კითხვები და ფაქტები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს!


თამარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს გაუჩინარდა და 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვნეს.

უკვე ვიცით, რომ 18 ივლისს, თამარის მანქანა შენიშნეს ჯერ მარნეულში, შემდეგ კი – თეთრიწყაროში. მანქანა დააფიქსირა კამერამ ხაიშის გადასახვევზეც. ამის შემდეგ თამარის კვალი გოლთეთში იკარგება. იკარგება, ზუსტად ის სიტყვაა, რაც მის მოქმედებებს აღწერს: შედის ჩიხიდან ჩიხში, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მას ადგილობრივები ეძახდნენ, რომ ეს ჩიხია, იგი ყველა ჩიხის ბოლოში გადის და მხოლოდ მერე ტრიალდება. გოლთეთის ერთი მაცხოვრებელი ყვება, როგორ ჯიუტად ცდილობდა მანქანით იმ ფერდობზე ასვლას, რომელიც ფერდობიც ჩიხის ბოლო იყო… რამდენიმე ვერსია არსებობს და ვერსიებზე ცოტა ქვემოთ გიამბობთ, მაგრამ ერთი ვერსიის მიხედვით, თამარს მოსდევდნენ და ამიტომაც შედიოდა სწრაფი სიჩქარით ჩიხიდან ჩიხში. ამ ვერსიის მიხედვით, თამარი გასასვლელს ეძებდა.


გოგო, რომელიც პროგრამისტი იყო და დიდი ალბათობით, ხმოვანი კითხვითაც შეეძლო საძიებო ველში სოფლიდან გასასვლელის პოვნა, ისე რომ საჭესთვის ხელიც არ გაეშვა, ამიტომ დიდი ალბათობით, გასასვლელს არ ეძებდა. სწორედ ამიტომ არ აქცევდა ყურადღებას მაცხოვრებელთა ყვირილს, რომ ჩიხია…
ჩიხის ბოლო ეზოშიც შეიძლება იდგეს მანქანა, რომელსაც ეძებ ანდაც ჩიხის ბოლო ეზოშიც შეიძლება იდგეს ადამიანი, ვისთანაც მიდიხარ, შესაძლოა, ამიტომ მიდიოდა თამარი ჩიხის ბოლომდე ზუსტად და მერე ტრიალდებოდა.


ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იმ დღეს, გოლთეთში მეორე უცხო მანქანაც შენიშნეს, რომელშიც ორი გოგო იჯდა. ამ მანქანას დიდი ყურადღება არ მიუქცევია და არც გამოძიება აკეთებს მასზე აქცენტს.


იწყება ძიება!

სოფლის მოსახლეობის თქმით, შსს 23 წლის გაუჩინარებულ გოგოს სოფელ გოლთეთში ეძებს. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში სულ 385 ადამიანი ცხოვრობს, 188 კაცი და 197 ქალი. იმის გათვალისწინებით, რომ 2002 წელს სოფელ გოლთეთში 1057 ადამიანი ცხოვრობდა და 2014 წელს უკვე 385, დღეის მდგომარეობით, სოფლის მაცხოვრებელი, ბევრად უფრო ნაკლები იქნება, და ბევრი მიტოვებული სახლი, მაგრამ, იყოს 385.


385 ადამიანით დასახლებულ სოფელში შსს გოგოს ეძებს, როგორც თავად აცხადებს 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით… ერთი დღე რომ ვერ იპოვა ამ სოფელში და ვერც კვალი იპოვა, რითიც ივარაუდებდა, რომ თამარი სწორედ ამ სოფელში დარჩა, მეორე დღეც რომ ვერ იპოვა ამ სოფელში, სხვაგან კი არ აგრძელებს ძიებას, მაინც იგივე სოფელში რჩება და ბრიფინგზე აცხადებს, რომ სადაც დაკარგული გოგო დაინახეს, სადაც თამარის იდენტიფიცირება მოხდა, იქ ეძებდა და ამიტომ ვერ იპოვა დრონითაც კი გოლთეთიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში, ცენტრალური გზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გაჩერებული მანქანა.


