კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, ივანიშვილის დაცვის მიერ კაბინის გაწმენდა დარღვევა არ არის — რა წერია კოდექსში

იმ უბნის კომისიის თავმჯდომარე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონი არ დარღვეულა, როცა ქართული ოცნების თავმჯდომარის პირადი დაცვა კაბინაში შევიდა და დეზინფექცია ჩაატარა. მისი თქმით, მსგავსი აკრძალვა კოდექსში არ წერია.

“კანონში არ წერია, რომ არ აქვს უფლება პირად დაცვას, მივიდეს და დაამუშაოს. თუმცაღა, ჩვენ ჩვენი, დეზინფექციას ვინც ატარებდა, ის გვყავს, ალაგებდა, ორ საათში ერთხელ ალაგებს ყველაფერს, მაგიდებს წმენდს, კაბინებს წმენდს, მაგრამ კოდექსში არ გვიწერია…

თუ მანახებთ, სად წერია კოდექსში, რომ პირადმა დაცვამ არ შეიძლება დაამუშაოს რაიმე, ან პირადმა ექიმმა… შეიძლება მისი პირადი ექიმი იყო, მე ხო არ ვიცი, შეიძლება ხალათი გარეთ არ ეცვა. ყოველ შემთხვევაში, პირადი დაცვა რომ არის და მისი გარემოცვა რომ არის, ვიტყვი”, — განუცხადა მან On.ge-ს.

თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს უბანზე არაუფლებამოსილი პირის შესვლა არ შეიძლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი აზუსტებს, ვის აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება და მათ შორის, პირადი დაცვა არ არის.

On.ge-სთან საუბრისას საიას ანალიტიკოსი თამარ ხუხია აცხადებს, რომ კაბინაში დაცვის შეშვება დარღვევაა და განმარტავს, რომ ამისთვის არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელიც კაბინებს სველი წესით ალაგებს. კერძოდ, მისი თქმით, COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე უბანზე ყოფნის უფლება დამლაგებელსაც მიეცა, რომელიც სველი წესით ამუშავებს ზედაპირებს.

“ასე კანონში რისი უფლება არ გვაქვს არ წერია, წერია რისი უფლება გვაქვს. ანუ ფორმულირება ამ მუხლის, რომ ნახოთ, ასეთია — ვის აქვს უფლება ყოფნის და იგულისხმება, რომ ვინც აქ არ წერია, მათ არა აქვთ უფლება, რომ იყოთ”, — აცხადებს ის.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ფუ რა მარაზმია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.