მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა და იარაღის რეგისტრაცია განახლდა

დღეიდან, 25 მაისიდან, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.

25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვისცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია”

უწყების ცნობით, დღეიდან, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

,,რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.