იდენტიფიცირება – მოხდა თუ არა თამარის იდენტიფიცირება სოფელ გოლთეთში?


ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გოგოს სახე არ დაუნახავთ, მერე მანქანის ძიება რომ დაიწყო შსს-მ, მანქანით მიხვდენენ, რომ სწორედ ის გოგო იყო, ვინც ჩიხიდან ჩიხში დადიოდა. ერთი თვითმხილველი იმასაც ამბობს, რომ საჭესთან ქერათმიანი გოგო დაინახა… თამარს კი მუქი თმა ჰქონდა. ეს მონაცემი ოჯახის ავდოკატთან, მიშა რამიშვილთანაც გადავამოწმეთ და დაგვიდასტურა, რომ თამარს ბოლოსაც მუქი ფერის თმა ჰქონდა.

შესაბამისად, იდენტიფიცირება, რომ სოფელ გოლთეთში სწრაფი სიჩქარი ავტომანქანის საჭესთან თამარი იჯდა – შეუძლებელია და შეუძლებელი იქნებოდა ძიების დროსაც, მაშ, რატომ ამბობს შსს, რომ სადაც მოხდა თამარის იდენტიფიცირება, იქ აგრძელებდა ძიებას? რა გზით მოახდინა იმ პირის იდენტიფიცირება, ვისი სახეც თვითმხილველებს არ დაუნახვთ და თმის ფერსაც ვერ ამბობენ ზუსტად?

აქცია


21 ივლისს, საღამოს ოჯახი მართავს აქციას და ითხოვს დაკარგული შვილის დროულ პოვნას, გამომძიებელი, რომელიც აქციაზე მიდის, ამბობს, რომ თამარის მამასთან აქვს მუდმივი კონტაქტი. მამა კი ამბობს, რომ შსს-ს თანამშრომელმა მას უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნეს და იქ ისეთი რამ იპოვნეს, რომ მიხვდნენ, თამარი შარშია, დიდ შარში. მამა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძიების არეალის გაფართოებას ითხოვდა, შსს მას ატყუებდა და სოფლებში, სადაც ის ჩადიოდა, პოლიცია ნამყოფიც არ იყო. მოგვიანებით, შსს ოჯახს ეუბნება, რომ თამარის კომპიუტერი ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ. 21 ივლისის აქცია ხმაურიანი გამოდგა, საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა და გზის გადაკეტვაც სცადეს, რის გამოც აქციის ერთი მონაწილე, დააკავეს…


22 ივლისს დილით ადრე, თამარი იპოვეს.

მწყემსი

ახალგაზრდა მწყემსი, რომელიც მანქანას ცნობს, მამას ურეკავს, მამა კი 112-ში რეკავს და არც ახალგაზრდა, არასრულწლოვანი მწყემსი და არც მამამისი მანქანასთან ახლოს არ მიდიან და ელოდებიან პოლიციას, – ამბობს შსს. მწყემსის მონათხრობი კი განსხვავდება შსს-ს მონათხრობისგან, მწყემსი ჰყვება, რომ როცა მისმა შვილმა მანქანა დაინახა და იცნო მოზარდმა „ჰიუნდაის“ მარკის მანქანა, მან მამას დაურეკა, მამამ კი ადგილობრივ პოლიციელს, ნომერზე 577… და არა 112-ში. თუმცა, მწყემსიც ადასტურებს, რომ არც ის და არც მისი შვილი მანქანასთან ახლოს არ მისულან.


მწყემსი და მისი ოჯახის წევრები მედიასთან ამბობენ, რომ ნახირი ამ გზით გადაჰყავთ და მანქანა წინა დღეებშიც რომ იქ მდგარიყო, აუცილებლად შენიშნავდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან იგი საქმეს თავდაყირა აყენებს, გამოდის, უკვე მანქანა უკვე გარდაცვლილმა თამარმა (ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, იგი 3-5 დღის გარდაცვლილია) გადაადგილა?


