„მინდა ეს ტექსტი იყოს სტიმული ადამიანებისთვის“ – ოთო აბესაძის ემოციური წერილი

“ჩემი ბრალია ისიც, რომ 26 წლის ასაკამდე ვიყავი იდეალისტი და მჯეროდა ადამიანების”- თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“26 წლის ვიყავი, როდესაც 2017 წლის ივლისში დამაკავეს. დაქორწინებას ვაპირებდით, უამრავი გეგმა გვქონდა, უამრავი მიზანი, უამრავი ოცნება, ვგეგმავდი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერას… როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ მომკლეს…

წამიყენეს ბრალი გულისამრევი მუხლით. გამოვცხადდი კორუფციის სახედ საქართველოში და აი ესე ძალიან ჩვეულებრივად „დავინიშნე დამნაშავედ“. 26 წლის მექრთამე, რომელმაც მეგობარს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 3 000…

ამ ამბის გაგებაზე ინფაქტით გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბაბუა და საშინელი თავდასხმის ცენტრში მოექცა ჩემი ოჯახი ე.წ. ტროლებისა და ბოტებისგან. დავრჩით მე და ჩემი ოჯახი აბსოლუტურად მარტო ამ სიბინძურის წინაშე…

დაკავებიდან 6 თვესა და 3 დღეში დავტოვე საპატიმრო ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო. აღმკვეთი ღონისძიება შემეცვალა გირაოთი და 2018 წლის 15 იანვარს გავთავისუფლდი.

მოკლედ რომ გითხრათ ციხიდან რომ გამოვედი დაყადაღებული და გაყიდული დამხვდა აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი გამაჩნდა. გამოვედი ციხიდან უმძიმესი დიაგნოზით, „მხრებზე“ მქონდა რამოდენიმე ასეული ათასი ვალი და უკიდურესად შელახული რეპუტაცია.

ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ ვინმემ თავი ჩემს ადგილზე. 27 წლის ასაკში გამოდიხართ ციხიდან, კატასტროფულად შელახული რეპუტაციით, გხვდებათ გარდაცვილი ოჯახის წევრი თქვენი ისტორიის გამო, ხართ კატასტროფული ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაყადაღებული და გაყიდული გხვდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, აურაცხელი ვალი და წინ სასამათლოები, რომელიც კაცმა არ იცის თუ როგორ დასრულდება. ოჯახის, ძაღლის და რამოდენიმე მეგობრის გარდა არავინ გიდგათ გვერდით და ხართ მხოლოდ ღმერთის იმედად. წარმოიდგინეთ? თუ წარმოიდგინეთ მაშინ უკეთ გამიგებთ რასაც ეხლა დავწერ.

ფაქტიურად თვითმკვლელობის ზღვარზე ვიყავი. იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც გარს მეხვია და მეგობრებად ვთვლიდი სულ რამოდენიმე დამიდგა გვერდით. ადამიანები უბრალოდ მერიდებოდნენ და არც მკითხულობდნენ. არ ვიცი დღემდე ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი. მე ხომ მათთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში.

ნულიდან არ დამიწყია ცხოვრება, ძალიან დიდი მინუსიდან დავიწყე.

2018 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი 5 თვე და მძღოლად არარეზიდენტი პირების შვილებთან. მთელი ეს პერიოდი ასევე ვწერდი პუბლიკაციებს და სამეცნიერო სტატიებს. ვაქვეყნებდი საერთაშორისო ჟურნალებში და ვწერდი სალექციო კურსს „სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ ს ახალ ვერსიას საქართველოსთვის და ევროპისთვის. არ ვიცოდი რატომ და რისთის ვაკეთებდი ამას, უბრალოდ ვწერდი და ვაგზავნიდი.

ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და შევძელი ის, რომ 21 საერთაშორისო სტატია გამოვაქვეყნე და google scholar ის მიხედვით ჩემი ციტირების ინდექსი გახდა 24.
ამ შრომამ და გათენებულმა ღამეებმა მოიტანა ის, რომ გავხდი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და გერმანიის ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი. ასევე საქართველოში 3 წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი.

ციხის დატოვებიდან 1.5 წელში შევძელი ეს ყველაფერი. აი ესე შევიყვანე ჩემი წილი საქართველო ევროპაში უივერსიტეტების აუდიტორიების გავლით.

მთელი ეს პერიოდი 1.5 წელი არ ვჩნდებოდი საჯაროდ არსად. არ მიმიცია არცერთი ინტერვიუ და არცერთ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. ვთვლიდი, რომ ჯერ უნდა დასრულებულიყო ჩემი სასამართლო პროცესები და შემდეგ მესაუბრა ამ თემებზე. ესე იქნებოდა სწორი. არ არის მართალი, როდესაც გაურკვეველია რამე და ამ ყოველივეზე საუბრობ.

დაკავებიდან 2 წლისა და 1 თვის თავზე, 2019 წლის 10 აგვისტოს დასრულდა სასამართლო პროცესები. 2 წელი და 1 თვე დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვარ მექრთამე და როგორც იქნა ეს საშინელება და გულისამრევი სიტყვა „ქრთამი“ მოშორდა ჩემს სახელს. საბოლოო ჯამში დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას და დამნაშავედ მცნეს ირუიდიულად ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც გულისხმობს „არამართლზომიერ ზეგავლენის მოხდენას“. ფრაზა, რომელიც დავპირდი ჩემს „მეგობარს“, რომ „ჩემი პირადი კონტაქტებით შევძლებ დაგეხმარო“ ამ მუხლში თარგმნა კანონმა. დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ, რომ ჩემთვის იყო გადამწყვეტი ქრთამი ჩამოშორებულიყო ჩემს სახელს. სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. აღარ მინდოდა მეტანჯდა ჩემი ოჯახი სასამართლოებში სიარულით და კვლავ გაჭიმულიყო სასამართლო პროცესები. მჭირდებოდა ჩამორთმეული პასპორტის დაბრუნება, რათა უფრო ეფექტურად ამეწყო ჩემი საერთაშორისო სამეცნიერო კარიერა.

ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, რადგან 26 წლის ასაკში გამოუცდელი წამოვეგე ძალიან კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თურმე ჩემზე. ჩემი ბრალია ისიც, რომ 26 წლის ასაკამდე ვიყავი იდეალისტი და მჯეროდა ადამიანების.

რას ვაპირებ მომავალში? იმას, რასაც ეხლა ვაკეთებ. უფრო აქტიურად გავიტან ქართული მეცნიერების სახელს მსოფლიოში და მე ჩემს წილ საქართველოს უფრო მეტად შევიყვან ევროპაში. ვაკეთებ და გავაკეთებ იმას, რომ მომავალ თაობას ვასწავლო რაცშეიძლება მეტი ჩემს აუდიტორიებში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მეტი ევროპა და მეტი საქართველო ევროპაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპული განათლების სისტემა და ხარისხი იყოს საქართველოში.

რატომ დავწერე ამდენი? იმიტომ, რომ მინდა ეს ტექსტი იყოს სტიმული ადამიანებისთვის. როდესაც გგონიათ, რომ ცხოვრება სრულდება, სინამდვილეში ამით სრულდება ერთი ეტაპი და იწყება რაღაც სხვა და ძალიან მაგარი.

მე უბრალოდ არ დავნებდი.”-წერს აბესაძე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.