“კაცი მოგვესალმა და რა ნამუსით ვძარცვავთო… ქართველებმა მკითხეს მერე, რა წაგართვესო?”

რეჟისორი, საადგილმამულო ფონდის დამფუძნებელი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ოთხმოცდაათიანების ბოლოა. როსტოვიდან ავტობუსით მოვდივარ საქართველოსკენ. ვისაც მაშინ უვლია ამ გზებით, იცის რაც ხდებოდა. ყოველ ტეკაზე გაჩერება, საბუთების შემოწმება და ამბები.

ფულის საჭრელი ცეხი იყო მაშინ ეს ტრასა.

უკვე ყაბარდოში ავტომატიანმა მილიციელებმა ჩვენი ავტობუსი გადააყენეს. რიგრიგობით შეყავდათ. ბოლო მომიწია რატომღაც.

შევედი, მივესალმე, მირ ვაშემუ დომუ, მეთქი..

ხო, რა, მუშტის მოქნევაც რომ დააპიროს ვინმემ, ჯერ გამარჯობას ვეუბნები.

შენც სახლსაც მშვიდობაო, ხუთი კაციდან მხოლოდ ერთმა გამცა პასუხი.

მეორე უკვე მშმონავდა, მესამე საბუთებს ამოწმებდა. დანარჩენები თვალებდამიზნებული ჩუმად მიყურებდნენ.. ეგ რააო, პრაპისკები გადაშორებული გაქვს, პასპორტიც ეტყობა, ყალბიაო, მოკლედ ან ამდენი დადე მაყუთი, ან ავტობუსიდან ჩამოგსვამთო, რა. მეთქი, ხო ნახე, არა მაქვს.

ნე იბიოტ, ჩამოყარე ბარგი, აქ დარჩებიო.

არც კაჩაობას ჰქონდა აზრი, არც გარეთ მყოფი მგზავრების იმედზე ყოფნას.

მეთქი ბარგიც არა მაქვს, აგე, ხელჩანთა და მორჩა, პრობლემა არაა ვრჩები, მეთქი, ვპასუხობ.

და ამ დროს, მესმის, ვინც მე სალამზე პასუხი გამცა, იმან რაღაც უთხრა თავის ენაზე სხვებს. იმათმა უპასუხეს, ამან კიდე რაღაც, და ვატყობ, ერთმანეთისკენ გაიქაჩნენ. ერთმა ავტომატსაც წაავლო ხელი.

და უკვე რუსულად მესმის ისევ იმ კაცისგან. ამდენი დღეა აქა ვართ, რამდენმა გადმოაბიჯა ზღურბლს ფეხი და არავინ მოგვსალმებია, კაცმა მშვიდობა გვისურვა და რა ნამუსით ვძარცვავთო. თქვა და მოვიდა ჩემთან, საბუთები მომაწოდა და წადიო, ძმაო.

მადლობა მეთქი, ფურცელზე მისამართი დავუწერე, თუ ღმერთმა ჩვენსკენ მოგახვედრა, სტუმარი ხარ მეთქი, ჩემი.

გარეთ გამოვედი და ქართველებმა, აბა , რამდენი წაგართვესო. მეთქი, არც არაფერი..

რატომო?..რატომ და მივესალმე მეთქი, უბრალოდ.

იმის თქმა მინდა, ძალა ერთობაში რომაა, კავკასიელებს არავისგან გვესწავლება და იქნებ, ჩვენსავით პატარა ერებთან მოვინდომოთ კაი გამარჯობის თქმა. აი, იმათთან, ვისაც ჩვენსავით პრობლემები აქვთ, თორე, დიდს ფეხებზე ჰკიდიხარ, და პატარაც დაგიკიდებს , ასი წელი მის სახლს მშვიდობას რომ არ უსურვებ.

ხელისუფლებებს არც მოაფიქრდებათ, მაგრამ ჩვენი საადგილმამულო ფონდი ცოტა რომ მომძლავრდება, იქნებ მოვახერხოთ და მსოფლიოში მიმობნეული მცირერიცხოვანი ერების კონგრესი ჩავატაროთ საქართველოში.

დაწყებაა მთავარი, კონტაქტები და მერე რაღაც ფორმების მონახვა შეიძლება, რაღაც მიმართულებების დალაგება.

სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური თუნდაც.

თორე, ხომ ვხედავთ რა ხდება ყველგან, და ვერ გავქაჩავთ სხვანაირად.

მარტოდმარტო ვართ ამ დედამიწაზე, და უცხოპლანეტელებსაც ეტყობათ, ჩვენი ” ჩაკრულო” არ მოუსმენიათ, ჯერ.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    გული ამიჩუყდა.

  2. ანონიმური

    მიყვარს ეს ადამიანი, ხშირად მოგვაწოდე ასეთი კარგი აზრები.

  3. ანონიმური

    მისასალმებელი ინციატივაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.