მწყემსი უახლესი ქართული კრიმინალისტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. გარდა იმისა, რომ ცხედრების პოვნა ყველაზე კარგად გამოსდით, უამრავი ჭორ-მართალი იციან და შაქარაშვილის საქმეში კი , სულაც შსს-ს თანამშრომელი აღმოჩნდა. საგულისხმო ისაა, რომ ყველა საქმეში განსხვავებული ტიპაჟის მწყემსი გვხვდება, ზოგმა ქართული არ იცის, ზოგმა წერა არ იცის, ზოგს მთელი ცხოვრება ტყეში აქვს გატარებული, ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი კანონმორჩილი და ზოგი მწყემსი კი მანქანის მარკას ერთი შეხედვით არჩევს და სწორედ მანქანის მარკით პოულობს საეჭვო მანქანას, ისე, რომ ახლოს მისვლაც არ სჭირდება.


„ტვ პირველტან“ ინტერვიუს დროს, მწყემსს ადგილობრივი პოლიციელი ურეკავს, სწორედ ის პოლიციელი, რომელსაც მწყემსმა შეატყობინა მანქანის შესახებ, პოლიციელი ეკითხება მარტოა თუ არა და სთხოვს, მაშინ დაურეკოს, როცა მარტო იქნება, მერე კი ეკითხება:

-შეშაზე იყავი?

-ააა?

-შეშაზე რომ გინდოდა წასვლა, იყავი…

-არა…


ხო, აი, 23 წლის გოგოს ცხედარს რომ იპოვნი, მაგის მერე პირველი კითხვა სწორედ ეგ უნდა დასვა – იყავი თუ არა შეშაზე.. რას ნიშნავს პოლიციელის დაინტერესება „შეშით“ და რა „შეშას“ გულისხმობს, იმედია, ამას გამოძიება თუ არა, მედია მაინც დავადგენთ.


ხაიშის გადასახვევი – ხაიშის გადასახვევზე კამერამ დააფიქსირა თამარის მანქანა, რომელმაც მერე გოლთეთში გადაუხვია, გოლთეთიდან 15 კილომეტრით დაშორებულ ადგილზე პოულობენ მანქანას.


გოლთეთისკენ მიმავალი მანქანის ფოტო თუ ეგრევე მოიპოვა გამოძიებამ, უკან მომავალი მანქანის ფოტო როგორ ვერ მოიპოვა? აღარ ეძება კამერებში, სხვა გზით მიმავალი თამარის მანქანა? თუ არ წასულა სხვა გზით თამარის მანქანა და ის დღე სადღაც სხვაგან გაატარა? მაგალითად, იმ მეორე უცხო მანქანასთან ერთად, რომელიც სოფელ გოლთეთში იგივე დღეს შენიშნეს?


ლოკაცია – არის ვერსია, რომ თამარს ლოკაცია გაუგზავნეს… თუ ლოკაცია გაუგზავნეს, მას თბილისიდან გასვლის მომენტში ეს ლოკაცია ნამდვილად არ ჰქონდა, რადგან თუ მიუთითებ თბილისიდან სოფელ მაწევანს, გუგლის რუკა ამ გზით არ წაგიყვანს სოფელში, რომელიც თამარმა გაიარა, სულ სხვა გზით წაგიყვანს და იმ დასახლებულ პუნქტებს არ გაივლიდა, რომელიც კამერების მიხედვით გაიარა. შესაბამისად, თუ ლოკაციით წავიდა – მას არ ჰქონდა სოფელ მაწევანის ლოკაცია და სწორედ გოლთეთში უნდა მოხვედრილიყო, ან არ ჰქონდა ლოკაცია.

მისცეს თუ არა მას სინამდვილეში ლოკაცია და როდის და ვინ მისცა, ამასაც გამოძიება ან დააადგენს, ან არ დაადგენს და როგორღაც, ისევ მედიას ჩაგვივარდეს იქნება ხელში, საჭირო მასალები.


