მედიცინის მუშაკები თეა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც „ალიას“ წინა ნომერში დაიბეჭდა პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომლების, მედიცინეს მუშაკთა ინტერვიუები, რომლებიც წულუკიანმა სამსახურებიდან გაუშვა, რამდენიმე ადამიანი დაგვიკავშირდა, რომლებიც გვთხოვენ, მათი ისტორიაც გავაშუქთ.

მანანა ჟურულიშვილი, მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, მარტოხელა დედა, ქვრივი, ზრდის ორ შვილს, აქვს მედიცინის მუშაკად მუშაობის უკვე 20 წლიანი შტაჟი.


– როგორ მოხვდით პენიტენციურ დაწესებულებაში?


– 2016 წელს მოვხვდი პენიტენციურ სამსახურში, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს, 4 დღეში ერთხელ უნდა მემორიგევა 24 საათიანი ცვლით, წესით. ეს ძალიან მძიმე და რთული სამუშაოა, განსაკუთრებით ისეთ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, როგორც მეექვსეა, მაგრამ სხვა გზა როცა არა გაქვს ადამიანს, ექთნად სადაც მიმუშავია მანამდე, ყველგან დაბალი იყო ანაზღაურება, ქმარი დამეღუპა, შვილები მყავს გასაზრდელი.


– რამდენი გქონდათ ხელფასი? მინისტრი ამბობს ექთნებს 900 ლარს ვუხდიდიო.


– თავიდან რომ მივედი 600 ლარი მქონდა ხელფასი, მერე 100 ლარი მომემატა და 700 ლარი მერიცხებოდა.


– ცვლაში დაახლოებით რამდენი გამოძახება გქონდათ?


– 100 გამოძახება იყო ძალიან ხშირად, ზოგჯერ მეტიც, დღე და ღამე იყო გამოძახება. ორი კორპუსია, ძველი და ახალი, ფიზიკურად შეუძლებელს ვაკეთებდით, მარტო დღეში სამჯერ წამლების ჩამორიგება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებენ მუდმივად, ამ მომენტში 100 პატიმარზე მეტია ასეთი – მარტო ამას სჭირდება წესით ერთი ექთანი. მიუხედავად იმისა, რომ კონტინგენტიც მძიმე იყო და პირობებიც არ იყო მარტივი, არც ერთი საყვედური არ მიმიღია, არც ერთ პატიმარს საჩივარი არ დაუწერია, არც ერთხელ საყვედური არ მიმიღია ადმინისტრაციისგან. განსაკუთრებით რთული იყო ბოლო პერიოდში…


– ბოლო პერიოდში რატომ?


– რამდენიმე ექთანი და ექიმი ხანდაზმულია და შესაბამისად, მათ ახლა, პანდემიის პერიოდში არა აქვთ სახლიდან გამოსვლის და მუშაობის უფლება, ამიტომ სხედან სახლში.


– და პერსონალი არ დაიმატეთ?


– მიუხედავად იმისა, რომ ციხის მთავარი ექიმისგან ნანა გაბედავასგან, სულ გვესმის, რომ პერსონალის დამატებას აპირებენ, როცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, თამთა დემურიშვილმა ჰკითხა მთავარ ექიმს, ხომ გყოფნის პერსონალიო, კიო, უპასუხა… მაშინ მივხვდით, რომ სინამდვილეში არც არასოდეს აპირებდა პერსონალის დამატებას, პირიქით, თურმე, შემცირებას გვიპირებენ, მაგრამ, რაკი უკვე პანდემია იყო ქვეყანაში გამოცხადებული, გავჩერდი და გადავწყვიტე, მომეთმინა.


– მინისტრი ამბობს, რომ რეორგანიზაციის შესახებ, ნოემბერში გაგაფრთხილათ…


– კი, თამთა დემურიშვილი იყო მოსული, არ შეგეშინდეთ ტესტირების, მთავარია, სულ 5 და 10 ქულა არ აიღოთო და სხვა არ იდარდოთო…


– არ გითხრეს, რამდენი იყო მაქსიმუმი ქულების, ან რამდენი იყო გამსვლელი ქულა?

