაწერილი და მეორე – რეალობა. მართალია, ამ არჩევნებზე რუსეთის ხელი არ იგრძნობოდა, მაგრამ ჩრდილოელი მეზობლის ჩარევის გარეშე რომ არ ჩატარდებოდა, ბავშვმაც კი იცის.

სამწუხაროდ, რუსული მარწუხებიდან თავი ვერც 2020 წელს დავაღწიეთ. საუბარი არ არის მხოლოდ პურის ფქვილსა და ენერგომატარებლებზე. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართლი პროდუქციის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსულ ბაზარზე იყიდება და რომ არა ეს ბაზარი, ქართველ გლეხს მოსავლის გასაღება ძალიან გაუჭირდება. ყოველწლიურად იზრდება რუსული ინვესტიციები და ისიც გამოჩნდა, რომ რუს ტურისტებზე თითქმის მთელი ტურიზმის სექტორი იყო ჩამოკიდებული.

პოლიტიკური თვალსაზრისით, 2021 წელის საქართველოში 2020-ზე მწვავე იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა და ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ერთი, ერთადერთი მუნიციპალიტეტი მაინც მოიგოს და სწორედ იქიდან დაიწყოს ხელისუფლების რღვევა. წინა არჩევნებზე ამის პრეცედენტი გურიასა და თიანეთში იყო, როცა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა იმარჯვეს, თუმცა რეალურად, „ოცნების“ წინააღმდეგ არცერთი არ წავიდა.

ნაციონალების თავმჯდომარის გარდა, „ოცნებას“ სხვა თავსატეხიც ბევრი აქვს. პირველ რიგში, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არავის მოსწონს და იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, ნაახალწლევს ჩვენს გარდა საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 3-4 პარტია იქნებაო, რეალურად, მმართველ გუნდს 2 პარტიის იმედი აქვს და იმ ორიდან ერთი აუცილებლად ცალკე დარჩენილი „გირჩი“ იქნება. ზურაბ ჯაფარიძემ ახალი „გირჩი“ ჩამოაყალიბა და დაიმახსოვრეთ, ბოლოს ისე გამოვა, რომ სავალდებულო ბარიერს ვერცერთი ვერ გადალახავს. ეს საყოველთაო პრობლემებს რაც შეეხება, თორემ გუნდის შიგნითაც გვარიანი დაძაბულობაა.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ მიიღო ის, რასაც არჩევნებამდე დაპირდნენ. განსაკუთრებით განაწყენებულები მაჟორიტარები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარი მხრებით გაათრიეს სიის ბალასტი და რეალურად, სიაში პარტიის ლიდერების გარდა, არაფრის მომცემი სახელები და გვარები ეწერა. დასაქმებას და პოლიტიკურ თანამდებობებს ლამის ყველა მაჟორიტარს დაპირდნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმეს გაუმართლა“,- გვეუბნება ჩვენი წყარო.

ჯერჯერობით დაუსაქმებლები თუ უბრალოდ განაწყენებულები არიან, ყოფილი დეპუტატები, რომლებიც არც საარჩევნო პროცესს გააკარეს და არც შემდგომ გაიკარეს, საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩნენ. ახლა, მათ ოლქებში ძალთა გადანაწილების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ საახალწლოდ შემთხვევით ვინმეს რამე გაუვარდეს და ასევე შემთხვევით სხვას მოხვდეს. „დათრეული“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ბიზნესების „ახევა“ უხმაუროდ არასდროს გამოდიოდა და ამ ამბებს ხმაური აშკარად მოჰყვება.

სხვა აბა, რა გითხრათ? ვირთხის წელი იყო და კი ხედავთ თავადაც, რამდენი პოლიტიკური ვირთხა გაძვრა და გამოძვრა. ხარის წელი მოდის და იმედია, ცეცხლოვანი ხარის როლს პირდაპირ ეთერში მაინც არ მოირგებენ პოლიტიკოსები. ამის მცდელობა უკვე ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს, როცა განაცხადა, „ოცნების“ ერთი-ორი „ნაშის“ ხათრით პარლამენტში შესვლა კი შეიძლებოდაო. არ იყო ეს განცხადება არც კორექტული, არც ირონია, არც იუმორი, არაფერი არ იყო, მაგრამ რეალურად, არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით, აღარც ირაკლია არაფერი და იდგეს, ილაპარაკოს.

ანი დვალიშვილი, ალია

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    meti sadardebeli argot xo? movtkan 41s shemomxazavi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.