დღიური

გამოძიებას 25 ივლისსაც კი არ წაუღია თამარის ოჯახიდან მისი დღიური, სადაც ჩამოთვლილია ელ. ფოსტის მისამართები (უმეტესად ეს არის რუსულენოვანი ელ.ფოსტების მისამართები) და პაროლები. თამარს რამდენიმე ელ. ფოსტა ჰქონდა, შესაბამისად, ისინი დღიურში ჰქონდა ჩაწერილი, თავისი პაროლებით, ალბათ რომ არ დავიწყებოდა. გახსნა თუ არა კომპიუტერი გამოძიებამ და წაიკითხა თუ არა თამარის ფაილები, ესეც კი უცნობია ამ ეტაპზე.


ადვოკატი მიშა რამიშვილი გვეუბნება, რომ ადგილზე როცა იყო, ცხედარი ნახა, ჩვენ მას თამარის თმის ფერი ვკითხეთ, რადგან, როგორც ქვემოთ გვიწერია, ერთ-ერთმა მოწმემ საჭესთან ქერათმიანი გოგო ახსენა:

-ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ თმის ფერი მუქი იყო.

-რა პოზაში იყო ცხედარი?

-მიწოლილი იყო მანქანის უკანა სავარძელზე, პირით საჭის მხარეს.

-მედიკამენტები, რომლებიც ადგილზე იპოვნეს, მათი დასახელება ხომ არ იცით?

-ექსპერტიზაზე წაიღეს და ჯერ არ ვიცი, რა მედიკამენტებია.

-რაც შეეხება ე.წ. წერილს…

-საფულეში ედო ფერადი ფურცლები, ეს იყო აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ვიყენებთ ჩასანიშნად ფურცლებს, ისეთი ფურცლები. შესაბამისად, ამას წერილს ვერ დავარქმევთ.

-მანქანა?

-ერთი შეხედვით, დაზიანება არ ეტყობა, მანქანა იყო ჩაკეტილი, კონდიციონერი იყო გამორთული. ამ ეტაპზე სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია, ორშაბათს მეტი დეტალის გაჟღერებას შევძლებ.


შსს

ჩვენი გაზეთის წინა ნომრიდან, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუდან (რომელიც ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა ჩაწერა) ორი რამ გავიგეთ:

1.2010 წელს მოკვლევა გაუქმდა სისხლის საპროცესო კოდექსში, დანაშაულის ნიშნები როცა იკვეთება, ეგრევე იწყება გამოძიება და ერთვება პროკურატურა.

2. სწორედ საქმის ზედამხედველი პროკურორი უნდა ატარებდეს ბრიფინგებს, ის, ვინც გამოძიების ყველა დეტალი იცის და არა მაღალჩინოსნები.

„ალია“ ზაზა ხატიაშვილის ამ სიტყვებს მანამდე გაუმეორებს შსს-ს და პროკურატურას, სანამ არ დაისწავლიან.


ახლაც იგივე განმეორდა, შსს-მ განაცხადა მოკვლევა დავიწყეთ მყისიერადო, ხო, ის მოკვლევა, რომელიც 2010 წელს გაუქმდა და ბრიფინგებს არა კონკრეტულად საქმის ზედამხედველი პირები, არამედ მაღალჩინოსნები ატარებენ.

შსს-მ ყურადღება გაამახვილა, რომ თამარმა აფთიაქში წამლები იყიდა, ოღონდ ვერ ამბობს, რა წამალი იყიდა თამარმა, ხომ არ იყიდა ის მედიკამენტები, რომლითაც მისი დედ-მამა მკურნალობს, ან თამარის ტელეფონზე ხომ არ იპოვეს მესიჯი, სადაც მას მედიკამენტების ყიდვას სთხოვენ და კიდევ უფრო მთავარი, ჯერ ვერც იმას ამბობს, იმ მედიკამენტების მიღებით დაიღუპა თამარი, რომელიც აფთიაქში იყიდა, თუ სხვა მიზეზით.

შსს ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თამარი ფსიქოლოგთან გადიოდა კონსულტაციებს.

მაგრამ, კიდევ უფრო საინტერესოა რას არ ამბობს შსს:


შსს არ და ვერ ამბობს, რატომ ჩააცივდა ერთ სოფელს და რა ჰქონდა მიზეზად, რის გამო ჩათვალა, რომ თამარი ამ სოფელში დარჩა და არ გავიდა სოფლიდან, რატომ არ გააფართოა ძებნის არეალი.