-არა, არც ერთი არ გამოუცხადებიათ, რომ ვიკითხეთ, ისევ ეგ გვიპასუხეს, მთლად 5 ქულას ნუ აიღებთ და, არავინ შეგეხებათო. არც ის უთქვამთ, რამდენი უნდა გაეშვათ. ხანდაზმულები, პენსიონრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ გაუშვებდნენ და სწუხდნენ, სიმართლე რომ ვთქვათ. მე ჯამში 62 ქულა ავიღე და ვინც დარჩა ექთნები, არც ერთს არა აქვს ამხელა ქულა აღებული. 43 წლის ექიმი გაუშვეს ასევე მაღალი ქულებით.


ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა, მანამდე გვითხრეს, რომ ვინც ორ ადგილას მუშაობდა, ციხეშიც და გარე სექტორშიც, მას უნდა აერჩია ერთი სამსახური, ან მხოლოდ ციხეში ემუშავა, ან წასულიყო – არაერთმა ადამიანმა აირჩია ციხე და უარი თქვა გარე სექტორში სამსახურზე – ახლა კი ეს ადამიანები ქუჩაში დარჩნენ სამსახურის გარეშე.


– შემდეგ იყო გასაუბრება, როგორც ვიცი…


– კი, გასაუბრება თავად მინისტრმა ჩაატარა უშუალოდ, სათითაოდ მიგვიღო ყველა. მანამდე ისევ თამთა დემურიშვილი იყო მოსული, გვითხრა, არ ინერვიულოთ, ეს გასაუბრება ფორმალობაა, უბრალოდ დაგელაპარაკებათო. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამშვიდებული და კმაყოფილი წამოვედი გასაუბრებიდან, ვერც ვიფიქრებდი, რომ გამათავისუფლებდნენ.


– რა გკითხათ წულუკიანმა?


– პირველი კითხვა იყო, როდის მოვხვდი პენიტენციურ სამსახურში და როგორ. შემდეგ მკითხა, სხვაგანაც თუ ვმუშაობ, ციხის გარდა, ვუთხარი, რომ არა, მკითხა, რატომ არაო?


– კი, მაგრამ ხომ აკრძალა თავად ორ ადგილას მუშაობა?


– არა, გასაუბრება თებერვალში იყო, მაგის მერე აკრძალა… ავუხსენი, რომ ქმარი მყავს გარდაცვლილი და ორ შვილს მარტო ვზრდი, ამიტომ ვერ ვიმუშავებ ორ ადგილას. მინდოდა მეთქვა, რომ დროც არ მრჩებოდა, რადგან, ხშირად დამატებით ცვლებსაც ვმუშაობდი ხოლმე მე ციხეში, მაგრამ აღარ მითქვამს. მერე მკითხა, მომწონს თუ არა ციხეში მუშაობა და რატომ მომწონს, ვუთხარი, რომ მიყვარს ჩემი საქმე და ადამიანების დახმარება. შემდეგი კითხვა იყო, ახლა რომ ყოველ მეოთხე დღეს მუშაობ, ყოველ მესამე დღეს რომ გამუშავოთ, თანახმა ხარო?  – ისევ გავიფიქრე, რომ ისედაც, ლამის ვმუშაობ ყოველ მესამე დღეს, მაგრამ ხმამაღლა ისევ ის ვუთხარი, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ შევძლებ მუშაობას სხვა გრაფიკით.


– რას ნიშნავს, მაინც გიწევდათ მეტი მუშაობა? საათებს გულისხმობთ? მაგალითად, 10-ზე რომ ცვლა გიმთავრდებათ, მერე კიდევ მუშაობდით რამდენიმე საათი დამატებით?


– არა, მაგას არ ვგულისხმობ. ეგ ისედაც ხშირად ხდებოდა, 10-ზე მიმთავრდება ცვლა და უმეტესად 12-1 საათზე მივდიოდი და თუ ბევრი ანალიზი იყო ასაღები, 4 საათამდეც მიწევდა გაჩერება. მე ვგულისხმობ დამატებით დღეებს რომ მამუშავებდნენ…


– არ გინაზღაურდებოდათ?


