იძებნება კაცი, რომელმაც კოვიდ19-ის ყალბი ვაქცინა გაუკეთა 92 წლის ქალს – ლონდონი

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს კაცს, რომელმაც 92 წლის ქალს Covid – 19-ის ყალბი ვაქცინა, 160 ფუნტის (217$) სანაცვლოდ გაუკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლონდონის პოლიციამ მამაკაცის ფოტოები გაავრცელა და მოსახლეობას ძებნილის პოვნაში დახმარებისკენ მოუწოდა. იგი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია. 30 დეკემბერს, დაზარალებულს მისივე სახლში მიაკითხა და თავი ქვეყნის ჯანდაცვის მომსახურების წარმომადგენლად გაასაღა.

92 წლის ქალის ცნობით, დამნაშავემ წვრილი ნემსისმაგვარი ინსტრუმენტით რაღაც გაუკეთა და ფული იმ პირობით გამოართვა, რომ „ჯანდაცვა“ მოგვიანებით აუნაზღაურებდა. ამის შემდეგ, კაცმა მეორე დღესაც მიაკითხა დაზარალებულს და თანხის გადახდა კიდევ მოსთხოვა.

სამართალდამცავების თქმით, ჯერჯერობით უცნობია რითი აცრა ქალი დამნაშავემ ან საერთოდ, რაიმე ნივთიერება შეუყვანა თუ არა მას.

„მოქალაქეებზე განხორციელებული ამაზრზენი და აბსოლუტურად მიუღებელი შეურაცხყოფა შეწყნარებული არ იქნება“ – განაცხადა დეტექტივმა – კევინ აივსმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.