შსს არ ამბობს ვისი იყო იმ დღეს მეორე მანქანა, რომელიც გოლთეთში ჩავიდა და ვინ იჯდა მასში. შსს არ ამბობს, ვინ იყო ორი ბიჭი, რომლებიც პოლიციის ჩასვლამდე ეძებდნენ სოფელში თამარს? (ამ ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები ავრცელებენ)

შსს არც იმას ამბობს, 19 ივლისის დილით რომ ეპოვათ თამარი, ცოცხალს მიუსწრებდნენ, თუ ვერა.

შსს არც იმას ახსენებს, ვინ მიიყვანა მანქანა შემთხვევის ადგილზე, თუ თამარი ჯერ კიდევ 18 ივლისს გარდაიცვალა? აკი, მწყემსები ამბობენ, რომ 20-21 ივლისს იქ მანქანა არ დაუნახავთ და მხოლოდ 22 ივლისს დაინახეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით გადაჰყავთ ნახირი.


სამსახური და ანაზღაურება

თამარი „ზეგ“-ში მუშაობდა და დაკავებული იყო პროგრამირებით. მისი უფროსი, აბრაჰამ რეიხბახი რომელიც ამბობს, რომ არ იცნობს თამარს, იხსენებს, რომ ერთხელ ჰყავს შენახვედრი და მიესალმა. ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონია, სამსახურში, უცხო თანამშრომლის მისალმება თუ ახსოვს, მით უფრო, როცა ამბობს, რომ ბევრი თანამშრომელი ჰყავს.

თამარს სამსახურიდან წამოსვლა სურდა და ის თანამშრომელს უკავშირდება, კითხულობს, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, მოუწევს თუ არა საბუთებზე ხელის მოწერა:


„ტასკებს დავასრულებ ახლა და მერე შემიძლია 2 კვირაში წასვლა, როგორც ვიცი.“


თანამშრომელი ეუბნება, რომ ხელი ექნება მოსაწერი. ეს მიმოწერა თამარის გაუჩინარებდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.

კომპანია, რომელიც ქართველმა მფლობელმა აბრაჰამ რეიხბაგს აჩუქა, როგორც დოკუმენტებში წერია, აცხადებს, რომ თანამშრომლებს 4-დან 7 ათას დოლარამდე უხდის ხელფასს, აქვე აცხადებს, რომ ვერ გვეტყვის, კონკრეტულად რაზე მუშაობდა თამარი.

აბრახამმა ქართულ მედიას ინტერვიუ მისცა ოფისის იმ ოთახიდან, სადაც კედელზე გაკრულ კალენდარზე ჯერ კიდევ მარტის თვეა მონიშნული. რაც ბუნებრივია იწვევს ეჭვს, რომ ამ ოთახით, მარტის შემდეგ არავინ სარგებლობს. რატომ არ ჩაერთო ჟურნალისტებს აბრახამი თავისი ოთახიდან – და საერთოდ, აქვს თუ არა ოფისში თავისი ოთახი, ესეც იმ კითხვთაგანია, რომელზეც პასუხი არა გვაქვს.


სუს-ი

წარმოიდგინეთ, თბილისის ცენტრში არის ოფისი, რომელიც მუშაობს უცხოელების დაკვეთებზე და რომლებსაც დასაქმებული ჰყავს პერსპექტიული ქართველი პროგრამისტები. როგორ გგონიათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უნდა ფლობდეს თუ არა მასზე გარკვეულ ინფორმაციას?

არ დაგავიწყდეთ, ეს ის შენობაა, საიდანაც რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა სკანდალური ხმოვანი შეტყობინება კორონავისურზე და მის გავრცელებაში მაშინ პაატა ბურჭულაძის ვაჟი დაადანაშაულეს და ოფისში ჩხრეკაც ჩაატარეს. მაშინ, ადვილად და მარტივად მიაგნო ხმოვანი შეტყობინების გამავრცელებელს, იმდენად მარტივად, რომ იფიქრებდი, წინასწარვე იცოდა.