– 2016 წელს ამინაზღაურდა ორჯერ, ერთხელ 300 ლარით და მეორედ 96 ლარით. თვეში უნდა ვიმუშაო 7-8 მორიგეობა, ასე გამოგვდის მაქსიმუმ და ერთი ცვლის ხელფასი არის 85 ლარი. იმ თვეში, 12 მორიგეობა ვიმუშავე და ხელფასზე დამიმატეს 96 ლარი. ეს იყო და ეს მეტად აღარ ამიღია ნამატი.
რაც ახალი მთავარი ექიმი მოვიდა მას მერე აღარ ამიღია. ერთხელ, ერთი დღის ხელფასი არ ჩამერიცხა და წინა მთავარმა ექიმმა იმდენჯერ დარეკა, სანამ არ დამერიცხა. ეს მთავარი ექიმი კი, მოვიდა თუ არა, ერთი ექთანი მოგვაკლო ეგრევე და თავისთან გადაიყვანა, დამხმარედ მჭირდებაო, თუმცა, რაში სჭირდებოდა დახმარება, გაუგებარია, პატიმრებთან თითქმის არ გამოდიოდა, ცვლის ბოლოს, არასოდეს გვეკითხებოდა, რა მოხდა, როგორ ჩაიარა დღემ, არასოდეს უკითხავს, რამე ხომ არ გვჭირდებოდა….
შესაბამისად, ერთი ექთნით ნაკლები მუშაობდა უკვე ცვლაში და ხან ვის გვიწევდა დამატებით მორიგეობა, ხან ვის. უმეტესად მაინც მე ვმორიგეობდი. განსაკუთრებით რთული იყო ბოლო ორი თვე, ეს ორი თვე ვერ ავღწერ როგორ ვიმუშავე, ყოველ მეორე დღეს ვმუშაობდი, რადგან როგორც გითხარით, ხანდაზმული პერსონალის მუშაობა აკრძალულია.


– და ეს პერიოდი სულ ყოველ მეორე დღეს მუშაობდით?

-კი და დღეში რამდენიმეჯერ ვსვამდი წნევის წამლებს, ბოლოს უკვე 200 მქონდა წნევა დღეში რამდენჯერმე, ერთხელ ისე ცუდად გავხდი, კინაღამ წავიქეცი, მთავარმა ექიმმაც გაიგო მაშინ, ცუდად რომ გავხდი და ყველა მიზეზი ჩამოთვალა, რისგან შეიძლებოდა ცუდად გავმხდარიყავი, ოღონდ, არაფრით არ თქვა, რომ შეიძლებოდა უბრალოდ გადავიღალე და ფიზიკურად ვეღარ ვდგავარ ფეხზე…
მით უფრო, რომ მართლა მძიმე მდგომარეობაა ამ ციხეში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარდა ჩვეულებრივი ავადმყოფების მოვლისა, არის სიმულიანტობის შემთხვევები, რაც არ უნდა გამოგრჩეს და უნდა აკონტროლო, რამდენი დღე გთხოვს პატიმარი ერთი და იგივე წამალს, ასევე ხშირია დაჭრა და დაჩეხვა… 30 აპრილს რომ მივედი, სანამ გავიგებდი, რომ უკვე გათავისუფლებული ვარ, ერთმა პატიმარმა დაიზიანა თავი და იმის ჭრილობები დავამუშავე, იმის სისხლი გამომყვა ბოლო დღეს. ვიმუშავე ასე დღის პირველი ნახევარი, მერე მითხრეს, შენ უკვე გათავისუფლებული ხარო, ავკრიფე ნივთები და წამოვედი.


– აპირებთ ჩივილს?


– აუცილებლად, უკვე მივწერე წულუკიანს და მივწერე საქალაქო სასამართლოს. მე არ მოვითხოვ აღდგენას, მე არ დავბრუნდები იქ, საიდანაც ასე დამამცირებლად გამომიშვეს, გამომაპანღურეს, ოღონდ ჯერ მამუშავეს მთელი ორი თვე გადაბმულად, არც ამინაზღაურეს ისე და მერე გამომაგდეს. ორი მოთხოვნა მაქვს, პირველ რიგში ვითხოვ, ბოლო ორი თვის მანძილზე რაც ვიმუშავე დამატებით, ყველა იმ დღის ხელფასს და მერე უკვე ვითხოვ, ამ 5 წლის მანძილზე რაც ვიმუშავე ყველა იმ ზედმეტი ცვლის ხელფასი ამინაზღაურდეს. არ იქნება რთული იმის გაგება, რომელ თვეში რამდენი ცვლა ვიმუშავე ზედმეტი, გარდა იმისა, რომ მეც ვიწერდი, ციხის ადმინისტრაციაც ხომ იწერდა? წლობით ინახება ეგ ხელმოწერები, რომელ საათზე შეხვედი ციხეში და რომელ საათზე გამოხვედი.
მინდა მჯეროდეს, რომ წულუკიანმა არ იცოდა, სინამდვილეში 7-8 კი არა, 10 და 15 ცვლა რომ ვმუშაობდი…


