მოსყიდვა, ქრთამი, კორუფცია პანდემიის დროს – რას წერს Bellingcat “ოცნების” ხელისუფლებაზე

საერთაშორისო გამოცემა Bellingcat ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კორუფციის შესაძლო ფაქტებს ვრცლად მიმოიხილავს.

გამოცემა იუწყება, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ხელისუფლებამ მმართველ პარტიასთან და თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს უკონკურენტოდ გაუფორმა კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვებისთვის. გამოცემის ცნობით, ხსენებული კომპანიები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. 

Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა სპეციალურად პანდემიის პერიოდში დაიწყეს სამედიცინო სერვისებზე მუშაობა, რამდენიმე კომპანია, საერთოდაც, ამ პერიოდში გაიხსნა. მიუხედავად ამისა, მათ სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ გაიმარჯვეს და სახელმწიფოს მილიონობით დოლარის მომსახურება მიაწოდეს. 

“მრავალწლიანი კვლევები მიუთითებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია კორუფციული ქმედებებისთვის… კორონავირუსის პანდემიის დაწყებისა და ახალ სახელისუფლებო სერვისებზე მოთხოვნების გაჩენის პარალელურად, ელექტრონული ტენდერების უტილიზაციის მაგივრად, საქართველოში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები დაიწყო. იგულისხმება კომპანიებისთვის სახელმწიფო კონტრაქტების უკონკურენტოდ გაფორმება, რაც მმართველი პარტიის მხრიდან სავარაუდო მოსყიდვის, ფავორიტიზმის, ქრთამის აღების, სახელისუფლებო გავლენის უკანონოდ გამოყენებისა და ანგარების ფაქტებზე მიუთითებს”, – წერს გამოცემა.

Bellingcat-ის მკვლევრები კორუფციის სავარაუდო ფაქტებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირებენ. 

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნებია მოახლოებული, საარჩევნო სისტემა მეტად პროპორციული გახდა, ხოლო NDI-ის ბოლო გამოკვლევებით, ოპოზიციას ჯამურად ქართულ ოცნებაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ხელისუფლებისთვის სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კოვიდპანდემიის ფონზე, მოახერხოს ფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალიზაცია”, – ვკითხულობთ სტატიაში. 

Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიება სახელმწიფო შესყიდვებს მხოლოდ ორი მიმართულებით მიმოიხილავს – ჯანდაცვის სექტორისა და საკარანტინო ზონებად სასტუმროების გამოყენებისთვის გაწეული ხარჯების კუთხით. პირველ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, მეორეში კი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 

სახელმწიფო შესყიდვები ჯანდაცვის სექტორში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო შესყიდვებზე ხელშეკრულებები ახლადშექმნილ კომპანიებთან გაფორმდა, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორში სერვისების მიწოდებაზე აქამდე არასოდეს უმუშავიათ. ამ კომპანიების უმეტესობის ხელმძღვანელობა კი „ქართული ოცნების“  შემომწირველია. საგამოძიებო სტატია ასეთ შემთხვევებს მიმოიხილავს. 

“ერთ-ერთი ასეთი მიმწოდებელი კომპანია Weekend LTD.-ია, რომელმაც 2020 წლის 8 აპრილიდან 10 ივნისამდე რამდენიმე სახელმწიფო დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა ერთ მილიონ დოლარს აჭარბებს. ყველაზე დიდი სახელმწიფო შესყიდვა კომპანიისგან ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა – $1,329,680″. 

საგამოძიებო სტატიაში ვკითხულობთ, რომ Weekend LTD-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია, რომელმაც პროსახელისუფლებო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა. 

ბონდო გოლეთიანი სხვა კომპანიებშიც ფლობს წილებს (Restaurateur Ltd. ; Georgian Mobile Import Ltd.). ხსენებულ კომპანიებში მისი ოჯახის წევრებიც არიან რეგისტრირებულები – ჭიჭიკო და ლექსო გოლეთიანები, რომლებმაც ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 42 996 ლარი შესწირეს. ბონდო გოლეთიანის კიდევ ერთმა ბიზნესპარტნიორმა, შალვა ერისთავმა კი ზურაბიშვილის კამპანიას 60 000 ლარი შესწირა. 

კიდევ ერთი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანია Ad Media Ltd.-სთან გაფორმდა, რომელსაც 40 000 სამშრიანი ნიღბის მიწოდება დაევალა. კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელი სერგო გალუსტიანია, რომელმაც ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში 100 000 ლარი შეიტანა. 

სერგო გალუსტიანი კომპანია Respirator Ltd.-ის მფლობელიც არის. ეს კომპანია 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. მეორე დღეს, 16 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებულმა ფონდმა “ქართუმ” ახლადრეგისტრირებულ კომპანიას 4 მილიონი სამედიცინო ნიღბის დამზადება შეუკვეთა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა კიდევ ერთ მიმწოდებელ კომპანიასთან, GEOFERRUM LTD.-სთან და მას ეკიპირება შეუკვეთა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კომპანია GEOFERRUM LTD. ძირითადად მეტალის სამშენებლო მასალების რეალიზაციით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წლის 21 მაისს არის რეგისტრირებული, მან სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა პირველად მიიღო და სახელმწიფომ 521 700 ლარის კონტრაქტი მაშინვე გაუფორმა. 