ამჯერად კი, 23 წლის გაუჩინარებული გოგოს სამსახურში 18 ივლისიდან 22 ივლისამდე შსს არ მისულა, არც კომპიუტერის გახსნაში დახმარება უთხოვია… რამდენი ასეთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთებზე მუშაობს და რომლის მუშაობაც გასაიდუმლოებულია? – იქნებ, ამაზე მაინც გაგვცეს სუსმა პასუხი.


ექსპერტიზა

ექსპერტიზის წინასწარი პასუხი ცნობილია:

გარდაცვლილია 3-5 დღის შუალედში. შინაგანი დაზიანებები არ აღენიშნება.

ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იპოვნეს, გარეგანი დაზიანებების, მაგალითად, ხელის მოჭერის, თავის და ტანის გაკავების დროს დარჩენილი სისხლნაჟღენთების დანახვა, იმ შემთხვევაშიც კი, რომც არსებობდეს, შეუძლებელია.

 ექსპერტის განცხადებით, ცხედარზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით მწერების კვერცხები, რომლებიც მიუთითებს იმაზე რომ 23 წლის გოგო არა დახურულ, არამედ, ღია სივრცეში გარდაიცვალა.


ვერსიები –


თავი მოიკლა

თავის მოკვლა აიძულეს

მოკლეს

„ლურჯი ვეშაპის“ მსგავსს თამაშს თამაშობდა.


თუ მწყემსის და მისი ოჯახის მონათხრობს ვენდობით, მანქანა 19, 20, 21 ივლისს რომ ყოფილიყო იგივე ადგილზე, აუცილებლად შემაჩნევდნენ.

ექსპერტიზის მიხედვით, თამარი მინიმუმ სამი დღის გარდაცვლილია და შესაბამისად, გარდაცვლილი ადამიანი მანქანას ვერ გადაადგილებდა.

თავის მოკვლა აიძულეს – მიუხედავად იმისა, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, იმ შემთხვევაში, თუ თვითმკვლელობა აიძულეს და ამ პროცესში თავზე ედგნენ და შემდეგ გადაიტანეს ცხედარი – ეს უკვე მკვლელობაა.

საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, უამრავ საქმეს ნახავთ ამ მუხლით აღძრულს და ვერ მეტყვით ამ მუხლით ბოლომდე მიყვანილ საქმეებს. შესაბამისად – აქაც, მთავარია მწყემსის ნაამბობი, რომ მანქანა შემთხვევის ადგილზე 21 ივლისს არ იდგა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხედარი და მანქანა ვიღაცამ გადაიტანა. სამწუხაროდ, ექსპერტიზა ვერ დაადგენს, იყო თუ არა გოგონაზე ძალადობა და სისხლნაჟღენთების კვალი გარეგნულად. თუმცა, ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს, მართლაც სადმე სხვაგან და ღია სივრცეში იმყოფებოდა თამარის ცხედარი ის დღეები, თუ დახურულ და უჟანგბადო მანქანაში.


მკვლელობა – კიდევ ერთი უცხო მანქანა თამარის კვალდაკვალ, აქციის შემდეგ ნაპოვნი ცხედარი, მანქანა რომელიც 21 ივლისს არ იდგა ადგილზე და 22 ივლისს უკვე გაჩნდა, ცხედრის გამოჩენა მაშინ, როცა მასზე შეუძლებელი იყო უკვე გარეგანი დაზიანებების აღმოჩენა – ყველა ამ კითხვას ლოგიკურად მივყავართ მკვლელობის მუხლისკენ, თუმცა, რაც მეტი დრო გავა, მით მეტი კითხვაც გაჩნდება და მით მეტ დეტალსაც გავიგებთ. ეს ის ვერსიებია, რომლებიც ამ დროისათვის არსებობს.