– თუმცა, წულუკიანმა იცოდა, რომ ქვრივი ხართ, ორი შვილი გყავთ და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხართ… როგორ ფიქრობთ, რატომ გაუშვა ხალხი ამ პანდემიის დროს სამსახურებიდან? არსებობს ვერსია, რომ იქნებ, რამე არის ციხეში ისეთი, რაც უნდა რომ დამალოსო.


– ძალიან უცნაურია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაგვტოვა უმუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ სთხოვა კერძო სექტორს, არ დატოვოთ ხალხი ხელფასის გარეშეო, ალბათ, როცა კერძო სექტორს სთხოვდა გახარია ამას, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ სახელმწიფო სამსახური მის ზურგს უკან ათავისუფლებდა ხალხს, არ ვიცი, ესეც მინდა, რომ ასე მჯეროდეს.
რაც შეეხება მიზეზს, ვფიქრობ, ძალიან მარტივია, დატოვეს ის პენსიონრები, რომლებსაც მთელი ეს დრო შიშის კანკალი ჰქონდათ, სამსახური არ დავკარგოთო, ის ხალხი დატოვეს, რომლებიც არასოდეს შეეწინააღმდეგებიან წულუკიანს და რასაც იტყვის ადმინისტრაცია, უხმოდ გააკეთებენ. თან ეს პერიოდი მოსინჯეს და შეხედეს – მორიგე ექიმი არ გვყავს, (მთელი ეს პერიოდი ექიმის გარეშე ვიმუშავეთ) ყოველ მეორე დღე ვმუშაობთ, საჩივარი არ შემოგვსვლია, პატიმარი არ გარდაგვეცვალა, ხმა არ გაგვიღია და აი, შეგვძლებია თურმე, ვირივით შრომა და ექთანიც აუვა, როგორც ნახეს, ექიმის გარეშე. არადა არაა ეგრე, სინამდვილეში, ეს პერიოდი პატიმრებიც ხელს გვიწყობდნენ, რომ იცოდნენ, რომ ექიმი არ იყო. საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება და იმ ხანდაზმულ ექთნებს და ექიმებს გამოიყვანენ, მე არ ვიცი, ისინი როგორ შეძლებენ, ორ კორპუსს მოემსახურონ!

„ალიამ“ ქალბატონ მანანას ურჩია, არათუ ნამუშევარი ცვლების ანაზღაურება, ასევე აუცილებლად მოითხოვოს, ზედმეტი საათების ანაზღაურება, აი, ცვლის მერე 10 საათიდან რომ კიდევ უწევდა გაჩერება სამსახურში, იმ საათების ანაზღაურებაც მოითხოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ მანანას უკვე ჰყავს ადვოკატი, თუ რომელიმე ადვოკატი დამატებით მოისურვებს დახმარებას და კონსულტაციის გაწევას, სიამოვნებით დავაკავშირებთ.

თამო კეშელავა

ალია №15

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    წულუკიანი ერთ ერთი წარმატებული მინისტრია ნუ ცდილობთ სახელის შელახვას

    1. ანონიმური

      ვაი სენს პატრონს.მეც ეგრე მეგონ/

  2. ანონიმური

    არაფერი არ გამოუვათ

  3. ანონიმური

    Uchkvianesi ministria q tea wulukiani safrangatshi karg tanamdebobebze namushevari ase rim kargi avtoritetitac sargeblobs da ase lanzgva ar sheefereba ufro qebis girsia shemcirebebi ku yvelgan xdeba zogiertebs 2-3 samsaxuri aqvt ver gaigeb romel dges sad miakitxo eqimebs unda sdio da iqneb ramdenime saatshi mikvlio mis meramdene samsaxurs.

  4. ანონიმური

    .მეც ეგრე მეგონა, მაგრამ….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.