ამ შესყიდვასთან დაკავშირებით მკვლევრებს ის ეუცნაურათ, რომ კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილი ასევე კომპანია Geoortho LTD.-ის 100%-იანი წილის მფლობელია. ეს კომპანია სამედიცინო მასალის იმპორტითა და დისტრიბუციით არის დაკავებული და სახელმწიფო ტენდერებშიც არაერთხელ გაუმარჯვია. რატომ უნდა მიეღო ლურსმანაშვილს სამედიცინო აღჭურვილობებთან დაკავშირებულ შესყიდვაში იმ კომპანიის სახელით მონაწილეობა, რომელიც სხვა სფეროში მოღვაწეობს, მაშინ, როცა მის მფლობელობაში არსებული მეორე კომპანია სწორედ სამედიცინო სერვისების მიწოდებით არის დაკავებული?!

კვლევის ავტორები მკაფიო პასუხს იქვე სცემენ: კომპანია Geoortho Ltd. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი, “ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო”. 

ლევან ლურსმანაშვილმა ზურაბიშვილის კამპანიას 2018 წელს 35 000 ლარი შესწირა. 

სტატიის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვაზე კიდევ ერთი საეჭვო ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Sheild Ltd.-სთან, რომელსაც ერთჯერადი სამედიცინო ქუდებისა და ბახილების მიწოდება დაევალა. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2020 წლის 10 აპრილს არის დარეგისტრირებული, ამის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვებზე ხელშეკრულება კომპანიას ჯანდაცვის სამინისტრომ დარეგისტრირებიდან 2 კვირაზე ნაკლებ დროში გაუფორმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი ხელშეკრულება კიდევ ერთ ახლადრეგისტრირებულ კომპანიას, TNK LTd.-საც გაუფორმა. კომპანია 2020 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება კი რეგისტრაციიდან 2 თვის შემდეგ, 2020 წლის 21 აპრილს მოახერხა. 

კიდევ ერთი ახლადრეგისტრირებული კომპანია, რომელთანაც სახელმწიფო შესყიდვებზე ხელშეკრულება გაფორმდა ELIT Medical LTD.-ია, რომელიც 2020 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული. დარეგისტრირებიდან რამდენიმე კვირაში კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროდან 704 320 ლარი მიიღო. 

სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული წესით 17 ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Doctor Goods LTD.-სთან, რომელმაც სახელმწიფო უწყებებისგან მთლიანობაში 2 160 613 ლარი მიიღო. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს. კომპანიის 49.3%-ის მფლობელი 2020 წლის 28 მაისამდე კი “სტარტაპ საქართველო” იყო. “სტარტაპ საქართველოს” 100%-იანი წილის მფლობელი სს “საპარტნიორო ფონდია”, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით საგანელიძეა. ამასთან ერთად,სს “საპარტიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 5 წლის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო. 

“როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ვიხილეთ, გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების წარმოება აჩენს რისკს, რომ სახელმწიფო სახსრები იმ ადამიანების კომპანიების ხელში კონცენტრირდეს, რომლებიც მმართველი პარტიის დონორები იყვნენ, ან აფილირებულნი არიან სახელმწიფო თანამდებობის პირებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები, შესაძლოა, შესაფერისნი იყვნენ კონტრაქტებით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისთვის, ამის მტკიცებით თქმა რთულია, როდესაც კომპანიები რამდენიმე კვირით ადრე არიან რეგისტრირებულნი, გადასახადების გადამხდელთა სახსრებიდან ასობით ათასი ლარის მიღებამდე”, –  ვკითხულობთ Bellingcat-ის  სტატიაში. 

Bellingcat-ის საგამოძიებო სტატია  საკარანტინო ზონების მოსაწყობად გაწეულ ხარჯებსაც მიმოიხილავს. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, როგორ გაფორმდა ხელშეკრულებები ტურიზმის ეროვნული სააგენოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომელთა მფლობელებიც „ქართული“ ოცნების შემომწირველები არიან.

გამოკვლეულ კომპანიებს შორის არიან :  Iveria Inn,  Kvareli Edem და  Kakhuri Traditsiuli Meghvineoba LTD. ამ სამი კომპანიის მფლობელებმა, მეწილეებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2018 წელს ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას და პარტია „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 470 000 ლარი შესწირეს, საგანგებო მდგომარეობის დროს კი, სამივე კომპანიას საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული წესით  გაუფორმდა ხელშეკრულებები.

Bellingcat-ი ავტორიტეტული საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა საკითხს იკვლევს, მათ შორის: კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს.

წყარო: „ფორმულანიუსი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    arana rogor ikadrebden

  2. ანონიმური

    ჯიბეს აშოვნინეს დიდი ფული და ნაწილს უკან დაბრუნება საარჩევნოდ

  3. ანონიმური

    avantkopi bidzarastebo avantkop mixuinebivit sadxart?

  4. ანონიმური

    Ramdenic arunda iwvalot ocneba xmebis 63 procents chaixutebs.

    1. ანონიმური

      geshleba 163s

  5. ანონიმური

    45 procents aqedan 20 vinc mushaobas 10 nadzirala qocebivit 10 dashinebit 5ac gaalalbeben

  6. ანონიმური

    ფულის გამო რა დასკვნებს და “კვლევებს” აღარ დებენ ეს ნაცების არასამთავრობოები

  7. ანონიმური

    მორიგი სისულელე და ბოდვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.