და ბოლოს – „ლურჯი ვეშაპის“ მსგავსი თამაში. ამ ვერსიის ავტორები ავრცელებენ ფოტოს და ამბობენ, რომ ეს ფოტო, თამარის მეგობრებს ედო და აიღეს! ამბობენ, რომ ეს ფოტო, ძალიან ჰგავს ტყეს…


კი, მსგავსი ფოტო თამარის ბევრ მეგობარს ედო და ახლაც უდევს, თამარსაც ედო და წერდა: „როგორ მიყვარს ეს გზა… გზა რომლის დანახვაც ყოველთვის გულს სიხარულით მივსებს, სისხლს მიჩქროლებს, პატრიოტიზმის უდიდეს გრძნობას მიღვიძებს, და იმ დიდ ნატვრას მიცოცხლებს რომ ის კვლავ ჩემი საქართველოა…“


ამ ფოტოზე კი აღბეჭდილია ჰერეთში მიმავალი გზა! შესაბამისად, ამ ფოტოს არანაირი კავშირი არა აქვს „ლურჯი ვეშაპის“ ვერსიასთან და არც ლურჯ ვეშაპს აქვს საერთო თამარის სიკვდილთან, როგორც ჩანს.


როგორი იყო თამარი?

– მას ძალიან უყვარდა გაბედული და ძლიერი ქალები, როგორც გვიყვებიან, აღფრთოვანებული იყო ქართველი მეზღვაური ქალით, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, რომ გემზე მუშაობის უფლება მოეპოვებია.

უყვარდა კითხვა, მუსიკა, ჰერეთი უყვარდა, როგორც ვნახეთ, ადამიანები უყვარდა და ადამიანების შექმნილი ხელოვნება.

თამარს ბევრი ოცნება ჰქონდა, უნდოდა წარმატებებისთვის მიეღწია და ამბობდა, რომ კარგი საქმეების გასაკეთებლად სჭირდებოდა კარიერული წარმატება.

თამარი სულაც არ იყო ჩაკეტილი ადამიანი, არც მხოლოდ ვიწრო წრეში ტრიალებდა, 2017 წელს მაგალითად, ითხოვდა, აკრძალულიყო საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა. იგივე წელს „აუდიტორია 115“-თან ერთად, „გაბედე შენც“ – მოგვიწოდებდა.

თამარს სურდა, სოციალური ქსელი ნაკლები პოლიტიკისა და ნაკლები სელფის გარეშე, ზოგადად, სურდა სამყარო უფრო საინტერესო გამხდარიყო…


2013 წელს თამარი წერდა:


ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს
და აღარ გვახსოვს,
ოცნება როგორ
ვაქციეთ აწმყოდ.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
რომელიც ამბობს,
რომ არასოდეს
ვიქნები მარტო…

ცოტა უფრო მოგვიანებით, კი წერდა ნაწყვეტს „პეპი გრძელი წინდა“-დან:


„-ახლა ხომ წვიმს, პეპო, გაუკვირდა ტომის, წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?


-მე ვრწყავ, უპასუხა პეპიმ.- მე იქნებ, მთელი ღამე გავათენე, იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო, ოცნება ვერ უნდა ავისრულო?“


ამას რომ ვკითხულობ, მგონია, რომ ქეციან ცხოვრებისეულ წვრილმანებს, თამარი ოცნებების დასამარების უფლებას არ მისცემდა… ვიღაც სხვამ დაასამარა მისი ოცნებები და ვინ იყო ეს ვიღაც – ამაზე პასუხს მთელი საქართველო ელის.

თამო კეშელავა, ალია №26
555460804

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ☹☹

    1. გუჯა

      როდის უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ხელისუფლებას მისივე ხერხებით უნდა ეომო? კანონს უნდა ეომო კანონით!

      რომ გვქონდეს ახლა რეფერენდუმით კანონის გაუქმების უფლება, ანდა დეპუტატის გამოწვევის უფლება, რამდენ ნაგავ კანონს დავახევდით თავზე ხელისუფლებას?

      ბავშვებსაც მივხედავდით, დიდებსაც, განათლებასაც, სვანეთს და რაჭასაც, წყალში რომ გვიძირავენ, დატაცებულ წიაღისეულსაც, უცხოელებზე გაყიდულ მიწებსაც, სოროსსაც, შრომით კოდექსაც, უსამართლო სასამართლოსაც, და კიდევ რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა ერთბაშად.

      ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებია დასაკანონებელი.

      ეს უნდა იყოს პირველადი, ამის გამო უნდა ეწყობოდეს აქციები!ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა ისინი, ცალკეული პრობლემები რომ აქვთ “დასაკუთრებული”? ვერ ხვდებიან სადაა ამ პრობლემების სათავე? ან ისინი რატომ არ საუბრობენ ამ მექანიზმებზე, ვინც არჩევნებისთვის ემზადება? არ აწყობთ? არავის უნდა არჩევიდან სამიოდ თვეში რომ დააპანღურონ, ხომ?

      კარგით იმათ არ აწყობთ, და ხალხს? ვინ უნდა აირჩიოს, ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხალხი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმისგან, ვისაც ირჩევს!

      რადგან სისტემაა ისეთი, ანგელოზიც რომ მოხვდეს პარლამენტში, ისიც კი გათახსირდება. ჯერ არ გათახსირებულან, თუ რა?

  2. ანონიმური

    თამო, მაგარი გოგო ხარ! გული დამეწვა! როგორ გადათქერეს ყვავილი……………

  3. ანონიმური

    რა დასანანია, ასეთი ჭკვიანი, სიკეთით და.პოზიტივით სავსე ახალგაზრდა, მომავალი საუკეთესო დედა მოგვიკლეს, დიახ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, დააკლეს, ბინძური სულის და ზრახვების მქონე ადამიანებმა, თავის ბინძურ საქმეებს.ძალიან მენანები, ლამაზო ადამიანო.

  4. ანონიმური

    ეს იმისი შედეგია, ქვეყანას რომ პატრონი არა ჰყავს და მსოფლიოს ყველა ნაძირალა აქ იწყობს ბოროტების ბუდეს თუ ბუნაგს და რაც უნდათ იმას აკეთებენ. დაუცველია თითოეული მოქალაქე.

  5. ანონიმური

    ეს უშესანიშნავესი ადამიანი შეიწირეს ყველაზე ბოროტმა ძალებმა … არ არის გამორიცხული ადგილზე შეასრულებინეს რაღაც სამუშაო იძულების ძალით და მერე გაუსწორდნენ. ჩვენი ქვეყანა ხომ ყველა ნაძირალას “ფეშქაშად” ებოძება ხოლმე ადგილობრივ გამყიდველებისგან

  6. ანონიმური

    რაღაც ძალიან უცნაური განლაგების დასახლებული ადგილია ეს გოლგეთი – სატელიტ რუკაზე ძალიან უცნაურ პროექ ციას იძლევა, გავოგნდი

  7. ანონიმური

    ასეთი განათლებული გოგონა იყო
    რატომ ვერ მოახერხა გოგონამ
    პოლიციაში დარეკვა ან მშობლებს რატო ვერ შეატყობინა ბავშვმა რომ უჭირდა

  8. ფსიქიატრი

    მოეშვით ამ ბოდვებს! გოგონას აშკარად სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა; ამიტომაც გაუჭირდა მუშაობა, ამიტომაც ამჩნევდნენ ოჯახის წევრები უხალისობას და საკუთარ თავში ჩაკეტვას, ამიტომაც გაურბოდა სოფლის მოსახლეობას და მიუხედავად მათი ნათქვამისა, ეძებდა გზას იქ, სადაც არ იყო, მიდიოდა ყველა ჩიხის ბოლოში და ა.შ. და ა.შ. ამ უტვინო ჟურნალისტებმა, ფულის მონა ადვოკატებმა და სულგაყიდულმა „ექსპერტებმა“ შეხედეთ რა დღეში ჩააგდეთ საზოგადოება. მასობრივი ფსიქოზი ჭირს ხალხს და თქვენ კიდევ ცეხლზე ნავთს ასხამთ…

    1. ანონიმური

      ვაა, რა უცბად ამოხსენით ყველა ამოცანა!?

    2. კომპლექსიანი

      ერთი აბა სარკის წინ დადექი და უკნიდან შეხედე შენს თავს რამე ხომ არ გაქვს ერთგან?!

  9. ანონიმური

    tamo kesha – magari kalbatoni brdzandebit

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.